მთავარი პოლიტიკა აწყენინა თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ძია სემს?

აწყენინა თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ძია სემს?

331
გააზიარეთ
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი მორიგი სკანდალის ეპიცენტრშია, ამჯერადამერიკის ხმისთვისმიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადების გამო. საზოგადოების პროდასავლური ნაწილი გაღიზიანებულია იმ კომენტარით, რომელიც პრეზიდენტმა საქართველოში ამერიკული ბაზის გახსნის თაობაზე გააკეთა; ზოგმა მისი იმპიჩმენტიც კი მოითხოვა. ალბათ, უნდა გავერკვეთ, რა თქვა ზურაბიშვილმა ისეთი, რამაც ესოდენ ნერვული რეაქცია გამოიწვია.

ზურაბიშვილმა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე ოთხ კითხვას უპასუხა და ვნებათაღელვა მხოლოდ ბოლო რეპლიკამ გამოიწვია, სხვა დანარჩენ შემთხვევაში ის გამოიყურებოდა, როგორც მართლმორწმუნე ატლანტისტი. როდესაც პრეზიდენტს ჰკითხეს, არის თუ არა შეერთებული შტატები საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი?”, მან უპასუხა: “აბა, სხვა ვინ?”. შემდეგ მან თქვა, რომ შავ ზღვაში აშშ-ის საზღვაო ძალების რაოდენობის გაზრდა ქმნის შესაძლებლობებს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის, ისევე, როგორც “პირდაპირი სამხედრო ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან”. მან, აგრეთვე, თქვა, რომ აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობის გაზრდა სურს. ყველა ამ პასუხზე პრეტენზია არც ერთ მის კრიტიკოსს არ გასჩენია. და მხოლოდ ბოლოს, როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა: საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებაზე რას ფიქრობთ?”, ზურაბიშვილმა უპასუხა: არ მგონია, ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილას მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო, გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთანავე, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის მოწყობისთვის მზად იყოს, რაც არა მხოლოდ რუსეთის ყურადღებას მიიქცევს, არამედ ტერორისტული მოძრაობებისაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენ შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე უნდა გავაღრმავოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც, შესაძლოა, სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს”.

ამ ეტაპზე არანაირი ოფიციალური მოლაპარაკება საქართველოში ამერიკული ბაზის შექმნის თაობაზე არ მიმდინარეობს _ შესაბამისად, სკანდალი აბსტრაქტული, წარმოსახვითი ბაზის გამო დაიწყო. ოპონენტები, რომელთა შორის სააკაშვილის მიმდევრები ჭარბობენ, მედიასა და სოცქსელებში პრეზიდენტს ღალატში ადანაშაულებენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ პრეზიდენტის გავლენა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე თითქმის ნულოვანია. მიუხედავად ამისა, ზურაბიშვილი მაინც აქტიურობს ამ მიმართულებით. ამას შეიძლება ორი მიზეზი განაპირობებდეს: უპირველესად, მისი დიპლომატიური წარსული და ამბიცია _ დიდი პოლიტიკის შექმნაში მონაწილეობა მიიღოს. ამასთანავე, მას, სავარაუდოდ, არ სურს, პრეზიდენტ მარგველაშვილის გზა გაიმეოროს, რომელიც კონცენტრირებული იყო შიდა პოლიტიკურ თემებზე, რამაც მისი კონფლიქტი ბიძინა ივანიშვილთან გარდაუვალი გახადა და მმართველი პარტიის პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთ სამიზნედ აქცია.

სალომე ზურაბიშვილის აქტიურობამ “საგარეო მიმართულებაზე” რამდენიმე გაუგებრობა უკვე გამოიწვია. მისმა განცხადებამ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის დაჩქარების აუცილებლობაზე, დიდი ალბათობით, ხელი შეუწყო დაძაბულობის ზრდას დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო. კიდევ ერთმა მისმა განცხადებამ გამოიწვია უკმაყოფილება ერევანში. მისი შეცდომა თუ საკამათო ნაბიჯები, თითქმის ნებისმიერი რეპლიკა საყოველთაო განხილვის საგანი ხდება, ვინაიდან ნაციონალები მოწადინებულნი არიან, სალომე ზურაბიშვილის თითოეული სიტყვის საფუძველზე აპოკალიპსური სურათი შექმნან და ამ ფორმით მაინც იძიონ შური მარცხისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში (ვინაიდან საპროტესტო ტალღის აგორება არ გამოუვიდათ).

იყო სამი ეპიზოდი, როდესაც მათ ზურაბიშვილს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გამო შეუტიეს: პირველად 2017 წლის აგვისტოში, როდესაც ზურაბიშვილმა სკეპტიკური კომენტარი გააკეთა საქართველოში ამერიკული სამხედრო ტექნიკის გამოჩენაზე (სწავლება “ღირსეული პარტნიორი _ 2017”). მან “ფეისბუკში” შემდეგი რამ დაწერა: ამერიკული სამხედრო ტექნიკის გამოჩენა თავისთავად რას ემსახურება და რისი მომტანია, ჩემთვის ნათელი არაადა შემდეგ: “აგვიტაცა რაღაც ილუზიამ რეალური მხარდაჭერის, რომელიც არც 2008 წელს განხორციელებულა და არც გუშინ უკრაინის მიმართ. კარგად მესმის, რატომ ვერ განხორციელდა და რატომ არც უნდა ველოდოთ ამაზე მეტსჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს, ცრუ იმედებს და ვითომ დაპირებებს არ დავუჯეროთ, სიფრთხილე და ჭკუა არ დავკარგოთვიცოდეთ, მეგობარს რა და რამდენივ თხოვოთასევე მტრის რეალური ძალა ვიცოდეთ და უადგილოდ არ გამოვიწვიოთ! ეს შეცდომა დავუშვით 2008 წელს და შედეგებს ვიმკით დღემდეერთ კვირაში 7 აგვისტოა და არც არაფერი მიხარია”.

შემდეგ იყო საპრეზიდენტო არჩევნები და მუდმივი ბრალდებები ზურაბიშვილის “პრორუსულობასზე”, რომელთა სიხშირემ კამპანიის დასკვნით ნაწილში იკლო, ვინაიდან “ქართული ოცნება” საპასუხოდ გრიგოლ ვაშაძის დიპლომატიურ კარიერასა და მოსკოვურ წარსულს იხსენებდა. მაგრამ არჩევნების შემდეგ კამპანია ახალი ძალით განახლდა. აპრილის ბოლოს ზურაბიშვილი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან ოფიციალურ “ტვიტერზე” დონალდ ტრამპის სტატუსი გააზიარა და აგდებით მოიხსენია ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, რომელმაც გადაწყვიტა პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს. შემდეგ ეს განცხადება ზურაბიშვილის “ტვიტერიდან” წაშალეს, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ყოველივე შეცდომის ან ჰაკერული შეტევის გამო მოხდა. საბოლო ოჯამში, ვერავინ გაიგო, რა იყო ეს: ტრამპის მხარდაჭერის თავისებური, ერთობ უცნაური ჟესტი თუ, უბრალოდ, სისულელე. ხოლო მას შემდეგ, რაც დაიწყო სკანდალი “ამერიკის ხმისთვის” მიცემული ინტერვიუს გარშემო, ეს ეპიზოდი ყველამ დაივიწყა.

ამ კონფლიქტის დროს ერთმანეთს აშშ-ის მიმართ ორი, პრინციპულად განსხვავებული მიდგომა ეჯახება. სალომე ზურაბიშვილის გამოცდილება საფრანგეთის დიპლომატიური სკოლის ტრადიციებს ეფუძნება. მაშინაც კი, როდესაც ოფიციალური პარიზი 100%-ით უჭერს მხარს თეთრი სახლის პოლიტიკას, ის ცდილობს, განსაკუთრებული პოზიცია გამოხატოს, აჩვენოს, რომ ის თანასწორუფლებიანი პარტნიორია და ხანდახან შეუძლია მოუქნელ ძია სემს ირონიით შეხედოს. ადეკვატურია თუ არა ამ მიდგომის გადმოტანა საქართველოს პოლიტიკაში, ცალკე საუბრის თემაა, თუმცა გამორიცხული ნამდვილად არ არის, რომ ის ზურაბიშვილზე გარკვეულ გავლენას ახდენს.

ზურაბიშვილის ოპონენტები მეორე უკიდურესობაში ვარდებიან. სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები ამერიკას ეპყრობოდნენ, როგორც წარმართი ქურუმები ღვთაებას _ ეს ფსევდორელიგიური დამოკიდებულება არ უშვებს არანაირ განსხვავებულ აზრს, კრიტიკას, ირონიას და . . ამ სისტემის ფარგლებში წარმოუდგენელია საქართველოში წარმოსახვითი ამერიკული ბაზის განთავსების გარშე დისკუსია და დებატები გაიმართოს, ეს ერესის ტოლფასია. ამ სისტემის ფარგლებში ზურაბიშვილის რეპლიკა აღიქმება, როგორცღვთის გმობადა არა საკამათო პოლიტიკური განცხადება. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ მან ნაციონალებში ემოციების ესოდენ დიდი მოზღვავება გამოიწვია.

ცხადია, ფსიქოლოგიურის გარდა, პრობლემას პოლიტიკური ასპექტიც აქვს. სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომის შემდეგ თავის განცხადებებში “ფრანგულ”, “ძველევროპულ” ხაზს ატარებს, რომელიც რუსეთის მიმართ ფრთხილ დამოკიდებულებას და მის მიზანმიმართულ გაღიზიანებაზე უარის თქმას ითვალისწინებს. მას გაკეთებული აქვს რუსეთის პოლიტიკის საწინააღმდეგო არაერთი განცხადება და ამან მოსკოვში უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ საქართველოში აშშ-ისა და ნატოს სხვა ქვეყნების ჯარების განლაგების, ანუ კრემლისთვის პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხის მიმართ ზურაბიშვილი სიფრთხილეს ინარჩუნებს და გამორიცხული არ არის, რომ, როგორც მისი ფრანგი პარტნიორები, ისე ბიძინა ივანიშვილი მიზანშეწონილად სწორედ ამ პოზიციის გასაჯაროებას მიიჩნევენ.

იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას” ძალიან სერიოზული პრობლემების გადაწყვეტა მოუწევთ და, სავარაუდოდ, სურთ ამ პერიოდში გარე საფრთხეებისგან დაზღვეული იყვნენ, შესაბამისად, როგორც აშშ-თან, ისე რუსეთთან მიაღწიონ ისეთ ურთიერთობას, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში პრაგმატულ, გაწონასწორებულ პარტნიორს და “ნაკლებ ბოროტებას” ხედავდნენ. ზურაბიშვილის კომენტარების უკან შეიძლება იდგეს რუსეთის მისამართით გარკვეული მესიჯების გასაჯაროების სურვილი, თუმცა არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ყოველივე მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა, ხოლო განცხადება, რომელმაც ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, შემთხვევით, წინასწარი მომზადების გარეშე გაკეთდა, მით უმეტეს, რომ ზურაბიშვილის პოლიტიკურ კარიერაში არაერთი მსგავსი ეპიზოდი იყო.

კრემლი ყოველივე ამას განსაკუთრებულ ყურადღებას, სავარაუდოდ, არ მიაქცევს. სანამ საქართველოს კონსტიტუციაში არის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტულობა და ამ მიმართულებით არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა, ის ნებისმიერ განცხადებას, სავარაუდოდ, მეორეხარისხოვნად ჩათვლის და კვლავ შეეცდება, მიაღწიოს იმ მდგომარეობას, როდესაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი დღის წესრიგიდან საბოლოოდ მოიხსნება. ამ მიზნის მიღწევა მას შეიძლება ტრამპის ადმინისტრაციის იზოლაციონისტურმა პოლიტიკამ გაუადვილოს და ახალ, შეცვლილ რეალობაში ზურაბიშვილის სკეპტიკური პრაგმატიზმი შეიძლება გაცილებით მოთხოვნილი იყოს, ვიდრე მისი ოპონენტების “ექსტატიური პროამერიკულობა”.

ლუკა ნემსაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here