“აშშ–მა მიიღო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინადადება გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი 5 წევრი ქვეყნის შემადგენლობით შეხვედრის გამართვის თაობაზე. ამ წინადადებას ვსწავლობთ”, _ განაცხადა რუსეთში აშშ–ის ელჩმა ჯონ სალივანმა.
“შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ მივიღეთ პრეზიდენტ პუტინის წინადადება, მას ვაშინგტონში განიხილავენ”, _ მოჰყავთ აშშ-ის ელჩის სიტყვები საინფორმაციო სააგენტოებს.
“ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უშიშროების საბჭოს ყველა წევრთან და ამას განვაგრძობთ იმის მიუხედავად, სად შეიძლება გაიმართოს ეს განხილვა”, _ ხაზგასმით აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
24 იანვარს რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს მიმართა წინადადებით, დეტალურად შეისწავლონ იდეა სამიტის გამართვის შესახებ.
23 იანვარს ისრაელში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა ყველას შეახსენა რუსეთის, ჩინეთის, აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის პასუხისმგებლობის შესახებ ცივილიზაციის შენარჩუნების საქმეში და ამ ქვეყნის ლიდერებს სერიოზული მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.
რუსეთის ლიდერის ინიციატივას მხარი დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ოდნავ მოგვიანებით შეხვედრაზე თანხმობა განაცხადა ჩინეთმაც. ლონდონი კი ელოდება ამ შეხვედრის გამართვის შესახებ წინადადების დეტალებს.