მთავარი პოლიტიკა აშშ-ის “იმედგაცრუებული” ელჩი სირაქლემის პოზაში

აშშ-ის “იმედგაცრუებული” ელჩი სირაქლემის პოზაში

639
გააზიარეთ
იან კელი

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ახალი კონსტიტუცია მიიღო. ახლა პარლამენტი პრეზიდენტის ხელმოწერის მოლოდინშია და, დიდი ალბათობით, გიორგი მარგველაშვილი მის მიერვე ვეტოდადებული დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს იტყვის, ამიტომ კონსტიტუცია ძალაში ირაკლი კობახიძის ხელმოწერით შევა.

ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, დიდი ხანია, უკვე ერთი უცნაური ტენდენცია დამკვიდრდა: როცა ევროპული ორგანიზაციები რეკომენდაციებს იძლევიან ან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დასკვნას აქვეყნებენ, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთსა და იმავე დოკუმენტს სხვადასხვანაირად კითხულობენ.

ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც: ვენეციის კომისიის დასკვნა ხელისუფლებამ სათავისოდ წაიკითხა, ოპოზიციამ _ სათავისოდ და, თუ უმრავლესობა ამტკიცებს, ვენეციის კომისიას იდეალური დასკვნა აქვსო, ოპიზიცია უკიჟინებს, ვენეციის კომისიამ მიწასთან გაგასწორათო. როგორც ჩანს, ვენეციის კომისია ისე იქცევა, როგორც, საზოგადოდ, იქცევიან ხოლმე ევროპისა და ამერიკის წარმომადგენლები _ არც მწვადს წვავენ, არც შამფურს და ნახშირად ქცეული ხალხი სულაც არ აინტერესებთ, ნახშირი ხომ ფერფლად იქცევა ბოლოს და ქარი წაიღებს?!

ვენეციის კომისიის დასკვნაში ცუდიც წერია და კარგიც, ცუდზე კი აქცენტი ამერიკის ელჩმაც გააკეთა:

საელჩო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქმნის ძლიერ საფუძველს ხანგრძლივი და მტკიცე რეფორმებისთვის, როდესაც ამ ცვლილებებზე საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ფართო კონსენსუსი არსებობს. საელჩო იზიარებს ვენეციის კომისიის შეფასებას და მტკიცედ უჭერს მხარს კომისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს”.

ეს დაახლოებით იმას ჰგავს, “ცისფერ მთებში” კომისიის ერთ-ერთი წევრი რომ ამბობს, ნაწარმოები წაკითხული არ მაქვს, მაგრამ, რა დასკვნასაც მიიღებთ, ვეთანხმებიო. ანუ: ამერიკის საელჩო ეთანხმება ვენეციის კომისიის დასკვნას და, წაკითხული აქვს თუ არა იან კელის დასკვნა, ნამდვილად ვერ გეტყვით. ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ამერიკის ელჩებს ხშირად ისეთი განცხადებები გაუკეთებიათ, რეალობას რომ იყო აცდენილი, მაგრამ ქართულ მედიას განგაში არ აუტეხავს, რადგან ამერიკა ხომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ბოლოს და ბოლოს, აგვისტოს ომის დროს პამპერსები და წყალი მოგვაწოდა სასწრაფოდ. ისე, სააკაშვილის მიერ გორში მიწაზე ფორთხვაში გამართული მარათონის შემდეგ პამპერსების მოწოდებაში ლოგიკა აშკარად იყო. იფიქრეს, ალბათ, ამერიკელებმა: რაც ქვეყნის ლიდერი _ ის ერიო, მაგრამ ბოლოს მიხვდნენ, რომ ქვეშაფსია მხოლოდ მიშა იყო, მაგრამ რა უნდა ექნათ?! თავიანთ პროექტს ბოლომდე გაჰყვნენ.

სააკაშვილი ტყუილად არ გვიხსენებია. ამერიკის ელჩი რომ ამბობს, იმედგაცრუებული ვარ, კომპრომისი რომ ვერ მოხერხდაო, სად იყო აშშის საელჩო და ელჩი 2008 წლის 8 აგვისტოს, როცა პროვოკაციაში ჩართო მთელი ქვეყანა მათმა პროექტმა? ან მაშინ სად იყვნენ, მშვიდობიანი აჯანყება რომ მოხდა და ხელისუფლებას, რომელიც ხალხზე ძალადობდა, ხალხმა არა უთხრა?!

როცა ტელევიზიებმა წამების ამსახველი კადრები გაავრცელეს, ამერიკის საელჩომ იმედგაცრუება არ გამოხატა, ევროპელებმა კი… ევროპელებმა, მგონი, სიამოვნებითაც უყურეს ამ ყველაფერს, ისინი ხომ ლიბერალები არიან, ისინი ხომ იმას გვიკიჟინებენ: თუ სადმე ნახვრეტი გაქვთ, თავი არ დაზოგოთო… მაშინ სად იყო საელჩო და ევროპა, როცა სააკაშვილის რეჟიმმა კამბოჯის დიქტატორი პოლ პოტი და უგანდის დიქტატორი იდი ამინი დაჩრდილა? როცა სისხლში ჩაახშო არაერთი მშვიდობიანი აქცია, როცა სასჯელაღსრულების დაწესებულება ჯოჯოხეთად აქცია, როცა ერი, მთელი ერი კრიმინალად გამოაცხადა? მაშინ სად იყვნენ პატივცემული ბატონები? თუ მხოლოდ მეთიუ ბრაიზას ანგარიშებს ენდობოდით, იმ ბრაიზასი, რომელიც არაერთხელ გულუხვად დაასაჩუქრა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ და, როგორც ამბობენ, ქორწილიც კი გადაუხადა? მიშა ისეთი მონდომებული იყო ბრაიზას პატივისცემით, რომ მიეშვათ, პირველ რამეშიც შეეხიდებოდა. არ დამიწყოთ ახლა, _ ცოტა კორექტული იყავიო. არ იყო არც სააკაშვილი კორექტული, არც ამერიკის ელჩი და არც ევროპა. კორექტული კი არა, თუ რამე გვაქვს შერჩენილი ეროვნული, იმასაც გვართმევდნენ, სწორედ ეროვნულის გათელვა სურდათ ფეხქვეშ და ვერ აიტანეს, რომ ერმა წინააღმდეგობა გაუწია.

არ იფიქროთ, თითქოს მიღებული კონსტიტუცია მოგვწონს და ტაშს ვუკრავთ. არა, ბატონებო, კონსტიტუცია, რომლის ძალაში შესვლისთანავე დაიწყება მასში შესატან ცვლილებებზე მუშაობა (ეს ირაკლი კობახიძემ უკვე განაცხადა), რბილად რომ ვთქვათ, არ ვარგა, სერიოზულად კი, დიქტატურისკენ მივდივართ დიდი ნაბიჯებით და ამას ყველა ხვდება. ხვდება ამერიკაც და ევროპაც, მაგრამ ხმამაღლა კი არ ამბობენ, დიქტატურისკენ მიდიხართო, არამედიმედგაცრუებულებიარიან და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ, როცა დასჭირდებათ, თქვან, დიქტატურას ვებრძვითო, და ის სცენარი განახორციელონ, რომელიც 2003 წელს გამოიყენეს და სათავეში მოიყვანეს მათ მიერ მართული შიზოიდი, რომელმაც ერის დაჩოქება და დამონება გადაწყვიტა.

უკვე გაისმა მოწოდებები, რომ ხელისუფლება არ ტოვებს გზას, მშვიდობიანად შეიცვალოს და… გამოვა მერე ელჩი და განაცხადებს, მე ხომ ვთქვი, რომ იმედგაცრუებული ვიყავი კონსენსუსის არარსებობით და ეს ყველაფერი ამის შედეგიაო. ჰოდა, უკვე მერამდენედ დავტრიალდებით ძველ წრეზე, მერამდენედ ავიღებთ საგარეო ვალს ამერიკისგან, მერამდენედ გავივლით გაჭირვებას და შემდეგ გაგვიკვირდება, ცოცხლები რომ ვართ; მერე, როცა ამერიკული და ევროპული ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი რეჟიმი ყელში ისე მოგვიჭერს, რომ სუნთქვა შეუძლებელი იქნება, ციხეები ისევ ჯოჯოხეთად რომ გადაიქცევა, ისევ მოხდება მშვიდობიანი ჯანყი, ისევ სირაქლემას პოზაში იქნებიან ევროპელები და ამერიკელები და ისევ გაგვიშვებენ იმ წრეზე, რომელზეც რამდენჯერმე უკვე ვიყავით და, ისე ჩანს, ვერასოდეს გამოვალთ. ვერ გამოვალთ, სანამ არ მივხვდებით, რომ არც ევროპას და არც ამერიკას რეალურად არ აინტერესებთ, რა ხდება საქართველოში.

ბესო ბარბაქაძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here