Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ-ის ელჩი დაგვეკარგა, წითელპერანგა…

აშშ-ის ელჩი დაგვეკარგა, წითელპერანგა…

1237
აშშ-ის ელჩი დაგვეკარგა, წითელპერანგა...

აშშის ელჩმა საქართველოში _ იან კელიმ თანამდებობა მარტის ბოლოს დატოვა და მას შემდეგ ვაშინგტონმა მისი შემცვლელის დანიშვნა ვერა და ვერ მოახერხა. ამან ჯერ გაკვირვება, შემდეგ კი შეშფოთება გამოიწვია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილმა გამოცემაფორინ პოლისმაამ პრობლემას სკანდალური სტატია მიუძღვნა.

საკითხის საჯარო განხილვა 24 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა თქვა, რომ, მისი წყაროების ინფორმაციით, ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას საქართველოს ხელისუფლება, კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილი, ეწინააღმდეგება. გადაცემის სტუმარმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელი ინფორმაცია მასაც აქვს და მასაც სმენია, რომ ხელისუფლებას ამ პოსტზე არა კარიერული დიპლომატის, არამედ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირის ხილვა სურს.

აქ მნიშვნელოვანია ერთი ნიუანსის გათვალისწინება. პოლიტიკური ნიშნით შერჩეული პირების დანიშვნა ელჩებად საკვანძო ქვეყნებში ხდება. როგორც წესი, “დიდი შვიდეულის” ან სხვა, აშშ-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებში, დანარჩენ პოსტებს კი კარიერული დიპლომატები იკავებენ. საქართველო არ არის იმდენად პრიორიტეტული ქვეყანა, რომ აქ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირი დანიშნონ; ეს შეიძლება მხოლოდ გარემოებათა სასწაულებრივი დამთხვევის შემთხვევაში მოხდეს.

მომდევნო დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თქვა, რომ “ეს არის სპეკულაცია და არასერიოზულია ამაზე ლაპარაკი”, ხოლო 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა ამ თემას ვრცელი კომენტარი მიუძღვნა: რამდენიმე ჯგუფი გააერთიანა ეკა გიგაურმა. რამდენჯერმე მივანიშნე მას, რომ კარგი იქნება, გავიდეს ამ სექტორიდან, რადგან ძალიან ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო საზოგადოებას მისი იქ ყოფნა. ბევრჯერ მიპასუხია მისთვის, მისი სიცრუეებიც ბევრჯერ გამომიტანია, მაგრამ დღეს ვიქნები უფრო კარდინალური, თურმე ამერიკის ელჩს აღარ ნიშნავს ივანიშვილიო. ეკა გიგაურმა გააკეთა განმარტებები, რომ საშინელებები ხდება. გიგაური წარმოუდგენელ თამაშში შევიდა. ამერიკის ელჩს რაც შეეხება, ამაზე პასუხის გაცემის მცდელობაც არ მექნება. შედით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე, სადაც ჩანს, რამდენი ელჩი დანიშნეს და სად არის ვაკანსია”. ამის შემდეგ “ქართული ოცნების” ლიდერმა ვრცლად ისაუბრა გიგაურის წარსულზე, კერძოდ, მის როლზე 2007 წლის ნოემბრის მოვლენებში, სასამართლო დავაზე, რომელიც ამასთან დაკავშირებით გოგა ხაინდრავასთან აქვს, და დასძინა “კიდევ ერთხელ მომიწია მკვეთრად პასუხის გაცემა, რადგან არ ჩერდება. როგორც კი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი მიანიშნებს, რომ არაკორექტული განცხადება გააკეთა სამოქალაქო საზოგადოების რაღაც ჯგუფმა, ეგრევე თავდასხმა ხდება მათი მხრიდან”.

ამავე დღეს საკითხს შეეხო თბილისში ვიზიტად მყოფი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში _ ჯონ ბოლტონი: “არ ვიცი, როდის დასრულდება ელჩის შერჩევის პროცესი. ელიზაბეთ რუდი შესანიშნავად უძღვება ამერიკის საელჩოს, სანამ ახალი ელჩი დიანიშნება, რაც სენატის მიერ ელჩის დამტკიცების რთულ პროცესს უკავშირდება”.

ნოემბრის დასაწყისში თბილისში ჩამოვიდა როს უილსონი და აშშ-ის დროებითი რწმუნებულის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. “ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებული იყო, რადგან არ ჰყავდა ელჩი აქ წარმოდგენილი და, რადგანაც ეს ვითარება 2018 წლის ბოლომდე შენარჩუნდებოდა, სწორედ ამიტომ მომმართეს მე, რაც ჩემთვის პატივია”, _ განაცხადა მან. როს უილსონი გამოცდილი დიპლომატია, “ცივი ომის” წლებში მას მოუხდა მუშაობა საბჭოთა კავშირსა და ჩეხოსლოვაკიაში, 2000-03 წლებში იყო აშშ-ის ელჩი აზერბაიჯანში, 2005-08 წლებში _ თურქეთში. თბილისში მისი გამოგზავნის აუცილებლობა, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილმა რთულმა სიტუაციამ განაპირობა.

აშშ-ის ელჩი დაგვეკარგა, წითელპერანგა...

შეერთებულ შტატებს ელჩები ამჟამად ათეულობით ქვეყანაში არ ჰყავს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ პრეზიდენტის მიერ კანდიდატურების წარდგენისა და სენატის მიერ მათი დამტკიცების პროცესში დემოკრატები მნიშვნელოვან შეფერხებებს ქმნიან. ახალმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ამის გამო კანონმდებლებთან საგანგებო შეხვედრაც კი გამართა. საბოლოო ჯამში, ეს, უპირველესად, ამერიკული მხარის პრობლემაა და არა იმ ქვეყნების, რომლებშიც ელჩების დანიშვნა ვერ ხერხდება. როს უილსონის მისია შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს, ხოლო საუბარი საქართველოში ელჩის არდანიშვნაზე, ივანიშვილისა და გიგაურის კომენტარები, ალბათ, დავიწყებას მიეცემოდა, რომ არა “ფორინ პოლისის” 10 დეკემბრის პუბლიკაცია.

მასში ნათქვამი იყო, რომ “ზოგიერთი დიპლომატიური წყაროს თანახმად”, საქართველოს ხელისუფლება ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას ბლოკავს, რადგან ის ზედმეტად კეთილგანწყობილია “ყოფილი პრეზიდენტის, პროდასავლური მიხეილ სააკაშვილის მიმართ”. სააკაშვილის “პროდასავლურობა” წერილში კიდევ ერთხელაა ნახსენები, იქ, სადაც საუბარია იმაზე, როგორ შეიცვალა სიტუაცია საქართველოში ხელისუფლებიდან მისი წასვლის შემდეგ. ეს ხაზგასმა ირიბად მიანიშნებს იმაზე, რომ წერილის უკან შეიძლება სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილი პირები იდგნენ, რომლებმაც, ამასთანავე, ექსპერტად სააკაშვილის მთავრობის მინისტრი და მისი ძველი თაყვანისმცემელი გია ნოდია მიიწვიეს.

წერილში ნათქვამია, რომ ვაშინგტონში მყოფი ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მიანიშნა, რომ ხელს არ მოაწერს აგრემანს (შესაბამისად, ბრინკის დანიშვნას ჩაშლის). აშშ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის გათვალისწინებით, აგრემანის ხელმოწერაზე უარის თქმა იმდენად სენსაციური და წარმოუდგენელი ჩანს, რომ თბილისში ბევრმა ეს მონაკვეთი სერიოზულად ვერ აღიქვა.

წერილში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ ორივე ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა ეჭვქვეშ დააყენეს ბრინკის კეთილგანწყობა სააკაშვილისა და მისი პარტიის მიმართ და დაახასიათეს ის, როგორც პროფესიონალი. სახელმწიფო დეპარტამენტში კი კომენტარზე უარი თქვეს, რადგან თეთრ სახლს ბრინკი საქართველოში ელჩის პოსტზე ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია. უარი კომენტარზე საქართველოს მთავრობამაც განაცხადა.

წერილში, აგრეთვე, იყო უცნაური პასაჟი საპრეზიდენტო არჩევნებზე _ “გრიგოლ ვაშაძეს სააკაშვილის პოლიტიკური მოწაფე” უწოდეს. ამასთანავე, ყოველგვარი დაკონკრეტების გარეშე, ეწერა, რომ საერთაშორისო მონიტორებმა თქვეს, მთავრობის ჩარევამ არჩევნების შედეგი შეცვალაო. მოკლედ, ამ წერილის ნებისმიერი წინადადება, რომლებიც ბრინკის დანიშვნას არ ეხებოდა, გამოიყურებოდა ისე, თითქოს ის სააკაშვილის რომელიმე მეგობარმა ან ძველმა გულშემატკივარმა დაწერა.

ოფიციალური კომენტარი ამ პუბლიკაციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ გააკეთა. მან თქვა, რომ ეს ყველაფერი სიმართლესთან ახლოს არ არის: “აშშ-ზე ვსაუბრობთ, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი ხასიათის განცხადებების გამეორება დამაზიანებელია, მათ შორის მედიის მხრიდან”.

“ამერიკის ხმასთან” საუბარში ცნობილმა დიპლომატმა დანიელ ფრიდმა იმედი გამოთქვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება: “ბრიჯიტი არაჩვეულებრივი ელჩი იქნებოდა და ის განსაკუთრებით კვალიფიცირებული იყო საქართველოში ელჩობისთვის”. ფრიდი ამბობს, რომ ბრინკის “პროსააკაშვილობა” სისულელეა. მისი თქმით, “ის თანამშრომლობდა სააკაშვილის მთავრობასთან, ისევე, როგორც ვთანამშრომლობდი მე და ბევრი სხვა ადამიანი. და ეს იმიტომ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერდა საქართველოს, საქართველოს დემოკრატიას, ქვეყნის თავისუფლებას და დასავლეთთან დაახლოების სურვილს. სააკაშვილი კი იყო ლიდერი, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია” (“ამერიკის ხმა”).

ბრიჯიტ ბრინკის ოფიციალური, აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებული ბიოგრაფია ცხადყოფს, რომ მან საქართველოში ჯამში ექვსი წელი იმუშავა, თუმცა ჩვენი ქვეყანა მისი ინტერესების სფეროში სხვა პერიოდებშიც რჩებოდა. განხილულ კონტექსტში ყველაზე მნიშვნელოვანია 2005-08 წლების მონაკვეთი, როდესაც ის საქართველოსპოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების კონსოლიდირებაში ეხმარებოდა”. მას, სავარაუდოდ, უხდებოდა მუშაობა მჭიდრო კონტაქტში სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმს სწორედ იმ წლებში ქმნიდა. მისი ურთიერთობანაცმოძრაობისადაევროპული საქართველოსლიდერებთან იმ პერიოდში ჩამოყალიბდა და გამორიცხული არაა, რომ ეს აშფოთებს ამჟამინდელ ხელისუფლებას და, შესაძლოა, ამაზე ამერიკელ პარტნიორებს მიანიშნა. თუმცა იმის დაჯერება, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ აგრემანის ხელმოწერაზე შეიძლება უარი თქვას და ამით აშშ ფაქტობრივად სილა გააწნას, ძალიან ძნელი დასაჯერებელია.

მაგრამ ამ მედალს მეორე მხარეც აქვს. ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც, უპირველესად, პრაგმატიზმით ხელმძღვანელობს, შეიძლება არ ჰქონდეს იმის სურვილი, რომ ქართველი პარტნიორების აზრი უგულებელყოს და ასეთი, სავარაუდოდ, ფრიად მოკრძალებული სიგნალის შემდეგ გაჯიუტდეს და მაინცდამაინც ბრინკი დანიშნოს და არა სხვა, მაგალითად, როს უილსონის მსგავსი ფიგურა, რომელსაც საქართველოში ასეთი კავშირები არ აქვს. ეს მით უფრო შესაძლებელია, რომ საქართველოს და, საზოგადოდ, სამხრეთ კავკასიის პრიორიტეტულობა აშშ-ისთვის ბოლო წლებში შემცირდა. მეორე მხრივ, აშკარაა, რომ იმ “წყაროებს”, რომლებმაც “ფორინ პოლისის” პუბლიკაციის ინსპირირება მოახდინეს, სურთ, ელჩის პოსტზე სწორედ ბრინკი იხილონ. ისინი თითქოს საჯაროდ ეუბნებიან თეთრ სახლს და სახელმწიფო დეპარტამენტს: “როგორ არ გრცხვენიათ, სადამდე დაეცით, ვიღაც ოლიგარქი ელჩის კანდიდატურას გიბლოკავთ”. ყოველივე ეს ადასტურებს ვარაუდს იმის თაობაზე, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციის გარშემო რთული თამაში, მეტიც, ბრძოლა მიდის და ფსონი გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი კონკრეტული სავარძელი. მთავარია, რომ მას, ვინც ამ პოსტს დაიკავებს, საქართველოს მომავალზე განმსაზღვრელი გავლენის მოხდენა შეეძლება.

ლუკა ნემსაძე

1 COMMENT

  1. მოკვდა ალბად ან ახალმა ელჩმა გადაღლაპა. ოღონდ ჯერ გაატყავებდა მერე ნიორრში ან ძმარში ჩადებდა დაშეჭამდა, უყვარს მაგას ნივრიანი და ძმრიანი საჭმელებუი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here