Home რუბრიკები საზოგადოება აფხაზეთი და სამაჩაბლო უფრო და უფრო გვშორდება

აფხაზეთი და სამაჩაბლო უფრო და უფრო გვშორდება

3627
აფხაზეთი და სამაჩაბლო უფრო და უფრო გვშორდება

საქართველოს უახლეს ისტორიაში აგვისტომ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. 1992 და 2008 წლების აგვისტო საქართველოს მოსახლეობისთვის მწარედ გასახსენებელი თარიღებია ბრძოლის ველზე განცდილი დამარცხებიდან გამომდინარე და არა მხოლოდ. 2008 წლის ცხინვალის ომს მოჰყვა საქართველოს ისედაც მცირე ტერიტორიის კიდევ უფრო შეკვეცა, ხელისუფალთა უსირცხვილო თავის მართლება, დამარცხებული, უტიფარი პრეზიდენტის გამარჯვების ზეიმი, საკუთარი უნიათობის, ხშირ შემთხვევაში გამყიდველური ქცევის გამამართლებელი რიტორიკა, რომლის მიხედვით დამნაშავეა ყველა, გარდა უთავმოყვარეო უმაღლესი მთავარსარდლისა.

2008 წლის 8 აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა, 1992 წლის აგვისტოდან კი _ 26, საკმაოდ დიდი დროა დასაფიქრებლად და დასკვნების გამოსატანად, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ვაჟკაცობა გვყოფნის და არც სიმართლისთვის თვალებში ჩახედვის სურვილი გვაქვს.

დღესაც ვერ მივმხდარვართ, რომ დასავლეთის წაქეზებით მეზობელი რუსეთის გამოწვევა იმ ფარული თუ ჰიბრიდული ომის შედეგია, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს, და რომელსაც ბოლო არ უჩანს. თუ გაეროს უშიშროების საბჭოში აშშის წარმომადგენლის, ნიკი ჰეილის, ნათქვამს დავუჯერებთ, რუსეთი ვერასდროს გახდება აშშის მეგობარი. ორთა ჭიდილი გაგრძელდება, სანამ ერთერთი, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით დაუძლურებული, მიწას არ დაენარცხება. ჩვენ ვერაფრით მოვახერხეთ ამ პაექრობიდან თავის დაღწევა.

რუსეთმა, პუტინის პირით, კიდევ ერთხელ გაგვაფრთხილა, რომ ვერ აიტანს მის სამხრეთ საზღვრებთან ნატოს ბაზების არსებობას. საქართველოს ხელისუფლება გამუდმებით გაიძახის, ნატოში ჩვენი გაწევრება მესამე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართულიო. გულუბრყვილო განცხადებაა! არადა, რუსეთთან კონფლიქტს უდავოდ მოჰყვება კატასტროფა. 6 აგვისტოს კი რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა რადიოსადგურ “კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ნატოში საქართველოს შესვლა საშინელი კონფლიქტის პროვოცირება იქნება.

დავუბრუნდეთ 1992 წლის აგვისტოს კონფლიქტს, რომელსაც რამდენიმე დღით უსწრებდა საქართველოს გაეროში მიღება და ამ ორგანიზაციის მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჩიკვაიძის გამოსვლა.

“საქართველოს რესპუბლიკა ძალის გამოყენებას ან მის მუქარას არ განიხილავს პოლიტიკის კანონიერ იარაღად და ნებისმიერი რეგიონული თუ სხვა კონფლიქტის შემთხვევაში იბრძოლებს მხოლოდ მოლაპარაკების გზით მათი გადაჭრისთვის. საქართველოს რესპუბლიკა დაიცავს თავის ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ინტერესებს” (1992 წ., 31 ივლისი).

ამის მიუხედავად, საქართველო მაინც შევიდა აფხაზეთში, ვითომდა რკინიგზის დაცვის და რუსეთიდან ამიერკავკასიაში მომავალი სატვირთო მატარებლების ძარცვის ალაგმვის მიზნით.

აფხაზეთის ტერიტორიაზე მატარებლებს მართლაც ძარცვავდნენ, მაგრამ ნუთუ ჯარის შეყვანა იყო საჭირო ამის აღმოსაფხვრელად?!

უდავოდ ვიჩქარეთ, ვერ ავწონ-დავწონეთ შექმნილი ვითარება და, ნაცვლად მოლაპარაკებისა, უმალ იარაღს ვტაცეთ ხელი.

ალბათ, აფხაზთა სიმცირემ გვაფიქრებინა იოლი გამარჯვება…

რის ვაივაგლახით გაეროში გაწევრებულმა საქართველომ, ამ გაუმართლებელი ნაბიჯით საფუძველი ჩაუყარა საკუთარ ქვეყანაში რეგიონული საკითხების სამხედრო ძალით გადაჭრას.

“ვაი-ვაგლახი” იმიტომ ვახსენე, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ (1991 წლის დეკემბერი) ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ერთბაშად მიიღეს გაეროში, გარდა საქართველოსი. ჩვენ ხელი შეგვიშალა სამოქალაქო ომმა და ლეგიტიმური ხელისუფლების ძალით ჩამოგდებამ. მხოლოდ შევარდნაძის ძალისხმევამ და განცხადებამ, რომ 1992 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდება უზენაესი საბჭოს არჩევნები, გაგვიხსნა გზა გაეროსკენ.

1992 წლის აგვისტოს წინ უსწრებდა აფხაზეთში განვითარებული მოვლენები, უკიდურესი დაპირისპირება აფხაზებსა და ქართველებს შორის. ცხადია, დაპირისპირებაში აფხაზ სეპარატისტებს მიუძღვით ლომის წილი, მაგრამ რა გვიშლის ხელს, ჩვენი წილი დანაშაული რომ ვაღიაროთ?

საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების (შევარდნაძე, სიგუა, იოსელიანი, კიტოვანი) მიერ მიღებულმა დაუფიქრებელმა, გაუაზრებელმა გადაწყვეტილებებმა დაძაბა ვითარება და ომამდე მიიყვანა აფხაზები და ქართველები. პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების ნაცვლად, კიტოვანი ჯარით შევიდა აფხაზეთში. რით დამთავრდა ეს დემარში ყველასთვის ცნობილია, ხოლო სააკაშვილის მიზანი იყო მარტივი და კონკრეტული _ ძალისმიერი გზით დაკარგულის დაბრუნება. მისი ავანტიურისტული გამოხდომა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის დაკარგვითდაგვირგვინდა”. დღეს აღარც კიტოვანია, აღარც შევარდნაძე და აღარც სააკაშვილი, მაგრამ არის მცირე საქართველო დამცირე მთავრობა”, რომელსაც, როგორც პირველი ნაბიჯებიდან ჩანს, ქვეყნის ტერიტორიის გამთლიანება პრიორიტეტულ მიზნად არ აქვს დასახული. ასეთ ვითარებაში გაუგებარიაშერიგებისსამინისტროს არსებობა. არადა, “მცირე მთავრობაშიამ სამინისტროს ტოვებენ, კულტურისა და განათლებისას კი აუქმებენ.

იქნებ ქალბატონმა მინისტრმა ციხელაშვილმა აგვიხსნას, რა გააკეთა სამინისტრომ ყოფილი ავტონომიების, არაღიარებული სახელმწიფოების დასაბრუნებლად? _ არაფერი, მათი ლანძღვისა და რუსეთის “გამათრახების” გარდა, არაფერი. როცა პოტენციურ, მომავალ პარტნიორს უშვერი სიტყვებით ლანძღავ და სეპარატისტს უწოდებ, ვერ მოახერხებ მათთან სალაპარაკო ენის გამონახვას; როცა საერთაშორისო ფორუმზე რუსეთს ოკუპანტს, აგრესორს, დამპყრობს უწოდებ, ურთიერთობებს მასთან ვერ მოაწესრიგებ. არადა, რუსეთის გარეშე აფხაზეთსამხრეთ ოსეთის ჩვენკენ შემობრუნების საკითხი ვერ გადაწყდება.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ოცნება” დაჰპირდა საქართველოს მოსახლეობას რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებას. ამ დაპირებასაც ისეთივე ბედი ეწია, როგორიც დანარჩენს, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას, მათ შორის, დღევანდელსაც, არ აწუხებდა და არ აწუხებს ეს თემა. ისინი შეგუებულნი არიან იმ აზრს, რომ ეს ჩვენი ძირძველი მხარეები სამუდამოდ დაკარგული აქვს დედასაქართველოს.

საქართველოს პოლიტელიტის ნაწილი გაიძახის, რომ რუსეთთან მოლაპარაკება არ შეიძლება, ვერაფერს გავხდებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ მასთან პირისპირ მოლაპარაკებას გავმართავთ. და თუ მაინც წავალთ, მხოლოდ დასავლელი პარტნიორების თანხლებით, ანუ მათ უნდა წარმართონ მოლაპარაკება, ჩვენ კი დამსწრის როლით უნდა დავკმაყოფილდეთ. ასეთ ფორმატში კი მოსკოვი არ მოინდომებს ჩვენთან კონტაქტს.

არდალაპარაკების პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს, უაზრობაა. მაშ, რას უნდა ველოდოთ?_ რუსეთის, როგორც სახელმწიფოს დაშლას? დიდხანს ხომ არ მოგვიწევს ლოდინი?

ორი ომიდან საკმაო დრო გავიდა. ავტონომიებში მცხოვრები ადამიანები დაგვშორდნენ, ისევე, როგორც ჩვენ მათ. ახალგაზრდა თაობა იქ საქართველოს შიშითა და ზიზღით იზრდება, აქ _ რუსეთის შიშსა და ზიზღზე; რუსეთის, რომელიც ხელს “გვიშლის” შემორიგებაში. ასეთი პოლიტიკა აბსოლუტურად არაპროდუქციულია.

უსაგნო ლაქლაქის ნაცვლად საქმის გაკეთებაა საჭირო, თორემ ათი წლის შემდეგაც გავიხსენებთ ცხინვალის ომს; ვიტყვით, რომ ოცი წელია გასული. ეს იქნება და ეს. მეტი არაფერი _ აფხაზეთი და სამაჩაბლო კი იმაზე მეტად დაგვშორდება, ვიდრე დღეს არის.

ომარ მარგველაშვილი,

საქართველოსა და რუსეთის დამსახურებული ინჟინერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოსა და საერთაშორისო საინჟინერო აკადემიების ნამდვილი წევრი, პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here