მთავარი საზოგადოება აფრიკის ღატაკ ქვეყნებში თითოეულ მოსახლეს დღეში 2 დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს, საქართველოში...

აფრიკის ღატაკ ქვეყნებში თითოეულ მოსახლეს დღეში 2 დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს, საქართველოში _ 1 დოლარზე ნაკლები

ნაგვის ურნებში გადაყუდებული ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება

372
გააზიარეთ
აფრიკის ღატაკ ქვეყნებში თითოეულ მოსახლეს დღეში 2 დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს, საქართველოში _ 1 დოლარზე ნაკლები

საქართველოში ყველაფერზე საუბრობენ _ პოლიტიკაზე, საშინაო თუ საგარეო ურთიერთობებსა და პრობლემებზე, ტურიზმის განვითარებაზე, ვირუსების პრევენციაზე, მაგრამ ხმას არავინ არ იღებს სტრატეგიაზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას სიღატაკიდან გამოიყვანს. რამდენიც უნდა იძახოს ხელისუფლებამ, წინ მივდივართო, რამდენი დასკვნა ან ციფრები უნდა გაგვაცნონ ეკონომიკური წინსვლის, ფაქტია _ სანაგვე ურნებში გადაყუდებული ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ, თუ აქამდე, ძირითადად, მოხუცები მათხოვრობდნენ და ურნებშიც ისინი იქექებოდნენ, ახლა მათ არასრულწლოვანები დაემატნენ. პატარა ბავშვები ურნაში ნაპოვნ საკვებს იქვე ჭამენ, რადგან კუჭმა მოთმენა არ იცის. მათ, უბრალოდ, შიათ და არ აქვს მნიშვნელობა, რას პოულობენ და რამდენს _ მთავარია, დაღეჭონ და ცარიელმა კუჭმა რამე მიიღოს.

არასრულწლოვანთა მათხოვრობაზე რამდენჯერმე დედაქალაქის მერმაც გააკეთა განცხადება, მთავრობის წარმომადგენლებმა მწუხარე სახის რაინდებივით თავი გადააქნიეს, _ პრობლემაა და მოსაგვარებელიაო, მაგრამ მოგვარების გზებზე არავის არაფერი უთქვამს. ღამით მოზარდების პრობლემა “იმალება”, რადგან ისინი ზაფხულში მიწისქვეშა გადასასვლელებში, სკვერებში ათევენ ღამეს, ზამთარში მეტროს სადგურებში დარჩენას ცდილობენ, დღისით კი ისევ ლუკმაპურის საშოვნელად გამოდიან. სხვათა შორის, მათხოვრების დაყოფა სამ კატეგორიად შეიძლება: ისინი, ვისაც მართლა უჭირთ; ისინი, ვისაც ეს საქმე ბიზნესად აქვს ქცეული, და მესამე კატეგორიაა ქუჩის ყაჩაღები, რომლებიც პირდაპირ მოდიან და ფულს კი არ გთხოვენ, გძალავენ, ჯიბიდან გიღებენ, ხელიდან გტაცებენ. ბოლო კატეგორიას, ერთი შეხედვით, ძირითადად, ბოშები წარმოადგენენ, მაგრამ, როცა ეს ნამდვილ ბოშებთან ვთქვი, უარყვეს: ბოშები საქართველოში ძალიან ცოტანი დავრჩით, ისინი მოლდოველები არიან და ბოშობას იბრალებენ, ნამდვილი ბოშა არ მათხოვრობს, მკითხაობს, რაღაცას ყიდის, მაგრამ მათხოვრობით არაო. გაგიკვირდებათ და, მერე მოვიკითხე ეს თემა და ძირძველი ნამდვილი მათხოვარი ბოშა სანთლით საძებარია. ეს ისე, ხელისუფლებამ რომ იცოდეს. “ბიზნესმენ მათხოვრებს” რაც შეეხება, ისინი ელიტურ უბნებში სხდებიან, წინ გულის ამაჩუყებელ წერილს დებენ და დღის ბოლოს, სულ ცოტა, 30-40 ლარით ბრუნდებიან შინ. იქვე, გვერდით ნამდვილი გაჭირვებული რომ დაუჯდეს, ერთ ამბავს აუტეხენ, ბიზნესს მართმევო.

ეს რაც შეეხება იმ მათხოვრებს, რომლებიც არ მალავენ გაჭირვებას და იქამდე მივიდნენ, რომ ქუჩაში ნაგავში იქექებიან. თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ დანარჩენი საქართველო უკეთ ცხოვრობს, ძალიან ცდება. ხუთსულიან ოჯახს თვეში 361 ლარს რომ დაუწესებ, იცით, ეს რას ნიშნავს? ახლავე გეტყვით, ბატონებო. აფრიკის ის ქვეყნები, რომლებსაც ცივილიზებული სამყარო უღატაკესად აღიარებს და იქ შიმშილით ხალხი ყოველდღიურად იხოცება, იცით, რატომ არიან ყველაზე ღარიბი ქვეყნების სიაში? იმიტომ, რომ აფრიკის ღატაკ ქვეყნებში თითოეულ მოსახლეს დღეში 2 დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს და სწორედ ეს ითვლება სიღატაკედ. თვლაში დრო რომ არ დახარჯოთ, ხუთსულიანი ოჯახის წევრებზე 361 ლარი რომ გადაანაწილოთ, დღეში 81 ცენტი გამოდის, .., ერთი დოლარიც არა, მაგრამ ეს ყველაფერი ისე კარგად გვაქვს შეფუთულშელამაზებული, რომ ცალკე სააკაშვილს უკრავდნენ ტაშს უპრეცედენტო რეფორმებისა და ქვეყნის განვითარებისთვის და ცალკე მოქმედი ხელისუფლება აოცებს სამყაროს არანორმალური ინფლაციის ფონზე ეკონომიკის წარმატებული ზრდით. ეს ევროპასა და ამერიკაში წარსადგენ ფურცელზე წერია ყველაფერი ასე ლამაზად, თორემ ქართულ რეალობაში 81 ცენტი აქვს დაწესებული ხელისუფლებას ადამიანის სარჩენად და მერე რა, თუ ამ თანხით სრულფასოვანი კვება შეუძლებელია. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ევროპელები ტაშს გვიკრავენ, ასე განაგრძეთ და მალე ევროკავშირში მიგიღებთ, როცა თქვენი ქვეყანა მზად იქნება, ანუ როცა მოსახლეობას იმ დონის შემოსავალი ექნება, ევროკავშირს ტვირთად არ დააწვებაო. შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლების მარიფათზე ყოფილა დამოკიდებული, როგორ მოახერხებს მათ დარწმუნებას, რომ საქართველოში ცხოვრება საამურია და ცოტა გვიკლია იმ დრომდე, როცა ფეხს ფეხზე გადავიდებთ და ჩვენს მოხუცებს ევროპელები მოუვლიან. ანუ, დაგვემართება დაახლოებით იგივე, რაც დაემართა საბერძნეთს, ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში შევიდა დარამდენჯერმე გაკოტრდა. ჰო, ქვეყანა გაკოტრდა და უმძიმესი ფინანსური კრიზისი გადაიტანა. ფინანსურის გარდა, იყო პოლიტიკური კრიზისიც, პარლამენტისა თუ მთავრობის რამდენჯერმე გადადგომა. ქართულ სინამდვილეში ეს რომ წარმოვიდგინოთ, ხომ ხვდებით, სადამდე მივალთ?!

ახლა, ხელისუფლებას რომ ვუთხრათ, მათხოვრების აღრიცხვა დაიწყეთო, ვერ მოახერხებს, რადგან ქუჩაში ყოველდღიურად ახალ-ახალი გაჭირვებული გამოდის და, თუ ვინმე აკლდება, მხოლოდ იმიტომ, რომ გამწარებული სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლის და მათი სამუდამო განსასვენებელიც ძირითადად უპატრონოთა სასაფლაოზეა. ამიტომ ლოგიკურიც იყო, სამიოდე წლის წინათ ნაძალადევის გამგეობამ ტენდერი რომ გამოაცხადა 100 კუბოსა და ამდენივე სუდარის შეძენაზე, უპოვართათვის უფასოდ გადასაცემად გვინდაო. სამწუხაროდ, ეს რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ეჭვი გვაქვს, თუ ასე გაგრძელდება, მალე ყველა გამგეობა გამოაცხადებს ანალოგიურ ტენდერს.

ზემოთ მათხოვრების აღრიცხვა ვახსენეთ და არ გვიხუმრია. მაგალითად, შვედეთში ანალოგიური პრაქტიკა უკვე შემოიღეს და მათხოვრებს ლიცენზიის გარეშე მათხოვრობა ეკრძალებათ. პრინციპში, კი არ ეკრძალებათ, მაგრამ, თუ ლიცენზია არ ექნება, დაახლოებით 400 დოლარით დააჯარიმებენ. 400 დოლარი ქართულ ვალუტაზე დაახლოებით 1200 ლარია, ანუ ის თანხა, რომელიც სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, 5-სულიანმა ოჯახმა სამი თვის განმავლობაში უნდა იკმაროს. ბედის ირონიაა, ევროპაში ერთი მათხოვრის ჯარიმა საქართველოში ხუთსულიანი ოჯახის სამი თვის სარჩო რომ არის. მათხოვრის ლიცენზია შვედეთში ევროპული საზომებით ძვირი არ არის და ის დაახლოებით ასი ლარის ოდენობისაა. ახლა წარმოიდგინეთ, ასლარიანი ლიცენზია რომ მოსთხოვოს ხელისუფლებამ მათხოვრებს, რა ოდენობის თანხა შევა ბიუჯეტში. სრული სერიოზულობით ვამბობთ: არ გამორიცხოთ, რომ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ფიქრი დაიწყოს, რადგან რეალურად, ქართული ბიუჯეტი მხოლოდ გადასახადებიდან ივსება, თორემ რაიმეს წარმოებაზე, კარგა ხანია, ხელი ავიღეთ და არც უახლოეს პერსპექტივაში ჩანს, რომ წარმოებით დავკავდებით.

უკვე გავარკვიეთ, რომ ერთი ევროპელი მათხოვარი იმ ხუთ ქართველზე უკეთესად ცხოვრობს, რომლებსაც სახელმწიფო ეხმარება. ახლა ისიც ვთქვათ, ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინათ რომ განაცხადა: ოჯახები, რომლებსაც უჭირთ, ბევრ შვილს ნუ აჩენენ, რადგან ხომ უნდა ხვდებოდნენ, რომ ვერ გაზრდიანო?! დემოგრაფიული პრობლემა, რომელიც ასე მწვავედ დგას და რომელზეც არაერთხელ დაგვიწერია, ინტელიგენციას (უფრო ზუსტად კი ხელისუფლების მხარდამჭერებთან ასოცირებულ ინტელიგენციას) კი არ ადარდებს, პირიქით _ მოგვიწოდებს: ბევრი შვილი არ გააჩინოთ, გაჭირდა ცხოვრებაო. საკანონმდებლო დონეზეც ხომ არ დავაწესოთ, ვის რამდენი შვილის ყოლის უფლება აქვს და საზოგადოდ, ისიც გავარკვიოთ, ცოლის მოყვანის ან გათხოვების უფლების მოსაპოვებლად რა პარამეტრებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ? ამ მიმართულებით დავაწესოთ ლიცენზიები, ფასიც ძვირი დავადოთ და, მაგალითად, თუ ცოლის მოყვანა გინდა, კეთილი ინებე და ბიუჯეტში ათასი ლარი გადაიხადე. მერე ყველაფერი თავისით მოგვარდება, ათასი ლარის გადამხდელი ბევრი არ იქნება, აღარ შეიქმნება ოჯახები, აღარ გახდება ეს ოჯახი ხუთსულიანი და სახელმწიფოც იმ 361 ლარს დაზოგავს, ეს თანხა ბიუჯეტში დარჩება და ხელისუფალნი ხელფასებსაც გაიზრდიან (ჭარბ ფულს ხომ უნდა უქნან რამე?!)

ახლა მთავარია, ხელისუფლება დროულად გამოფხიზლდეს, შეეშვას ცალკე ჩვენი და ცალკე ევროპელების მოტყუებას და იმის მტკიცებას, რომ წინ მივიწევთ. ევროპას რეალური სურათი რომ დავუდოთ წინ, კავშირში კი არა, აეროპორტებშიც აღარ შეგვიშვებს. პრინციპში, იმ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, რომელიც ასე ზარზეიმით აღვნიშნეთ, არაერთი ასეული ქართველი სწორედ აეროპორტიდან გამოაბრუნეს უკან, ზოგს საკმარისი თანხა არ ედო ჯიბეში, ზოგიც სახეზე არ მოეწონათ და ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა, სახელმწიფოს თავისი მოქალაქე დაეცვას და გაეპროტესტებინოს: თუ სრულუფლებიან წევრად აღგვიქვამთ, მაშინ ქვეყანაში შესვლას რატომ გვიშლითო?! მანამდე კი, მათხოვრების აღრიცხვა კი არა, სადმე ერთი დიდი თავშესაფარი მოაწყვეთ და ეგებ არასრულწლოვანები მაინც ღამით ნორმალურად დააძინოთ, დღისით საკვები მისცეთ და რამე ხელობა ასწავლოთ, რათა მთელი ცხოვრება ურნაში გადაყრილი საკვების იმედად არ იყვნენ. ბავშვობიდანვე რომ ამას აკეთებს, სხვა რამეს, უბრალოდ, ვერ ისწავლის…

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ტყუილია ეს. ჩვენთან 1 დოლარზე ნაკლები შემოსავალი არავის არა აქვს. მართალია ჩვენი პენსიონერები იქექებიან ნაგვის ურნაში, მაგრამ მათი პენსია შეადგენს 200 ლარს, ე.ი. მათი ყოველდღიური შემოსავალი არის 7 ლარამდე, ბევრად მეტი, ვიდრე ერთი დოლარი. მართალია ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ საკითხის ასე ზერელედ და არა კომპეტენტურად დასმა მავნებლურია, ბოროტებაა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here