მთავარი საზოგადოება ასტანაში ჩატარებული საერთაშორისო ფორუმის გამოძახილი: პოპულიზმი და ფსევდოპატრიოტიზმი _ მსოფლმხედველობრივი ნაპრალის კერა

ასტანაში ჩატარებული საერთაშორისო ფორუმის გამოძახილი: პოპულიზმი და ფსევდოპატრიოტიზმი _ მსოფლმხედველობრივი ნაპრალის კერა

771
გააზიარეთ
ფორუმი (ასტანა)

 მეშვიდე საერთაშორისო ფორუმი, რომელსაც ყაზახეთის დედაქალაქმა ასტანამ მაღალ დონეზე უმასპინძლა, საქართველოში დიდი განხილვის საგანი გახდა.

ფორუმი სახელწოდებითერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება: ფრონტის სიმამაცე _ უდრეკი ზურგი”, 28 აპრილს ჩატარდა. მას ესწრებოდა 15 ქვეყნის (ყაზახეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, ყირგიზეთი, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა, უზბეკეთი, ესტონეთი) 240-ზე მეტი წარმომადგენელი. ფორუმი იმართება ყოველწლიურად (2010 წლიდან) პოლიტიკური ცენტრის _ “სამხრეთიჩრდილოეთისინიციატივით. ფორუმის მიზანი იყო საერთო ისტორიული მეხსიერებისა და იმ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცება, რომლებიც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

ჯერ კიდევ ოცი წლის წინათ ასტანა ყაზახეთის ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ქალაქი იყო. გასაოცარია, როგორ სწრაფად იქცა ყაზახეთის პროვინციული ქალაქი ქვეყნის მარგალიტად, მის დედაქალაქად. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება, ვწვეოდი ასტანას _ ძალიან ლამაზ, თანამედროვე ქალაქს. განსაკუთრებით აღვნიშნავდი ყაზახი ხალხის სტუმართმოყვარეობას. ქალაქის დათვალიერებისას მიხვდებით, რომ უზარმაზარი თანხაა ჩადებული ამ შედეგის მისაღწევად. ყაზახეთის მთავრობამ უსწრაფესად შეძლო, შეექმნა მომავლის არქიტექტურა. უზარმაზარ სივრცეზე გაშენებული ეს ახალი ქალაქი თვალისმომჭრელ პანორამას ქმნის, თითოეული უბანი არქიტექტურულად დახვეწილი და საინტერესოა. მოწესრიგებულია ქუჩები, უამრავი პარკი, შადრევანი. ახალაშენებული ცათამბჯენები აღფრთოვანებას იწვევს. თუ ასტანამ ასეთ მცირე დროში (1997 წლიდან) შეძლო განვითარება, როგორი იქნება ის 20 წლის შემდეგ? ყაზახეთის დედაქალაქის მიღწევები გვიჩენს მოტივაციას, საქართველოშიც შევქმნათ მსგავსი კომფორტული გარემო არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ მსოფლიოდან ჩამოსული ტურისტებისთვისაც…

ფორუმში საქართველოს მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხით სპეკულირება კი, რასაც სამწუხაროდ ადგილი ქონდა, უბრალოდ, უპატივცემულობაა იმ დაღუპული გმირებისა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მსოფლიო ფაშიზმის დიქტატურისგან იხსნეს. ეს ელემენტარულია, რისი გაკეთებაც ჩვენ, შთამომავლებს, მათი სახელების უკვდავსაყოფად შეგვიძლია.

დღეს ჩაგვჩიჩინებენ, რომ ყველგან ინტეგრაციის გზით უნდა ვიაროთ, იმ ხალხებთან კი, ვისთან ერთადაც ფაშიზმს კუდით ქვა ვასროლინეთ, დეზინტეგრაცია უნდა დავიწყოთ

დავით სუხიაშვილი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი:

_ ასტანა მართლაც შთამბეჭდავი ქალაქია თავისი მასშტაბებითა და გემოვნებიანი არქიტექტურით. ქალაქის დათვალიერების შემდეგ გიკვირს, როგორ მოახერხა ყაზახმა ხალხმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ოცი წლის განმავლობაში ასეთი დედაქალაქის აშენება. იქვე სინანულის განცდაც გიჩნდება, როცა გაფიქრებ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართველებმა, ქალაქის კი არა, ჩვენს მრავალსაუკუნოვან დედაქალაქში მეტროპოლიტენის თითქმის აშენებული ერთი სადგურის ექსპლუატაციაში შეყვანა ძლივს მოვახერხეთ. არადა, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას მოწინავე ადგილი ეკავა საბჭოთა კავშირში.

რაც შეეხება სამამულო ომს, მას გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა კაცობრიობის ისტორიაში. წითელმა არმიამ დაიცვა ხალხები ფაშისტებისგან და გამანადგურებელი დამარცხება აგემა ჰიტლერსა და მის მოკავშირეებს. დიდ სამამულო ომში გამარჯვების აღსანიშნავ მე-7 საერთაშორისო ფორუმს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ომი 72 წლის წინათ დასრულდა, ომის შემდგომ თაობებს არ უნახავს სამამულო ომის მსგავსი ფართომასშტაბიანი და სისხლისმღვრელი დაპირისპირება. მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთხელ გვახსენებს ისტორიის ამ მწარე გაკვეთილს და გვავალდებულებს, მეტი წინდახედულება გამოვიჩინოთ კრიზისულ მდგომარეობაში. მიმაჩნია, რომ მტრის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა ერის მსხვერპლი ამ ომში თანაბრად შეუფასებელია.

სამამულო ომის გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობით ქართველი კაცი, უწინარესად, პატივს მიაგებს დაღუპული ქართველების ხსოვნას. მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარის თქმა არის ამ ადამიანთა ხსოვნის შეურაცხყოფა. განსაკუთრებით საამაყოა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ ომში წითელი არმიის მთავარსარდალი იყო ქართველი _ იოსებ ჯუღაშვილი, რომელიც იმ ურთულეს პერიოდში წარმართავდა მსოფლიოს პოლიტიკურ პროცესებს.

ფორუმი (ასტანა)

დღეს ჩაგვჩიჩინებენ, რომ ჩვენი ინტეგრირება უნდა მოხდეს ყველგან, რომ ინტეგრირებული მსოფლიო უკეთესია, ამასთანავე, კატეგორიულად მოითხოვენ უკვე არსებული ერთობების დეზინტეგრაციას, ანუ ყველგან ინტეგრაციის გზით უნდა ვიაროთ, იმ ხალხებთან კი, ვისთან ერთადაც ფაშიზმს კუდით ქვა ვასროლინეთ, დეზინტეგრაცია უნდა დავიწყოთ. მსგავსი იდეები სათავეს იღებს დასავლეთიდან, რომლის მიზანი იყო საბჭოთა კავშირის დაშლა, რაც ათწლეულების განმავლობაში დაუღალავი შრომისა და მოღალატეების დახმარებით სისრულეში მოიყვანეს. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა დეზინტეგრაციული იდეებისა და პროცესების წახალისება დასავლეთის მიერ. საბჭოთა კავშირის დაშლით გახარებულმა იმპერიალისტებმა ახლა რუსეთის ფედერაციის დაშლა დაისახეს მიზნად, ამიტომ მათთვის მიუღებელი და წარმოუდგენელიც კია პოსტსაბჭოთა სივრცეში ნებისმიერ ინტეგრაციულ პროცესზე საუბარი.

თაობათა შორის იდეოლოგიური დაპირისპირებების გამომწვევი მიზეზი არის მესამე მხარე, მისი იდეოლოგიური პოლიტიკა, რომელსაც მასზე დამოკიდებული ინტელექტუალურპოლიტიკური კლასის მეშვეობით ატარებს საქართველოში

ირაკლი უბილავა, პოლიტოლოგი:

_ სიმართლე გითხრათ, ქალაქი სრულად ვერ დავათვალიერე. ფორუმის ფორმატიდან გამომდინარე, ძალიან ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ, რაც ვნახე, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ასტანა ახალი, ჯერ კიდევ განვითარების სტადიაში მყოფი ქალაქია და ისე სწრაფად ვითარდება, ალბათ, ძალიან მალე მიიღებს იმ სახეს, რომელიც მის დამფუძნებლებს აქვთ ჩაფიქრებული. რაც შეეხება დიდ სამამულო ომს, მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, პირველ რიგში, პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრები ხალხებისთვის, ვინაიდან ყველაზე დიდი მსხვერპლი ამ ხალხებმა გაიღეს ყავისფერი ჭირის _ ფაშიზმის დასამარცხებლად. ფორუმზე იმ ადამიანთა შთამომავლები შეიკრიბნენ, რომლებიც დაახლოებით 4 წლის განმავლობაში მტერს მედგრად ებრძოდნენ. საქართველოსაც ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის ფაშიზმზე გამარჯვებაში და ჩვენ ამით ვამაყობთ. ასტანაში გამართულ ფორუმში მონაწილეობით პატივი მივაგეთ იმ დაღუპული გმირების ხსოვნას, რომელთა სიმამაცითა და თავგანწირვით დამარცხდა ფაშიზმი. საქართველო აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს ასეთ ფორუმებში, რადგან ფაშიზმის დამარცხებაში ჩვენ მიერ გაღებული წვლილი ძალიან დიდია არა მხოლოდ ადამიანური, არამედ ინტელექტუალური რესურსის თვალსაზრისითაც. არც ერთი სხვა ერის ინტელექტუალურ რესურს არ ვაკნინებ, მაგრამ ქართველებმა დიდ სამამულო ომს მისცეს 2 დიდი ინტელექტუალური რესურსი _ სტალინი და ბერია. სტალინის გენიალურობამ (რაც უნდა თქვან სხვებმა) გადაწყვიტა ამ ომის ბედი, ამ ომში გამარჯვება. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით.

გლობალიზაციის პირობებში მსგავსი ფორუმი ერთგვარი ხიდია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს წარსულს და აწყმოს, უფროს და უმცროს თაობებს და, აგრეთვე, ქმნის პლატფორმას მომავალ თაობებთან კავშირის დასამყარებლად. თაობათა შორის იდეოლოგიური დაპირისპირებების გამომწვევი მიზეზი არის მესამე მხარე, მისი იდეოლოგიური პოლიტიკა, რომელსაც მასზე დამოკიდებული ინტელექტუალურპოლიტიკური კლასის მეშვეობით ატარებს საქართველოში. ამ ძალას სურს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საერთო დამაკავშირებელი ჯაჭვის გაწყვეტა, რათა არ განვითარდეს ინტეგრაციული პროცესები პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს არ სურს მესამე გეოპოლიტიკურ ძალას, ამ შემთხვევაში აშშ-ს, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს და ნებისმიერი საშუალებით ცდილობს დეზინტეგრაციული პროცესების გაღრმავებას პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველოს უფროსი თაობის წარმომადგენელთა უმრავლესობა იმ ძველი საზოგადოებრივ-ეკონომიკური მოდელის მომხრეა, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში. უფროს თაობაზე ზეგავლენა გაცილებით რთულია, განსხვავებით ახალგაზრდა თაობისგან. უცხო ძალისთვის გაცილებით მარტივია, ახალგაზრდა თაობაში დანერგოს ის იდეოლოგიური პოსტულატები, რომლებიც მისთვის იქნება მისაღები, ამ შემთხვევაში ლიბერალურ ფასეულობებზე დამყარებული იდეოლოგია, რომლის მეხოტბენიც თვითონ არიან. ახალგაზრდა თაობას, გამოუცდელობის გამო, აკლია ანალიტიკური და პრაგმატული აზროვნების უნარი და პროდასავლურ ტალღაზეა, ხოლო უფროსი თაობის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი ანტიდასავლურადაა განწყობილი და პოსტსაბჭოურ სივრცეში ინტეგრაციული პროცესების გაღრმავებას ემხრობა.

რუსეთი, თავის მხრივ, არის დასავლური კონსერვატიული იდეოლოგიის გამტარებელი და საერთაშორისო ურთიერთობებში მოქმედებს თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ლიბერალები არ აღიარებენ ეროვნული ინტერესების პრიორიტეტულობას საგარეო პოლიტიკაში, ისინი ერთ იდეურ ჩარჩოში არიან მოქცეულნი და ისე აფასებენ მოვლენებს, თუ ამ ჩარჩოს გაცდი, ე.ი. მტერი ხარ, მოღალატე.

ქართველ საზოგადოებას არ სჭირდება დასავლური ლიბერალური რადიკალიზმი

სერგო სკამკოჩაშვილი, ბლოგერი:

_ ყაზახეთის დედაქალაქმა ასტანამ დადებითი შთაბეჭდილებები დამიტოვა. მოკლე პერიოდში ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ინიციატივით, ყაზახეთის მთავრობამ შეუძლებელი შეძლო _ შექმნა დედაქალაქი, რომელიც გამოირჩევა, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო თვალსაზრისითაც. ასტანაში ყოფნისას სტუმრების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ნაციონალურმა სამხედრო-პატრიოტულმა მუზეუმმა, რომელშიც მრავალი საინტერესო ისტორიული ექსპონატია თავმოყრილი.

რაც შეეხება მეშვიდე ფორუმის თემატიკას _ სამამულო ომსა და ფაშიზმზე გამარჯვებას, ვიტყოდი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს ასეთ ფორუმებში, რადგან ჩვენს ქვეყანას (ისევე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის დანარჩენ რესპუბლიკებს) დიდი წვლილი აქვს შეტანილი ფაშიზმზე გამარჯვებაში. კარგია, რომ ფორუმი გვაძლევს საშუალებას, არ დავივიწყოთ დაღუპული გმირების ღვაწლი და გამარჯვების სიხარულთან ერთად გავიზიაროთ საერთო ტკივილი, რაც ასევე გვაერთიანებს. ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია და ფორუმში მონაწილეობაზე უარის თქმით, ჩვენს წარსულს გავექცეოდით, რაც დაუშვებელია. მივესალმები და ვისურვებდი, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გამყარდეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კავშირები.

ის იდეოლოგიური დაპირისპირება, რომელიც არსებობს დღეს ჩვენს თაობაში, არის შედეგი მესამე ძალის მიერ გავრცელებული ვირუსისა, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ხალხის იდეოლოგიურ დამონებას, დაქსაქსვას. სწორედ ამას უნდა ვებრძოლოთ. საერთო საზრუნავი უნდა იყოს ამ მესამე ძალის განადგურება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და შემოაქვს დაპირისპირების ახალი ტალღა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

პროდასავლური იდეოლოგიის მქონე პირები ბრალს სდებენ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების წარმოების ინიციატორ ყველა ორგანიზაციასა თუ პირს და მათ მოღალატეებს უწოდებენ. მე კი ვიტყვი, რომ ეს არის სიბრმავე. ლიბერალები ლანძღავენ ყველას, ვინც ცდილობს, კონსტრუქციული ნაბიჯებით მოაგვაროს ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პრობლემები. მათ პოლიტიკას მხოლოდ ექსტრემისტულ შედეგებამდე მივყავართ.

როგორ შეიძლება, ქვეყანამ ერთი მხარე აირჩიოს და მეორე ჯანდაბაში გაისტუმროს?! ქართველ საზოგადოებას არ სჭირდება დასავლური ლიბერალური რადიკალიზმი, მას სურს, იცხოვროს თავის სამშობლოში მშვიდად, იშრომოს, იზრუნოს ოჯახზე და დაიცვას სამშობლოს ინტერესები.

მე, როგორც ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი, ჩემს თანამოაზრეებთან, თანატოლებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ, ქვეყნის ეს ავბედითი მდგომარეობა უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს.

ესაუბრა ნათია თათარიშვილი

P.S. მსოფლმხედველობრივი ნაპრალი, რომელიც თაობებს შორის გაჩნდა, სულ უფრო ღრმავდება და ამას შეგნებულად აკეთებენ გარე ძალები. ახალგაზრდა თაობისთვის რთულია მოვლენის მრავალმხრივი შეფასება, რადგან მიზანმიმართულად გვაწვდიან ინფორმაციას, რომლის მიღებაც ისე, როგორი დაკვეთითაც შეიქმნა, გაცილებით მარტივია. თუმცა ახალგაზრდა თაობაში არიან ისეთებიც, რომლებიც მართებულად აანალიზებენ წარსულის მნიშვნელობას და პრაგმატულად უდგებიან ქვეყნისთვის მეტად მგრძნობიარე საკითხებს. პროდასავლური ორიენტაციის მეხოტბენი კი სკეპტიკურად უყურებენ პოსტსაბჭოთა სივრცეში ნებისმიერ ინტეგრაციულ პროექტზე და ამ მიმართულებით მხოლოდ დეზინტეგრაციისაკენ მოგვიწოდებენ. ისინი პოპულისტური განცხადებებით უნერგავენ მომავალ თაობებს ფსევდოპატრიოტულ ღირებულებებს, რომლებიც ულტრალიბერალური იდეოლოგიის წიაღში იხარშება. დღეს ყველა მხარე ეჯიბრება ერთმანეთს საქართველოს სიყვარულში, მაგრამ საკითხავია _ ვის უფრო მეტად უყვარს სამშობლო ან ვინ უფრო მეტად ვნებს მას. ახალგაზრდა თაობა ჯერჯერობით ვერ ახერხებს იმის ფილტრაციას, ვინ არის რეალურად სამშობლოს პატრიოტი და ვინ, უბრალოდ, იბრალებს მას. კარგი იქნება, თუ ჩვენს ყოველ ქმედებას საფუძვლად ეროვნული ინტერესები დაედება და არა ის პოსტულატები, რომლებსაც ულტრალიბერალური მსოფლმხედველობის მეხოტბენი გვთავაზობენ.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here