მთავარი საზოგადოება ასლან ბჟანია დიალოგს უჭერს მხარს

ასლან ბჟანია დიალოგს უჭერს მხარს

4363
გააზიარეთ
ასლან ბჟანია დიალოგს უჭერს მხარს

ფრაგმენტები აფხაზეთის ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუდან

აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ყველაზე რეალური პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია არ მალავს, რომ აფხაზეთში სახელმწიფო ინსტიტუტები ძალიან სუსტია, ღრმა კრიზისშია.

_ ბოლო პერიოდში, _ ამბობს იგი, _ ისინი ინგრეოდა, იშლებოდა სხვადასხვა მიზეზის გამო: მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანებმა არ იცოდნენ, როგორ ემართათ, ან არ სურდათ, რადგან მათთვის მომგებიანი იყო სიტუაცია, რომელიც მათ ხელს აძლევდა, უღმერთოდ ეძარცვათ, გამდიდრებულიყვნენ. ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს რღვევის წინაშე ვდგავართ. ბევრმა ჩვენმა მოხელემ არც კი იცის, რა არის სახელმწიფო, ამ ტერმინის განმარტებაც კი არ შეუძლიათ. არ იციან, რა არის სამართალი, კანონი, ჩვენ გვყავს ასეთი ხელმძღვანელები და ისინი უმრავლესობას შეადგენენ. მხოლოდ იმის სურვილი, რომ რაიმეს უხელმძღვანელო, წარსულს ჩაბარდა… ახალგაზრდებმა უნდა ისწავლონ, ისწავლონ ყოველდღიურად და გაიზარდონ ეტაპობრივად. მაშინ მთავრობაშიც მოვლენ. მათი ერაც დადგება ოდესმე, თუ მომზადებული იქნებიან. მათი დრო, რა თქმა უნდა, დადგება.

სოხუმი

კორესპონდენტი შენიშნავს, რომ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ქართულ მასმედიაში აქტიურად განიხილავდნენ.

_ მხარს უჭერდით ქართულ მხარესთან დიალოგს. გვითხარით დაწვრილებით, კონკრეტულად როგორ დიალოგს გულისხმობდით? და _ მეორე შეკითხვა: საკმარისია თუ არა ჟენევის დისკუსია მოლაპარაკების პროცესისთვის?

_ წაგიკითხავთ, ზოგიერთ ციტატას ვლადისლავ არძინბას ინტერვიუდან, რომელიც მას საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიამ 1999 წლის აგვისტოში ჩამოართვა.

“მჯერა, რომ საქართველო და აფხაზეთი ნორმალურად განვითარდებიან და დადგება დრო, როცა ჩვენ შევძლებთ ერთმანეთისთვის ხელის გაწვდენას, ნორმალურად საუბარს. მე მსურს ამის დაჯერება. ქართველი ხალხი მტრად არასოდეს წარმომედგინა. ჩვენ ერთად უნდა დავსხდეთ და ბოლომდე დავამუშაოთ ის, რასაც დამუშავება აკლია და შევეცადოთ, შევთანხმდეთ. მე ყოველთვის მზად ვარ შესახვედრად” (იგულისხმება საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა).

მე მსურს, ტელემაყურებლების ყურადღება მივაპყრო ამ სიტყვებს. ეს არის განაწესი მათთვის, ვინც პოლიტიკით არის დაკავებული აფხაზეთში, პოლიტიკოსებისთვის. ეს არის განაწესი, როგორ უნდა აეწყოს ურთიერთობა, მათ შორის საქართველოს რესპუბლიკასთან.

მე ტელეფონით დამიკავშირდნენ და მკითხეს, მზად ვარ თუ არა ინტერვიუს მისაცემად იმ გამოცემისთვის, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.

რა თქმა უნდა, მზად ვარ!

არ ვაპირებ, ვინმესთან განვიხილო აფხაზეთის დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილია. ხოლო მათ, ვინც გეოგრაფია არ იცის ან თავს ისე გვაჩვენებს, რომ არ იცის, შევახსენებ, რომ ისინი (ქართველები) ჩვენი მეზობლები არიან. მდინარე ენგურს გაღმა საქართველოს სახელმწიფო მდებარეობს. ჩვენ მათთან (ქართველებთან) ძალიან ბევრი და მრავალფეროვანი კონტაქტები გვაქვს.

გვაქვს ეკონომიკური კონტაქტები. ეს არის ენგურჰესი.

თქვენს ყურადღებას მივაქცევ შემდეგ გარემოებას. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საბაჟო სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, წელიწადში დაახლოებით ათი ათასი ტონა თხილი მოგვყავს. რუსეთში ექსპორტად გაგვაქვს ერთ ათასამდე ტონა, ცხრა ათასი საქართველოში მიდის და ამით მდიდრდება რამდენიმე მოხელე. სწორედ ისინი აფინანსებენ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რომლებსაც წივილ-კივილი აქვთ ატეხილი ამ საკითხზე. უნდა გადავწყვიტოთ თუ არა ეს საკითხი? გავარკვიოთ, ჩვენი თხილი მიფრინავს კოსმოსში თუ საქართველოს ტერიტორიაზე რჩება? იგებს რამეს აქედან სახელმწიფო, თუ არა? _ არავითარი მოგება არ აქვს. სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს ამ საქმეს თუ არა? როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხი, მოპირდაპირე მხარესთან მოულაპარაკებლად? ეს ერთი.

ვინც არ იცის, იმათ საყურადღებოდ ვიტყვი, რომ, სტრატეგიული კვლევების ცენტრის მონაცემებით, საქართველოდან ჩვენთან შემოტანილი 100 მილიონი რუბლის ღირებულების ბოსტნეული იყიდება, მხოლოდ ბოსტნეული!

ყოველწლიურად ათეულობით ტრანსსასაზღვრო დანაშაული ხდება, როცა ბოროტმოქმედი გადაკვეთს საზღვარს და იმალება საქართველოში.

ასობით ადამიანი ჩადის საქართველოში სამკურნალოდ.

_ როგორ მიგაჩნიათ, საჭიროა თუ არა ამ საკითხების რეგულირება? საჭიროა რეგულირება! ჟენევაში უნდა განვიხილოთ თუ უფრო მარტივად _ საზღვარზე, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც ეს პროცესი ეხება?

_ ცუდია, თუ სამართალდამცველები ურთიერთობენ დანაშაულობასთან ბრძოლის საკითხებში? უნდა გავაგრძელოთ ასეთი ურთიერთობა თუ არა? ვფიქრობ, რომ გაგრძელება საჭიროა.

საქართველოს ზოგიერთი ხელმძღვანელი ლაპარაკობს, რომ გვეხმარებიან, ჩვენს მოქალაქეებს ეხმარებიან სამედიცინო მკურნალობაში. ეს შესანიშნავია. მე არ ვსაყვედურობ მათ, ვინც იქ სამკურნალოდ ჩადის. ჩვენ არ შეგვიძლია, მათ მკურნალობის შესაბამისი პირობები შევუქმნათ აქ, ამიტომაც მიემგზავრებიან და სწორადაც იქცევიან, ალბათ.

მაგრამ, როცა ქართული მხარე სამედიცინო მომსახურების ზოგიერთ სახეობას საქართველოს მოქალაქეობის მიღებას უკავშირებს, ეს ხელს არ შეუწყობს მშვიდობიან დიალოგს.

ამაზეც შეიძლება ვილაპარაკოთ.

ამიტომ, არსებული პრობლემიდან გამომდინარე, უნდა გამოვიყენოთ მოლაპარაკების განსხვავებული ფორმატები.

ვინმეს თუ დაავიწყდა, შემიძლია გავახსენო (ეს, უწინარესად, ეხება ქართველ ტელემაყურებლებს, რომლებიც პირველად ნახავენ ამ ინტერვიუს), რომ რუსეთს, უკვე რამდენიმე საუკუნეა (რამდენიმე საუკუნეა!), თავისი ინტერესები აქვს კავკასიაში.

კავკასიის, კერძოდ, ამიერკავკასიის ტერიტორია გარკვეულ ეტაპზე რუსეთის იმპერიაში შედიოდა, ამიტომ ცხადია, რომ არსებობს მოლაპარაკებათა რიგი, რომლებშიც რუსეთმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმსა და თბილისს შორის უნდა შედგეს დიალოგი. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ფორმატში და რა ფორმით, “მთავარია, რომ დიალოგმა დადებითი შედეგი გამოიღოს და სულერთია, რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას. ამ პროცესში ჩართული უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც დიალოგის ადამიანურ და მშვიდობიან ჩარჩოებში მოთავსება სურთ.

რაც შეეხება უახლოეს პერსპექტივას, ვფიქრობ, რომ, უწინარეს ყოვლისა, უნდა აღვადგინოთ ნდობა ორივე მხარეს შორის. ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ ნაბიჯები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელს შეუწყობს ჩვენი პოზიციების დაახლოებას. ასეთი ნაბიჯები ეკონომიკურ სფეროში უნდა გადაიდგას”, _ დასძინა მან.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here