Home რუბრიკები საზოგადოება არც წულუკიანის ადვოკატი ვარ და არც უგულავას ბრალმდებელი, მაგრამ…

არც წულუკიანის ადვოკატი ვარ და არც უგულავას ბრალმდებელი, მაგრამ…

343
გიგი უგულავა

ძვირფასო მკითხველო, თეა წულუკიანი ნაციონალებს ყელში რომ ჰყავთ გაჩხერილი და ვერ ინელებენ, არახალი ამბავია. მის ყველა გამოსვლასა და მოვლენების ობიექტურად შეფასებას ძველი და ახალგაევროპელებული ნაციონალები მდგომარეობიდან რომ გამოჰყავს, ესეც არახალია. ასე მოხდა ახლაც, რამდენიმე დღის წინათ, როცა ქალბატონმა წულუკიანმა მოვლენები ობიექტურად შეაფასა და თავისი ბასრი კბილი ისე მტკივნეულად გაჰკრა ნაციონალებსა და მათ ქვედანაყოფევროპელებს”, რომ ცხრა მთავრობას გადამხტარი, ერთი პარტიიდან მეორეში მოძუნძულე, მედროვე და 48 მილიონის ქურდი უგულავა მდგომარეობიდან გამოიყვანა _ ნერვიულობისაგან სულ ცოფებს ყრიდა, სიტყვებს თავს ვეღარ უყრიდა და რას ბოდავდა, თვითონაც არ იცოდა. ბოლოს, ქალბატონ თეას რომ ვერაფერი დააკლო, ოჯახზე გადავიდა და მამამისი, ცხონებული ავთო წულუკიანი მკვლელად და დამხვრეტად მოიხსენია, ხოლო მისი შვილი _ მკვლელისა და დამხვრეტის ოჯახურ გარემოში აღზრდილად. რამდენიმე დღის შემდეგ ტელევიზიით აჩვენეს ვიღაც ორღობის დედაკაცის წივილკივილი, რომელიც წულუკიანს უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და უგულავას ბრალდებებს იმეორებდა

ბატონო გიგი, არ დაგამცირებთ და იმ დედაკაცს არ შეგადარებთ, რომელიც თავისი მენტალობით ყურადღების ღირსი ნამდვილად არ არის, მაგრამ გეტყვით, რომ, თქვენგან განსხვავებით, ავთო წულუკიანი იყო უკეთილშობილესი და უწესიერესი, პრინციპული და ობიექტური ადამიანი; კაცი, რომელსაც გულწრფელად უყვარდა სამშობლო და თავისი ხალხი, ოჯახი, მეუღლე, შვილები და შვილიშვილები. მეგობრობაში უღალატომ და მხარში მდგომმა, იცოდა შრომის ფასი, მაგრამ არ იცოდა შრომაში დაღლა. ახლანდელი ზოგიერთი მოსამართლისგან განსხვავებით, იყო თავისი საქმის პროფესიონალი, პრინციპული და ობიექტური მოსამართლე, რომელიც თქვენსავით გადაწყვეტილებებს არა ზემოდან დარეკვით ან მაღალჩინოსნების მითითებით, არამედ კანონიდან გამომდინარე, სინდისის ქენჯნითა და გულის კარნახით იღებდა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!

ბატონო გიგი, რაც შეეხება იმ დამნაშავისათვის სასჯელის უმაღლესი ზომის შეფარდებას, რომელზეც თქვენ ასე დემაგოგიურად ლაპარაკობთ და ისე გამოგყავთ, თითქოს განსასჯელი უდანაშაულო და მართალი კაცი იყო, ბატონმა ავთომ კი ეს კაცი ტყუილად გაიმეტა, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

თავის დროზე ეს მეტად გახმაურებული საქმე, რომელიც კულტურის იმჟამინდელ მინისტრს, ბატონ ვალერი ასათიანს ეხებოდა, სრულიად საქართველოს, რომ იტყვიან, პირზე ეკერა და მოსახლეობა მოუთმენლად ელოდა დამნაშავის მკაცრად დასჯას; დამნაშავის, რომელმაც ორი უდანაშაულო ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, შემდგომ კვალის დაფარვის მიზნით გვამები დაანაწევრა, დანაწევრებული ნაწილების ტომრებში ჩაყრაში დედა მოიშველია და სხვადასხვა ნაგვის ურნაში ჩაყარა. რა უნდა ექნა მოსამართლეს, მადლობა გამოეცხადებინა და ეთქვა: ყოჩაღ, კაი ბიჭი ხარ და ასევე განაგრძეო?! თუ თქვენსავით, როგორც სანდრო გირგვლიანის მკვლელებს გამოუტანეთ განაჩენი, ოთხი წელი მიესაჯა და ორ წელიწადში გარეთ გამოეშვა? მოკლულებს ჰყავდათ დედა, და, ძმა, მეუღლე და შვილები, რომლებიც სასამართლოს დარბაზში ისხდნენ და პროცესს ესწრებოდნენ.

_ მთელი პროცესის დროს სულ თვალებში მიყურებდნენო, _ იხსენებდა ბატონი ავთო. _ მათი გამჭოლი მზერა ისეთი ძლიერი იყო, დღემდე მახსოვს, დარბაზში მათ ყურებას ვეღარ ვუძლებდი და თვალებს ვარიდებდიო. დამნაშავის ქმედება ისეთი სასტიკი და ამაზრზენი იყო, რომ სხვაგვარი სასჯელის გამოტანა მსხვერპლთა ჭირისუფლების შეურაცხყოფად, ხოლო კანონისა და საკუთარი სინდისის წინაშე დანაშაულის ტოლფასად ჩავთვალე და სასჯელის ზომაც ამ კრიტერიუმით განვსაზღვრეო. თუმცა შემდეგ მკვლელს დახვრეტა ხანგრძლივი პატიმრობით შეუცვალეს და მერე გათავისუფლდა კიდეც.

მოკლედ, აბსურდის ქვეყანაში ვცხოვრობთ. თქვენი “გონივრული” მსჯელობით გამოდის, რომ ბატონ ავთოს, კანონიდან გამომდინარე სასჯელის შეფარდების უფლება არ ჰქონია და მას მკვლელად მოიხსენიებთ, ხოლო თქვენი ზეობის პერიოდში ყოველგვარი სასამართლოსა და კანონის გარეშე ქუჩაში ახალგაზრდების დახვრეტა სამართლიანი და კანონიერი იყო და თქვენ, მკვლელები კი არა, ანგელოზები და ქვეყანაში წესრიგის დამყარებისათვის მებრძოლი რაინდები ხართ? ვაი, თქვენს პატრონს!

ჩემო ავთო, შენ ვაჟკაცი იყავი და ზოგიერთი უღირსი, მხდალი და ლაჩარისაგან განსხვავებით, სიკვდილსაც ვაჟკაცურად შეხვდი. როცა გითხარი, _ ავთო ჯორბენაძე დამპირდა, საუკეთესო ქირურგს გავაკეთებინებ ოპერაციას და ყველაფერი კარგად დამთავრდებაო, მიპასუხე: არა ომარ, მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე “ბანკაჩამოკიდებულმა” ვიცოცხლოო. შენს ღირსებასა და ნათელ ხსოვნას უგულავასნაირი არაკაცები, მით უმეტეს ახლახან ზუგდიდიდანაც გამოგულავებული უგულავა ვერაფერს დააკლებს. იძინე მშვიდად და უშფოთველად!

ბატონო გიგი და ნაციონალებო,” ასე რომ განსჯიდით და იქცეოდით, იმიტომაც იყო, რომ ქართველმა ხალხმა შეგიძულათ და პოლიტიკურ სანაგვეზე მოგისროლათ. “ქართული ოცნებისბრალი არის ის, რომ თქვენი ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდი პოლიტიკურად არ შეფასდა და ამდენს გალაპარაკებენ.

ბატონო გიგი, მიუხედავად თქვენი ამდენი უარყოფითი მხარისა, კალაძისაგან განსხვავებით, მერობის პერიოდში ერთი კარგი თვისება ნამდვილად გქონდათ, თქვენს სახელზე დაწერილ განცხადებებს ეცნობოდით, და, როგორი კრიტიკულიც არ უნდა ყოფილიყო, რეაგირებდით, თუნდაც ფორმალური პასუხით.

ბატონო გიგი, ახლა ყური კარგად დამიგდე და აუცილებლად მიპასუხეთ, გნებავთ, ტელევიზიით, გნებავთ, პრესით: თქვენ ხომ ნებიერი ქალიშვილი გყავთ, რომელსაც, სადაც კი დადიხართ, ყველგან თან დაატარებთ; სანამ პატარა იყო, კისერზე დასმულს, რომ წამოიზარდა _ ხელგადახვეულს, რომლითაც ასე ამაყობთ, ამით ხშირადაც მანიპულირებთ კიდეც და ხალხს გულს უჩუყებთ ციხეში წასვლის წინ თუ “ოცნების” საწინააღმდეგო მიტინგებზე გამოსვლისას. გასაგებია, რომ მშობელი ხართ და შვილი გიყვართ, ეს ასეც უნდა იყოს და ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ იმ მოკლულსაც ჰყავდა მშობელი, რომელიც პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს დარბაზში იჯდა და მოსამართლისაგან ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდებოდა.

ახლა კითხვა, რომელზეც აუცილებლად უნდა მიპასუხოთ: ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ თქვენი ეგ ნებიერი ქალიშვილი ვინმემ რომ შეურაცხყოს, შემდეგ სიცოცხლე წაართვას, კვალის დაფარვის მიზნით სხეული დაანაწევროს, სხვადასხვა ნაგვის ურნაში ჩაყაროს, დამნაშავეს კი მოსამართლემ ოთხი წელი მიუსაჯოს და ორ წელიწადში გარეთ გამოუშვან, ეს უფრო სამართლიანი იქნება თუ მისთვის სასჯელის უმაღლესი ზომის შეფარდება?

წერილის დასასრულს, თქვენი მერობის პერიოდში მოწერილი ერთ-ერთი წერილის ბოლო მინაწერს გავიმეორებ, იქნებ თქვენი უკანონო გადაწყვეტილებებიდან რომელიმე გაგახსენოს და სინდისის ქენჯნამ ახლა მაინც შეგაწუხოს. თუმცა ალბათ ტყუილად ვირჯები, სინდისის ქენჯნამ რომ შეგაწუხოს, სინდისი უნდა გქონდეს, უსინდისო კაცს სინდისი როგორ შეაწუხებს?!

პატივისცემით, ომარ გოცაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here