Home რუბრიკები პოლიტიკა არჩევნები გერმანიაში: წარსულის აჩრდილი

არჩევნები გერმანიაში: წარსულის აჩრდილი

1366
ანგელა მერკელი

24 სექტემბერს გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნები გაიმართება. მხოლოდ სასწაული თუ შეუშლის ხელს ანგელა მერკელს, კანცლერის პოსტი ზედიზედ მეოთხედ დაიკავოს, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილებები გერმანულ პოლიტიკაში, სავარაუდოდ, მაინც მოხდება.

ბოლო გამოკითხვების თანახმად, “ქრისტიან-დემოკრატებს” (და მათ ტრადიციულ პარტნიორებს ბავარიის “ქრისტიანულ-სოციალური კავშირიდან”) ხმას გამოკითხულთა 35% აძლევს, ხოლო მათ მთავარ კონკურენტ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას _ მხოლოდ 22%. ამ ორ ლიდერ პოლიტიკურ გაერთიანებას მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ევროსკეპტიკური “ალტერნატივა გერმანიისთვის” _ 10%, “მემარცხენეები” _ 9%, “თავისუფალი დემოკრატები” _ 9% და “მწვანეები” _ 8%. დანარჩენ 36 რეგისტრირებულ პარტიას ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის რეალური შანსი არ აქვს.

წლის დასაწყისში ვითარება განსხვავებული იყო. მას შემდეგ, რაც “სოციალ-დემოკრატების” ლიდერი მარტინ შულცი გახდა, პარტიის რეიტინგმა სწრაფი ზრდა დაიწყო, გაზაფხულზე “ქრისტიან-დემოკრატების” რეიტინგს გაუთანაბრდა და ოდნავ გადააჭარბა კიდეც, თუმცა შემდეგ სწრაფად დაეცა და ეს რამდენიმე მიზეზმა განაპირობა.

ევროპისა და მთელი მსოფლიოს ამომრჩევლების გადაღლა “ძველი სახეებისგან”, რამაც საფრანგეთის არჩევნების ბედზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, გერმანიაშიც შეიმჩნეოდა. თუ 15 წლის წინათქრისტიანდემოკრატებისადასოციალდემოკრატებისმხარდამჭერად გამოკითხულთა 35-40% აცახდებდა თავს, დღეს ეს მაჩვენებელი 15-20%-მდე შემცირდა. ეს გარემოებები თითქოს შულცის სასარგებლოდ მუშაობდა, ის წლების განმავლობაში ევროსტრუქტურებში მოღვაწეობდა და ძველი ისტებლიშმენტის ნაწილად არ აღიქმებოდა, მაშინ, როდესაც ანგელა მერკელი, ერთი შეხედვით, მოძველებული პოლიტიკის განსახიერებას წარმოადგენდა, მაგრამ, მაკრონისგან განსხვავებით, შულცს ზურგს არ უმაგრებს ძლიერი შტაბი მაღალტექნოლოგიური კამპანიით, ხოლო მისი პარტია, ისევე, როგორც სოციალისტური პარტია საფრანგეთში, სისტემურ კრიზისს განიცდის.

იმედგაცრუებამ ოპოზიციურ ელექტორატში მას შემდეგ იმძლავრა, რაც მარტის ბოლოს, გადაჭარბებული მოლოდინის მიუხედავად, “სოციალ-დემოკრატებმა” რეგიონულ არჩევნებში საკმაოდ მძიმე მარცხი იწვნიეს. ამასთანავე, შულცის ლოზუნგები არ იყო იმდენად მკაფიო, რამდენადაც სიტუაცია მოითხოვდა.

განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი _ მიგრანტების პრობლემა, რომელმაც მერკელისა და მისი პარტიის ავტორიტეტი სერიოზულად დააზარალა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში, ნავარაუდევი ნახევარი მილიონის ნაცვლად, მილლიონნახევარი აღმოსავლელი ლტოლვილი აღმოჩნდა. მაგრამ მარტინ შულცმა ამომრჩევლებს მიგრანტებთან დაკავშირებით უფრო ლიბერალური პროგრამა შესთავაზა. ზუსტად ასეთ სიტუაციაში იმყოფებოდა მაკრონი საფრანგეთში _ მას მოქმედ პრეზიდენტზე უფრო ლიბერალური პროგრამა ჰქონდა, მაგრამ ის ძალიან კარგად შეფუთა: კანდიდატი მოითხოვდა პრინციპულობას, სამართლიანობას და ა.შ., მაშინ, როდესაც მარტინ შულცი თითქოს გაურბოდა მკაფიო ფორმულირებებს. ამასობაში, მერკელმა და მისმა შტაბმა გამოიყენეს თავისი მთავარი კოზირი _ გამოცდილება და ნელ-ნელა მოახდინეს იმ ზიანის კომპენსირება, რომელიც მათ იმიჯს ამ პრობლემამ მიაყენა. ამას ხელი შეუწყო მიგრანტების ნაკადის შემცირებამ _ 2017-ის პირველ ექვს თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ის 72%-ით შემცირდა. პარადოქსულია, მაგრამ ანგელა მერკელი, მისი მთავარი კონკურენტის ფონზე, გერმანიის ინტერესების მტკიცე დამცველად წარმოჩინდა, მაშინ, როდესაც სულ ცოტა ხნის წინათ ბევრს ეგონა, რომ მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი მერკელსა და მის პარტიას გადაიყოლებდა.

შესაძლოა, შულცის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ვერ რისკავს და ლოზუნგების რადიკალიზაციაზე არ მიდის, რადგან სოციალდემოკრატების ტრადიციული, ზომიერი ელექტორატის დაკარგვის ეშინია. ამ დროს, სხვადასხვა გამოკითხვების თანახმად, ამომრჩევლების დაახლოებით მესამედი მოითხოვს, მას რაღაც ახალი, ძველისგან მკაფიოდ განსხვავებული შესთავაზონ, ისე, როგორც ეს გააკეთა დონალდ ტრამპმა ამერიკაში. “სოციალ-დემოკრატებმა” ვერ დაძლიეს ეს დილემა და ამერიკელებსა და ფრანგებზე უფრო კონსერვატიული გერმანელი ამომრჩევლები, ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ, ისევ “შეჩვეულ ჭირს” მიუბრუნდნენ.

მარტინ შულცი
მარტინ შულცი

კომენტატორები აღნიშნავენ, რომქრისტიანდემოკრატებისპროგრამა არ შეიცავს მასშტაბურ დაპირებებსა და რადიკალურ ლოზუნგებს, ხოლო თვით ანგელა მერკელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ძალიან მშვიდად იქცევა, თითქოს მოუწოდებს ამომრჩეველს, სტაბილურობა აირჩიოს.

ყველაზე საინტერესო მოვლენები ახლა “სატურნირო ცხრილის” ქვედა ნაწილში ვითარდება, სადაც ოთხი პარტია ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 35-40 პროცენტისთვის იბრძვის. “მემარცხენეები” ეყრდნობიან, ძირითადად, აღმოსავლეთ გერმანიის ამომრჩევლებს. 2013 წელს მათ ხმების 8,6 პროცენტი მოაგროვეს და მესამე ადგილი დაიკავეს. მაღალი შედეგის მიუხედავად, კომუნისტური წარმომავლობის გამო, მათ შესაძლო კოალიციურ პარტნიორად ჯერჯერობით არავინ განიხილავს. შეიძლება ითქვას, რომ ეს პარტია ნაწილობრივ იზოლირებულია. საგარეო პოლიტიკაში ის აშშ-ისგან დისტანცირებას და რუსეთთან კარგი ურთიერთობის დამყარებას მოითხოვს.

საპირისპირო პოზიცია აქვთ “მწვანეებს”. ისინი მხარს უჭერენ აშშ-ის ანტირუსულ სანქციებს, თუმცა მთავარი ამ პარტიისთვის შიდაგერმანული პრობლემებია. ის საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრების წინააღმდეგ გამოდის, აგრეთვე, მოითხოვს თავდაცვითი ხარჯების შემცირებას, ბირთვული ენერგეტიკის აკრძალვასა და “მწვანეთა” ტრადიციული დღის წესრიგით გათვალისინებულ სხვა ცვლილებებს. გარკვეულ პირობებში ის შეიძლება გახდეს მმართველი კოალიციის წევრი “ქრისტიან-დემოკრატებთან” და “თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად.

სწორედ ამაში მდგომარეობს არჩევნების მთავარი ინტრიგა _ შეიქმნება თუ არადიდი კოალიციაორიმთავარიპარტიის _ ქრისტიანდემოკრატებისა და სოციალდემოკრატების _ მონაწილეობით, როგორც ეს 2013 წელს მოხდა, თუმცირე კოალიცია” “ქრისტიანდემოკრატებისადამეორე ეშელონისპარტიების მონაწილეობით. პირველი ვარიანტის წინააღმდეგ ორი გარემოება მუშაობს: ჯერ ერთი, პოლიტიკოსებისა და ამომრჩევლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ახალი “დიდი კოალიციის” შექმნა უარყოფითად აისახება დემოკრატიაზე, რადგან მთავრობას ისევ არ ეყოლება ძლიერი ოპოზიცია. ამასთანავე, სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი ლიდერი თვლის, რომ 2013 წლის კოალიციაში შესვლამ გააღრმავა მათი პარტიის კრიზისი და ხმები დააკარგვინა. მიუხედავად ამისა, კომენტატორების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ არჩევნების შემდეგდიდი კოალიციამაინც შეიქმნება. სწორედ ამ კონტექსტში აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხმას მოაგროვებენმეორე ეშელონისპარტიები და რა თანაფარდობა იქნებაქრისტიანდემოკრატებსადასოციალდემოკრატებსშორისეს მინისტრთა კაბინეტში პორტფელების განაწილებაზე იმოქმედებს.

“მცირე კოალიციის” კიდევ ერთმა შესაძლო წევრმა, “თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ”, ნელ-ნელა დაძლია კრიზისი, რომელშიც მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც 2013-ში, პირველად ათწლეულების განმავლობაში, ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა. მისი, ტრადიციულად ლიბერალური პროგრამა გულისხმობს სახელმწიფოს როლის შემცირებას და უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ევროკავშირში, ხოლო მისი მთავარი კოზირი გადასახადების შემცირების მოთხოვნაა. საინტერესოა, რომ მსხვილი გერმანული ბიზნესი ამ არჩევენებზე ყველაზე კარგად მერკელის პარტიასა და “თავისუფალ დემოკრატებს” აფინანსებს, თუმცა ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, მოხვდება თუ არა ის მთავრობაში და შეძლებს თუ არა “ქრისტიან-დემოკრატებს” გადასახადები შეამცირებინოს. საგარეო არენაზე, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაში, ეს პარტია მეტი პრაგმატიზმის გამოვლენას მოითხოვს, თუმცა მკაფიო წინადადებები საგარეო პოლიტიკის შეცვლის თაობაზე არ აქვს.

რადიკალური “ალტერნატივა გერმანიისთვის” მიიჩნევს, რომ აღმოსავლელ მიგრანტებს ლტოლვილების სტატუსი არ ეკუთვნით, ხოლო ისლამისტური პროპაგანდა გერმანიის ტერიტორიაზე დაუყონებლივ უნდა შეიზღუდოს. მისი პოზიცია ევროკავშირის მიმართ მკვეთრად სკეპტიკურია, ის მოითხოვს არა მხოლოდ უარის თქმას კავშირის სუსტი წევრების ფინანსურ მხარდაჭერაზე, არამედ ევროზონიდან გასვლასაც. მას, აგრეთვე, სურს საგადასახადო კოდექსის რადიკალურ გამარტივება და კომუნალური გადასახადების შემცირება (უფრო სწორად, იმ დამატებითი გადასახადის გაუქმება, რომელსაც მომხმარებელი განახლებადი ენერგეტიკის დაფინანსებისთვის იხდის). ამ პარტიას უკავშირდება არჩევნების კიდევ ერთი ინტრიგა. გამორიცხული არაა, მან მოსალოდნელზე მეტი ხმა მიიღოს, როგორც, თავის დროზე, “ეროვნულმა ფრონტმა” _ საფრანგეთში. მიჩნეულია, რომ ეს შეიძლება გახდეს დამატებითი ფაქტორი “დიდი კოალიციის” შესაქმნელად და ხელი შეუწყოს ლიბერალური ძალების მობილიზაციას რეალური თუ წარმოსახვითი ნაციონალისტური საფრთხის წინააღმდეგ.

საფრანგეთისგან განსხვავებით, მძიმე ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ნაციონალიზმი გერმანულ პოლიტიკაში პრაქტიკულად სრულად ტაბუირებულია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ “ალტერნატივა გერმანიისთვის” არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც მარგინალური პარტია, ხოლო მისი მხარდამჭერების იგნორირება არაგონივრულია. ყოველივე ეს არა იმდენად გერმანული პოლიტიკის, რამდენადაც მსოფლმხედველობის პრობლემაა.

მომავალი არჩევნები ძალიან ცოტას შეცვლის გერმანიის საშინაო პოლიტიკაში და თითქმის არაფერს _ საგარეოში, მაგრამ გადაღლა “ძველი სახეებისგან” და ახალი პოლიტიკის ძიება არსად გაქრება. გასული საუკუნის 20-30-იან წლებში სწორედ ამ ფაქტორმა შეუწყო ხელი ნაციზმის აღზევებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში პარალელების გავლება არ შეიძლება, თანამედროვე გერმანელ ლიდერებს სერიოზული დაფიქრება მოუწევთ იმაზე, როგორ განაახლონ და გააჯანსაღონ პოლიტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში “ალტერნატივა გერმანიისთვის” ან სხვა, უფრო იღბლიანი პოპულისტური პარტია მოულოდნელი წარმატებით შეახსენებს მათ, რომ წარსულის გაკვეთილები მუდამ აქტუალურია.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here