Home ახალი ამბები საქართველო არა „რუსულ“ კანონს

არა „რუსულ“ კანონს

310

ალბათ, გაიკვირვებს ჩემი მკითხველი – რატომ არა?! ახლავე მოგახსენებთ, შესავლის გარეშე: იმიტომ, რომ ეს არ არის რუსული კანონი, არც ამერიკული, არც ჩინური და არც  სხვანაირი! ერთ-ერთი მათგანი მაინც რომ იყოს, ნებისმიერზე ვიტყოდი: „კი“! ქართულ ვარიანტს კი პრეტენზია  აქვს, იყოს კანონი, მაგრამ ამდენს ვერ „ქაჩავს“. ძველად  იტყოდნენ: ეს კანონი კი არა, კანონის პროვოკაციააო.

აბა, როგორ შეიძლება სრულყოფილად ჩაითვალოს ის კანონპროექტი, რომელიც კანონის დამრღვევს მთელი წლის განმავლობაში ხელს ვერ ახლებს და წლის ბოლოს მხოლოდ (!) ფულადი ჯარიმით სჯის, მაშინაც კი, საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ რომ ჰქონდეს უცხოეთიდან მიღებული მილიონები გახარჯული. ასეთი არასამთავროებად წოდებული ორგანიზაციებისთვის (ასო–ებისთვის), უფრო ზუსტად კი, მათი დამფინანსებელი უცხოელი პატრონებისთვის 25-ათასიანი ჯარიმა იმ უკვე გაწეულ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობასთან შედარებით ირონიული ღიმილის მომგვრელი იქნება, მაგრამ ამასაც კი გააფთრებით ეწინააღმდეგებიან ქვეყნის შიგნით – ნაცოპოზიცია, გარეთ – „მეგობარ-პარტნიორები“. 

ამჟამინდელი კანონპროექტი კი, გარდა შინაარსობრივი ხარვეზებისა, სხვაგვარ ეჭვებსაც აღძრავს.  არ არის გამორიცხული, რომ მისი ხელახალი განხილვა ხელისუფლების დასამხობ–ასაყირავებლად დაფინანსებული ასო–ების დასარაზმავად, მათი პროვოცირების მიზნით „მოგვაფიქრებინეს“  გარედან. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ  ძნელი დასაჯერებელია, შარშან მარტში შიშისაგან ფერწასულ ხელისუფლებას   წელსაც იმავე ნაბიჯის გადადგმა გაებედა. რამე შეიცვალა ამ ერთ წელიწადში პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით?  არც არაფერი!  კანონი უდავოდ საჭიროა, მაგრამ ხელისუფლება ხომ არ შეცვლილა? ააა, ივანიშვილი გამოგვეცხადა მესამედ (!) და უფრო გულადები გავხდით თუ – უფრო შემსრულებელი?

რა შემსრულებელი, რას მიედ–მოედები, – შემომიტევს ზოგიერთი, – ვერ ხედავ, როგორ ვაჟკაცურად უმკლავდებიან კობახიძე, მდინარაძე, პაპუაშვილი და სხვებიც ამერიკა-ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ კანონის მიღების საწინააღმდეგოდ აგორებულ კამპანიას, როგორ იგერიებენ  მათ შემოტევა–მოწოდებებსო. და, ამაში მართალნი იქნებიან, მაგრამ… როდის აქეთაა, რომ  პრემიერი (ან პარლამენტის თავმჯდომარე) თავისით წყვეტს რომელიმე კანონის მიღება-არმიღებას, ვინმესთვის (მაგალითად, უკრაინისთვის) საპროტესტო ნოტის გაგზავნა-არგაგზავნასა და კიდევ სხვა საკითხებს? თუკი 10 წლის წინათ პრემიერი ღარიბაშვილი (მისივე აღიარებით) აქტიური პოლიტიკიდან ფორმალურად წასულ, სახლში მყოფ ივანიშვილს უთანხმებდა ყველაფერს, ახლა, მობრუნების შემდეგ, პარტიის საპატიო თავმჯდომარის მიერ დანიშნული კობახიძე სხვაგვარად მოიქცევა? ამის თაობაზე გარკვევით გვითხრა ბატონმა ვალერი კვარაცხელიამ ჯერ კიდევ სამი თვის წინათ: „ვინც უნდა იყოს პრემიერმინისტრი, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს გადარჩენაზე უპირველესი პასუხისმგებელი მაინც ბიძინა ივანიშვილია“! მოგვწონს ეს თუ არა, ვერ შეედავები, უტყუარი ფაქტია!

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ისმის კითხვა: შესაძლებელია თუ არა, რომ ხელისუფლების მხრიდან ერთდროულად(!)  და აბსოლუტურად მოულოდნელად(!) გენდერული კვოტების გაუქმებისა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე წამოწყებული აქტიური მსჯელობა, ხოლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა განხილვა პარლამენტში  ნიჭიერად დადგმული სპექტაკლი იყოს? უცხოური სცენარის მიხედვით, ცხადია! რა მოსაზრებით? მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებით. ამ თემების წამოწევას ნაცოპოზიციის მხრიდან უმწვავესი რეაგირება აუცილებლად რომ  მოყვებოდა, ეს  ყველასათვის  წინასწარ იყო ცნობილი. სხვა მიზეზებით დასავლეთს ძალიან გაუჭირდებოდა პოლიტიკური ვითარების გამწვავება საქართველოში, ეს  წაუგებელი გათვლა იყო. საქართველოს ხელისუფლებას კი ნაცოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები, თანაც დასავლეთის მხარდაჭერილი, წინასაარჩევნოდ ნამდვილად არაფერში წაადგებოდა, ამიტომაც  „ოცნების“ მიერ ამ თემების უეცარი წამოჭრა გარედან  იძულებით უფრო ადვილად აიხსნება, ვიდრე საიდანღაც უცებ გაჩენილი, აქამდე არნახული  გაბედულებით. ინიციატივა „ქართული ოცნებისა“ რომ იყოს და მას მართლაც სურდეს ამ კანონების მიღება, მაშინ იგი  „ალტ-ინფოს“ პარტიას კი არ გააუქმებდა,  პირიქით – კონსერვატიულ ძალებს გააძლიერებდა.

განა გამორიცხულია, რომ ყველაფერი  ჩვენ მორიგ გასაბითურებლად კეთდებოდეს? ან იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ  დასავლეთი ასეთ რამეს არ იკადრებს? მე თქვენ გეტყვით და, არ უკადრია თუ  რა?! ამ „მეგობარ-პარტნიორებმა“ იმდენჯერ და ისე დამაჯერებლად დაგვიდგეს ნაირნაირი სატყუარა სცენარი, იმდენჯერ და ისე ოსტატურად გაგვაცურეს, რომ,  თუ განვლილ 25 წელიწადს (სულ ცოტა)  გადავავლებთ თვალს, ამ პერიოდში დადგმულ „დემოკრატიულ არჩევნებად“ წოდებულ „სპექტაკლებს“, სცენარ-რეჟისურასაც და მთავარ როლებში დაკავებულებსაც, დავინახავთ, რომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის ვერავინ ხვდებოდა ჩვენი მთავარი „პარტნიორის“ ჭეშმარიტ ჩანაფიქრს. მაგალითისთვის მხოლოდ ერთ პატარა მონაკვეთზე შევჩერდები. აბა, გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ: ხვდებოდა ვინმე 2012 წელს იმას, რაც დღეს ეჭვს არ იწვევს,  რომ ივანიშვილი თავისი ნებით კი არ შემოვიდა პოლიტიკაში, არამედ  აიძულეს, შემოსულიყო, რომ ბატონი  ბიძინას  მოსვლაც და ერთ წელიწადში წასვლაც (ოღონდ, – „რუხ კარდინალად“), ნაცებთან კოჰაბიტაცია, შემცვლელებად უსუფაშვილ–ალასანიას პარტიების დატოვება და, რაც მთავარია, სამართლის არ აღდგენა, 100%–იანი დამნაშავე „ნაცმოძრაობისა“  და მისი მთავარი ლიდერების არგასამართლება (მხოლოდ რამდენიმეს დასჯა, ისიც სიმბოლური ვადით) და კიდევ ბევრი სხვა მოვლენის (მანამდე და მომდევნო 12 წელიწადშიც მომხდარის) სცენარი წინასწარ იყო დაწერილი  ოკეანის გაღმა?! თუ უახლეს მწარე წარსულს არ გავაცნობიერებთ, არ გავაანალიზებთ და თუ ივანიშვილის მესამედ მობრუნებას მაინც ისეთივე იმედის თვალით შევეგებებით,  როგორც წინა ორი მოსვლისას, მაშინ გადავჩვეულვართ მარტივ ლოგიკურ აზროვნებას ან სრული ამნეზია დაგვმართნია და ისაა! როდესაც 2012 წელს მოცემულ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას – სამართლიანობის აღდგენას _  კი არა, დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილზე წამოსკუპებული მახინჯი ველოსიპედის აღებას (ასევე დაპირებულის) ვერ ბედავს ივანიშვილი 12 წლის განმავლობაში, მართლა უკიდურესად გულუბრყვილო (ეს ძალიან რბილად რომ ვთქვა) უნდა იყო, რომ  მისი ახალი დაპირებები (პოლიტიკური, ცხადია, და არა – საქველმოქმედო) დაიჯერო.

კარგად მესმის და ვხედავ კიდეც დასავლეთის არნახულ „ზეწოლას“ ხელისუფლებაზე, შანტაჟსა და მუქარასაც, მაგრამ მოდი, ყველაფერს „ზეწოლას“  ნუ დავაბრალებთ, რადგანაც, როდესაც უდრტვინველად ეგუები „ქვეწოლას“ ათეული წლების განმავლობაში, გამოდის, რომ შენც სიამოვნებას იღებ ამ პოზაში ყოფნით (მატერიალურს ან კარიერულს), ან შიში გამუნჯებს და გიბორკავს ხელ-ფეხს! „იყო შიშის მონა კი,   ყველაზე უარესი მონობაა“ (ჯოშ ბილინგსი, XIX საუკუნის ამერიკელი მწერალი). ამიტომ, ის მაინც უნდა გაბედოთ (ყველამ ხელისუფლებაში, ერთობლივად, ვისაც საქართველოს მომავალი განაღვლებთ), რომ ალტერნატიული კონსერვატიული ძალები არ დაბლოკოთ და, თუ ვერ ეხმარებით, ხელი მაინც არ შეუშალოთ; ხოლო, თუკი სპექტაკლში არ მონაწილეობთ და მართლა აპირებთ დაუმორჩილებლობას, მაშინ „ჩიტი უნდა ღირდეს ბრდღვნად“, ანუ გაცილებით ეფექტიანი კანონი უნდა შესთავაზოთ ხალხს და, რაც მთავარია,  ამ ბრძოლაში  სწორედ კონსერვატიული ძალების იმედი უნდა გქონდეთ. ეს ხომ აქსიომაა!

მოსახლეობის უმეტესობას გააზრებული რომ ჰქონდეს დასავლეთის მზაკვრული ხრიკები, მაშინ რა გვიჭირდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჩვენგანი დღესაც, უკაცრავად და, „ტყემალზე“ ზის! ამას თავისი ახსნაც აქვს, მაგრამ მთავარი საწუხარი არის ის, რომ ეს „ხეზე ჯდომა“ მოსახლეობის ყველაზე აქტიურ ნაწილს, ჩვენ მომავალს – ახალგაზრდობის ძალიან დიდ ნაწილს ეხება! ამიტომაც უადვილდება დასავლეთს ჩვენი (და არამხოლოდ) მრავალჯერადი გაბითურება. ვინც ხვდება და ხალხის გამოფხიზლებას ცდილობს, ვინც არა მხოლოდ ნაცების, არამედ ქოცების მიერ გატარებულ საზიანო პოლიტიკასაც ამხელს და, რაც უმნიშვნელოვანესია, სტაგნაციიდან გამოსვლის რეალურ გზებსაც გვისახავს, ასეთ მცოდნე და ღირსეულ ადამიანებს, ასეთ მოძრაობა-პარტიებს (ძირითადად, კონსერვატიული მიმართულების) შეზღუდული აქვთ სატელევიზიო არხებით სარგებლობის შესაძლებლობა, მთავრობის მომხრე არხებითაც კი.

როგორ გინდათ, გაანეიტრალოთ ის ინფორმაციული შემოტევა, რომელიც მოსყიდული და გალიბერასტებული ფსევდოინტელიგენციისგან მომდინარეობს? ამას წინათ მმართველი გუნდისადმი გავრცელებულ ერთ მიმართვას გავეცანი, რომელსაც უმაღლესი სასაწავლებლების აკადემიური პერსონალი, ასამდე (!) ადამიანი აწერს ხელს (თან გვამცნობდნენ – ხელმომწერთა სია გრძელდებაო). სხვადასხვა ხასიათის მიმართვა ბევრი მინახავს, მაგრამ მსგავსი – არაფერი. აი ეს მიმართვაც: „მოგმართავთ მმართველ გუნდს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიოთ ეს სრულიად დამღუპველი და ქართველი ერის შეურაცხმყოფელი ე.წ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის შესახებ კანონი, რომელიც ანგრევს საქართველოს დემოკრატიას და მის ევროპულ მომავალს“. სხვა ტექსტი მიმართვას არ ახლავს.

ამის წამკითხავი სახტად დავრჩი. ეს ერთადერთი წინადადება ჩვენი კაპასი პარლამენტარი ქალების დაწერილი რომ ყოფილიყო, დიდად არც გამიკვირდებოდა, მაგრამ იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ  საქართველოში მოიძებნებოდა ასი პროფესორ–მასწავლებელი, რომელიც ასეთ აბსურდს მოაწერდა ხელს!

აბა, როგორ შეიძლება საჯაროდ ამდენი უსერიოზულესი ბრალდება წაუყენო მმართველ ძალას, რომელიც ამ კანონით (ჯერ კიდევ მეორე–მესამე მოსმენებით მისაღები) თურმე „ღუპავს და შეურაცხყოფს ქართველ ერს, ანგრევს დემოკრატიას და საქართველოს ევროპულ მომავალს“, და  ერთი, მხოლოდ ერთი(!)  არგუმენტიც კი არ მოიყვანო შენი სიტყვების გასამაგრებლად! შუბლის ძარღვგაწყვეტილი ცილისმწამებელი ადამიანი თუ იკადრებს ასეთი დაუსაბუთებელი ბრალდების წაყენებას.

გაკვირვებას იწვევს ზემოხსენებულ კანონის გამო  გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდების – სტუდენტებისა და მოსწავლეების ­_ აშკარა სიჭარბე, ვინაიდან ცოდნას მოწყურებული გოგო-ბიჭების პირველი დამახასიათებელი თვისება უნდა იყოს მათ თავში გაჩენილ კითხვებზე _ ვინ? სად? როდის? რატომ? როგორ? და ა.შ. _ პასუხის ძიება, პირველ რიგში,  პედაგოგ–ლექტორებთან.  მათ ადეკვატური, პოლიტიკურად და სამართლებრივად გამართული პასუხები რომ მიეღოთ ან თვითონვე მოეძიებიათ სათანადო ინფორმაცია ინტერნეტში, მაშინ უმეტესობა მაინც „მოტვინავდა“, რომ ეს კანონი არც რუსულია და არც საქართველოს დამღუპველი, მით უფრო, არც შეურაცხმყოფელი და დემოკრატიის დამანგრეველი!

საქართველოს დამღუპველია არა „გამჭვირვალობის“ კანონი, არამედ სწორედ მიმართვის ხელმომწერი ის ადამიანები არიან, რომლებიც სააკაშვილის მავნებლური საგანმანათლებლო პოლიტიკის  წყალობით წინამორბედებისჭეშმარიტი პროფესორების („ჩარეცხილების“) – ადგილებს დაეპატრონენ და,  რომლებსაც, ჩვენდა საუბედუროდ,  მინდობილი აქვთ მომავალი თაობის აღზრდა–განათლება! და, პატრონი არ ჩანს ასეთი „პედაგოგების“ გამცხრილავი!

ამერიკის ელჩი  საბჭოთა კავშირში (მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში) წერდა: რომ არა 30-იან წლებში ჩატარებული წმენდა, სტალინი ომს ვერ მოიგებდაო. ასევე შეიძლება ითქვას ამჟამინდელ რუსეთზეც: პუტინს  2017 წელს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი რომ  არ მიეღო, 2022 წელს უკრაინასთან წამოწყებულ ომში იგი აუცილებლად დამარცხდებოდა, ოღონდ  არა ბრძოლის ველზე, არამედ ნავალნისა და მისთანების მიერ კიევის მაიდნის ანალოგიურად (რისი გათვლაც ჰქონდა დასავლეთს), მოსკოვში მოწყობილი შიგნიდან აფეთქების შედეგად. ასევე, დროულად მიიღო ზომები ლუკაშენკომაც ბელარუსში და მას რუსეთი მხარში ედგა. თბილისის რიგმაც მოაწია დასავლეთის განრიგში, საფრთხე კარსაა მომდგარი და მის ასაცილებლად მხოლოდ ლუსტრაცია, მხილება არასაკმარისია, აუცილებელია(!) პრევენციული ზომების გატარება, რაც სრულყოფილი კანონის მიღების გარეშე ვერ მოხერხდება. ჩვენ არ გვყავს არც სტალინი, არც პუტინი და არც ლუკაშენკო და მხარშიც საუბედუროდ, არავინ გვიდგას, პირიქით – ყველა მეზობელი ხელსაყრელ მომენტს ელოდება. ერთი სიტყვით,  ნეტამც ვცდებოდე და, ხელისუფლება მხოლოდ ერთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მაინც მიიღებდეს (თუნდაც, არსებული არასრულყოფილი სახით), ახლო მომავალში მას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სხვა კანონებსაც მიაყოლებდეს (უამრავი კანონია მისაღები) და, რაც უმთავრესად მიმაჩნია, რუსეთთანაც უმაღლეს დონეზე დაიწყებდეს მოლაპარაკებებს ურთიერთობის ნორმალიზებისა და საქართველოს გამთლიანების საკითხებზე. აი, მაშინ ვაღიარებ, რომ  ჩემი ნააზრევი ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი ყოფილა და საჯაროდ ბოდიშსაც მოვუხდი პირადად ბატონ ივანიშვილს, მაგრამ ყველაფერ ამას რკინის ხელი  სჭირდება – კანონდამრღვევებისა და არეულობისკენ მომწოდებლების  დროული ალაგმვა-იზოლირება, მაგრამ ამის ნიშნებსაც კი ვერ ვხედავ. პირიქით, ჩვენდა საუბედუროდ, სრულიად საპირისპიროს ვხედავ – ორჯერ მძიმე დანაშაულის საჯაროდ ჩამდენი დეპუტატ ელისაშვილისთვის არავის მოუთხოვია პასუხი –  არც პარლამენტში ჩადენილი არაკაცური ფიზიკური ძალადობისთვის და არც ქუჩის აქციების მონაწილეებთან  ერთად პარლამენტში ძალადობრივი შეჭრის მცდელობისა და მოწოდებებისთვის.

და, თუკი ხელისუფლება ჩვენი თვალის ასახვევად აკეთებს ყველაფერს „ზეწოლით თუ ქვეწოლით“, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება, რადგან ყველაფერს საზღვარი აქვს, მათ შორის, მომთმენი ქართველი ხალხის უსასრულო ლოდინსაც!

იაკობ ლეჟავა

25 აპრილი, 2024 წ 

                                                                                                                                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here