Home რუბრიკები საზოგადოება არასოდეს დაივიწყოთ დიდი სამამულო ომის ვეტერანები, მათ ხომ ფაშიზმისგან იხსნეს კაცობრიობა

არასოდეს დაივიწყოთ დიდი სამამულო ომის ვეტერანები, მათ ხომ ფაშიზმისგან იხსნეს კაცობრიობა

დიდ სამამულო ომში გამარჯვებულთა საერთაშორისო ფორუმი “ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება” ბრიანსკში

1541
ბრიანსკი

2018 წლის 25 აპრილს ქალაქ ბრიანსკში გაიმართა დიდ სამამულო ომში გამარჯვებულთა საერთაშორისო ფორუმიერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება”. ამ ფორუმით დიდი სამამულო ომის დასრულების 73- და პარტიზანული მოძრაობისა და ბრძოლების 75- წლისთავი აღინიშნა. 1941 წლის 6 ოქტომბერს ქალაქი ბრიანსკი ფაშისტური გერმანიის ჯარებმა დაიკავეს. ბრიანსკის ტყეებში მოქმედებდა პარტიზანული შენაერთი, რომელიც 60 ათას მებრძოლს ითვლიდა. მშვიდობიანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კი ჰიტლერელებმა საკონცენტრაციო ბანაკებში გამოამწყვდიეს.

1943 წლის 17 სექტემბერს ბრიანსკი საბჭოთა ჯარმა გაათავისუფლა. დღეს ეს თარიღი აღინიშნება, როგორც ქალაქის დღე. რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის, 2010 წლის 25 მარტის ბრძანებით, ბრიანსკს მიენიჭა “სამხედრო დიდების ქალაქის” საპატიო წოდება.

საერთაშორისო ფორუმის “ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება” ორგანიზატორები იყვნენ: პოლიტოლოგიის ცენტრი “სევერ-იუგი” (რუსეთის ფედერაცია), განვითარების ფონდი “ევრაზიის კვლევის ინსტიტუტი”, რომლებსაც მხარს უჭერს და პროექტის განხორციელებაში ეხმარება დსთ-ის ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობისა და საპრეზიდენტო გრანტების ფონდი.

საერთაშორისო ფორუმს, რომელიც 2010 წლიდან წარმატებით ტარდება, წელს დსთ-ის სახელმწიფოებიდან, საქართველოდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან 250 დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, ისტორიკოსები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ექსპერტები, სტუდენტები… საერთაშორისო ღონისძიების მთავარი თემა დიდ სამამულო ომში პარტიზანების თავგანწირული ბრძოლები და გმირობა იყო.

25 აპრილს, 10 საათზე, ბრიანსკის მთავარ მოედანზე საპატიო ყარაულის თანხლებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩასულმა ვეტერანებმა, ჟურნალისტებმა და ფორუმის ორგანიზატორებმა დაღუპულთა მემორიალთან, რომელთანაც მარადიული ცეცხლი გიზგიზებს, ყვავილები მიიტანეს და გმირი პარტიზანების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ბრიანსკი

მოგვიანებით ღონისძიების მონაწილეებმა ალექსანდრე ტოლსტოის სახელობის ბრიანსკის სახელმწიფო თეატრის შენობაში გადაინაცვლეს და დაესწრნენ კონფერენციას, რომელზეც პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ისტორიკოსები და ომის ვეტერანები სიტყვით გამოვიდნენ.

სხდომა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული და რეგიონთაშორისი კავშირების სამმართველოს ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჩერნოვმა გახსნა. მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისასალმებელი სიტყვა წაიკითხა: ჩვენი ვალია, დავიცვათ სიმართლე გმირების შესახებ, მტკიცედ აღვუდგეთ წინ ისტორიის ფალსიფიცირების ყველა მცდელობას. დარწმუნებული ვარ, წმინდა ხსოვნა 1945 წლის მაისის გამარჯვებაზე, ჩვენი მამებისა და ბაბუების, რომლებიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე იდგნენ და მსოფლიო იხსნეს ფაშიზმისგან, მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. ჩვენი სახელმწიფო კი მუდამ იდგება ხალხთა მეგობრობის სადარაჯოზე”, _ ნათქვამი იყო რუსეთის პრეზიდენტის მისასალმებელ სიტყვაში.

თვით ვლადიმერ ჩერნოვმა გამოსვლისას განაცხადა: ვალდებულნი ვართ, გვახსოვდეს, რომ დიდ სამამულო ომში გამარჯვება მხოლოდ იმიტომ მოვიპოვეთ, იმიტომ ვიდექით მტკიცედ და მედგრად, რომ ერთად ვიყავით. დღესაც, როგორც მაშინ, უნდა ვიყოთ ერთად, ერთად უნდა ვიბრძოლოთ მშვიდობისთვის”.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების საკითხებში _ მიხეილ შვიდკოი: “დღეს ყველა ქვეყანა თავის ისტორიას წერს, მაგრამ დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა არა ინტერპრეტაცია, არამედ ისტორიული სიმართლე, პირველ რიგში, სიმართლე დიდ სამამულო ომსა და მეორე მსოფლიო ომზე. აუცილებელია, სრული სიმართლე ვუთხრათ ახალგაზრდა თაობებს. ჩვენ არაფრის უნდა გვრცხვენოდეს, რადგან ვიცით, ვინ დაიწყო ეს ომი, ვინ მოიგო და ვინ დაიკისრა მასზე პასუხისმგებლობა. ეს ფორუმი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენ, ყველამ, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ ერთად გავიმარჯვეთ”.

გამორჩეული იყო რუსეთის ფედერაციის სოციალური მეცნიერებების აკადემიკოსის, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ალექსანდრე ჭაჭიას სიტყვა, რომელმაც ხაზი გაუსვა საბჭოთა ხალხების უპრეცედენტო თავდადებას: საბჭოთა ხალხებმა გააკვირვეს და გააოცეს მსოფლიო თავისი გრანდიოზული, უანალოგო გამარჯვებებით მოსკოვის მისადგომებთან, სტალინგრადის ბრძოლებში, ბრძოლებით კურსკთან, ოპერაციითბაგრატიონი”… ათობით მასშტაბური სამხედრო ოპერაციით სამუდამოდ შევიდნენ მსოფლიო ბრძოლების ხელოვნების ისტორიაში. საბჭოეთის ხალხებმა მსოფლიო გააოცეს და გააკვირვეს მასშტაბური სახალხო წინააღმდეგობებით, რომელიც მანამდე არნახული პარტიზანული მოძრაობით გამოიხატა. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ყოფილა”, _ განაცხადა ალექსანდრე ჭაჭიამ.

სიტყვით გამოვიდა და ომში გატარებული მძიმე ბავშვობა გაიხსენა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა ვასილ ლანავოიმ, რომელმაც თავისი გამოსვლა სიმღერით დაასრულა.

პლენარული სხდომის დასასრულ, ფორუმის ორგანიზატორებმა საზეიმო ვითარებაში თაიგულები მიართვეს დიდი სამამულო ომის ვეტერანებს, შესრულდა სიმღერა “კატიუშა”, რომელიც 80 წლის წინათ დაიწერა.

პლენარული სხდომის შემდეგ ფორუმის დელეგატებმა სესიებზე გადაინაცვლეს. წარმოდგენილი იყო დოკუმენტური ფილმები, რომლებიც პარტიზანების ბრძოლების კადრებს ასახავდა. ხსენებული სესია ასეთი სათაურით იყო: “პარტიზანო, შენი თავდადება საუკუნეების განმავლობაში გვემახსოვრება” და მართლაც, იქ დამსწრე საზოგადოებას, არქივებიდან ამოღებული უნიკალური დოკუმენტური მასალებით დაუდასტურეს, რომ პარტიზანების თითქმის ყველა გმირული ბრძოლა და თავდადება ისტორიას შემონახული ჰქონდა.

ფორუმის ორგანიზატორების დასკვნით სიტყვაში ეწერა:

ფაშისტური გერმანიისგან ბრიანსკის გათავისუფლების 75- წლისთავზე ბრიანსკის მიწაზე შეიკრიბა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, რათა პატივი მიაგონ პარტიზანების ხსოვნას თავდადებისთვის, მამაცობისთვის, რომლებმაც ჩვენს ქვეყნებს შეუნარჩუნეს მშვიდობა და თავისუფლება.

გამარჯვების დღესასწაული გვაიძულებს, დავფიქრდეთ იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს წინაშე გვაკისრია. ჩვენ გამარჯვებულთა შთამომავლები ვართ, ვართ ისტორიული სიმართლის, ისტორიული ფასეულობის მქონენი, რომლისთვისაც იბრძოდნენ და გაიმარჯვეს ჩვენმა წინაპრებმა.

სამწუხაროდ, თვალს ვადევნებთ, როგორ ცდილობენ გარეშე ძალები, გააყალბონ ისტორია და დიდი სამამულო ომის შედეგები; ვუყურებთ, როგორ ცდილობენ, შეურაცხყონ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნა. ჩვენ, “გამარჯვებულთა ფორუმისმონაწილეები, ვგმობთ ისტორიით მანიპულირების მცდელობას, მტკიცედ ვდგავართ ისტორიის სადარაჯოზე და მომხრენი ვართ მშვიდობიანი მსოფლიოსი. მოვუწოდებთ ყველა ისტორიკოსს, მკვლევარს, გავერთიანდეთ და ერთობლივი ძალისხმევით შემოვინახოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს სიმართლე დიდი სამამულო ომის შესახებ.

გამარჯვებულთა თაობამ გადმოგვცა დიდი განძი _ სამშობლოს სიყვარული, მხარში დგომით თავისუფლების დაცვა, ჩვენ შევინარჩუნებთ ერთობას, რომელმაც დიადი გამარჯვება მოგვაპოვებინა.

თუ წარსულს პატივი არ მივაგეთ, მომავალს ვერ შევქმნით

ვალერი ტურსუნოვი, “ევრაზიული კვლევების ინსტიტუტისდირექტორი:

_ მერვე წელიწადია, “ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვების” ღონისძიებას ვატარებთ, რომელიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად იქცა. ბატონმა ალექსანდრე ჭაჭიამ განაცხადა, რომ ამ შეხვედრების შემდეგ ადამიანები უფრო თბილი და ყურადღებიანი გახდნენ ერთმანეთის მიმართ, რასაც მეც ვეთანხმები. ძალიან მიხარია, რომ ყოველ წელიწადს ჩვენს ღონისძიებებს უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ესწრება. “ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება” ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი მშობლები, ორივე, ომის მონაწილეა, მათ ერთმანეთი ომში გაიცნეს. დედა რუსი მყავს, მამა _ უზბეკი, ინტერნაციონალურ ოჯახში გავიზარდე და, თუკი ვინმე პატივს სცემს საბჭოთა კავშირსა და საბჭოთა ხალხებს, ერთ-ერთი მეც ვარ.

თუ წარსულს პატივი არ მივაგეთ, მომავალს ვერ შევქმნით. არავის უნდა მივცეთ უფლება, გონება გამოგვირეცხოს; უნდა ვიმეგობროთ, ისტორია შემოვინახოთ და პატივი ვცეთ ჩვენი გამარჯვებული წინაპრების ხსოვნას.

ის, რომ თავისუფლები ვართ და თვითმყოფადობა შევინარჩუნეთ, დიდ სამამულო ომში გამარჯვების დამსახურებაა

ვალერიან კაციტაძე, დიდი სამამულო ომის ვეტერანი:

_ ეს იყო ჩვენი ცხოვრების უმძიმესი დღეები და არა მხოლოდ ჩვენი, სრულიად მსოფლიო მოიცვა ფაშიზმის შიშმა, მაგრამ საბჭოთა კავშირი მედგრად დაუხვდა ვერაგულად შემოჭრილ მტერს, ფაშისტურ გერმანიას.

ლაგოდეხში პაპასთან ვიყავი, როდესაც შევიტყვეთ, რომ ფაშისტური გერმანია დაგვესხა თავს. როდესაც დიდი სამამულო ომი დაიწყო, ჯარში გამიწვიეს 18 წლის, ასე ვთქვათ, პირტიტველა ბიჭი, მაგრამ არაფრის შიში არ მქონია. ვოროშილოვგრადში ვიბრძოდი… ომის პერიოდი იქ დავყავი.

უმძიმესი დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ერთად გავუძელით, გადავრჩით. ომში რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი, უზბეკი _ ყველანი ერთნი ვიყავით და მართლაც, კარგი სახელი შეურჩევიათ იმ ფორუმისთვის, რომელიც ბრიანსკში ჩატარდა _ “ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება”.

სამშობლოს, მამულის სიყვარულმა, ჩვენი დიდი მთავარსარდლის, გენიალური სტალინის უშიშრობამ და სიყვარულმა, ერთად დგომამ მოგვაპოვებინა ის გამარჯვება, რომლითაც ახლა ყველა ვამაყობთ. ის, რომ თავისუფლები ვართ და თვითმყოფადობა შევინარჩუნეთ, დიდ სამამულო ომში გამარჯვების დამსახურებაა, იმ ადამიანების დამსახურება, რომლებმაც თავი გაწირეს ფაშისტური გერმანიის დასამარცხებლად.

ვამაყობ, სამამულო ომის ვეტერანი რომ ვარ. საქართველოდან, ამ პატარა ქვეყნიდან, 700 ათასი ადამიანი წავიდა დიდ სამამულო ომში… მსხვერპლიც დიდი იყო, სამაგიეროდ, ამაყი ვართ, რომ დიადი გამარჯვება მოვიპოვეთ.

ვწუხვარ, ისეთი პატივისცემა რომ არ აქვთ საქართველოში ომის ვეტერანებს, როგორც სხვა ქვეყნებში, მაგრამ არა უშავს, ნიჭიერი თაობა მოდის და ყველაფერს სათანადოდ შეაფასებს, ამის მჯერა.

უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ხელმძღვანელობდა ბრიანსკში დაგეგმილ ფორუმს, და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოდან ჩემთან ერთად იყვნენ. 93 წლის კაცი ვარ, ჩემს გულს მცირე რამ ახარებს, ამ პატივით, რომელიც მე მერგო, ისეთი სიყვარული ვიგრძენი, რომ ცოტა ხანს კიდევ გამაძლებინებს.

არასოდეს დაივიწყოთ დიდი სამამულო ომის ვეტერანები, ისინი ხომ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომის მონაწილენი არიან, მათ ხომ ფაშიზმისგან იხსნეს კაცობრიობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here