Home სხვადასხვა დაიჯესტი “არალეგალური მიგრაცია ევროპულ კულტურასა და ცივილიზაციას ემუქრება”

“არალეგალური მიგრაცია ევროპულ კულტურასა და ცივილიზაციას ემუქრება”

710
“არალეგალური მიგრაცია ევროპულ კულტურასა და ცივილიზაციას ემუქრება”

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ არალეგალური მიგრაცია ევროპის მომავლისთვის, კულტურისა და ცივილიზაციისთვის საფრთხეს წარმოადგენს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქვეყნის სუვერენულ უფლებას, უარი უთხრას მულტიკულტურიზმს.

“ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ უნგრეთი, როგორც უნგრული ქვეყანა. ჩვენ ამის უფლება გვაქვს. უნგრეთის სუვერენული უფლებაა, გადაწყვიტოს, ვის მივცემთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლებას და ვისთან ერთად გვსურს ცხოვრება. ეს ეროვნული გადაწყვეტილებაა, ეროვნული სუვერენიტეტის საკითხია; არ გვინდა, ამაზე უარი ვთქვათ; არ გვინდა, ამ სახის გადაწყვეტილებები ჩვენ ნაცვლად ბრიუსელმა, ნიუ-იორკმა ან ჟენევამ მიიღოს”, _ განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ფიქრობს, რომ მიგრაცია სასურველია, ამას უნგრეთი არ ეთანხმება.

“ვფიქრობთ, არალეგალური მიგრაცია საფრთხეს წარმოადგენს ევროპული მომავლისთვის, საფრთხეა ევროპული კულტურისთვის და ევროპული ცივილიზაციისთვის. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც მკაცრად ემხრობა ეროვნულ იდენტობას, რომელსაც სურს, დაიცვას რელიგიური, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა. ჩვენ მათი დაკარგვა არ გვინდა”, _ აღნიშნა სიიარტომ და დასძინა, რომ მიგრაცია უნდა შეჩერდეს, როგორც ბალკანეთის დასავლეთით, ისე საზღვაო გზით.

“ამის გზა არის ის, რომლის განხორციელებაც იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრს, მატეო სალვინს სურს, მაგრამ, სამწუხაროდ, ნაცვლად ბრიუსელის მხარდაჭერისა, სალვინის თავს ესხმიან ევროპული ინსტიტუტები. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, მივხვდეთ, რა არის ადამიანის უფლებები და რა _ არა. მიგრაცია არ არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. ეს არსად წერია. ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა უსაფრთხო და დაცული სიცოცხლე მის ქვეყანაში. პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა იყოს, დაეხმარო ადამიანებს იქ, სადაც ისინი ცხოვრობენ და არა ის, რომ წაახალისო სამშობლო დატოვონ და გადასახლდნენ”, _ განაცხადა უნგრეთის მთავარმა დიპლომატმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here