მთავარი პოლიტიკა აი, ესა ვართ დღევანდელი ქართველები!

აი, ესა ვართ დღევანდელი ქართველები!

საარჩევნო ხმები ძირს დაყრილ კიტრთან და პომიდორთან ერთად იყიდება...

957
გააზიარეთ

ტელევიზორში ჩავიხედოთ, ქართველებო!

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

ოცდამეცამეტე გამოშვება

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად შორს წახვედი არასწორი გზით _ უნდა დაბრუნდე!”

აღმოსავლური შეგონება

არჩევნები დემოკრატიის საფუძველთა საფუძველია. იგი პოლიტიკური პროცესია, როცა პარტიები ხალხს თავიანთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პროგრამებს სთავაზობენ. ადამიანები (საზოგადოების თითოეული წევრი) მათთვის შეთავაზებულ ამ პროგრამებს გაიაზრებს, ჩამოყალიბდება და არჩევნების დღეს ხმას იმ პოლიტიკურ პარტიას მისცემს, რომელიც, მისი აზრით, ყველაზე მეტად შეესაბამება და გამოხატავს ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. შემდეგ დათვლიან ხმებს და, ვინც რამდენი მხარდაჭერა მოიპოვა, შესაბამისი რაოდენობის მანდატს მიიღებს. აი, მთელი ფილოსოფია ამ მოვლენისა. მხედველობაში თუ მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ბრძენი ყოველთვის სანთლით საძებნია, ხოლო რეგვნები პანტასავით ყრია, მმართველობის ეს ფორმა იდეალურისგან ძალიან შორს დგას, მაგრამ ეს საუბრის სხვა თემაა…

არჩევნები კონსტიტუციითა და საარჩევნო კოდექსით რეგულირდება, თუმცა არის კიდევ ერთი რამ, რაც საარჩევნო კოდექსსა და, თუ გნებავთ, თვით კონსტიტუციაზე მაღლა დგას _ კულტურა. არის თუ არა საზოგადოების თითოეული წევრი მზად იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც ქვეყანასა და ხალხზე პასუხისმგებლობა ჰქვია, ან მისი მორალური და ფსიქიკური მახასიათებლები შეესაბამება თუ არა იმ ტვირთის სიმძიმეს, რომლის აწევასაც მას არჩევნებში მონაწილეობა აკისრებს? ეს რთული შეკითხვაა. პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ საქართველო დემოკრატიული არჩევნებისთვის მზად არ არის. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ჩვენთან არჩევნები შედარებით ახალი მოვლენაა და თანდათანობით დაიხვეწებაო, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ ამ მიმართულებით დახვეწის ნაცვლად ვითარება მკვეთრად უარესდება. მხედველობაში ის გარემოება მაქვს, რომ არჩევნებში ორი საშინელი ტენდენცია იკვეთება:

1. პარტიების მხრიდან ძალადობისა და პროვოკაციის, როგორც საარჩევნო ინსტრუმენტების, დანერგვა;

2. ამომრჩეველთა დიდი ნაწილის მხრიდან უპასუხისმგებლობისა და უვიცობის სულ უფრო მზარდი გამოვლენა.

გადავხედოთ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველოში შექმნილ ვითარებას და ვნახოთ, სწორად დაინერგა თუ არა ჩვენთან დემოკრატია და დემოკრატიული არჩევნები.

გაიხსენეთ .. ეროვნული მოძრაობა, მათ ლიდერებს შორის დაპირისპირება, იარაღის ტრიალი და ნათქვამი, რომელიც ეროვნული მოძრაობის სავიზიტო ბარათად იქცა _ “შუბლს გაგიხვრიტავ!”. შემდეგ ე.წ. არაფორმალები გაიხსენეთ, გაუპარსავ-დაუბანელი შავი მასა, რომელიც თითქოს მიწიდან წამოიშალა, ერთბაშად მოედო საქართველოს. გაიხსენეთ, ვიღაცის დაშინებით, ვიღაცაზე თავდასხმით, ვიღაცისთვის კარების აჭედვისა და სამუშაოზე არმიშვების შემზარავი პრაქტიკით მოსული და ნგრევის ჟინით ატანილი მოძალადეები როგორ დამკვიდრდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და როგორ იქცნენ პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად. მომთაბარე ტომებივით შავი ბრეზენტის კარვებით მორბენალი ხალხის გახსენებაც არ გაგიჭირდებათ და იმედია, იმ თაობის წარმომადგენლებს არც იმ კარვებში დაბუდებული ქალების, .. ზვიადის ბეტეერების გაუთავებელი თარეში დაგავიწყდებოდათ, ღამურებივით რომ შეესეოდნენ მიზანში ამოღებულ სახელმწიფო დაწესებულებებს და თვალის დახამხამებაში ნაომარს რომ დაამსგავსებდნენ იქაურობას

ამ ფონზე ჩატარდა 1990 წლის პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რომელიც ვაშინგტონისა და მოსკოვის ერთობლივი პროექტი იყო. უფრო სწორად, ვაშინგტონის პროექტი, რომელშიც იმხანად ამერიკელთა მიერ უკვე დაჩოქებული მოსკოვი და “კა-გე-ბე” მონაწილეობდა. შემდეგ იყო სამოქალაქო ომი და უბედურება, სისხლიანი ბატალიები და სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც ასევე ვაშინგტონის სცენარით ხორციელდებოდა, სადაც ორივე მხარეს ერთმანეთთან უკვე სამკვდროსასიცოცხლოდ დაპირისპირებული, მაგრამ მაინც ერთი ძალა იდგა, ვინაიდან ორივე მხარე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ იყო მართული. ვიღაცას დღემდე გულუბრყვილოდ სჯერა, რომ შევარდნაძე, რომელიც ჯერ კიდევ ჩრდილში იდგა, მაგრამ ამერიკელები ახალი როლისთვის ამზადებდნენ, და გამსახურდია, რომელსაც ამერიკელებმა თამაშიდან გაყვანა დაუპირეს, ვინაიდან მისთვის განკუთვნილი როლი უკვე შესრულებული ჰქონდა, დაპირისპირებული ძალების წარმომადგენლები იყვნენ. ეს შეცდომაა. გამსახურდია და შევარდნაძე ერთად და ერთგულად ემსახურებოდნენ იმ გლობალური მნიშვნელობის საქმეს, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლა და სოციალისტური სისტემის დაუნდობელი ნგრევა ერქვა. მათ პიროვნულად სძულდათ ერთმანეთი, მაგრამ საქმე, რომელსაც ემსახურებოდნენ, ერთი იყო. სპექტაკლიც ერთი იყო, რადგან მოვლენები სცენარის მიხედვით ვითარდებოდა, რომელსაც, ბუნებრივია, რეჟისორიც ერთი ჰყავდა. ხალხი გამსახურდიასა და შევარდნაძის სახით ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორ ძლიერ ფიგურას ხედავდა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა იმ ძალაზე, რომელიც მათ აერთიანებდა, ძაფებზე გამობმული თოჯინებივით ათამაშებდა და თავის საქმეს აკეთებინებდა. საქართველოსთვის ეს ვერაგი თამაში გამსახურდიასა და შევარდნაძის შემდგომ პერიოდებშიც გაგრძელდა და დღემდე მოგვყვება. ერთმანეთთან პიროვნულად დაპირისპირებულ ლიდერთა საქმით ერთიანობა და აშშთან მათი ღია თანამშრომლობა დღემდე რჩება საქართველოს გარედან მართვის მთავარ ინსტრუმენტად და ქართული პოლიტიკის იმ ხაფანგად, რომელშიც საქართველო ვაგლახად გააბეს.

ამერიკელები საქართველოში ლიდერებს მაშინ ცვლიდნენ, როდესაც ისინი მისიას ამოწურავდნენ. გამსახურდიას სულ რამდენიმე თვით თუ უბოძეს საქართველოს პრეზიდენტის ტახტი, მის შემდეგ მათ მიერვე მოყვანილ შევარდნაძეს თერთმეტი წელიწადი ამართვინეს საქართველო, მაგრამ, როდესაც მისი მისიაც ამოწურულად ჩათვალეს, მასთან პიროვნულად დაპირისპირებული, თუმცა მის წიაღშივე გამოჩეკილი და მისივე საქმის გამგრძელებელი სააკაშვილი გამოაჩინეს და მათ მიერვე ინსპირირებული სახელმწიფო გადატრიალების გზით, რომელსაც “ვარდების რევოლუცია” დაარქვეს, საქართველოს პრეზიდენტის ტახტი გადააბარეს. როგორც შევარდნაძის მიერ ტახტიდან ჩამოგდებული გამსახურდია რჩება მარადიულ გმირად ქართველთა ერთი ნაწილის შეგნებაში, ასევე მარადიული გმირის მანტიით შემოსა ქართველთა მეორე ნაწილმა ტახტიდან შევარდნაძის ჩამომგდები სააკაშვილი, მაგრამ საზოგადოების არც იმ და არც ამ ნაწილს არ უფიქრია იმაზე, რომ ამ გადატრიალებებით სახელებისა და გვარების გარდა არაფერი არ იცვლებოდა. გამსახურდიასაც, შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც ერთი მიმართულება და ერთი საგარეო ორიენტაცია ჰქონდათ, სამივენი ნატოსა და ვროპისკენ მიისწრაფვოდნენ და რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობის გზებს გულმოდგინედ კეტავდნენ, რომელსაც საქართველოსთვის ნგრევის გარდა არაფერი მოჰქონდა.

რუსეთთან გზების ჩახერგვას ისახავდა მიზნად ომები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ძალიან ბევრი აქამდე ვერ მიმხვდარა, ამერიკელთა რა ვერაგული გეგმები იმალებოდა ამ სისხლიანი ბატალიების უკან. მათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთისთვის უნდა მიეგდოთ, რადგან არ გამორიცხავდნენ, რომ დაჭრილი და დაჩოქებული რუსეთი დღეს თუ ხვალ წამოდგებოდა და კავკასიას (მათ შორის, საქართველოს) არ დათმობდა. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დაწესებით კი რუსეთის გეოპოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული ინტერესი იმდენად კმყოფილდებოდა, რომ დანარჩენი საქართველოს გამო ისედაც უკიდურესად დაძაბულ რეგიონში იგი ვითარებას არ გაართულებდა. ამერიკელებისთვის ამ საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის იყო, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის, ერთი მხრივ, ფიზიკური ხერგილი წარმოიქმნებოდა; მეორე მხრივ კი, ისეთი მტრობა და სიძულვილი ჩამოვარდებოდა, რომელიც, სამუდამოდ თუ არა, ძალიან დიდი ხნით მოსპობდა მათ შორის პარტნიორობის ყოველგვარ პერსპექტივას. ამით ამერიკელები საბოლოოდ იგდებდნენ ხელში დანარჩენ საქართველოს, რომელსაც თურქეთთან დაახლოების გზით ნატოს საყრდენ ბაზად და რუსეთთან დაპირისპირების პოლიგონად აქცევდნენ. ამერიკელები დღემდე მითოლოგიური ცერბერივით დარაჯობენ საქართველოს, რუსეთთან პირდაპირი დიალოგი რომ არ წამოიწყოს. რუსეთთან საქართველოს ურთიერთობის ნებისმიერ ფორმატს ისინი უმკაცრესად აკონტროლებენ, რადგან ორ ქვეყანას შორის ერთმანეთისგან გაუცხოვების აქამდე დიდებულად წარმართულ საქმეში ხინჯი არ გაჩნდეს…

სააკაშვილმა თითქმის ათ წელიწადს გაძლო ხელისუფლებაში, მაგრამ შემდეგ, როდესაც მისმა ჟამმაც დაჰკრა, ამერიკელებმა კვლავ გამოძებნეს ადამიანი, რომელიც მასთან პიროვნულად დაპირისპირებული, მაგრამ ამერიკელთა საქმის ერთგული გამგრძელებელი იქნებოდა. ბიძინა ივანიშვილია ამ კაცის სახელი და გვარი. იმ პერიოდშიც, როდესაც ივანიშვილი სააკაშვილის გვერდით იდგა და მთელ მის ხელისუფლებას აფინანსებდა; იმ პერიოდშიც, როდესაც ივანიშვილი სააკაშვილს პიროვნულად დაუპირისპირდა, რათა ხელისუფლებიდან ჩამოეცილებინა, და დღესაც, როდესაც უკვე სააკაშვილი უპირისპირდება ივანიშვილს, ისინი მაინც იმ საქმეს ემსახურებოდნენ და ემსახურებიან, რომელიც აშშდან მოდის. ქართველი ხალხის დიდი ნაწილი სააკაშვილისა და ივანიშვილის ურთიერთობის არსში ისევე ვერ გაერკვა, როგორც, თავის დროზე, გამსახურდიასა და შევარდნაძის ან შევარდნაძისა და სააკაშვილის ურთიერთობების არსში ვერ ერკვეოდა. ამერიკელებს ქართველ ლიდერთა შორის არსებული პიროვნული დაპირისპირებაც სჭირდებათ და მათი ერთი საქმის სამსახურში დგომაც, რადგან მათი ამ წინააღმდეგობისა და ერთიანობის ფონზე შესანიშნავად მართავენ სიტუაციას. ამერიკელების მიერ მართული სიტუაცია კი სავალალოა ჩვენი ქვეყნისთვის: ქართველები ისე ჩავბარდით აშშ, რომ ეს უკანასკნელი საქართველოს წინაშე არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს. ამერიკელებმა, აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთს რომ მიუგდეს და ამით რუსეთსაქართველოს შორის ურთიერთობის ყოველგვარი პერსპექტივა მოსპეს, დანარჩენი საქართველო მათ მიერვე თავსმოხვეული ნატოსა და ევროკავშირის წევრობის ცრუ პერსპექტივის აბლაბუდაში გახვიეს და სამუდამო მძევლად დაიტოვეს. ქართველი ხალხი კი ფსევდოდამოუკიდებლობის მესამე ათწლეულსაც უცნაური შიშით ამთავრებს, _ არიქა, ივანიშვილი არ წავიდეს და სააკაშვილი არ მობრუნდეს. რით ვერ გაიგეთ, რომ სააკაშვილი არსად წასულა, ვინაიდან ივანიშვილი სააკაშვილია, ისევე, როგორც სააკაშვილი შევარდნაძე იყო და შევარდნაძე _ გამსახურდია. არც ერთი არსად არ წასულა, რადგან საქართველო ჯერ კიდევ მათი დანატოვარი საქმისა და მათ მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკური მიმართულების სავალალო შედეგებს იმკის:

* პირველი დიდი მიზეზი ჩვენი საერთო უბედურებისა დასავლეთისკენ უთავმოყვარეო, თავდადრეკილი, პროვინციული და მაზოხისტური ლტოლვაა;

* მეორე დიდი მიზეზი ჩვენი საერთო უბედურებისა ერთმანეთთან პიროვნულად დაპირისპირებული ლიდერების იდეოლოგიური ერთიანობა და დასავლეთის სამსახურში დგომაა;

* მესამე დიდი მიზეზი ჩვენი საერთო უბედურებისა საზოგადოების პოლიტიკური ნაწილის გარყვნაა, რომელიც მათ უპრინციპობასა და მედროვეობაში გამოიხატება;

* მეოთხე დიდი მიზეზი ჩვენი საერთო უბედურებისა საქართველოში პოლიტიკური უკულტურობის განსაცვიფრებელი ტემპით ზრდა, პოლიტიკურ ცხოვრებაში პროვოკაციისა და ძალადობის დანერგვა და ყოვლის ნებადართულობა, საბოლოო ჯამში, სრული ამორალიზმია;

* მეხუთე დიდი მიზეზი ჩვენი საერთო უბედურებისა არის ის, რომ ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი, სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არჩევნებში მონაწილეობის პროცესშიც კი ვერ მაღლდება საქვეყნო და სახალხო ფიქრამდე, რომლის გამოც არჩევნები ერთ დიდ, მოუწესრიგებელ ბაზრობას დაემსგავსა, სადაც საარჩევნო ხმები ძირს დაყრილ კიტრსა და პომიდორთან, კარტოფილსა და ხახვთან ერთად იყიდება (ერთ მშვენიერ დილას, ალბათ, თბილისური ეზოებიდან წამოსული ძახილი გაგვაღვიძებს: _ რძეეეე, მაწონიიიი, საარჩევნო ხმებიიიი, საარჩევნო ხმებიიიი…).

ილია ჭავჭავაძე ხშირად იშველიებდა სარკის თემას: “მარტო მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე”. ელექტრონულ და ციფრულ ეპოქაში სარკის ეფექტი საკმარისი აღარაა, რადგან სარკე ყველაფრის ასახვას ვერ შეძლებს. სარკე საკუთარ თავს დაგანახვებს, მაგრამ საზოგადოებისგან მოწყვეტილად. საზოგადოება თუ გინდა ნახო და საკუთარ თავს საზოგადოებასთან ერთად დააკვირდე, სოციალურ ქსელებში უნდა შეხვიდე და ტელევიზორში ჩაიხედო. იქ დაინახავ, რად გაქციეს და რას დაგამსგავსეს. ნუ წარმოვიდგენთ, რომ ჩვენ აქეთ ვართ და ისინი იქით _ ეკრანს მიღმა. გაღმა-გამოღმა კი არ ვართ, ერთად ვართ და, რაც ეკრანზე ჩანს, ეგა ვართ _ ზნეობისგან დაცლილი, ცრუ, ყოვლისმკადრებელი, უზრდელი, თავხედი, რეგვენი, მოძალადე, პატიმრის მწამებელი და გამაუპატიურებელიმეტიც _ პატიმრის მწამებლისა და გამაუპატიურებლის მხარდამჭერი და მისთვის ხმის მიმცემი. კი, პატიოსნებაშენარჩუნებული, მშრომელი და ღირსეული ადამიანებიც გვყავს, ხელოვნების მუშაკებიც, მეცნიერებიც, დიდებული სპორტსმენებიც, მაგრამ პოლიტიკურმა შარლატანებმა და პოლიტიკურმა დამნაშავეებმა დაჩრდილეს ისინი და ხმის ამოღების უფლება წაართვეს. ის პარტია, რომელიც პატიმართა წამებასა და გაუპატიურებაში ამხილეს, ნაცვლად იმისა, რომ აკრძალული იყოს, საზოგადოებრივ ცნობიერებაზე უხეშად ძალადობს და, ხელებდასისხლიანებული და თვალებჩასისხლიანებული, კვლავ ხელისუფლებისკენ მიღოღავს. საზოგადოების ერთი ნაწილი კი მზად არის, მხარი ამ დამნაშავე ძალას დაუჭიროს, ოღონდ საკუთარი მერკანტილური და ბინძური ვნებების დაკმაყოფილების საშუალება მიეცეს.

აი, ესა ვართ დღევანდელი ქართველები!

ამიტომ გეუბნებით: თუ გინდათ, რომ საკუთარი თავი დაინახოთ, სარკეში კი არა, ტელევიზორში ჩაიხედეთ, ქართველებო!

გაეროს 76-ე გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერმინისტრი მოხსენებით გამოვიდა. ამ ვითარებაში, როდესაც მსოფლიო პოლიტიკური რეალობა ელვის სისწრაფით იცვლება, მოველოდი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ოცდაათი წლის განმავლობაში პოლიტიკური აზროვნების გაცვეთილ და დაშტამპულ შაბლონებს დაძლევდა და თავის სიტყვაში რევოლუციურ ნახტომს თუ არ შემოგვთავაზებდა, რაღაც ახალ ინტონაციებს მაინც გააჟღერებდა. სამწუხაროდ, მან ძველი და გაცვეთილი გზა არჩია: “ყველა ჩვენს წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს _ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას არ მივაღწევთ”. მილიონჯერ გადაღეჭილი ამ განცხადების კიდევ ერთხელ გაკეთება და გაეროს მაღალი ტრიბუნის ამისთვის მოცდენა არ ღირდა; მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ნატოს არსებობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშმა 2021 წლის 16 სექტემბერს ახალი სამხედრო ბლოკის (AUKUS) შექმნის შესახებ განაცხადეს. ეს პირდაპირი დარტყმაა ნატოზე. ამას ევროპელთა რეაქციაც მოწმობს. საფრანგეთმა აშშ-დან ელჩი გაიწვია. ევროსაბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი კი აცხადებს: “ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სამხედრო პარტნიორობის ჩამოყალიბება ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს აშშ-ის მხრიდან ევროკავშირის მიმართ ლოიალობის უკმარისობაზე. ამის გამო ევროკავშირი მოითხოვს განმარტებას, _ რა არის ახალი სამხედრო ბლოკის ჩამოყალიბების სიღრმისეული მიზეზები”. ეს ზუსტად იმ ტიპის კრიზისია, რომელსაც, შესაძლებელია, ნატოსა და ევროკავშირის დაშლაც მოჰყვეს. ჩვენი პრემიერმინისტრი კი თითქოს სხვა პლანეტაზე ცხოვრობს, ამას ვერ ამჩნევს. ბატონ ღარიბაშვილს გაეროს ასამბლეაზე ჩინეთის ლიდერის ვიდეოჩართვა რომ მოესმინა ან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლისთვის ეგდო ყური, ალბათ, მიხვდებოდა, რომ მისი მოხსენება, რომელიც ქართული დელეგაციის წევრების გარდა თითქმის არავის მოუსმენია, მთლიანად ყავლგასული და საერთაშორისო კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო.

მსოფლიოში შექმნილი სრულიად ახალი რეალობის ფონზე, პრემიერმინისტრის ეს ნათქვამიც საშინელ ანაქრონიზმად გაისმა: “რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ჩვენი გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებას”. აქ დროსა და რეალობასთან ისეთი აცდენა გვაქვს, არც გინდა, რომ დაიჯერო. საქართველოს პრემიერმინისტრი იმას თუ ვერ ხვდება, რომ ნატო დაშლის ზღვარზეა, ნუთუ იმას მაინც ვერ აცნობიერებს, რომ რუსეთი მის ირგვლივ ნატოს ან სხვა რომელიმე სამხედრო ბლოკის ალყას არ შეეგუება? ეს ამ უზარმაზარი სახელმწიფოს უფლება კი არა, ვალდებულებაა. “დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით, დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია”, _ ეხვეწება პრემიერმინისტრი გაეროს. მთელმა გაერომ ერთხმად რომ დაგიჭიროს მხარი, ბატონო ირაკლი, ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გაეროსაც კი არ ეყოფა რესურსი რუსეთისთვის საკუთარი ნების თავზე მოსახვევად და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ამისთვის ერთადერთი რესურსი არსებობს, ეს რუსეთთან პირდაპირი დიალოგისა და ინტერესთა ჰარმონიზების რესურსია, მაგრამ თქვენ ამას არ აღიარებთ და ჯიუტად ადგახართ გზას, რომელსაც თქვენი წინამორბედები ადგნენ, მათ შორის თქვენთვის ასე საძულველი სააკაშვილიც. ამ სიტყვებით თქვენ კი არ მოგმართავთ, ივანიშვილს მივმართავ, ვინაიდან ჯერჯერობით ისაა ქვეყნის მმართველი. ამიტომ გეუბნებით, რომ სააკაშვილთან ბიძინა ივანიშვილისა და, თუ გნებავთ, პირადად თქვენი პიროვნული დაპირისპირების მიუხედავად, ერთნი ხართ-მეთქი. გაეროს ტრიბუნასთან თქვენ ნაცვლად სააკაშვილი რომ მდგარიყო, ისიც ხომ ზუსტად მაგ ტექსტით ილაპარაკებდა, რომლითაც თქვენ. სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავე რომ არის, ეს სხვა საკითხია. პოლიტიკური და იდეოლოგიური მსოფლმხედველობის ან საგარეო ორიენტაციის თვალსაზრისით თქვენ შორის რამე განსხვავება არის? სამწუხაროდ, არანაირი.

რეალობა ასეთია: საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად ხან სამოქალაქო ომი იმართება, ხან სახელმწიფო გადატრიალება ეწყობა, ხან რევოლუცია ხდება, ხან არჩევნები ტარდება, მაგრამ ხელისუფლება პრაქტიკულად არ იცვლება და ქვეყანა მუდმივად დასავლეთიდან იმართება. შედეგი? შედეგი ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ვითომ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ქვეყანა დაგვენგრა.

P.S. ერთ უსიამოვნო ფაქტზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც ზუსტად ჯდება დღევანდელი სტატიის კონტექსტში.

ჩვენი თანამემამულე, ბათუმში დაბადებული და გაზრდილი კაცი, ეროვნებით ქართველი ვლადიმერ ხომერიკი დიდი ხანია, მოსკოვში ცხოვრობს. იგი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და რამდენიმე აკადემიის წევრია. მინიჭებული აქვს მშვიდობის ელჩის ტიტული, წლების განმავლობაში იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი. ხშირად არის რუსეთის როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური საინფორმაციო საშუალებების სტუმარი. ჰყავს ნაცნობმეგობართა ფართო წრე და საზოგადოებაში მიღებული პიროვნებაა.

ბატონი ვლადიმერ ხომერიკი 21 სექტემბერს მოსკოვიდან მინსკის გავლით ბათუმში ჩამოფრინდა ავადმყოფი დისა და ოჯახის წევრების სანახავად, აგრეთვე, მშობლების საფლავებისთვის პატივის მისაგებად. სამწუხაროდ, მას საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს, რისი მიზეზიც არ დაუსახელეს, ისე გააბრუნეს უკან, აეროპორტიდანვე

_ არ შეუშვა ადამიანი მის სამშობლოში ისე, რომ ამისთვის არავითარი იურიდიული საფუძველი არ გქონდეს, ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევაა და, აქედან გამომდინარე, დანაშაული, ამიტომ საქმეს სასამართლოში გავარკვევ, _ მითხრა ბატონმა ვლადიმერმა, რომელსაც ამ უსიამოვნო ფაქტის შემდეგ მოსკოვში დავუკავშირდი.

ერთსაც დავძენ: ბატონი ვლადიმერ ხომერიკი ნაცებთან დაპირისპირებული საზოგადო მოღვაწეა, რომელიც ქოცურმა ხელისუფლებამ სამშობლოში არ შემოუშვა.

საქართველოს ხელისუფლებას შევახსენებ: ბატონ ვლადიმერ ხომერიკს ბევრი კეთილი საქმე გაუკეთებია საქართველოსთვის და ბევრსაც გააკეთებს, მაგრამ უმეცარნი ვერ მიხვდებიან ამას. რუსეთიდან ვინც მოდის და რაც მოდის, ყველა და ყველაფერი საქართველოს სამტროდ არ მოდის, თქვენი უგუნური გადაწყვეტილებებით კი სამშობლოს უფრო მეტი ზიანი ადგება, ვიდრე მტერი მოგვაყენებდა.

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. თუ არსებობს სახალხო დიპლომატიის რესურსები თბილისსა, მოსკოვსა, ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის, მათი ამოქმედება სასიკეთო გავლენას იქონიებდა სახელმწიფოთაშორის ოფიციალურ ურთიერთობებზე. ყველა ამ ქვეყნებში ხომ ხალხია ძალაუფლების წყარო..

  2. ბატონი ვალერი კვარაცხელია ერთადერთი ნათელი წერტილია საქართველოს მთელ პოლიტიკურ, საექსპერტო, ჟურნალისტურ, თუ სხვა რომელიც გნებავთ მოაზროვნეთა ელიტარულ წრეში!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here