Home რუბრიკები საზოგადოება ათი დღე, რომლებსაც მსოფლიო არ შეუძრავს

ათი დღე, რომლებსაც მსოფლიო არ შეუძრავს

1088
პაბლო პიკასო, „დორა მაარი კატით“. 1941 წ. ბიძინა ივანიშვილის კოლექციიდან

წლევანდელ აგვისტოზე ვამბობ, ათ დღეზე, როცა გაზეთისაქართველო და მსოფლიო” “შვებულებაშიგავიდა და ჟურნალისტებისთვის, რაც მოგესურვება, იმ მასალების დაწერის დრო დადგა. იმ ათი დღიდან ცხრა მოღრუბლული და წვიმიანი იყო. ზღვას არ სჭირდებოდა სამიტინგოგამამხნევებელი შეძახილი: აღელდი, აამთაგორე ტალღები, ნაპირებს გადმოაცილეო და .. ბობოქრობდა, ქუხდა, გრიალებდა და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე განდაგანასავით გვერდულად გასულ რესტორანადმირალშიშეკედლებული ბენდის დაგვიანებული მყვირალობის მაქსიმებს ისე ფარავდა, როგორც სამზარეულოში ღიად დატოვებული ონკანის წვეთწვეთობას ქუჩის კოკისპირული.

დასვენების, გართობისა და გარუჯვის მოყვარულთათვის ამაზე უარესი დღეების წარმოდგენაც კი ძნელი იყო.

სამაგიეროდ, ქალაქში ტრიალისა და იქაურების გაცნობის თვალსაზრისით, უკეთესს ვერ ინატრებდი…

ინტერნაციონალური ქალაქია ქობულეთი, საინტერესო ადამიანები ცხოვრობენ აქ. მათგან ერთ-ერთმა ჩემი ყურადღება მიიპყრო იმით, რომ მთელი დღის განმავლობაში თავისი “ფოლკსვაგენი”, სუფთა და კრიალა, კაპოტახდილი და კარებგაღებული, ქალაქის საკრებულოს წინა მოედანზე უყურადღებოდ ჰყავდა დატოვებული.

სამუშაო საათებშიც და შემდეგაც.

გამაცნეს.

კაცი, რომელიც დღესაც დადის კინოთეატრში

პაბლო პიკასო, „შიშველი ქალი, მწვანე ფოთლები და ბიუსტი“. 1932 წ. სავარაუდოდ - ბიძინა ივანიშვილის კოლექციიდან
პაბლო პიკასო, „შიშველი ქალი, მწვანე ფოთლები და ბიუსტი“. 1932 წ. სავარაუდოდ – ბიძინა ივანიშვილის კოლექციიდან

და იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი ფერწერის მსოფლიო შედევრების თვალსაჩინო კოლექციონერია. საუბარი ლევან ჩიმაკაძესთან იმით დაიწყო, რომ კატეგორიული უარი მითხრა ინტერვიუს გამოქვეყნებაზე.

_ ისე კი, ვილაპარაკოთ რამდენიც გაგეხარდებათო. თუნდაც იმ ბიბლიოთეკაზე, აი, ამ შენობის მეორე სართულზე რომ არისო, _ მამია ხარაზის უნიკალურ ბიბლიოთეკაზე მიმანიშნა.

_ 20 ათას ტომზე მეტია. მათ შორის ალექსანდრე პუშკინის მიერ სიცოცხლეში გამოქვეყნებული შედევრებით. მოსკოვში გამართულ გამოფენებში მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის პერიოდში.

_ მამია ხარაზი?

_ ცნობილი პიროვნება გახლდათ, ბიბლიოფილი. ქობულეთის პარტიის რაიკომის მეორე მდივნად მუშაობდა, თამბაქოს ფაბრიკის დირექტორიც იყო. ამ ბიბლიოთეკაზე უფრო საინტერესოს ჩვენს ქალაქში ვერაფერს იპოვით.

მაგრამ ხალხს არ აინტერესებს, განსაკუთრებით, ჩამოსულებს.

ივიწყებს ხალხი თუნდაც გუშინ მომხდარ ტრაგედიას. მალე ივიწყებს.

გავრილოვის ღამეს რომ გაიძახიან და გადაგვაყოლეს ნაციონალებმა, გახსოვთ, ქუთაისში მემორიალი (“მზეჭაბუკი”) რომ ააფეთქებინა მიხეილ სააკაშვილმა, დედაშვილი რომ დაიღუპა? ის უკვე დავიწყებული აქვს (ხალხზე ვამბობ), თორემ მიშისტებს, ნაციონალებს თავიანთი ისტორიის ნიშანსვეტად მიაჩნიათ.

მე ვინმეს, რომელიმე მთავრობის ქომაგობას არ ვაპირებ, მაგრამ, გავრილოვის ღამესპარლამენტში რომ მირბიხარ და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობ, ეგ განა ის შუბია, ხალთაში რომ შეიძლება დაიმალოს?! მიტინგს რომ მართავ, გავრილოვისთვის აწყობ?! იმ ღამის აქტივისტებმა და მათმა ლიდერებმა იცით რა გაჭირვებაში ჩააგდო აჭარა _ ხალხს კრედიტები აქვს გადასახდელი.

„- ესაა პიკასოს ბიჭი?! კადრი ელდარ შენგელაიას და რეზო გაბრიაძის ფილმიდან „არაჩვეულებრივი გამოფენა“
„- ესაა პიკასოს ბიჭი?! კადრი ელდარ შენგელაიას და რეზო გაბრიაძის ფილმიდან „არაჩვეულებრივი გამოფენა“

მე არ ვაქირავებ ბინას, ჩემზე არ ვლაპარაკობ, ხალხი ძალიან ცუდ დღეშია. ორი-სამი წელიწადი ბანკების კრედიტებით აშენებდნენ და აწყობდნენ კერძო სასტუმროებს, ბინებს არემონტებდნენ და ჩამოსული რუსი ტურისტების ფულით თანდათან ისტუმრებდნენ უზარმაზარ ვალებს. ახლა აღარ მოსწონთ ნაციონალებს რუსი ტურისტები?! ვითომ აღარ ახსოვთ მიშას სატელევიზიო განცხადებები: ლარსზე ავდიოდი და რუს ტურისტებს იქ ვხვდებოდიო? სიყვარულს ეფიცებოდა _ თქვენი ჭირიმეო.

ონისე ონიანი ხომ იცით?

_ მსახიობზე მელაპარაკებით?

_ დიახ. ონისე ონიანს ისეთი “პოსტი” ედო, გამეორებაც კი სათაკილოა: გააჯვით, რუსებოო! ბოდიშს გიხდით, თქვენ და თქვენი გაზეთის მკითხველებს. ზრდილობას თავი დავანებოთ, მაგრამ ცოტა ხომ უნდა ვიაზროვნოთ, ადამიანებო!

ბათუმში რომ ყიდულობდნენ “ორბი თაუერებს” და მსგავს ობიექტებს აშენებდნენ, რუსები იყვნენ. ახლა ყველაფერი გაჩერდა.

ქართველი იყიდის?!

რუსი ტურისტი არ გვინდაო, რომ გაიძახი, ვის ებრძვი? ბოდიში, მაგრამ გვარამია, თავისი აყროლებული შარდით კახელებს ღვინის წაბილწვით რომ ემუქრება, ვის წინააღმდეგ გამოდის? ქართველს ებრძვის, საკუთარი ქვეყნის მეწარმეს.

კახეთი იმიტომაა დასაქმებული, რომ ყველაზე მომგებიან ბაზარზე ასაღებს ღვინის ნაწარმს. ეს ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა იცის. უკრაინაში გავყიდოთ ჩვენი ღვინოო, რომ გაიძახიან, ჯერ ერთი, მათ იმდენი ფული სად აქვთ, რუსეთი რომ ხარჯავდა და, მეორეც _ არც ღვინის სმის კულტურა აქვთ უკრაინელებს, ისევე, როგორც თურქეთში არ აქვთ, ჩინეთში და ა.შ.

რუსეთი სტაბილური ბაზარია!

შეიძლება 10-15 წლის შემდეგ შეიცვალოს ბაზრების მოთხოვნა და იმავე ჩინელებსა და თურქებს იმდენი ღვინო დასჭირდეთ, რომ დავაკმაყოფილოთმაგრამ დღეს განა შეიძლება ვებრძოლოთ იმას, რითაც პრაქტიკულად სული გვიდგას?!

არ მოგწონს პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს? გააკრიტიკე, ვინ გიშლის?! მაგრამ უაზრო, ხელოვნურად გაზვიადებული, ცრუპატრიოტული მოწოდებებით შენი ქვეყნის ეკონომიკას რომ საძირკველს ურყევ და ცარიელზე ტოვებ, თუ ეს ეროვნულობას ნიშნავს, მაშინ მე ასეთი ეროვნული პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა ბანაკში მიგულეთ!

ტურისტს რას ერჩი?!

ვაჟკაცი თუ ხარ, შეებრძოლე პუტინს! მაგრამ მე არც ერთი ქართველი პრეზიდენტი არ მინახავს რუსეთის პრეზიდენტთან მორკინალი.

რომელი მენდელეევის ტაბულა ჩვენ გვაქვს, წიაღისეული სიმდიდრეები, ღვინოს რომ ჩავანაცვლოთ?!

ელენე ხოშტარია თუ არ გამოვიდა ტელევიზიით და არ მოგვიწოდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გასათავისუფლებლად რომ უნდა ვიბრძოლოთ, ეს ჩვენ თურმე არ ვიცით. რა მჭირს საამისო?! ელენე ხოშტარიაზე ნაკლები წიგნი მაქვს წაკითხული, ნაკლები განათლება და აზროვების უნარი მაქვს თუ რა ხდება?!

ნაციონალებს პარლამენტში ჯდომა უნდათ და ეგაა!

_ და გაუთავებელი ლაპარაკი ოკუპაციაზე.

_ ხელფასები აქვთ დიდი, ბიზნესები, ჩემო ბატონო. ლაპარაკში კი ფულს არ ახდევინებენ.

_ პირიქით _ აფინანსებენ!

_ ტრამპს რამდენიც გინდა აგინო, ის პირად შეურაცხყოფად არ მიიღებს, არც რომელიმე სხვა სახელმწიფოს ლიდერი. პუტინი კი პირად შეურაცხყოფად იღებს და არავის აპატიებს.

ეს ჩვენი ცრუქაქუცები კი ისე ირჯებიან, რომ, მგონი, გოლიათთან მებრძოლ დავითად წარმოუდგენიათ საკუთარი თავი! უზრდელური, ხეპრული და შეურაცხმყოფელი გამოხდომებით კი რუსეთთან ურთიერთობა სულ უფრო მწვავდება. რამდენი ხანია, ვერა და ვერ გამოვსულვართ დაძაბულობის იმ ჩიხიდან, რომელშიც სააკაშვილმა შეიყვანა საქართველო.

_ დიპლომატიისკენ რომ მოუწოდო, რუსეთის აგენტად გამოგაცხადებენ.

_ ედუარდ შევარდნაძეს იმდენს ლანძღავდნენ, ბენზინი უნდა გადაესხა და თავი დაეწვა…

თავი არ გაუყადრა.

მე ვიზრდებოდი ქობულეთში, სადაც მეოთხე მთავარი სამმართველოს სანატორიუმი იყო, ჭყონიას სასტუმრო სადაცაა დღეს. ჩემი თვალით მყავს ნანახი ძველი თაობის კორიფეები. ვერიკო ანჯაფარიძე მინახავს, ეროსი მანჯგალაძე… “ნივაჰყავდა, თეთრი. მახსოვს, ერთხელ მანქანით რომ გამოდიოდა ჭიშკრიდან, უცებ გააჩერა, ხელი ასწია დახო, ისა, კაცო!”, _ თქვა. ეტყობა, რაღაც გაახსენდა და შებრუნდა.

სუხიშვილები მახსოვს _ ქალბატონი ნინო რამიშვილი, ბატონი ილიკო სუხიშვილი. დედაჩემი სანატორიუმ “საქართველოში” ბიბლიოთეკის გამგე იყო. ქართველ ინტელიგენტთა იმ დიდი თაობის შთამომავალი რომ ვარ, არ მავიწყდება. “ინოსტრანნაია ლიტერატურის” არც ერთი ნომერი არ გამომიტოვებია, ვკითხულობდი. წავაგე რამე?

თავს არავის ვადარებ, მაგრამ გულახდილად გეტყვით, რასაც ახლა ვგრძნობ: სამწუხაროდ, ნაკლებობა გვაქვს ინტელექტის _ პიკასოსა და ვან გოგს ვერ გაარჩევენ, იმათი ნახატები რომ დაუდო წინ.

_ “ესაა, პიკასოს ბიჭი?!”, _ ქუთაისის თეთრი ხიდის მოაჯირზე მჯდარ ბიჭზე რომ ეტყვის აღშფოთებული დოდო აბაშიძე ლორთქიას, ქუდებს რომ მოხდის ორივეს და რიონში რომ გადახტება (გვახსენდება ელდარ შენგელაიასა და რეზო გაბრიაძის ფილმის “არაჩვეულებრივი გამოფენის” ეს მხიარული კადრი. ვიცინით. არადა, სამწუხაროზე ვლაპარაკობთ, ინტელექტის ნაკლებობაზე).

_ აგერ, ბიძინისტები რომ არიან, თუ იციან, პიკასოს რომელი ტილო აქვს შეძენილი ბიძინა ივანიშვილს?

_ მეც არ ვიცი, ვაღიარებ.

_ “დორა მაარი კატით,” 96 მილიონი დოლარი აქვს გადახდილი “კრისტის” თუ “სოთბის” აუქციონზე… ამბობენ, რომ მეორეც აქვს, მაგრამ ის ოფიციალურად არ არის დამტკიცებული. პიკასოს ჰყავდა ერთი საყვარელი, ახალგაზრდა მარიტერეზ ვოლტერი. “შიშველი ქალი, მწვანე ფოთლები და ბიუსტი”, _ ასე ჰქვია ამ ტილოს 106 თუ 119 მილიონი ამერიკული დოლარი აქვს გადახდილი, 2011 წელს ყველაზე ძვირად გაყიდული ნახატი იყო. ეგონ შილე არის ბიძინას საყვარელი მხატვარი. ბევრს, ბიძინისტები რომ ვართო, ვკითხე, თუ იცით რამე-მეთქი ამის შესახებ?

_ ?!

_ თქვენც არ მომიკვდეთ!.. რობერტ სტურუას სპექტაკლზე დასასწრებად სპეციალურად ვარ ჩამოსული თბილისში მანქანით _ ძმაკაცმა ჩამირიცხა ბენზინის ფული. თეატრალურ სარდაფში დავდიოდი ხშირად, წულაძის ცნობილ სპექტაკლებზე… მეუბნებიან, რომ შემთხვევით ვარ პოლიციაში. რა გითხრათ… ის კი ვიცი, რომ დღეს ერთადერთი კაცი ვარ, რომელიც ბათუმისა და ქობულეთის კინოთეატრებში დადის ფილმების სანახავად.

არ აინტერესებთ… მაგრამ სახლში ყურება ერთია, კინოში _ სულ სხვა. ვეპატიჟები, მოდით, მე გიყიდით ბილეთებს, რამდენსაც გავწვდები… ვერ წავიყვანე.

_ ადამიანი კარგავს საზოგადოებრივი არსების ფუნქციას?

_ რა გიპასუხოთ, არ ვიცი. აქ პლანის მოწევით არიან დაკავებულნი, მარიხუანის, (და ხელის წრიული მოვლებით ქობულეთის გამგეობის წინა მოედანზე მიმანიშნებს. რომლის ერთ კუთხეში, ჩეროში ვსხედვართ. აქვე, ორ ნაბიჯში, იეღოველთა დესანტი უსაქმურობით ცდება, ისევე, როგორც უამინდობაში უფუნქციოდ დარჩენილი შადრევან I-ის დროინდელი მრგვალი აუზი).

_ ატანა არ მაქვს პლანაქეშების. რუსეთში რომ ვსწავლობდი, იმ დროს ჩემთან ერთად 80 ქართველიდან 65-70 მორფინისტი გახდა.

_ ეს როდის იყო?

_ გასული საუკუნის 88-90-იან წლებში. ნოვოჩერკასკში ვსწავლობდი, დონის კაზაკთა დედაქალაქის ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ფაკულტეტზე. არ დამიმთავრებია. ამჟამად შს სამინისტროში სამეურნეო მომარაგების განხრით ვმუშაობ.

_ სწავლის გაგრძელება რატომ ვერ შეძელით?

_ კუპონობია იყო, შიმშილობა იყო, ბათუმში ჩამოსვლა და სწავლა არ გამოდიოდა. იმასაც გეტყვით, რომ პროტესტის განცდაც გამიჩნდა, შინაგანი. ყველა ორღობეში ინსტიტუტი იყო გახსნილი, ისეთებს აქვთ უმაღლესი განათლების დიპლომები, რომ ვერც წარმოიდგენთ… “ასლანის დაცვაში” ვმუშაობდი, ასე ერქვა, თორემ ჩვენი ძირითადი საქმე აკურის ღვინის ქარხნის კურატორობა იყო.

თავდაპირველად კოსტიუმი ვიყიდე, ჰალსტუხი. გამოვეწყვე. შემდეგ, რომ დავაკვირდი, დავინახე, რომ ყველას ჩემსავით ეცვა, ჰალსტუხით დადიოდა სამი ათასი კაცი, ისეთები, რომ შემეზიზღა ეს ბუტაფორია და მას შემდეგ ჰალსტუხი არასოდეს გამიკეთებია. ასეთივე განცდა გამიჩნდა იმდროინდელი “უმაღლესი სასწავლებლების” მიმართ და წამოვედი ნოვოჩერკასკიდან.

_ ასლან აბაშიძეზე იტყვით რამეს?

_ ტყუილია, რომ ამბობდნენ, ასლანი ტირანი და კაციჭამია იყოო. მასთან ურთიერთობის თუნდაც რამდენიმე ფაქტი ამის თქმის უფლებას მაძლევს.

ამ თემაზე საუბარი, სამწუხაროდ, აღარ გაგვიგრძელებია, თუმცა საინტერესოა, რატომ შეიძლებოდა კოაბიტაცია მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ოდიოზურ პიროვნებებთან და არ შეიძლებოდა ასლან აბაშიძესთან, რომლის ჩართულობითა და მონაწილეობით, ალბათ, აქამდე გადაწყვეტილი იქნებოდა საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების უმწვავესი პრობლემა.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

P.S. უცნაური თვისება შევამჩნიე ქობულეთელებს _ ძალიან არ უყვართ სურათის გადაღება. ვერ დაითანხმებ. არც ლევან ჩიმაკაძე აღმოჩნდა გამონაკლისი. არაო.

არ დამიძალებია: ინტერნეტში მოვძებნიმეთქი. ვეძებე, ვერ ვიპოვე და ნუ დამძრახავთ.

ერთადერთი რესპონდენტი, რომელთანაც ეს პრობლემა არ შემქმნია, ქობულეთელი ქალბატონი ლუბოვ აბიკეევა იყო.

მასთან საუბარს გაზეთის მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.

..

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here