მთავარი პოლიტიკა აზერბაიჯანელების საქციელს ოკუპაცია ჰქვია

აზერბაიჯანელების საქციელს ოკუპაცია ჰქვია

ლევან ჩაჩუა: მივმართავ როგორც ამერიკის, ისე სხვა ქვეყნების საელჩოებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებენ: რატომ არ იღებთ ხმას ვანდალურ ქცევაზე, ანექსიაზე, რომელსაც აზერბაიჯანი ახორციელებს?

1478
გააზიარეთ
აზერბაიჯანელების საქციელს ოკუპაცია ჰქვია

4 ივნისს ერთერთი ასურელი მამის, დავით გარეჯელის, ხსენების დღე უნდა აღნიშნულიყო და ქართველმა მრევლმა სასულიერო პირებთან ერთად დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსს მიაშურაიქიდან დაბრუნებულებმა აღშფოთება ვერ დამალეს, ამბობდნენ, აზერბაიჯანელები ისე იყვნენ მობილიზებულნი, მცირე გადაცდომა დაისროდნენო. რა დახვდა მრევლს დავითგარეჯაში? როგორი ვითარებაა ქართველთათვის უწმინდეს უძველეს სამონასტრო კომპლექსში და რა შანსი აქვს საქართველოს აზერბაიჯანის მიერ მიტაცებული მიწის დაბრუნების _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზექართული იდეისლიდერი ლევან ჩაჩუა გვესაუბრება.

_ დავითგარეჯა ჩვენი ერის სხეულზე გახსნილი იარაა. ძალიან მიხარია, რომ დედაეკლესია პოზიციას არ თმობს. ძალიან ბევრი თანამოაზრე დავით გარეჯის ხსენების დღეს გახლდით გარეჯში, დავესწარით წირვას, საზეიმო ტრაპეზს… იქ ამბიონიდან გაკეთდა განცხადებები. მინდა აღვნიშნო, რომ წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო საპარტიარქოდან _ ოთხი მიტროპოლიტი, მათ შორის პარტიარქის მოსაყდრე შიო. მეუფეებმა განაცხადეს, რომ დავითგარეჯა თავისი სადავო ტერიტორიებიანად საქართველოს განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებით ბერთუბანსა და ჩიჩხიტურზე ისაუბრეს… მომლოცველებს იმ დღეს ტაძრებამდე მისვლის უფლება არ მოგვცეს, აქეთ ქართული ჯარი იდგა და იქით აზერბაიჯანელების სამხედრო ქვედანაყოფები.

საქართველოს ხელისუფლება მოღალატეობრივ ინტერესებს ატარებს. ყველამ ვიცით, რომ ბერთუბანი და ჩიჩხიტური მიშა სააკაშვილმა “სოკარის” ბუნებრივ აირსა და ნავთობში გაცვალა _ წელიწადში 800 მილიონ დოლარად. სააკაშვილმა, ფაქტობრივად, გაყიდა დავითგარეჯის ის მონაკვეთი, რომელიც ჩვენთვის სიწმინდეა, ხოლო აზერბაიჯანელებისთვის _ სტრატეგიული ობიექტი.

აზერბაიჯანელები ცდილობენ, თავი ალბანელებს დაუკავშირონ, თითქოს ალბანურ კულტურასთან რაიმე საერთო ჰქონდეთ. ყველასთვის ცნობილია, რომ ალბანელები დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სახლობდნენ, ისინი იყვნენ მართლმადიდებლები, ჰქონდათ დამოუკიდებელი სახელმწიფო ავტოკეფალიური ეკლესიითა და დამწერლობით. დიდი კულტურის მქონე ერმა არსებობა მე-5 საუკუნეში დაასრულა. ზუსტად ერთი საუკუნის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდნენ ასურელი მამები და “ვითარცა მარგალიტები, მოეფინნენ საქართველოს”… ერთ-ერთი იყო დავით გარეჯელი, რომელიც ჩავიდა გარეჯში, დააარსა მონასტერი, შემოიკრიბა თანამოაზრეები და ჩამოყალიბდა დიდი სამონასტრო კომპლექსი ლავრითა და სამონასტრო სავანეებით.

დღევანდელ აზერბაიჯანელებს ალბანელებთან არანაირი კავშირი არ აქვთ და მით უმეტეს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსს. ილჰამ ალიევს სურს, თავისი ქვეყნის წარსული ალბანეთს დაუკავშიროს, რაც ტყუილი და თაღლითობაა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მხრიდან. ალბანელების აზერბაიჯანელებთან კავშირს მსოფლიოში არც ერთი მეცნიერი არ აღიარებს.

ჩვენი მოღალატე წინა ხელისუფალის _ სააკაშვილისა და შემდეგ უკვე ივანიშვილის, ასე ვთქვათ, ძალისხმევით ბერთუბანსა და ჩიჩხიტურს სერიოზული პრობლემა შეექმნა. ივანიშვილი სააკაშვილის დატოვებულ შემოსავალს თავდაპირველად ხელს არ ჰკიდებდა, მაგრამ, როგორც ჩემთვის შეიქნა ცნობილი სასულიერო პირებისგან, _ გვარსა და სახელს ვერ დავასახელებ, _ ორი წლის თავზე ივანიშვილმაც მოჰკიდა ხელი, რამაც მწვანე შუქი აუნთო აზერბაიჯანელებს და ახლა თამამად იჩემებენ ამ ტერიტორიას.

წარმოუდგენელი რაოდენობის აზერბაიჯანული პოლიცია დგას ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მისადგომებთან. გარეჯობის დღესასწაულზე, სადაც ჯერ კიდევ ჩვენი ტერიტორიაა, ქართველების თითქმის ყველა ძალოვანი სტრუქტურის ქვედანაყოფი იყო მობილიზებული, ალბათ, იფიქრეს, მომლოცველები პროვოკაციას მოვაწყობდით და აზერბაიჯანელ სამხედროებთან კონფლიქტში შევიდოდით.

დავითგარეჯა ჩვენია და მას ქართველი არასდროს არ დათმობს _ ეს უნდა იცოდეს სააკაშვილმაც, ივანიშვილმაც და ალიევმაც. ქართველი დავითგარეჯას არანაირ ბუნებრივ აირს, ნავთობსა და ფულს არ გადააყოლებს.

_ ამბობთ, არ დავთმობთ გარეჯასო, მაგრამ რა დგას ამ სიტყვების უკან, რა გეგმა გაქვთ, რას მოიმოქმედებს ხალხი?

_ აზერბაიჯანელებმა საქართველოს ტერიტორიის ანექსია განახორციელეს, მათ სამხედრო ნაწილები ჩააყენეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ამას ოკუპაცია ჰქვია. ასეთი რამ რუსეთს არ ჩაუდენია, ჩვენ რუსეთთან ვიომეთ და ომში დავმარცხდით, მაგრამ აზერბაიჯანის შემთხვევაში კაპიტულაცია გამოვაცხადეთ.

რასაც ახლა ვლაპარაკობ, არ არის ორ მეზობელ ერს შორის დაძაბულობის შეტანის მცდელობა, აქ ერი არაფერ შუაშია, თუმცა, ეს გამყიდველი და მოღალატე ხელისუფლება პრობლემის ამ ჭრილში წარმოჩენას ცდილობს. ტერიტორიებზე დავა ორ ერს შორის არ ხდება, ეს ხელისუფლებების გადაწყვეტილებაა და ეს უნდა იცოდეს ყველამ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეკლესია და ერი დავითგარეჯას არასოდეს არ დათმობს, მაგრამ ამაში არ იგულისხმება ორ ერს შორის კონფლიქტის გაღვივება, ვინც ასე ფიქრობს, მოღალატეა.

ქართველ ხალხს საქმე არ გვაქვს აზერბაიჯანსა და მის პრეზიდენტთან, რომელიც თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მას სტრატეგია და გეგმა აქვს _ ყიდულობს და ხელში იგდებს მისთვის ხელსაყრელ ობიექტებს. ასე იქცევა ნებისმიერი ხელისუფალი, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს, მაგრამ რას სჩადიან ჩვენი მოღალატე ხელისუფალნი ფულის გამო, შავი ფულის გამო?! რასაც ესენი სამშობლოს უკეთებენ, ღალატია. ხელისუფლება, რომელიც ფულის გამო თავისი ქვეყნის სტრატეგიულ, კულტურულ ტერიტორიას თმობს, დაისჯება. დადგება დრო, ხელისუფლების წარმომადგენლებს ეს ბრალი დაუმტკიცდებათ და სამუდამო პატიმრობა არ ასცდებათ.

_ თუკი ორი სახელმწიფო შეთანხმდა, რისი უფლება აქვს საპატრიარქოს? მართალია, სასულიერო პირები დღესასწაულებზე ჩადიან, მაგრამ ახლა იქ საქართველოს საჯარისო ნაწილებიც დახვდნენ, როგორც თქვენ ბრძანებთ, ქართველ სამართადამცავებს მომლოცველების მხრიდან პროვოკაციის შეეშინდათ და ჯარი დააყენეს მონასტერთან. როგორ მოიქცნენ მიტროპოლიტები?

_ საპატრიარქოსა და მიტროპოლიტებს შეუძლიათ, ხალხს სიმართლე უთხრან და მოუწოდონ ყველას, რომ არ შეიძლება იმის დათმობა, რაც სიწმინდედ ითვლება. საპატრიარქოსა და ჩვენი უწმინდესის პოზიცია უნდა იყოს გზავნილი ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელმაც, თავის მხრივ, უნდა აწონდაწონოს ყველაფერი და გადაწყვიტოს _ გვინდა კი ჩვენ ისეთი პოლიტიკოსები ხელისუფლების სათავეში, რომლებიც ერის სიწმინდეებს ყიდიან; უნდა მართავდენენ თუ არა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას სიწმინდეების გამყიდველი პოლიტიკოსები. მოახლოებული არჩევნების წინ სწორედ ამაზე უნდა დავფიქრდეთ და გამყიდველ, მოღალატე პოლიტიკოსებს უარი ვუთხრათ. ამ საქციელით ყველას გავაგებინებთ, რომ ქართველი არასოდეს არაფრის სანაცვლოდ არ დათმობს თავის სულიერ საძირკველს, თავის კულტურულ წარსულს. მოღალატე პოლიტიკოსებისთვის არჩევნებში უარის თქმით მივახვედრებთ დღეს არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ სამშობლო არ იყიდება.

_ საქართველოს თავდაცვის მინისტრი კორონავირუსის პანდემიამდე აზერბაიჯანში იყო ჩასული და ილჰამ ალიევს მადლობებს უხდიდაპირადად მე რამდენიმე პოლიტოლოგთან ჩავწერე ამ ფაქტის შემდეგ ინტერვიუ და ვერც ერთმა ვერ ახსნა, რისთვის გადაიხადა მადლობა ირაკლი ღარიბაშვილმა.

_ თავდაცვის მინისტრი ღარიბაშვილი რისთვის იხდიდა მადლობას, მეც ვერ გავარკვიე. წარმოდგენა არ მაქვს, რისთვის უნდა გადაუხადო იმ ქვეყნის პრეზიდენტს მადლობა, რომელმაც შენი ქვეყნის ტერიტორიის ანექსია მოახდინა. თუმცა, აქვე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს არაფერს ვერჩი, ის თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

სიმართლე გითხრათ, უკვე არც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისგან მიკვირს რამე, რადგან მას კარგად ვიცნობ. გამკვირვებია, იმ .. სტრატეგიული, ევროპელი პარტნიორებისა, რომლებიც განცხადებას განცხადებაზე აკეთებენ რუსეთის წინააღმდეგ და ხმას არ იღებენ აზერბაიჯანის ქმედებებზე. ისინი ხომ ხედავენ, რომ ღიად, უბრძოლველად ხდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია?!

_ რატომ არ იღებენ ევროპელი და ამერიკელი .. პარტნიორები ხმას?

_ სწორედ ამ შეკითხვით მივმართავ თქვენი გაზეთის საშუალებით როგორც ამერიკის, ისე სხვა ქვეყნების საელჩოებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებენ: რატომ არ იღებთ ხმას ვანდალურ ქცევაზე, ანექსიაზე, რომელსაც აზერბაიჯანი ახორციელებს? თუკი ჩრდილოეთიდან გავლებულ მავთულხლართებს ხედავთ, რატომ ვერ ხედავთ ქართული სიწმინდეების _ ჩიჩხიტურისა და ბერთუბნის _ აზერბაიჯანის მიერ ოკუპაციას? ამ ტერიტორიებზე აზერბაიჯანს უკვე ჩაყენებული ჰყავს საჯარისო ფორმირებები, თუმცა ეს ტერიტორია საქართველოს ეკუთვნის, აზერბაიჯანის საქციელი არღვევს გაეროსა და ყველა საერთაშორისოდ აღიარებულ კონვენციას.

ქართველი ხალხი არ ცდილობს მეზობელ აზერბაიჯანთან კონფლიქტის გაღვივებას, ჩვენ პრეტენზია გვაქვს ხელისუფლებებთან.

ქართველი დავითგარეჯის დაკარგვას არასოდეს არ შეეგუება!

_ რა შთაბეჭდილებით წამოხვედით გარეჯიდან დავით გარეჯის ხსენების დღეს?

_ ძალიან ცუდი ვითარებაა, მაგრამ, კიდევ კარგი, რომ იქ ბერები არიან და მესაზღვრეებივით იცავენ დარჩენილ ტერიტორიას. რომ არა ბერები, დარწმუნებული ვარ, ეს მოღალატე ხელისუფალნი მთლიანად მიყიდდნენ აზერბაიჯანს დავითგარეჯის მონასტერს. ესენი ხომ ფულის გამო სინდის-ნამუსს ყიდიან. იუდები არიან, მეორე იერუსალიმად წოდებული დავითგარეჯა, მონასტერი, სადაც 6 ათასი ბერი აწამა შაჰ-აბასმა, მის პირდაპირ მემკვიდრეებს მიჰყიდეს, მიჰყიდეს ქართველი მამების სისხლით მორწყული მიწა.

ხელისუფლების წარმომადგენლები წინათ ტაძრებში მაინც იდგნენ; ურცხვად, მაგრამ მაინც იდგნენ, მაგრამ ახლა ეს ბარიერიც გადალახეს, რადგან, ალბათ, დისკომფორტს უქმნიდათ ტაძარში დგომა და უკვე ტაძრებშიც აღარ მიდიან. ჩვენდა სამარცხვინოდ, გვყავს ხელისუფლება, რომლის არც ერთი წარმომადგენელი არ ჩასულა გარეჯაში უდიდესი წმინდანის ხსენების დღეს. იქ იყვნენ მიტროპოლიტები, ხელისუფლებიდან კი ყველაზე დაბალი “ჩინოვნიკიც” კი არ მოავლინეს. საქართველოს მოღალატე პოლიტელიტა ჰყავს, წასულებიც და მოსულებიც ერთი მედლის ორი მხარეა.

კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გაზეთით მივმართავ ქართველ ხალხს: გააანალიზეთ ყველაფერი და მომავალ არჩევნებში უარი უთხარით მოღალატეებს, უარი უთხარით, მიუხედავად იმისა, რა სიკეთეებს დაგპირდებიან.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here