Home რუბრიკები პოლიტიკა ავღანური მარყუჟი

ავღანური მარყუჟი

“თალიბანის” გამარჯვებიდან “თალიბანის” გამარჯვებამდე

455

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

ოცდამეათე გამოშვება

ამერიკაში აღარაფერი მესაქმება. იქ არ დავბრუნდები, პრეზიდენტად თვით იესო ქრისტე რომ მოგვევლინოს!”

ჩარლი ჩაპლინი

ჩვ.. აღრიცხვამდე 332-29 წლებში ალექსანდრე მაკედონელი ბაქტრიასა (თანამედროვე ავღანეთი) და სოგდიანაში (თანამედროვე უზბეკეთი და ტაჯიკეთი) შეიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორიები დაიპყრო, მან ცნობილი აზრიც გამოთქვა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია: “ამ ქვეყნებში შესვლა ადვილია, გამოსვლაა ძნელი”. იმხანად მაკედონელი ინდოეთში გასასვლელს ეძებდა, არაბეთის ნახევარკუნძულის დასაპყრობად ემზადებოდა და თანამედროვე ავღანეთის ტერიტორია ამ დიდი ლაშქრობებისთვის გეოგრაფიულ და სტრატეგიულ გასაღებად წარმოედგინა.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და, როგორც იტყვიან ხოლმე, ბევრმა წყალმაც ჩაიარა, მაგრამ ავღანეთს გეოგრაფიული და სტრატეგიული მნიშვნელობა არ დაუკარგავს, პირიქით…

1978 წლის 27-28 აპრილს ავღანეთში მოხდა რევოლუცია, რომელმაც დაამხო პრეზიდენტი დაუდი. პოდპოლკოვნიკ აბდულ კადირის მეთაურობით ძალაუფლება ხელში სამხედროებმა ჩაიგდეს. 29 აპრილს ჩამოყალიბდა რევოლუციური საბჭო, რომელმაც ქვეყნის სათავეში პრემიერმინისტრი ნურ მუჰამედ თარაკი მოიყვანა, ქვეყანას კი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკა ეწოდა. ახალი რესპუბლიკა არამხოლოდ საბჭოთა კავშირმა და სოციალისტური ბანაკის წევრმა სახელმწიფოებმა, არამედ მსოფლიოს მრავალმა სახელმწიფომ აღიარა… ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერთა სოციალისტური მიმართულება და პროსაბჭოური ორიენტაცია თვალში ეკლად და გულში ლახვრად ესობოდა ბურჟუაზიულ დასავლეთს. პრობლემებიც აქედან დაიწყო…

დასავლეთმა დაიწყო ავღანეთში საკუთარი გავლენების გაძლიერება და არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებების ჩამოყალიბება, რომლებიც მზად იყვნენ, შესაბამისი ანაზღაურების საფასურად ნებისმიერი დაკვეთა შეესრულებინათ. სათავე დაედო რევოლუციური იდეალებისგან ფართო მასების სწრაფი გაუცხოების პროცესს, რომელიც დასავლეთმა ფორსირებულად წაახალისა. აპრილის რევოლუცია საფრთხის წინაშე დადგა. 1979 წლის 16 სექტემბერს თარაკი თანამდებობიდან გადააყენა ჰაფიზულა ამინმა, რომელიც რევოლუციურ საბჭოს ხელმძღვანელობდა და თარაკის თანამებრძოლი იყო. ამინი პირადი დიქტატურის დამყარების გზით წავიდა. იგი შეეცადა, გაძლიერებული რეპრესიების გაძლიერებით მოეხდინა მის ხელში ძალაუფლების კონცენტრაცია, მაგრამ 1979 წლის 27 დეკემბერს ამინის ფიზიკური ლიკვიდაცია მოხდა, რის შემდეგ ხელისუფლებისკენ გზა ბაბრაქ ქარმალს გაეხსნა. იქამდე ორი დღით ადრე ავღანეთში საბჭოთა სამხედრო კონტინგენტის შეყვანა დაიწყო. საბჭოთა არმიის შეზღუდული კონტინგენტის ამოცანას თავიდან სახელისუფლო შეიარაღებული ძალების გაძლიერება წარმოადგენდა, მაგრამ როგორიც უნდა ყოფილიყო მოტივი, თვითონ ფაქტი ავღანეთის ტერიტორიაზე საბჭოთა სამხედროების შესვლისა ერთნაირად მიუღებელი იყო, როგორც დასავლეთისთვის, აგრეთვე, იმ შიდა პოლიტიკური თუ შეიარაღებული ფორმირებებისთვის, რომლებზეც დასავლეთს გავლენა ჰქონდა. ავღანეთში საბჭოთა სამხედრო კონტინგენტის წინააღმდეგ უზარმაზარი ფრონტი გაიშალა. ქარმალი დათმობებზე წავიდა. მან საპყრობილეებიდან 15 ათასი პატიმარი გაათავისუფლა. უარი თქვა წითელ დროშაზე, რომელიც, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, ბევრს აღიზიანებდა. 1980 წელს კი სახელმწიფოს კონსტიტუციიდან სოციალიზმის ცნება საერთოდ ამოიღო და რელიგიის მნიშვნელობაც გაზარდა, მაგრამ ეს ღონისძიებები ვითარებას ვერ ცვლიდა. სამოქალაქო დაპირისპირების წანამძღვრები რაკი არსებობდა და მექანიზმებიც ამოქმედებული იყო, მისი შეჩერება ვერ ხერხდებოდა…

1986 წელს ავღანეთის სახალხო-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის მე-18 პლენუმმა ბაბრაქ ქარმალი ჩაანაცვლა მუჰამედ ნაჯიბულათი. ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც საბჭოთა კავშირის ხელისუფლების სათავეში მიხეილ გორბაჩოვი იმყოფება და ე.წ. გარდაქმნა, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ საბჭოთა სახელმწიფოს დასანგრავად წამოწყებული ვერაგული პოლიტიკური ოპერაცია იყო, დაწყებულია. იმხანად აშშის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს თავისი აგენტები ჰყავდა საბჭოთა კავშირის იდეოლოგიის შეფის (ალექსანდრე იაკოვლევი) და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის (ედუარდ შევარდნაძე) თანამდებობებზე. ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც ავღანური სოციალიზმი კი არა, საბჭოთა სოციალიზმი და თვით საბჭოთა კავშირია გადასარჩენი, მაგრამ მხსნელი ძალა არ ჩანს. ბაბრაქ ქარმალის მუჰამედ ნაჯიბულას პერსონით ჩანაცვლებაც, ალბათ, საბჭოთა კავშირში მოახლოებული პოლიტიკური წარღვნის თანმხლები მოვლენა იყო, რომელსაც ამ წარღვნისთვის კიდევ უფრო დამანგრეველი ძალა უნდა მიენიჭებინა.

1987 წლის 2 ივლისს ავღანეთში ამოქმედდა ახალი კანონი პარტიების შესახებ, რომლის საფუძველზეც მიიღეს ახალი კონსტიტუცია და ნაჯიბულა ქვეყნის პრეზიდენტად გამოცხადდა (შეადარეთ ეს მოვლენა 1990 წლის 15 მარტს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ მიხეილ გორბაჩოვის საბჭოთა კავშირის პრეზიდენტად დამტკიცებას. მმართველი პარტიის როლის დაკნინება, როგორც კლასიკური კომუნისტური სახელმწიფოების რღვევის საფუძველი, ჯერ ავღანეთში იქნა აპრობირებული, შემდეგ კი წარმატებით გამოიყენეს საბჭოთა კავშირში). სახელმწიფოს სათავეში ნაჯიბულას მოსვლის შემდეგ დაიწყო კომპრომისების ძიება შეიარაღებულ ოპოზიციასთან. რაც მთავარია, დემოკრატიზაციის სახელით დაიწყო სოციალისტური სისტემისთვის ჩაყრილი საფუძვლების განადგურება. აგრარული რეფორმა ჩაიშალა. დაუშვეს მიწაზე კერძო საკუთრება. ერთი სიტყვით, ავღანეთში წინსწრებით დაიწყო ყველა ის პროცესი, რომლებიც ხელისუფლებაში გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ საბჭოთა კავშირში დაიწყო, თუმცა ამ პროცესებს არც საბჭოთა კავშირსა და არც ავღანეთში არ ერქვა ნამდვილი სახელი _ სახელმწიფოს ნგრევა.

1987 წლიდან ავღანეთის ტერიტორიაზე შეიარაღებულმა შეტაკებებმა უფრო სასტიკი ხასიათი მიიღო. 1988 წლიდან იწყება საბჭოთა შეიარაღებული კონტინგენტის გამოყვანა ავღანეთის ტერიტორიიდან, მაგრამ, როგორც ყველაფერი იმ პერიოდის საბჭოთა კავშირში, ესეც გაურკვევლობის საბურველში იყო გახვეული. გაუგებარი რჩებოდა, რას ემსახურებოდა საბჭოთა სამხედრო კონტინგენტის სასწრაფოდ გამოყვანა ავღანეთის ტერიტორიიდან. საქმე ის იყო, რომ იმ ამოცანის შესრულება, რომლისთვისაც სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში შეიყვანეს, გარდაქმნის დაწყების შემდეგ საბჭოთა კავშირში აღარავის სჭირდებოდა, რადგან სახელმწიფოს გეოპოლიტიკური სტრატეგია იცვლებოდა. ავღანეთი, როგორც აზიის ცენტრალური ტერიტორია და მთლიანი რეგიონის ერთერთი გასაღები, საბჭოთა კავშირის გასაძლიერებლად თუ იყო საჭირო, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ თავად დაიწყო მიზანმიმართული მუშაობა საკუთარი სახელმწიფოს დასასუსტებლად და, საბოლოო ჯამში, მის დასაშლელად, რა თქმა უნდა, იგი საბჭოთა კავშირის ინტერესებს მიღმა რჩებოდა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ავღანეთი გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას კარგავდა. ეს მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ ამიერიდან ავღანეთისთვის ბრძოლას დასავლეთი დაიწყებდა

საბჭოთა ჯარი, რომელიც ტოვებდა ავღანეთს, მისი იქ ყოფნის პერიოდში მაინც დადებით მისიას ასრულებდა და ხელისუფლების განსამტკიცებლად მრავალ წარმატებულ ოპერაციას ახორციელებდა. მიუხედავად ამისა, ქვეყანა სისხლისგან იცლებოდა, ამის მთავარი შედეგი იყო ის, რომ 1990 წლის ზაფხულში ავღანეთის სახალხო დემოკრატიულ პარტიას სახელი შეეცვალა და “ვატანი” (“მამული”) ეწოდა, რომელმაც მთლიანად განაცხადა უარი კომუნისტურ იდეოლოგიაზე. 1992 წელს მოჯაჰედების მხარეს გადავიდა 53-ე ქვეითთა დივიზია, რომელსაც აბდულ რაშიდ დუსტუმი მეთაურობდა. 1992 წლის 28 აპრილს ღამით დუსტუმისა და საველე მეთაურ ახმად მასუდის შენაერთები უბრძოლველად შევიდნენ ქაბულში, რითაც ავღანეთის კომუნისტური სისტემაც და ნაჯიბულას მმართველობაც ერთდროულად დასრულდა.

რას ნიშნავდა ავღანელი ხალხისთვის რამდენიმეწლიანი სოციალიზმი ან რა გაკეთდა ავღანეთში კომუნისტური მმართველობისა და საბჭოთა სამხედროების ყოფნის პერიოდში? თვალის ერთი გადავლებითაც კი ნათელი ხდება ის რევოლუციური ნახტომი, რომელიც ქვეყანაში სოციალისტურ მმართველობას თუნდაც სამოქალაქო ომისა და შეიარაღებული დაპირისპირების პირობებში მოჰყვა:

* 1978-1982 წლებში ქვეყანაში აშენდა 249 სამრეწველო საწარმო;

* მუშათა მინიმალური ანაზღაურება გაიზარდა 40-50 პროცენტით;

* საბჭოთა სპეციალისტებმა ქაბულსა და ხაირათონში 1985 წელს ააშენეს სამი ავტოქარხანა, რომლებიც უშვებდნენკამაზებს”;

* 1988 წელს ქაბულში გაიხსნა საწარმო, რომელიც აწარმოებდა ველოსიპედებს წელიწადში თხუთმეტი ათასი ცალის ოდენობით;

* 1978 წლის 12 ივნისს მიიღეს დეკრეტი, რომლის ძალითაც გაუქმდა გლეხების დავალიანება მსხვილ მიწათმფლობელთა წინაშე. თერთმეტი მილიონი გლეხი გათავისუფლდა გადასახადისგან, რომელიც მათ სულს უხუთავდა;

* 1978 წლის 28 ნოემბერს მიიღეს დეკრეტი მიწის რეფორმის შესახებ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში გაუქმდა მიწის მფლობელობის ფეოდალური სისტემა. იმავე დეკრეტით, მთელ ქვეყანაში ჩამოყალიბდა მანქანატრაქტორთა სადგურები, რაც წმინდა წყლის სოციალისტურ მოვლენას წარმოადგენდა და უდიდესი ნახტომი იყო ქვეყნის სწრაფი ტემპით განვითარებისკენ;

* 1982 წლის იანვარში მიღებულიქნა დეკრეტი წყლის შესახებ, რომლის მიხედვით წყალი გამოცხადდა ნაციონალურ საკუთრებად და გაუქმდა წყალზე დაწესებული გადასახადი. წყალი გახდა უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომი;

* 1982 წლის მაისში ამუშავდა ირიგაციისა და გასარწყავების სისტემა, რომლის მშენებლობასაც საბჭოთა კავშირის მონაწილეობით ჯერ კიდევ 1961 წელს ჩაეყარა საფუძველი. შეიქმნა ირიგაციის სამინისტრო;

* 1979 წელს შეიქმნა ბინათმშენებლობისა და ინფრასტრუქტურული მოწყობის პროგრამა;

* 1979-86 წლებში საბჭოთა კავშირის დახმარებით ქვეყანაში 1000 კმზე მეტი გზა დაიგო, აშენდა 100 მეტრზე მეტი სიგრძის 8 ხიდი, დაიწყო სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა, შეიქმნა საბჭოთა და ავღანური ერთობლივი სატრანსპორტო კომპანიაСоюз ТМ-6”, ჩეხოსლოვაკიიდან შემოიყვანეს 1500-ზე მეტი სატვირთო ავტომობილიტატრა”, მსხვილ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში მოძრაობა დაიწყეს ტროლეიბუსებმა.

* 1980 წლიდან ქვეყანაში ამოქმედდა უცოდინრობისა და გაუნათლებლობის ლიკვიდაციის (ქალაქად 9-წლიანი და სოფლად 11-წლიანი) პროგრამა;

* 1988 წელს ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი, ავღანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კაპიტანი აბდულ მომანდი მონაწილეობდა კოსმოსურ ფრენაში ხომალდზე “Ñრბზ ÒÌ-6”. შვიდი დღის განმავლობაში მისი მონაწილეობით გაკეთდა ავღანეთის ტერიტორიის ათობით ფოტოგადაღება, რამაც პირველად ქვეყნის ისტორიაში შესაძლებელად აქცია კარტოგრაფიული ატლასის შექმნა. ავღანეთის პირველ და ჯერჯერობით ბოლო კოსმონავტს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

ეს არის მცირე ჩამონათვალი სოციალისტური ავღანეთის მიღწევებისა, რომლებიც საბჭოთა კავშირის თანადგომითა და ხელშეწყობით ხორციელდებოდა, მაგრამ, რასაც, სამწუხაროდ, ბოლომდე მიყვანა არ ეწერა.

გასათვალისწინებელია, რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა სამოქალაქო ომისა და სამხედრო დაპირისპირების ვითარებაში. 1979-1987 წლებში განაღმეს 10 000 კმ გზა, ამოიღეს 30 000-ზე მეტი ნაღმი და სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა. 1983 წლის მონაცემებით, დუშმანებმა გაანადგურეს ქვეყანაში არსებულო სკოლებისა და საავადმყოფოების 50 პროცენტზე მეტი, სახელმწიფო ავიატრანსპორტის 14 პროცენტი, კავშირგაბმულობის ხაზების სამი მეოთხედი. დუშმანები მოქმედებდნენ ღია ტერორით. ისინი კეტავდნენ გზებს, უსაფრდებოდნენ და თავს ესხმოდნენ მათ, ვინც სამუშაოდ გადიოდა, წვავდნენ სოფლებს, ანადგურებდნენ ინფრასტრუქტურას, აწესებდნენ ფულად ჯილდოს მათთვის, ვინც ავღანეთის სახალხო-დემოკრატიული პარტიის წევრს მოკლავდა. ნადირობას აცხადებდნენ მმართველი პარტიის არამხოლოდ ოჯახის წევრებზე, არამედ ნათესავებზეც კი.

მიუხედავად ამ კოშმარული სიტუაციისა, საბჭოთა კავშირი შუა საუკუნეების ფეოდალურ წყვდიადში ჩარჩენილსა და ტერორიზმის წუმპეში აღმოჩენილ ავღანეთს სოციალისტური აღმშენებლობის პერსპექტივას უხსნიდა. საბჭოთა კავშირი ამაში, მართალია, თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებს აქსოვდა, მაგრამ ავღანელი ხალხისთვის, მთლიანად აზიის კონტინენტისთვისა და მსოფლიოსთვისაც ამას სიკეთის მეტი არაფერი მოჰქონდა. ბოროტება მეორე მხარეს იდგა, ანუ ბოროტება აშშ-ში იყო, სადაც ყოველივე ამის ალტერნატიული სცენარი იწერებოდა, რაც საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის ნგრევას გულისხმობდა, რაც ავღანელი ხალხისთვის სოციალისტური ნათელი მომავლის წართმევას და მსოფლიოს დაპყრობის მოსურნე ძალების ხელში ტერორისტულ ინსტრუმენტად გადაქცევას გულისხმობდა. გორბაჩოვისა და მისი გუნდის მიერ საბჭოთა კავშირში ჩადენილი გაუგონარი ღალატის შედეგად ავღანეთის სოციალისტური რევოლუცია ჩაფლავდა და ქვეყანაში სრულიად საპირისპირო პროცესები დაიწყო

1989 წელს ავღანეთიდან საბჭოთა ჯარის გამოსვლის შემდეგ სამოქალაქო ომმა ახალი ძალით იფეთქა. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში საველე მეთაურებმა შექმნეს .. ჩრდილოეთის ალიანსი. 1992 წელს ისინი ქაბულში შევიდნენ და ავღანეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა. იმხანად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ძალას იკრებდა მოძრაობათალიბანი”. ამ მოძრაობის წევრები ეროვნებით პუშტუნებს წარმოადგენდნენ. მათ თავი ავღანელი ხალხის ინტერესების დამცველებად გამოაცხადეს, მიზნად კი შარიათის კანონებზე დამყარებული ავღანეთის ისლამური სახელმწიფოს მშენებლობა დაისახეს. 1996 წლიდან, მას შემდეგ, რაც მუჰამედ ნაჯიბულა სიკვდილით დასაჯეს, ხოლო ჩრდილოეთის ალიანსი რამდენიმე პროვინციაში შერეკეს, “თალიბანიავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიას აკონტროლებდა. თალიბები გამოირჩეოდნენ რელიგიური შეუწყნარებლობით, ტერორისტული სულისკვეთებითა და სისასტიკით. ქალთა უფლებების სრული იგნორირება, ქურდობისთვის მკლავის მოკვეთა და ყველა სხვა აღმსარებლობის დაუნდობელი დევნა მათი სავიზიტო ბარათი იყო. ამავე პერიოდიდან იწყება ნარკოტიკების წარმოების მასშტაბური ზრდა

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ აშშ-ს ავღანეთში შეჭრის საბაბი გაუჩნდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ტერორი ავღანეთში დაიგეგმა, რომ “თალიბანმა” უსამა ბენ ლადენს თავშესაფარი მისცა და ა.შ. ბრაზილიელი ჟურნალისტის, პეპე ესკობარის, ინფორმაციით, აშშ-ის ავღანეთში შეჭრის მთავარი მოტივი ტრანსავღანური მილსადენის (თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთი) გაყვანაზე “თალიბანის” უარი იყო იმ პირობებით, რომლებსაც ამერიკელები აყენებდნენ… პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს იმის დადგენას, რა მოტივით ხელმძღვანელობდნენ ამერიკელები, როდესაც ავღანეთში შეჭრის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდნენ, ფაქტია, რომ მოტივს ისინი ნებისმიერ შემთხვევაში გამოძებნიდნენ.

ამერიკელთა სამხედრო ოპერაციის შედეგად (“დაუმარცხებელი თავისუფლება”) “თალიბანისრეჟიმი დამარცხდა, მაგრამ ის არ განადგურებულა. მისი ერთი ნაწილი მთებში გაიხიზნა, მეორე ნაწილმა კი პარტიზანულ ომს მიჰყო ხელი ავღანეთისა და პაკისტანის ტერიტორიაზე. “თალიბანისრეჟიმის დაცემის შემდეგ, 2001 წელს, გამოცხადდა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა, რომლის პრეზიდენტად არჩეულიქნა ხამიდ კარზაი, 2014 წელს ის აშრაფ განიმ შეცვალა

ოცი წელიწადი იომეს აშშ-მა და ნატომ ავღანეთში. ეს იყო ყველაზე უაზრო ომი ომების ისტორიაში, ვინაიდან ეს აღმოჩნდა ომი “თალიბანის” პირველი გამარჯვებიდან “თალიბანის” მეორე გამარჯვებამდე;

ეს იყო ყველაზე თაღლითური ომი ომების ისტორიაში, ვინაიდან ეს იყო აშშის სამხედრო უწყების ომი საკუთარი ხალხის მოსატყუებლად და ბიუჯეტის გასაძარცვად.

ცნობილია, რომ ყველაზე მეტს იქ იპარავენ, სადაც ყველაზე მეტი ფულია. აშშის სამხედრო ბიუჯეტი კოლოსალურია. იგი აღემატება დანარჩენი მსოფლიოს სამხედრო ბიუჯეტებს, თითქმის ერთად აღებულს. რაში იხარჯება ეს ასტრონომიული თანხები? ბუნებრივია, რომ მსოფლიოს დაპყრობაზე მეოცნებე სახელმწიფო შეიარაღებაზე დიდ თანხებს დახარჯავს, მაგრამ პენტაგონი დაემსგავსა უძირო ორმოს, რომლის ამოსავსებად უფრო მეტი თანხები იხარჯება, ვიდრე უშუალოდ შეიარაღებისა და სამხედრო ოპერაციებისთვის. ამჟამად, აშშ-ის კონგრესის სპეციალური კომისია სწავლობს ავღანეთის ოცწლიან ომში ამერიკელი ხალხის მიერ გაწეულ ხარჯებს.

_ როგორც აქამდე ჩატარებულმა შემოწმებებმა აჩვენა, აშშის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომი ქვეყნის ბიუჯეტისთვის შავ ხვრელად იქცა, _ აცხადებენ ამერიკელი ექსპერტები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. საქმე იქამდეც მივიდა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ვერც დაასახელა, რა თანხა დაიხარჯა ავღანეთის ოცწლიან ოპერაციაზე. მის მიერ დასახელებული თანხები ტრილიონიდან ორ ტრილიონამდე მერყეობდა.

ეს საკითხის ერთი მხარეა. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მსოფლიოზე გაბატონების ამერიკულმა პოლიტიკამ შეიწირა ავღანელი ხალხის უფლება, იცხოვროს მშვიდ გარემოში, ჰქონდეს შრომისა და დასვენების ადამიანური პირობები და ვითარდებოდეს. ამერიკელებმა მოახერხეს, რომ ავღანელ ხალხს სოციალურად სამართლიანი საზოგადოებრივი სისტემის ნაცვლად, რომლის მშენებლობაც ორმოცი წლის წინათ იყო დაწყებული, ხელში ტერორისტულ-ბანდიტური სახელმწიფო შერჩენოდა, რომელიც მომავლის ნაცვლად წარსულისკენაა ორიენტირებული, სიკეთის ნაცვლად ბოროტებითაა გამსჭვალული და, რომელსაც სიყვარულის ნაცვლად სიძულვილი ამოძრავებს. ეს _ საზოგადად. კონკრეტულად კი, ამერიკელებმა, შეიძლება, მათ მიერ სირიაერაყის ტერიტორიაზე წამოწყებული ტერორისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბების გეოპოლიტიკური ექსპერიმენტი ახლა ავღანეთის ტერიტორიაზე გაიმეორონ. არ არის გამორიცხული, რომ მათ სწორედ ამისთვის დასჭირდათ იმ ვერაგული სცენარის გათამაშება, რომელიც ავღანეთიდან თვალთმაქცურ გაქცევასა და ამ ხერხით თალიბანისთვის 90 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების თანამედროვე შეიარაღების დატოვებაში გამოიხატა.

.., პენტაგონმა ავღანეთში ოცწლიანი ომის საბაბით ჯერ საკუთარი ხალხი და ბიუჯეტი ძარცვა, ასეულობით მილიარდი მიითვისა, შემდეგ კი, ნაცვლად იმისა, რომ ეს სახელმწიფო გაჭირვებიდან ამოეყვანა, იგი ტერორისტებს შეაჩეჩა ხელში და, მათთან ფარული გარიგების გზით, რეგიონში დესტაბილიზაციის უდიდესი საფრთხე შექმნა. ამ ვერსიის ხელაღებით უარყოფა შეუძლებელია. მით უმეტეს, რომ, როგორც უკვე ვთქვი, აშშ-მა ტერორიზმი, დიდი ხანია, რაც საკუთარ საბრძოლო არსენალში შეიტანა. ე.წ. ისლამური სახელმწიფოს შექმნაში დონალდ ტრამპმა პრეზიდენტი ობამა და ჰილარი კლინტონი დაადანაშაულა. თვითონ ობამას ეს ბრალდება არ უარუყვია. მან მხოლოდ ეს განაცხადა: “ისლამური სახელმწიფოერაყშიალქაიდასპირდაპირი მემკვიდრეა, რომელიც ამ ქვეყანაში ჩვენი შეჭრის შედეგად ჩამოყალიბდა”.

დღეს ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ რუსეთის პრეზიდენტიც კი “თალიბანის” ხელისუფლების აღიარებას და მასთან თანამშრომლობას აღარ გამორიცხავს, ვინაიდან ავღანეთის ხელისუფლებაში ამ ორგანიზაციის მოსვლა უკვე ფაქტია, რომელსაც ახლა წინ ვერაფერი აღუდგება. ლაპარაკობენ იმის შესახებაც, რომ რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ამერიკელებს ავღანეთიდან გაქცევის გარდა ყველა გზა მოჭრილი ჰქონდათ. მე მაინც იმ აზრისკენ ვიხრები, რომ ავღანეთში ამერიკელებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ვირეშმაკობა ჩაიფიქრეს, რომელიც კიდევ ერთი ტერორისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში გამოიხატება, რომელმაც ცენტრალური აზიის მხრიდან რუსეთის საზღვრებთან დესტაბილიზაციის კერები უნდა გააჩინოს. პუტინი, ალბათ, გზებს ეძებს, როგორ მიუბრუნოს ამერიკელებს თავიანთივე ვირეშმაკობა ბუმერანგის ეფექტით ისევე, როგორც სირიიდან მიუბრუნაისლამური სახელმწიფოთიმანიპულაცია და ვირეშმაკობა. განა ამერიკელთა ვირეშმაკობაზე არ მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი აშრაფ განი მშვიდად წავიდა ქვეყნიდან და ხელს, სულ რაღაც, 169 მილიონი დოლარი გააყოლა?!

აბსოლუტურად მართალი იყო ჩარლი ჩაპლინი, როდესაც იმ სიტყვებს წარმოთქვამდა, რომლებიც ამ სტატიას ეპიგრაფად წარვუმძღვარე. აშშ ხელისუფლებათა ცვლა ვერაფერს უშველის, რადგან ამ ქვეყნის პრეზიდენტად მაცხოვარი არ მოვა. ამ ქვეყნისა და მასთან ერთად მთელი მსოფლიოს საშველი მაშინ გამოჩნდება, როდესაც აწ უკვე სრულ ანაქრონიზმად ქცეული მათი პოლიტიკური სისტემა ისევე დაინგრევა, როგორც ისტორიული კართაგენი დაინგრა. ეს დრო შორს რომ არ არის, ნათელია, მაგრამ მხოლოდ ღმერთმა თუ უწყის, კიდევ რა უბედურებების დატრიალებას მოასწრებენ ისინი, სანამ საბოლოოდ დაჰკრავდეს მათი პოლიტიკური აღსასრულის მთელი პლანეტისთვის ასე სანატრელი ჟამი. ავღანურმა მარყუჟმა ოცდაათი წლის წინათ ერთი ზესახელმწიფო უკვე ჩამოახრჩო. ავღანეთის ახალი მარყუჟი კვლავ გაიკვანძა ისტორიის ცის კაბადონზე, მაგრამ ამჯერად რომელი ზესახელმწიფო გაჰყოფს მასში თავს, დრო გვიჩვენებს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here