Home რუბრიკები საზოგადოება ადექით ახლა, ვაიპატრიოტებო, და ილიას უძახეთ რუსოფილი, ერის მოღალატე, ჩვენს “ისტორიულ მეგობარ”...

ადექით ახლა, ვაიპატრიოტებო, და ილიას უძახეთ რუსოფილი, ერის მოღალატე, ჩვენს “ისტორიულ მეგობარ” თურქებს რუსები რომ ერჩივნა

5860
ილია სოხუმში

როგორ, რა გზით არის შესაძლებელი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, განვითარება?

ათასჯერ ნათქვამს კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: თანამედროვე მსოფლიოს ცვალებად, განვითარებად სინამდვილეში ერისა და სახელმწიფოს სახით დამკვიდრება მხოლოდ ილიასეული პრინციპების გათვალისწინებით არის შესაძლებელი.

ეს არის: მოქმედება უმოქმედობის ნაცვლად, ახლის ქმნა და მოძრაობა დარდისა და უმოძრაობის ნაცვლად, მიზანდასახულობა უმიზნობის ნაცვლად, პასუხისმგებლობა და ზრუნვა უდარდელობისა და უპასუხისმგებლობის ნაცვლად, სწავლა და გონიერება უგუნურებისა და უმეცრების ნაცვლად, სულიერება უსულობის ნაცვლად, თავდადება თავკერძოობის ნაცვლად, ერთსულოვნება და ერთგულება ორგულობისა და ღალატის ნაცვლად, კავშირი და ერთობა გათიშულობის ნაცვლად, მსოფლიო პროგრესში ჩართვა და სიახლეების ათვისება ქვეყნის თვითიზოლაციის ნაცვლად.

ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, საქართველოს დანაწევრება და ის მძიმე შედეგები, რომლებიც ამ პროცესს მოჰყვებოდა ხოლმე, სწორედ უმოქმედობის, უდარდელობისა და უპასუხისმგებლობის, უგუნურებისა და უმეცრების, თავკერძობის, ორგულობისა და ღალატის, გათიშულობის შედეგი იყო.

მწარე სიმართლეა ის, რომ 1490 წელს ქართლის სამეფო დარბაზმა აღიარა საქართველოს პოლიტიკური დაშლის ფაქტი. ამის შემდეგ, 1491-1492 წლებში მეფეებმა და მთავრებმა ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებებს და დააწესეს საზღვრები. ამით ძირითადად დასრულდა საქართველოს ფეოდალური მონარქიის დაშლის პროცესი.

და XV საუკუნის დამდეგს ერთიანი ქართული სახელმწიფოს ნაცვლად შეიქმნა ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოები; სამცხე-საათაბაგოს, გურიისა და ოდიშის სამთავროები. სამეფოების სათავეებში ბაგრატიონების ქართული სამეფო დინასტიის ცალკეული განშტოებები იდგნენ. მართალია, მომდევნო საუკუნეებში ტერმინი “საქართველო” კვლავ არსებობდა, მაგრამ, ფაქტობრივად, იგი აღარ იყო ქვეყნის პოლიტიკურ-კულტურული მთალიანობის გამომხატველი, რადგან არ არსებობდა ერთი, მთლიანი საქართველო, მის ნაცვლად იყო ექვსი “საქართველო” _ ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამცხე-საათაბაგო, გურია, სამეგრელო. ქვეყნის დანაწევრებას თან მოჰყვა ქართული ეთნოკულტურული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფენომენისთვის უმძიმესი შედეგები _ დაიწყო ერთიანობის ხანაში ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი და სოციალური სტრუქტურების თანმიმდევრული დემონტაჟი. ერთიანი საშინაო და საგარეო-პოლიტიკური პლატფორმის ნაცვლად დამკვიდრდა დიფერენცირებული პოლიტიკა და, რაც ყველაზე მთავარია, ბზარი გაუჩნდა ქართულ ფსიქოლოგიურ ერთობას. XVI საუკუნის დამდეგისთვის საქართველოს პოლიტიკური დაშლილობა მომხდარი ფაქტი იყო, მაგრამ ფეოდალური დაშლის პროცესი აღნიშნული სამეფოებისა და სამთავროების ჩამოყალიბებით არ შეჩერებულა. ილიას ეპოქამდე სანამ მოაღწევდა, ქვეყანამ კიდევ არაერთი აღმართი თუ დაღმართი იარა, ბეწვის ხიდზეც შედგა ფეხი და უფსკრულის პირასაც დადგა… თუმცა, საბედნიეროდ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა თავისი სასახელო შვილების წყალობით კვლავ და კვლავ ახერხებდა, დამდგარიყო “ერად, სხვა ერთა შორის”. XX და XXI საუკუნეების გზაგასაყარზე კი კვლავ დაირღვა საქართველოს ერთიანობა _ დავრჩით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე. უამრავი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი კერა და საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეულიყო. წლები გადის, კონკრეტული ნაბიჯები საქართველოს გასამთლიანებლად კი არც ერთ მთავრობას არ გადაუდგამს. დღეს აფხაზეთი საქართველოს მოწყვეტილია და არც არავინ ჩანს ისეთი, ვინც ილიასავით მოეფერებოდა და გულს უჩვენებდა ამ კუთხის შვილთ. მაშ, როგორ მოვიქცეთ: სხვას მისი დაპატრონების მადაკი გავუღვიძეთ, მაგრამმამაპაპათაგან ნაანდერძევი ტურფა და მდიდარი ქვეყანაშევარჩინოთ?

XIX საუკუნის მეორე ნახევარში სამოციანელებად წოდებული თაობა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მედროშედ მოგვევლინა, რომელიც სწორედ იმ პრინციპებით მოქმედებდა, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ. ილია ჭავჭავაძე კი ქართული საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ნაციონალური იდენტობის ფორმირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა. ის 1970-1990-იან წლებში თითქმის ყოველდღიურად აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს, რომლებშიც ნათლად ჩანდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს ცალკეული კუთხეების მოსახლეობისადმი ყურადღების გამოჩენა, მიუხედავად ეროვნებისა და რწმენისა.

მკითხველს შევთავაზებთ თედო სახოკიას მოგონებას, რომელიც ილია ჭავჭავაძის გაგრაში სტუმრობის ამბავს მოგვითხრობს. ილიას ეპოქაში აფხაზეთში თანამდებობები შავრაზმელებს ეჭირათ _ შავრაზმელი იყო სასულიერო უწყების უფროსიც (ეპისკოპოსი); სასწავლებლებში უფროსებად, მასწავლებლებადაც შავრაზმელები იყვნენ, ამიტომ სახელოვანი ქართველის სტუმრობა ადგილობრივ მოსახლეობას დიდ სიხარულს ანიჭებდა. ილია ჭავჭავაძე 1903 წელს გაგრაში რეალური სასწავლებელის დაარსებასთან დაკავშირებით საგანგებოდ მიუწვევია პრინც ალექსანდრე ოლდენბურგსკს.

პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგსკი ცხოვრობდა ქუთაისსა და გაგრაში, აშენებდა სასტუმროებსა და სკოლებს. ის დაუახლოვდა ქართველ საზოგადოებას, მათ შორის გიორგი შარვაშიძეს. ცოლად შეირთო აგრაფინა ჯაფარიძე. გაგრაში მან ააშენა სასტუმრო “გაგრიფში”, დააარსა ე.წ. კავკასიური რივიერა; ქუთაისში პირველმა გაიყვანა რკინიგზის ხაზი, შეაკეთა ფოთის პორტი, დააარსა რეალური სასწავლებელი. მისი ინიციატივით განვითარდა მეღვინეობა და ქუთაისში საფუძველი ჩაეყარა შამპანურის ღვინის წარმოებას.

აი ამ პიროვნების მიწვევით ჩავიდა ილია გაგრაში. მას ახლდნენ ბათუმის გუბერნატორი _ ნიკოლოზ ერისთავი, თბილისის თავადაზნაურობის მარშალი _ ალექსანდრე ორბელიანი და სიღნაღის თავადაზნაურობის მარშალი _ დიმიტრი ჩოლოყაშვილი.

სტუმრების პატივსაცემად სოხუმში სადილი გაუმართავთ, რომელსაც ესწრებოდნენ სოხუმის საზოგადოების წარმომადგენლები, აფხაზეთში საგასტროლოდ ჩასული ქართული თეატრის მსახიობები და ძუკუ ლოლუას მომღერალთა გუნდი.

თედო სახოკიას მოგონებებიდან:

სოხუმის მკვიდრი ქართველობა განსაკუთრებით იჩაგრებოდა ცარიზმის აღვირახსნილი რეჟიმისაგან. ადმინისტრაციაში დიდი ადგილები სულ შავრაზმელებს ეჭირათ. შავრაზმელი იყო სასულიერო უწყების უფროსიც (ეპისკოპოსი), სასწავლებლებში უფროსებად, მასწავლებლებად შავრაზმელები იყვნენ.

ასეთ ატმოსფეროში მყოფი ქართველობა სიხარულით აღივსებოდა ხოლმე, როცა ვინმე მოწინავე ქართველი შემთხვევით გზად გამოივლიდა სოხუმში. თავი მოჰქონდათ: აი, რა კაცები ჰყავს ჩვენს სამშობლოსაო!.. გულში ათასნაირი იმედი ესახებოდათ. მთელი ეპოქა იყო აქაურების ცხოვრებაში, როცა აქ განსვენებული პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი გამოივლიდა თავისი ნათესავების _ გოგრიჩიძეების სანახავად!.. ერთხელ ქართველი სტუდენტობა მოიყვანა აქ ოდესის უნივერსიტეტის პროფესორმა ვასილ პეტრიაშვილმა. ერთხელ ნიკო ნიკოლაძეც იყო. აკაკი ისე გარდაიცვალა, სოხუმი არ უნახავს. ილია ჭავჭავაძემ კი მხოლოდ 1903 წელს ინახულა სოხუმი და სოხუმის ქართველობა.

1903 წელს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებას ერთ-ერთ თავის სხდომაზე, სხვათა შორის, ლაპარაკი ჰქონდა იმ “ამაგზე”, რომელიც პრინცმა პეტრე ოლდენბურგელმა დასდო აფხაზეთს: გაგრის კურორტის დაარსებით, იქავე რეალური სასწავლებლის გახსნით და, საერთოდ, აფხაზეთის ამ კუთხის გამოცოცხლებით. მადლობის გამოსაცხადებლად არჩეული იყო დეპუტაცია, რომელშიაც შედიოდნენ: ილია ჭავჭავაძე, ალ. ორბელიანი (სიძე პოეტ ვახტანგ ორბელიანისა, ტფ. სამაზრო მარშალი თავადაზნაურთა) და სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი დიმიტრი ჩოლოყაშვილი. დეპუტაციამ თავისი დავალება შეასრულა, გაგრა საფუძვლიანად დაათვალიერა და იქიდან სოხუმში შემოიარა, ახლა ამ ქალაქის დასათვალიერებლად.

ელვის სისწრაფით მოედო მთელ ქალაქს ილია ჭავჭავაძის მოსვლა. ასეთი ადამიანების სტუმრობით სოხუმელები მაინცდამაინც განებივრებული არ ვიყავით. წარმოგიდგენიათ, რარიგ უნდა გაგვხარებოდა მთელი საქართველოს სიამაყის ილია ჭავჭავაძის მოსვლა!.. რომ ყველას შესძლებოდა ილია ჭავჭავაძის ნახვა, მისგან ცოცხალი სიტყვის გაგონება, გადაწყდა, სადილი გამართულიყო ძმათა შარვაშიძეთა სასახლის ვრცელ ეზოში ასწლოვანი მუხებისა და ცაცხვების ქვეშ და ამ სადილზე მოეწვიათ გაგრიდან დაბრუნებული სტუმრები. სადილში მონაწილეთა სულზე ხუთ-ხუთი მანეთი უნდა გაეღოთ. თითქმის ყველა ისწრაფოდა ამ სადილზე დასასწრებად. ასზე მეტმა ქალმა და კაცმა მოიყარა თავი. ყველას მოუხაროდა, როგორც დიდ და ბრწყინვალე დღესასწაულზე. ცდილობდნენ, ერთიმეორეს არ ჩამორჩენოდნენ ამ ზეიმში, რომელიც სუფრის დასასრულს მართლა რომ ეროვნულ დღესასწაულად იქცა…

საათის ოთხზე მობრძანდნენ სტუმრები, რომელთაც სუფრის თავში დააჭერინეს ადგილი. ილიას გვერდით მოუსვეს მოხუცებული გრიგოლ შერვაშიძის მეუღლე _ აღათი დადიანის ასული. ძვირფასი სტუმარი რომ ყველასათვის დასანახი ყოფილიყო, მოსუფრალნი ორ რკალად შემოურიგდნენ სუფრას. თამადად არჩეულ იქნა აქაური მოქალაქე თეიმურაზ გაბუნია, ცნობილი თავისი ჭკუითა და სიდარბაისლით.

თამადამ პირველად ადღეგრძელა ილია ჭავჭავაძე, მიულოცა საქართველოს საუკეთესო შვილს მობრძანება სოხუმში. მადლობა მოახსენა, რომ თავის აქ მობრძანებით ვაჟკაცობის სული შთაბერა: გაძლევთ პირობას, თანახმად თქვენის მოძღვრებისა, ჩვენი ქვეყნისათვის ჩვენც ვიშრომებთ, ჩვენც შევიტანთ ჩვენს წვლილს საერთო სალაროში, მხოლოდ ერთსა გთხოვთ, ჩვენო ძვირფასო ბატონო: თქვენ და თქვენისთანები ნუ დაგვივიწყებთ ხოლმე, ათასში ერთხელ დაგვხედეთ, გაგვამხნევეთო. თამადის შემდეგ მერგო ბედნიერება, ილიას სადღეგრძელო დამელია. დიდის მოკრძალებით გავიზიარე ის საერთო აღტაცება, რომელსაც ცათაფრენაშემდგარი ხალხი განიცდიდა მის დანახვაზე. მე ვთქვი: ეს დღე ოქროს ასოებით ჩაიწერება სოხუმელთა ცხოვრებაში. თქვენმა აქ მობრძანებამ ყოველი ტანჯვა დაავიწყა აქაურებს; დღევანდელი დღე დაუვიწყარი იქნება სოხუმელთათვის. ნება გვიბოძეთ, მრავალჟამიერი სიცოცხლე გისურვოთ და განუზომელი მადლობა მოგახსენოთ აქ მობრძანებისათვის, ჩვენის ნახვისა და ნუგეშისათვის.

სამადლობელო სიტყვის სათქმელად ილია ზეზე წამოდგა. მთელი საზოგადოებაც ფეხზე მდგარი მოემზადა მის მოსასმენად. ასე დაიწყო:

პრინცი ოლდენბურსკი და მისი მეუღლე აგრაფინა ჯაფარიძე
პრინცი ოლდენბურსკი და მისი მეუღლე აგრაფინა ჯაფარიძე

ბატონებო, დიდის პატივისცემით მოგესალმებით! ბედნიერი გახლავართ, რომ ვხედავ ჩვენს საერთო მშვენიერ სამშობლოს, კალმით დახატულს კუთხეს და მის მოსახლე მშვენიერსავე ხალხსმადლობელი გახლავართ თქვენი დახვედრისათვის, ჩემის პატივისცემისა და დღეგრძელობისათვის!

თქვენ რომ გიყურებთ, გულს იმედი და სასოება ჩამესახა, რომ ჩვენი ქვეყანა წინ მიდის, მტერს ისე ადვილად არ დავეჩაგვრინებით. რომაელთა ერთი თქმა მაგონდება: სინათლე აღმოსავლეთით გვევლინებაო. თქვენ რომ გიცქერთ, ეს თქმა ასე უნდა შევცვალო: სინათლე დასავლეთიდან მოდის, საქართველოსათვის მაინცმეთქი! თქვენც მიხვედრილი ბრძანდებით, რომ დღევანდელ ცხოვრებაში სუფრის თავში ის ერი ზის, ვინც ირჯება, ვინც ცდილობს, ქონება შეიძინოს, ეკონომიურად წელში გამაგრდეს. ვინც ამას არა ფიქრობს, ვინც სხვას შეჰყურებს, აცა, რამე გაჰვარდეს ხელიდან და მე ავიღოვო, ის ხალხი ტყუილად ნუ ელის, შორი მანძილი გაიაროს ცხოვრებაში, ტყუილად იმედი ნუ აქვს, ცხოვრებისა ჭიდილში ფონს გავიდეს; ასეთი ერი, ვიმეორებ, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას საკაცობრიო ცხოვრების სუფრაზე ადგილი არ ექნება, გემრიელი ლუკმა ცხვირზეით აცდება, ნასუფრალი თუ ხვდა, ღმერთს მადლი შესწიროს! ყველასაგან გათელილი, ყველასაგან ყბადაღებული ისაა, ვისაც თავის მარჯვენის იმედი არა აქვს, ვინც თავის ძალღონით არ ჰლამის ლელოს გატანას ცხოვრების მოედანზე.

თქვენი მოძმენი, აღმოსავლეთ საქართველოს ქართველები, იმითა ვართ შესაბრალისნი, რომ მეტად ტაადით მივდივართ ეკონომიურ მოღონიერებისაკენ. იქ ყველანი ჩვენა გვჩაგრავენ, თავზე გვასხდებიან. აქ, თქვენ რომ გიყურებთ, გული მინათლდება, სასოებით მევსება: მთელი ქალაქი თქვენს ხელშია; აქაურობის ბატონპატრონი თქვენა ხართ, გეტყობათ, დღესა და ღამეს ასწორებთ, ცდილობთ უკვე შეძენილს კიდევ მიუმატოთ, თქვენი ქონება ერთიორად აქციოთ, ფხიზლობთ, ყური მახვილად გიჭირავთ, საიდან როგორ უკეთესად და სარფიანად მოაგვაროთ თქვენი საქმე, ამისათვის თქვენთვის გამჩენს შნო მოუცია და ამ შნოთი შნოიანად სარგებლობთ კიდეცა. მერწმუნეთ, თუ ქონებრივად ღონიერები იქნებით, ყოველივე სიკეთე ამქვეყნიური თავისით მოგადგებათ კარზე. თუ ეკონომიურად წელში გავიმართებით, ჩვენი სამშობლო, მამაპაპათაგან ნაანდერძევი, შეგვრჩება, ვერავინ წაგვართმევს. თუ ვაჭრობას, თანამედროვე ცხოვრების ამ მთავარ ძარღვს, ვუერთგულეთ, ბურთი და მოედანი ჩვენია, ლელოს გატანაში ვერავინ შეგვეცილება. რომ მოგახსენეთ: საქართველოს სინათლე დასავლეთიდან მოდისმეთქი, იმიტომ მოგახსენეთ, რომ დასავლეთ საქართველოს ქართველობამ აღმოსავლეთ საქართველოს მოძმეებს მაგალითი უნდა უჩვენოს სიფხიზლისა, ცხოვრებაში ბრძოლის უნარის გამოჩენისა, უნდა ასწავლოთ, რომ იმათაც ამავე გზით იარონ, იმათაც თქვენ მოგბაძონ, ერთობლივის ძალით მამაპაპათაგან ნაანდერძევი ტურფა და მდიდარი ქვეყანა შევირჩინოთ, სხვას მისი დაპატრონების მადა არ გავუღვიძოთ, მოსეულ ათასგვარ მტერსა და დუშმანს კრიჭაში ჩავუდგეთ, გავუმკლავდეთ, ხმალამოღებული დავუხვდეთ, ჩვენზე არ გავაცინოთ.

მაშ, გაგიმარჯოსთ, ბატონებო, ჩვენის ქვეყნის ეკონომიურად აღორძინების პირველო მერცხლებო! გაუმარჯოს თქვენს გამჭრიახობას, სიმკვირცხლეს: ჩვენი ხალხის, ამერიმერეთის, მთლად ჩვენი ქვეყნის სანუგეშოდ და წარსამატებლად!”

ყოველი სიტყვა ძვირფასი სტუმრისა ელექტრონის დენისებრ უვლიდა სხეულში სმენად გადაქცეულ მაყურებელს; ყველანი ხარბად პირში შეჰყურებდნენ და ცდილობდნენ ერთი სიტყვაც არ გამოჰპარვოდათ. მათ ბედნიერებას საზღვარი არა ჰქონდა: მთელი საქართველოს სათაყვანო ადამიანს, მთელი ქართველობისთვის მზრუნველს ილია ჭავჭავაძეს თავიანთს შორის ხედავდნენ! ყველას განუმტკიცებდა რწმენას, რომ ობლად არ იყვნენ შთენილნი, ჰყავდათ პატრონი, პატრონი ძლიერი, შემმართებელი, რომლის წინაშე ჩვენი დაუძინებელლი მტერიც კი ქედს იხრიდა. კარგა შებინდებულზე ყველანი მხიარულნი და ბედნიერნი დაიშალნენ. მერე დიდხანს და დიდხანს ჰქონდათ სოხუმელებს ეს სადილი სალაპარაკოდ და სასიამოვნო მოსაგონებლად.

* * *

ილიას ასევე განსაკუთრებული აწუხებდა აჭარის მოსახლეობის პრობლემებიც. “კინტრიშის მაზრა გაჭირვებულია. შველა ჩვენი ზნეობითი მოვალეობააო”, _ წერდა 1879 წლის თებერვალში ერთ-ერთ თავის “შინაურ მიმოხილვაში”. იგი საზოგადოებას მიმართავს: “შევეწიოთ და ვაჩვენოთ ქვეყანას, რომ კაცთმოყვარეობა ჩვენი თვისებაც არის, ვაჩვენოთ, რომ ძმათა სიყვარული ჩვენშიაც ისე ყოვლად-შემძლებელია, როგორც სხვაგან, ვაჩვენოთ, რომ ჭირში ჩვენც ვიცით დახმარება, ვაჩვენოთ, რომ ძმობა, ერთურთობა, ერთმანეთის შველა და გატანა უქმი სიტყვა არ არის ქართველობისათვის!.. აქ უკან დახევა სირცხვილია ყველასათვის და ჩვენთვის ხომ სირცხვილზედ მეტიც… ჩვენ გაჭირვებულების ძმები ვართ, ძმები!.. ეს არასდროს და არას შემთხვევაში არ უნდა დაივიწყოს ქართველობამ… ამ ძმობაში გამოიკვანძა ჩვენი ბედი, ამ ძმობამ ჩვენის ბედნიერების კვირტი უნდა გამოიტანოს. ქართველობავ, ჩვენი უწმინდესი ვალია, უნდა მივეშველნეთ!… ღარიბნი ვართო, ვიძახით, მაგრამ ქვეყანაზედ მარტო ღარიბმა იცის _ რა არის შველა, რა არის ძმობა გაჭირვებაში”.

“ყოველივე ეს უბედურობა, რომელიც თავს დასცემია აჭარა-ქობულეთს და მისი უნუგეშოდ ყოფნა _ დიდს განსაცდელში ჰყრის ახლად შემოერთებულ ქვეყნის მცხოვრებელთა. რუსულ გაზეთ “Ãრორყ”-ში დაბეჭდილი იყო კორესპონდენცია და მერე სხვა გაზეთებშიაც გადაბეჭდილი, რომ აჭარელები აყრას ჰფიქრობენ და ოსმალეთში გადასახლებასაო. ამის მიზეზი იცის, როგორც ეტყობა, კორესპონდენტმა, მაგრამ გამჟღავნება მისი “შემთხვევისა გამო სხვისა და სხვისა” ვერ მოუხერხებია. რუსული გაზეთები კი ამბობენ, რომ ხალხის აყრა და ჩვენიდამ გადასახლება ოსმალეთში ასეთი მძიმე და ღირსშესანიშნავი ამბავია, რომ აქ დამალვა ნამდვილის მიზეზისა ცოდვა არისო და დიდი დანაშაულიაო სახელმწიფოს წინაშეო. ჩვენც ამ აზრისა ვართ, მაგრამ რას იქ? თუ მართლა აჭარა აიყრება და გადასახლდება, საკვირველი რამ იქნება, თუ შენც იტყვი, მკითხველო! ხალხი რათ უნდა მიიზიდებოდეს ოსმალეთშიმერე როგორ? თავისს მამაპაპეულს ბინას, სახლს, კარს, მამულს, დედულს, მამათა სალოცავს, მამათა საფლავსსულ ყველაფერზედ ხელს უნდა იღებდეს ხალხი და ოსმალეთში მიდიოდეს, გაგონილა!.. საკვირველი ამბავია!.. ნუთუ, რაც უნდა იყოს, რუსეთის ხელში ყოფნა არ უნდა ერჩივნოს, ვიდრე ოსმალეთის ხელში?”

აბა, ადექით ახლა, ვაიპატრიოტებო, და ილიას უძახეთ რუსოფილი, ერის მოღალატე, ჩვენს “ისტორიულ მეგობარ” თურქებს რუსები რომ ერჩივნა.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

მკითხველის გამოხმაურება

“ჩამოდით ჩვენთან, უნდობლობა ქარს გავატანოთ…”

რუბრიკითმწარე სიმართლეშარშან, 19 ნოემბერს gewrold.geზე გამოქვეყნდა წერილი სათაურითგანა ილიას არ შეეძლო, ჩამოეთვალა საყვედურები რუსეთის მიმართ? რატომ არ გააკეთა ეს?”.

რამდენიმე ამონარიდით მკითხველს შევახსენებთ ამ საგაზეთო წერილის პათოსს, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობის შუქ-ჩრდილების უგულვებელყოფა ისტორიის დამახინჯებაა და უმადურობაც, მით უფრო, რომ

“დღეს ნებისმიერ პროგრესულად მოაზროვნე ქართველს სურს, ღმერთმა სწორ გზაზე ატაროს ქართველი ხალხი _ გვესწავლოს ჩვენი ისტორია: საიდან მოვდივართ, სად ვართ და საით უნდა წავიდეთ მომავალში; და, როგორც წმინდა ილია მართალი გვასწავლის, თავი დავაღწიოთ იმ გადაგვარებასა და გათახსირებას, რომელიც ყველა ერს მაშინ ემართება, როცა საკუთარ წარსულს ივიწყებს” (ილია).

და დასმულ კითხვაზე: “იქნებ ჩვენ დღეს სწორედ ღვთისმოსაობა და ღვთის სიყვარული გვაკლია, რაკი ასე განქიქებით ვეკიდებით რუსეთსაქართველოს ურთიერთობებს და ყველა ჩვენს უბედურებას რუსებს მივაწერთ, საკუთარი უკუღმართობანი კი გვავიწყდება?” _ იქვეა პასუხიც ისტორიიდან, მწარე სიმართლე, რომლის გამეორება მაინცდამაინც სასიამოვნოდ როდი ხვდება ჩვენს ყურს:

როდესაც რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ, როგორც მონარქმა, იმერეთი დაიკავა, ხოლო სამეგრელოსა და გურიაზე სიუზერენის უფლება განახორციელა, მისი ხელისუფლების პირველი ქმედება იმაში გამოიხატა, რომ მან აკრძალა თურქებისთვის ტყვეთა მიყიდვა, ლაგამი ამოსდო მთავრებისა და ბატონების სისასტიკეს და აუკრძალა მათ სხეულის დასახიჩრებისა და სიკვდილით დასჯის კანონის გამოყენება.

რუსები, ძირითადად, ძალაში ტოვებენ იმპერიასთან შემოერთებული ხალხების კანონებსა და ჩვეულებებს, მაგრამ, საკუთარ სიძლიერეში დარწმუნებულნი, უყოყმანოდ აუქმებდნენ ბარბაროსობის ყოველ წესს”.

ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომშესაძლოა, ბევრი რამ სადავოა ამ მოსაზრებაში, ბევრიც _ მისაღები, მაგრამ ყოველივე ამას (ისევე, როგორც წმ. ილია მართლის, პლატონ იოსელიანისა და შარლ დე გრაი დე ფუას ნაწერებს) სჭირდება გააზრება და გაანალიზება სათანადო დასკვნების გასაკეთებლად და არაამერიკა, ამერიკასადანატო, ნატოსძახილით რუსეთისკენ ფურთხება”.

რედაქცია მადლობელია ჩვენი მკითხველებისა, რომლებიც რუსეთსაქართველოს ურთიერთობას შეგნებით ეკიდებიან და სწამთ, რომ რუსეთისგან მტრის ხატის შექმნით საქართველოს მომავალს სასწორზე დებენ. სწორედ ეს განწყობაა გადმოცემული ლექსშიჩამოდით ჩვენთან”, რომელიც 11 იანვარს ფსევდონიმითანონიმურიერთერთმა მკითხველმა ჩვენს საიტზე კომენტარად მიაწერა აღნიშნულ წერილს. აი ისიც:

ჩამოდით ჩვენთან

ჩამოდით ჩვენთან, შემოდგომის სუნი დამდგარა,

ჩამოდით ჩვენთან, მაჭრით სავსე გვიცდის ქვევრები,

დუღს რქაწითელი, საფერავი, ბორგავს ხვანჭკარა,

ჩამოდით, გელით, ყველას თავზე შემოგევლებით.

ჩამოდით, გელით, სახლის კარი ღიაა ჩვენი,

გეპატიჟებით, გელოდებით მტერს და მეგობარს,

საქართველოდან სიყვარული წაიღეთ ბევრი,

წაიღეთ ბევრი, რაც დარჩება, ყველას გვეყოფა.

წაიღეთ ბევრი, აქ დაგვრჩება მაინც ულევი,

რომ არ მოგვშივდეს, ის ცხოვრების საგზლად ვატაროთ,

ღვინით გავრეცხოთ აღრენილი ჩვენი გულები,

ჩამოდით ჩვენთან, უნდობლობა ქარს გავატანოთ.

ჩამოდით ჩვენთან, ოღონთ ტანკებს თან ნუ ატარებთ,

ჩვენც თქვენი ეზოს შვილები ვართ, უცხო როდი ვართ,

თოფიარაღი მუზეუმებს გადააბარეთ,

არ დაგჭირდებათ, დიდი პაპის სახლში მოდიხართ.

* * *

ჩამოდით ჩვენთან, შემოდგომის სუნი დამდგარა

დუღს რქაწითელი, საფერავი, ბორგავს ხვანჭკარა!

1 COMMENT

  1. ქ-ნო დარეჯან, თქვენ ისეთ შესანიშნავ სტატიებს წერთ, რომ ნამდვილად იმსახურებთ “ანონიმურის” ბრწყინვალე ლექსს, რომელიც ყველა კეთილი ნების ქართველის გულიდან ამოხეთქილ სურვილს გამოხატავს. ურუსეთოდ, რუსეთთან მეგობრობის გარეშე, არა მარტო საქართველოს, არამედ რუსეთსაც გადარჩენა არ უწერიათ. ქართველი ერი უკვე მომაკვდავი ერების სიაშია შეყვანილი, მაგრამ რუსეთსაც ავად აკრავენ მტრობის რკალს. ჩვენ უნდა შევაშველოთ ხელი რუსეთის გადარჩენას, რაც არის საქართველოს გადარჩენის ერთადერთი საშუალება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here