Home რუბრიკები პოლიტიკა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად რეფერენდუმიც ჩავატაროთ. ვკითხოთ ადამიანებს, უნდათ თუ არა მატყუარა დასავლეთთან...

ადგილობრივ არჩევნებთან ერთად რეფერენდუმიც ჩავატაროთ. ვკითხოთ ადამიანებს, უნდათ თუ არა მატყუარა დასავლეთთან ინტეგრაცია

216
ადგილობრივ არჩევნებთან ერთად რეფერენდუმიც ჩავატაროთ. ვკითხოთ ადამიანებს, უნდათ თუ არა მატყუარა დასავლეთთან ინტეგრაცია

მიმდინარე კვირაში საქართველოს ეწვევა ამერიკის კონგრესის დელეგაცია. აშშის საელჩოს ინფორმაციით, დელეგაცია საქართველოში სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით ჩამოვა. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, კონგრესის დელეგაცია საქართველოში ჩამოსვლისას განაცხადებს ორპარტიული გზავნილის შესახებ, რომამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად”.

“რუსეთის მზარდი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინა და საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ვუჩვენოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ და ქართველ ხალხებს და გავამხნევოთ პოლიტიკური ლიდერები, გააგრძელონ აუცილებელი რეფორმები, რომლებიც გააძლიერებს დემოკრატიას მათ ქვეყნებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინასა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში. ამერიკის შეერთებული შტატები მოწადინებულია, ხელი შეუწყოს ნატოსა და ევროკავშირის წევრობის რეალობად ქცევას”, _ ჩამოსვლამდე განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე გაირკვა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული 2022 ფისკალური წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმება.

“ამერიკის დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და კრემლის მავნე ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევას. დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების პრინციპის განმტკიცებასა და კანონის უზენაესობას, უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას; გააუმჯობესებს დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე წვდომას; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს; მხარს დაუჭერს შერიგების მცდელობებს, მათ შორის აფხაზეთში; გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს სუფთა ენერგიის განვითარებას; ხელს შეუწყობს რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად; ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდას; ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. გაზრდილი დაფინანსება ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებასა და მოსახლეობის ინტეგრაციას, რომელიც რუსეთის მავნე ზეგავლენას განიცდის”, _ აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

რიგითობით მივყვეთ.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარება 88 მილიონ დოლარად არის შესაძლებელი, გამოდის, გვეშველა და ეგაა, მაგრამ ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული. განცხადებაში ორჯერ არის ნახსენები რუსეთი, ანუ ამერიკელები დაუფარავად ამბობენ: მთავარია მოსახლეობის ინტეგრაცია, რომელიც რუსეთის მავნე ზეგავლენას განიცდისო. ჯერ ერთი, ძალიან საინტერესოა, როგორ დაადგინეს, არსებობს თუ არა რუსეთის ზეგავლენა და, თუ არსებობს, რატომ არის მავნე? გამოდის, ამერიკელები გვეუბნებიან: ეგ მავნეა, უბრალოდ, ვერ ხვდებითო, ე.ი., მათ ჩვენზე უკეთ იციან, რა არის ჩვენთვის კარგი და რა _ ცუდი. ამავე თანხაში შედის დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე წვდომის გაუმჯობესება.

მოდი, გონებაში გადაავლეთ თვალი ქართულ ტელესივრცეს და მითხარით, რომელია დაბალანსებული, დამოუკიდებელი და სანდო. ვერ გაიხსენეთ ხომ? ვერც ჩვენ გავიხსენეთ, ვერც ამერიკელები გაიხსენებენ, მაგრამ სწორედ ამ კერძო ინტერესებს მორგებული ტელევიზიების ყიჟინის ფონზე გამოუშვეს ციხიდან ჟორიკა რურუა და მაშინ არც ერთ ამერიკელს არ უთქვამს: ეს ამბავი იმ ტელევიზიამ ააგორა, რომლის მფლობელიც რურუაა, და რეალურად არანაირი პოლიტპატიმარი არ გახლავთო.

სიმართლე კი ის არის, რომ ევროპასაც და ამერიკასაც თავიანთი დამოუკიდებელი კვლევები აქვთ და ზუსტად იციან, რომ მოქალაქეთა უმრავლესობის დამოკიდებულება დასავლური ინსტიტუტების მიმართ რადიკალურად შეცვლილია. ამომრჩეველთა უმრავლესობას აღარ სჯერა იმის, რომ ოდესმე ნატოში ან ევროკავშირში მიგვიღებენ; არც იმის სჯერა, რომ რუსეთთან პირისპირ საუბარი საშიშია, ამიტომ დასავლეთი დაფინანსებას ყოველწლიურად ზრდის, ტელევიზიებიდან რაც შეიძლება მეტი ანტირუსული პროპაგანდა რომ იღვრებოდეს და აგერ, ორ სენატორსაც დესპანად გზავნის. რა უნდა თქვან სენატორებმა ისეთი, რაც მოსახლეობის აზრსა და განწყობას რადიკალურად შეცვლის? არც არაფერი, მაგრამ ისინი უფრო იმისთვის ჩამოდიან, პოლიტიკოსები რომ შეაფუცხუნონ და, თუ რომელიმე ორჭოფობს, აზრი გაუმყარონ. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ბოლო ორ კვირაში ორი ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდა _ გიორგი გახარიას “მოძრაობა საქართველოსთვის” და ლევან ვასაძის “ერი”. გახარიამ პირველივე ყრილობაზე განაცხადა: დასავლეთის მონა ვარ, რუსეთი ოკუპანტიაო და ამით ამერიკაევროპას მიანიშნა, თქვენი კაცი ვარო. ვასაძე კი არ მალავს, რომ რუსეთთან დიალოგის მომხრეა და, ვისაც არ დაეზარა, ყველამ მისი ლანძღვა დაიწყო. არადა, კაპიტალი, რომლითაც ორივე პიროვნება პოლიტიკაში მოვიდა, სწორედ რუსეთშია ნაშოვნი. გახარიას ახლაც აქვს იქ ბიზნესი და, როგორც ჩანს, დისკომფორტს არ უქმნის ის, რომ, სადაც ფულს შოულობს, იქაურობას მტრად და ოკუპანტად მოიხსენიებს. მან ზუსტად იცის, სხვაგვარად თუნდაც იმ 88 მილიონიდან, რომელიც გაისად უნდა გვერგოს, არაფერი შეხვდება და სწორედ გაისისთვის ის უკვე ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში კონკრეტული მუნიციპალიტეტების დონეზე მაინც იქნება. კარს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები მოგვადგა და ძალიან მარტივად შეიძლება, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად რეფერენდუმიც ჩავატაროთ. ვკითხოთ მოსახლეობას, რას ფიქრობენ ქვეყნის საგარეო კურსზე, უჭერენ თუ არა მხარს დასავლეთისკენ ასე თვალდახუჭული სწრაფვას, არიან თუ არა მომხრე რუსეთთან პირდაპირი დიალოგისა. წესითა და რიგით, ამ ყველაფრით, უწინარესად, დასავლეთი და პოლიტიკოსები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რადგან ისინი მუდმივად იმეორებენ: ქართველი ხალხი ევროპული ოჯახისა და ნატოსკენ ისწრაფვისო. ჰოდა, თუ ამ ყველაფერს დოკუმენტურადაც რეფერენდუმით გააფორმებენ, ათი წლით მშვიდად ყოფნა შეეძლებათ, აღარც დამატებითი ხარჯების გაღება მოუწევთ და ნებისმიერს, ვისაც კითხვები გაუჩნდება, სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგებს ააფარებენ სახეზე, მაგრამ საქმეც ის რის, რომ ამ რეფერენდუმის ერთნაირად ეშინია როგორც დასავლეთს, ისე ქართულ პოლიტიკურ ელიტას. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უარყოფით პასუხს გასცემს დასავლეთისკენ სწრაფვას და ეს 30-წლიანი წვალება და, რაც მთავარია, ხარჯები წყალში ჩაყრილი აღმოჩნდება. მერე უკვე დოკუმენტურად ვეღარ გაექცევიან რეალობას და ვეღარ იტყვიან: ქართველ ხალხი, საითაც ხელს ვუშვერთ, იქით მიდისო.

სასაცილოა, მაგრამ ფაქტია: ორი სენატორის ვიზიტისთვის ხელისუფლება განსაკუთრებით ემზადება. დაახლოებით ისეა, ამერიკაში ორი ქართველი დეპუტატი რომ ჩავიდეს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმაური ატყდეს: ქართველი კანონმდებლები მოდიან, არიქა, შესაბამისად დავხვდეთო. ორი ქართველი დეპუტატის ვიზიტს კი არა, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერის ვიზიტი არ შუქდება ხოლმე ისე, როგორც აქ ორი სენატორის დახვედრას აპირებენ. ცალკე ოპოზიციაა ბედნიერი, ჩვენც უნდა შეგვხვდესო და ცალკე ხელისუფლება იხეხს კბილებს, ჰოლივუდური ღიმილი რომ არ დაამადლონსაპატიოსტუმრებს. ეს ვიზიტი იმას ჰგავს, შუა საუკუნეებში დაპყრობილ ქვეყანაში დამპყრობელი ქვეყნიდან რომელიმე მთავარი როცა ჩავიდოდა და მას წელში ორად მოხრილები და ტაშის გრიალით რომ ხვდებოდნენ. ახლა არ თქვათ, _ დასავლეთს დაპყრობილი არ ვყავართ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიანო. სტრატეგიულმა პარტნიორმა, უწინარესად, თავისუფლება არ უნდა შეგიზღუდოს, თავისუფლად მოქმედების საშუალება არ უნდა აგიკრძალოს. ჩვენ კი ეს ყველაფერი აკრძალულ-დაკრძალული გვაქვს და ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ვახერხებთ, თუ ამერიკა-ევროპას არ შევუთანხმებთ.

გვეწვევიან ამ კვირაში ამერიკელი სენატორები, გვარიანად მოილხენენ და გვერწმუნეთ, ბიუჯეტს არა ერთი და ორი ათასი დაუჯდება მათი ხუშტურების დაკმაყოფილება. შემდეგ წავლენ სამშობლოში და იქიდან მოგვწერენ: ჩვენ მეგობრები ვართ, უკვე თითქმის მზად ხართ, ნატოში მიგიღოთო, მაგრამ ეს თითქმის ისევ უსასრულოდ გაიწელება და პასუხსაც არავინ მოითხოვს. სამაგიეროდ, მომდევნო წელს კიდევ რამდენიმე ათეულ მილიონს გამოგვიყოფენ და აქ ნამდვილი ბრძოლა გაიმართება ამ მილიონების ხელში ჩასაგდებად. შემდეგ რომელიმე ორი ან სამი მოცლილი სენატორი კვლავ ინებებს რამდენიმე დღით თავის საბატონოში დასვენებას და ისევ გვეწვევა ასე ვიტრიალებთ ერთ წრეზე მანამ, სანამ ან მათ არ მოსწყინდებათ, ან ჩვენ. ჩვენს პოლიტიკოსებს ნამდვილად არ მოსწყინდებათ, მაგრამ, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს საქართველო დასავლეთისთვის, უბრალოდ, უინტერესო გახდეს, არც ნატოში ვიქნებით, არც ევროკავშირში და ყველაფერს, ნულიდან კი არა, მინუსიდან დავიწყებთ. ნულზე ახლა ვართ, საკუთარი არაფერი გაგვაჩნია, არც გვაძლევენ უფლებას, გვქონდეს რაღაც, რასაც თამამად ვუწოდებთ ქართულს.

ბესო ბარბაქაძე

P.S. ჯანმრთელობის ცნობები მოსთხოვეთ სენატორებს, რომელიმეს კუჭის წყლული არ აწუხებდეს და შემთხვევით ხინკალზე ზომაზე მეტი პილპილი არ მოუყაროთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here