Home ახალი ამბები საქართველო ფრიდონ თოდუას მორალური კრედო

ფრიდონ თოდუას მორალური კრედო

1763
ფრიდონ თოდუა

რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი, მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყობარი” (რუსთაველი). იხმო. არაერთი. უცხოეთის სახელგანთქმულ კლინიკებშიც ჩაუტარეს გამოკვლევები. უმკურნალეს თანამედროვე მედიცინის უახლესი მიღწევების გამოყენებით. სამწუხაროდ, მთელი ეს ძალისხმევა ამაო გამოდგა _ ადამიანის შესაძლებლობები შეზღუდულია. არც მედიცინაა ყოვლისშემძლე. ეს იცოდა, ეგებ, სხვებზე უკეთ ფრიდონ თოდუამ, უებარმა მკურნალმა, აკადემიკოსმა, კომპიუტერული ტომოგრაფიის ფუძემდებელმა, გულმოწყალე ადამიანმა და თვალსაჩინო მამულიშვილმა. შეზღუდულია შესაძლებლობანი ადამიანისა, მაგრამ უსაზღვროა თანალმობა, თანადგომა, კაცთმოყვარეობა, ყველა ის თვისება, რომელთა ერთობლიობით ყალიბდება საერთო მახასიათებელი პიროვნების. და რაც სრულად ახასიათებდა ბატონ ფრიდონს.

_ თბილი დამოკიდებულება პაციენტებისადმი. დამატებითი წამალია  განკურნებისთვისო, _ უთქვამს ხშირად.

_ ნამდვილად ასეა… მაგრამ არამხოლოდ მედიცინაში. როცა ლანძღავენ ადამიანს პრესაში, საჯაროდ, მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ვიღაცამ ამ კაცზე რაღაც თქვა, შეუმოწმებლად, ფაქტის დაუდასტურებლად, მეორე მხარესთან შეხვედრის გარეშე, არ ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ადამიანის უფლებათა დარღვევა, _ ასე სწამდა. ამას ქადაგებდა თავის ინტერვიუებში, ტრიბუნიდან, პირადი შეხვედრების დროს.

შვიდი წლის წინათ ჩამორთმეული ინტერვიუს ფრაგმენტებს წარმოგიდგენთ, თითქოს გუშინ თქვა დღევანდელ სატკივარზე.

_ ადამიანურ, თბილ დამოკიდებულებას რომ უგულებელვყოფთ, მერე გვიჩნდება პრობლემები, მათ შორის, ჯანმრთელობის პრობლემებიც. პატარა ერი ვართ, მცირერიცხოვანი, მიმტევებლები უნდა ვიყოთ ერთმანეთისადმი. ესაა მთავარი.

ბევრმა მაწყენინა ცხოვრებაში აქ, ჩვენთან, საქართველოში, მაგრამ იმათთან დღეს კარგად ვარ, რითაც ფრიად გაკვირვებულნი არიან. ეს წუთია, ჩემგან წავიდა ერთი ცნობილი პიროვნება, ვისთანაც ახლო ურთიერთობა მქონდა მოსკოვში წასვლამდე. დაბრუნების შემდეგ ყველაზე ბევრი ცუდი მან გამიკეთა _ დაუფარავად გამოხატავდა ჩემ მიმართ აგრესიას: რა უნდა გვასწავლოსო, რითაა ჩვენზე უკეტესი, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როცა გაუჭირდა, მე აღმოვჩნდი ერთადერთი, ვინც დახმარების ხელი გაუწოდა.

ეს თვისება დედაჩემისგან გამომყვა…

* * *

_ პრაგმატული გახდა ცხოვრება. მაგრამ, პრაგმატიკა ყოველთვის ადამიანურ ურთიერთობებში გადამწყვეტი არ არის. უამრავ გაჭირვებულს უანგაროდ ეხმარებით თქვენ, ბატონო ფრიდონ. საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე ეს წამგებიანია.

დინების წინააღმდეგ მიდიხართ?

_ აბა, როგორ უნდა მოვიქცე, როცა ადამიანს უჭირს და არავითარი საშუალება არ აქვს, გადაიხადოს ფული სამედიცინო მომსახურებისთვის?!

ჯერ ერთი, ქართული მენტალიტეტი და მხარში ამოდგომის ტრადიცია ნებისმიერ ეკონომიკურ პრინციპებზე მაღლა დგას. მაგრამ, ამასთან ერთად, ანგარიშს ვუწევთ არსებულ რეალობას და ჩვენს ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს გარკვეული პროცენტი ქველმოქმედებისთვის. ბევრი ადამიანი მოსულა ჩემთან, რომელთაც არც ფინანსური საშუალება აქვთ, არც _ დაზღვევა, არც რომელიმე პროგრამაში არიან ჩართულნი. როგორ უნდა უშველოს მან ოჯახის ავადმყოფ წევრს? რა ქნას? თვალები ცრემლით აქვს სავსე. უჭირს ლაპარაკი.

მე თვითონ მიმყავს ასეთი კაცი ან მისი ოჯახის წევრი გამოსაკვლევად და დიაგნოზის დასასმელად. ვერავინ მისაყვედურებს, რატომ ვიქცევი ასე.

ოცი წლის განმავლობაში, რაც აქ ვმუშაობ, ჩემთვის მთავარი იყო ექიმების მომზადება, გადამზადება, სამედიცინო კონგრესებში მათი მონაწილეობა, სპეციალიზაცია საზღვარგარეთ.

შეჩერება ამ გზაზე დაუშვებელია, რადგან ტექნოლოგიები განუწყვეტლივ ვითარდება და, თუ ფეხდაფეხ არ მიჰყევი, უიმედოდ ჩამორჩები.

* * *

_ მოგებაწაგების უმკაცრეს პირობებში, ზნეობრივი კრიტერიუმები შეიძლება გაეცრიცოს ექიმს. როგორ ახერხებთ ამტექნოკრატული დაავადებისთავიდან აცილებას?

_ სამედიცინო დაწესებულებაში მთავარია მაღალი სულისკვეთება: შიდა ატმოსფერო შემოქმედებითი, საქმიანი უნდა იყოს. არავითარი ენის მიტან-მოტანა, განსაკუთრებით, ხელმძღვანელობის “საქმის კურსში ჩაყენება”. თითოეულმა თანამშრომელმა უნდა იცოდეს, რომ იგი მოსულია სამუშაოდ. პაციენტს, რომელმაც გაჭირვებით იშოვა ფული, ვალდებული ხარ პროფესიულად მოემსახურო. მენტალიტეტი _ “როგორ, მე ვინმეს მონა ვარ?!” _ აუცილებლად უნდა დაიძლიოს. რადგან პაციენტს გადახდილი აქვს გარკვეული თანხა, ეს ნიშნავს, რომ მან დაგიქირავა, რათა მოემსახურო მას, ანუ შენი ცოდნით, გამოცდილებით დაეხმარო, განკურნო, შეასრულო შენი პროფესიული მოვალეობა.

მაქსიმალური ყურადღება! თანაც არა მარტო ავადმყოფის მიმართ (ეს აქსიომაა!), არამედ საკუთარი გარეგნობის მიმართაც! არ გაგიკვირდეთ, პაციენტზე გავლენას ახდენს ის გარემოც, ესთეტიკა, რომელიც კლინიკაში დახვდება და ექიმის სუფთა ხალათიც, მკურნალის ყოველმხრივი მოწესრიგებულობა.

ასეთი გარემო ავადმყოფს ეხმარება სტრესის მოხსნაში, რომელიც ექიმთან მისვლას ყოველთვის თან სდევს.

* * *

_ კი ვართ ჩვენ, ყველანი პოტენციური პაციენტები, მაგრამ უმჯობესია, ეს პოტენცია რეალობად არ ვაქციოთ. ხომ ასეა?

_ რა თქმა უნდა.

_ მაშინ გვითხარით, ბატონო ფრიდონ, როგორ ვიცხოვროთ, ცხოვრების როგორი წესით?

_ სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ საზოგადოებას აკლია შინაგანი კულტურა. ამასწინათ ჩვენმა ინსტიტუტმა გამოაცხადა საქველმოქმედო აქცია, სარძევე ჯირკვლების უფასოდ გამოკვლევა დავიწყეთ. სარძევე ჯირკვლის დაავადება, გავრცელების თვალსაზრისით, პირველ სამეულში შედის, დიდი პრობლემაა. ამიტომ მისი ადრეულ სტადიაზე გამოკვლევა და მკურნალობა გამოჯანმრთელების უებარი საშუალებაა.

მაგრამ გაირკვა, რომ ონკოგინეკოლოგიური დაავადებების პირველ, მეორე სტადიაზე სამკურნალოდ, პრაქტიკულად, არ მოდიან. მხოლოდ მესამე, მეოთხე სტადიის დროს მიაკითხავენ ექიმს.

_ ფული არ აქვთ

_ ჩვენი აქცია უფასო იყო!

_ მაშ, რატომ არ მოდიან?

_ ზოგს ჰგონია, რომ არ დაემართება, სხვას _ ეზარება ექიმთან მისვლა, სახვალიოდ გადადებს და ა.შ. ათას მიზეზს მოიგონებენ. მაგრამ სწორედ ეს არის იმ შინაგანი კულტურის უქონლობა, რომელიც ვახსენე: თვალს არ ვადევნებთ, უყურადღებოდ ვექცევით ჩვენს ჯანმრთელობას. ესაა პრობლემა.

ნორმალურმა ადამიანმა ნორმალურად უნდა იცხოვროს. ერთი და ორი კოლოფი სიგარეტი არ უნდა მოსწიოს ყოველ დღე, არ უნდა დათვრეს ყოველ დღე. ახალგაზრდა ორგანიზმი, ასე თუ ისე, გარკვეული პერიოდით უძლებს ასეთ “დატვირთვას”, მაგრამ შემდეგ იფეთქებს დაავადების რისკფაქტორები, ახლა უკვე ახალგაზრდულ ასაკში, და ისე ძლიერად, რომ შემდეგ კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან ძნელი ხდება, არცთუ იშვიათად _ შეუძლებელი.

_ ესე იგი, უწინარეს ყოვლისა, ადამიანმა თვითონ უნდა მიხედოს თავის ჯანმრთელობას?

_ რა თქმა უნდა.

_ მაგრამ აქედან თვითმკურნალობამდე ხომ ერთი ნაბიჯია?

_ თვითმკურნალობა და ექიმბაშები ყოვლად დაუშვებელია! ამ დილით კონფერენციაზე ვიყავი და ერთ-ერთი მონაწილე თავდაჯერებით ამტკიცებდა, პატრიარქს ვუმკურნალებ და გამოვაჯანმრთელებო(!).

ეს კატასტროფაა. ექიმბაშებთან “მკურნალობის” შემდეგ ჩვენთან მოდიან ავადმყოფები, რომელთა გადარჩენა უმეტესად შეუძლებელია.

* * *

ბატონი ფრიდონი გვმოძღვრავდა, რომ ჩვენ ჩვენი ქართული მენტალიტეტით უნდა ვიცხოვროთ.

 და სწორედ ამ ქართული მენტალიტეტის გამო იყო, რომ ინტერვიუს დამთავრების შემდეგ ეზომდე ჩამომაცილა და იქ დამემშვიდობა.

ამას არც ამერიკაში, არც გერმანიაში, არც შვედეთში არც ერთი მისი რანგის ხელმძღვანელი არ გააკეთებდა.

საუბარს ვაგრძელებდით გზადაგზა და ამ მონაკვეთსაც, ისევე, როგორც მთელ ინტერვიუს, რეფრენად გასდევდა დედააზრი: რადგან ძნელია დღეს ცხოვრება, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

არმაზ სანებლიძე

P.S. პარასკევს, 7 ოქტომბერს ფრიდონ თოდუას გარდაცვალების წლისთავია.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here