Home რუბრიკები საზოგადოება სად გაქრა ძიუდოს ფედერაციისთვის გამოყოფილი 15 მილიონზე მეტი ლარი?

სად გაქრა ძიუდოს ფედერაციისთვის გამოყოფილი 15 მილიონზე მეტი ლარი?

რით დასრულდება მწვავე დაპირისპირება ძიუდოისტებსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის

1684
ვარლამ ლიპარტელიანი

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია სპორტის სახეობების ფედერაციებიდან ერთერთია, რომელიც სახელმწიფოსგან სოლიდურ დაფინანსებას იღებს. თანხა 15 მილიონ ლარს აჭარბებს, თვეში ფედერაციას მილიონზე მეტი აქვს. ჰოდა, ორი კვირის წინათ თელავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოისტები თავიანთი ხარჯით რომ გაემგზავრნენ, გაჩნდა კითხვა: ჯერ ნახევარი წელიც არ გასულა და სად გაქრა 15 მილიონზე მეტი ლარი?

ძიუდოისტებმა ისრაელში მედალი ვერ მოიპოვეს, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. საქართველოში დაბრუნებულმა სპორტსმენებმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის, წინააღმდეგ გაილაშქრეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. სანამ ძიუდოისტები განცხადებას გააკეთებდნენ, ქევხიშვილმა დაასწრო და ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ირაკლი ცირეკიძე, თანამდებობიდან გაუშვა, მაგრამ…

“საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს სჭირდება მხარდაჭერა ფედერაციის მხრიდან, როგორც სავარჯიშო პირობების უზრუნველყოფა, ასევე, მწვრთნელების სწორად შერჩევით. საერთაშორისო ასპარეზზე თანადგომისა და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი მიმართულებით, რაზეც დღეს შეგნებულად შევიკავებთ თავს და არ ვისაუბრებთ ამ ფორმატში. ნაკრების გადაწყვეტილებით, ფედერაციაში არსებული ჩვენთვის მიუღებელი და სპორტისთვის დამაზიანებელი მდგომარეობის გამო ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრებაში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება დაკავებული თანამდებობიდან. იგი იკავებს სამ სხვადასხვა თანამდებობას, მათ შორის, ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის და ფაქტია, რომ ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მისი მმართველობის პერიოდში სპორტის ამ სახეობას მომავალი არ აქვს ამ ქვეყანაში, რაც დასტურდება მისი 6-წლიანი მმართველობით და შედეგებით, რომლებიც მხოლოდ ჩვენი სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომით მიიღწეოდა და არასდროს _ ფედერაციის მხარდაჭერით. ამ წლების განმავლობაში ჩვენ არასდროს გვქონია მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე. მაშინ, როდესაც ძიუდო არის სპორტის სახეობა, რომელსაც რეალურად მოაქვს შედეგები სამშობლოსთვის და აქვს საუკუნოვანი ტრადიციები საქართველოში. დიდი ხანია, სხვადასხვა გზით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას, როგორც ძიუდოს ერთი დიდი ოჯახი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი სიამაყეა ქართული დროშის ღირსების დაცვა შეჯიბრებებზე, თუმცა უკვე შეუძლებელია ასეთ პირობებში გაგრძელება. ვითხოვთ დავით ქევხიშვილის გადადგომას, რადგან ის ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და ვთხოვთ ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც შეუძლიათ ამ სიტუაციაში პრობლემის მოგვარება, გულთან ახლოს მიიტანოს ქართული ძიუდოს გასაჭირი”, _ ეს განცხადება ძიუდოისტთა სახელით, ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა გააკეთა, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა გადადგომაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ ბრალდებები უფრო დამძიმდა.

დავით ქევხიშვილი
დავით ქევხიშვილი

“ის, რომ საკუთარი ხარჯებით წავედით ევროპის ჩემპიონატზე, არაფერია იმასთან შედარებით, რაც იქ ხდებოდა. ფედერაციის ხარჯებით რამდენიმე ათეული გულშემატკივარი წამოვიდა ისრაელში, ჩვენთვის სრულიად უცნობი ადამიანები, მაგრამ ქევხიშვილის მეგობრები. უსახსრობის გამო თბილისში დარჩა ნაკრების მასაჟისტი და ევროპის ჩემპიონატზე არ გვყავდა. მეტი რა უნდა მოხდეს, რომ ქევხიშვილმა გადადგომაზე იფიქროს?!” _ განაცხადეს ძიუდოისტებმა.

სხვათა შორის, ქევხიშვილი ფედერაციაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მიიყვანა, “ქართული ოცნების” ლიდერებთან დააახლოვა და პრეზიდენტის პოსტიც ჩააბარა. ახლა კი სწორედ ზვიადაური გაიძახის: შემეშალა და შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა მომეცითო. მოგეხსენებათ, ქევხიშვილი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის გარდა, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა და, როგორ უთავსებს ამ ორ საპასუხისმგებლო პოსტს ერთმანეთს, ნამდვილად ვერ გეტყვით. მან ისიც თქვა, _ ფედერაციის პრეზიდენტობა ზვიადაურს სურსო, მაგრამ ძიუდოისტებმა ხმამაღლა განაცხადეს: თუ ზვიადაური ფედერაციის პრეზიდენტი გახდება, ნაკრებიდან ყველა წავალთო, რაც ზვიადაურმაც მოიწონა და აღნიშნა: ფედერაციაში ვერ მიხილავთო.

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ძიუდოისტებს პრეზიდენტად საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ვლადიმერ ნუცუბიძე სურთ. ნუცუბიძე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ დაფასებული მსაჯია, მსოფლიოს ჩემპიონატების, ოლიმპიადების ფინალები აქვს განსჯილი და არცთუ ურიგოდ. სწორედ მისი საერთაშორისო კავშირების ეიმედებათ ბიჭებს და სჯერათ, რომ ნუცუბიძეა ის პიროვნება, რომელიც ქართულ ძიუდოს სხვა სიმაღლეზე აიყვანს.

“ეს არის დემარში, ბოიკოტი ან, რაც გინდათ, ის დაარქვით. ასე გაგრძელებას აზრი არ აქვს და სწორედ ამიტომ ბოსნიაში გასამართი ევროპის თასიდან ჩემი განაცხადი გამოვიტანე, იქ აღარ მივდივარ”, _ განაცხადა მსოფლიოს კიდევ ერთმა ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა და შინ, პრაქტიკულად, აეროპორტიდან დაბრუნდა.

“ქევხიშვილს ხელისუფლების იმედი აქვს. მას პარლამენტშიც და პარტიაშიც ჰყავს მხარდამჭერები, სხვანაირად მას პარალელურ რეჟიმში ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარედ არ დანიშნავდნენ. რეალურად, ქევხიშვილი ვერც საკრებულოში დადის და საქმეს ვერ აკეთებს და რას დაამსგავსა ფედერაცია, თავადაც ხედავთ. ახლა მთავარი ის კი არ არის, რას იზამს გადადგომის შემდეგ ქევხიშვილი, არამედ ის, გამოიძიებენ თუ არა 15 მილიონი ლარის გაქრობის ამბავს. წინ მსოფლიოს ჩამპიონატია და ფული, უბრალოდ, აღარ არის. როგორ უნდა მოემზადოს ნაკრები, არავინ იცის”, _ გვითხრა ფედერაციაში მომუშავე ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

7 მაისს ძიუდოისტები გულშემატკივრებთან ერთად ფედერაციაში მივიდნენ და ქევხიშვილთან კამერების თანდასწრებით საუბარი მოითხოვეს, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტი კაბინეტში არ დახვდათ.

აი რა განაცხადა დავით ქევხიშვილმა, როდესაც მას კომენტარისთვის დავუკავშირდით:

“10 მაისს ყრილობაა დანიშნული და ყველა კითხვას იქ გაეცემა პასუხი. პირდაპირ ვაცხადებ, რომ ბრალდებები აბსურდულია და მათ არ ვეთანხმები. ისინი ბრალს მდებენ, მე ჩემი სიმართლე მაქვს და ამ სიმართლეს დავამტკიცებ. თანამდებობაზე გამოკიდებული და გამოკერებული არავინაა, მაგრამ ასე წასვლას არ ვაპირებ _ თითქოს ყველაფერი გავაფუჭე და ყველაფერი ჩემი ბრალია. ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ და დავამტკიცებ დოკუმენტებით და არა ჰაერზე”, _ გვითხრა ქევხიშვილმა.

ითქვა, თითქოს ვიტყუები, თითქოს ჩემი ხარჯით არ წავსულვარ ისრაელში. მე მაქვს ინვოისები, მაქვს მეილზე გამოგზავნილი ბილეთი, ჩემი ბარათიდან არის გადარიცხული ბილეთის ფული, ყველა დოკუმენტი მაქვს და ამ დოკუმენტებს დავდებ. ის, რომ ქევხიშვილი მართალია და ყველა ტყუილს ვამბობთ, თეორიულადაც კი აბსურდია. დათო უნდა გადადგეს, სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს”, _ ეს კი ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის, პოზიციაა.

შეგახსენებთ, რომ ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს არის დანიშნული, თუმცა, მივლენ თუ არა ყრილობამდე ძიუდოისტები, ძნელი სათქმელია, რადგან ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here