Home ახალი ამბები საქართველო ნულების “პარადი” საქართველოში

ნულების “პარადი” საქართველოში

1212

რამდენიმე დღის წინათ ერთერთმა პარლამენტარმა ქალმა სტუდიაში ოპონენტი მამაკაცის საცემად გაიწია და ხელი დაარტყა კიდეც. მანამდე და მერეც, უკვე სხვა გადაცემაში, პოლიტიკოსმა მამაკაცებმა დასცხეს ერთმანეთს, წყლით სავსე ჭიქები ესროლეს. ისე, კარგია, ტელევიზიები რომ მიხვდნენ და მოწვეულ სტუმრებს წყალს ქაღალდის ჭიქებში რომ უსხამენ, თორემ შუშის ან ფაიფურის ჭიქებით ატყდებოდა თავების მტვრევა და ერთმანეთისთვის ნამსხვრევების შეყრასანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, ისიც ვთქვათ, რომ პარლამენტარი ქალის მოქნეული მუშტი არ გააპროტესტა ბაია პატარაიამ, მაგრამ, პირიქით რომ ყოფილიყო, ეს ქალზე ძალადობა იქნებოდა და არასამთავრობოები რუსთაველზელეიბებს გაშლიდნენ და გაწვებოდნენ…” მაგრამ ეს სხვა დროს

ახლა ერთი კაცის მიერ გაკეთებულ რამდენიმე განცხადებას გაგაცნობთ და დასკვნებზე შემდეგ ვისაუბროთ.

“მძიმე დღეშია “ქართული ოცნება”, მაგრამ უარეს დღეშია ოპოზიცია, ქართული ოპოზიცია არის სხვაგან, საქართველო და ქართველი ხალხი _ სხვაგან… რას იმართლებენ თავს? რისი რევოლუციის თავი აქვს ამ ოპოზიციას? ყველას ვიცნობ, პატივს ვცემ, მაგრამ არც ერთი არ ჰგავს რევოლუციონერს. ხელისუფლებაც კარიკატურაა და ოპოზიციაც… ქართველი ხალხი, დიდი ხანია, მზად არის ცვლილებებისთვის, ძალიან მალე, ქართველი ხალხი განაჩენს გამოუტანს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. არის ერთი დიდი პარტია, “ნაციონალური მოძრაობა”, მაგრამ მას სხვა პრობლემები აქვს, მაგრამ მარტო “ნაციონალური მოძრაობა” არ ჰყოფნის ვითარების გამოცვლას. თანაც, “ნაციონალური მოძრაობა” აღარ არის გამტარი მიხეილ სააკაშვილსა და ქართველ ხალხს შორის…”

როგორ გონიათ, ვინ არის ამ განცხადებების ავტორი? გაგიკვირდებათ და… გუბაზ სანიკიძე. გაგიკვირდებათ იმიტომ, რომ სანიკიძეს საქართველოს გადარჩენის მთავარ ამოცანად ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში ნაციონალების დაბრუნება ჰგონია; იმ ნაციონალების, რომლებსაც თავის დროზე არათუ ოპოზიციაში ედგა, არამედ ნიურნბერგის პროცესს უმზადებდა და მთავარ დამნაშავედ მიხეილ სააკაშვილი ჰყავდა დასახელებული. ახლა კი გული სწყდება, რომ მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” და მიშა ამ ხელისუფლებას ვერ ცვლიან, დანარჩენ პარტიებს კი თურმე ნულოვანი რეიტინგი აქვთ, ანუ, როგორც ბატონი გუბაზი, ამბობს, დღეს ნულების პარადია საქართველოში…” სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით, თვითონ გუბაზ სანიკიძეს რა რეიტინგი აქვს და ასცდება თუ არა ნულს, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

სანიკიძეც კი მიხვდა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი აღარ არსებობს. სანიკიძე იმიტომ ვახსენეთ, რომ საქართველოში ასეა _ პოლიტიკაში რომ მიდიხარ, ან სიკვდილამდე რჩები, ან გიჭერენ, წასვლის სხვა გზას ქართველი პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი, უბრალოდ, ვერ და არ ხედავს. ჰოდა, ბატონი გუბაზი 55 წლისაა და, რაღა თქმა უნდა, წასვლაზე არ უნდა ფიქრობდეს, მაგრამ ისიც კი მიხვდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რომ ერთ ადგილსაც კი ვეღარ ვტკეპნით, რადგან გასატკეპნი არაფერია, ამიტომ საუბარობს ხმამაღლა სანიკიძე რევოლუციაზე, მაგრამ იმასაც ხვდება, რომ ამ საქმიდან ჯერჯერობით მაინც არაფერი გამოვა. ისე, რევოლუციაზე საუბარიც კი სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ გამოცდილმა პოლიტიკოსმა იცის, მას არავინ დაიჭერს, ოპოზიციას ყველაფერის უფლება აქვს, მთავარია, სახელისუფლო გუნდს რეალურად არ დაემუქროს საფრთხე, თორემ სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი განცხადება კი არა, აგერ, დეპუტატმა ქალმა პირდაპირ ეთერში იხულიგნა, ოპონენტი ცემა და იმას არ ეუბნებიან არაფერს, პირიქით, ტაშიც კი დაუკრა ზოგიერთმა. ესეც ქართული პოლიტიკის სენია _ რაც უფრო მეტად იგინები და ჩხუბობ საჯაროდ და სახალხოდ, მით მეტად გიწვევენ ტელევიზიებში, რეიტინგი რომ დაწეროს გადაცემამ, ხალხს ხომ სეირის ცქერა მოსწონს და უზრდელები, მოჩხუბრები, უკულტუროები ნაბიჯნაბიჯ, გინებგინებით მიიწევენ წინ. მერე გიკვირთ, მოსახლეობას რატომ ექცევიან ასე სასტიკადო? ეს იმიტომ, რომ ერთმანეთს არ სცემენ პატივს, ერთმანეთს აგინებენ და მუშტს უღერებენ და რიგით ამომრჩეველი ვინ უგდიათ? მისცემენ არჩევნებზე 50 ლარს და ეგააბოდიში, მისცემენ არა _ გადაუგდებენ. არ გეგონოთ, რომ სანიკიძე ამ საქმეში მარტოა. ყველა პოლიტიკოსი ხვდება, რომ წასვლის დროა, რომ მათ საკუთარი თავი ამოწურეს, რომ არაფრის გამკეთებლები აღარ არიან და ქვეყანასაც ვერ გამოიყვანენ იმ მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც არის, მაგრამ სად წავიდნენ, კიდევ სად იშოვება უშრომლად ამდენი ფული?! _ არსად და ამიტომ სკამებს მანამდე ებღაუჭებიან, სანამ ამის შანსი აქვთ, და იმ სკამებში ჩასაჯდომად საკუთარ შვილებს ამზადებენ. შვილებმა, თავის მხრივ, გადასარევად იციან, როგორ იშოვეს მშობლებმა მილიონები და ხვდებიან, რომ ეს კარგი შანსია, ამიტომ გამოდიან აქციებზე, ყვირიან, ხელებს იქნევენ, ანუ იქცევიან ზუსტად ისე, როგორც მათი მშობლები. ფორმულა მუშაობს _ ამ ბავშვებს, მომავალ პოლიტიკოსებს, აჩვენებენ ტელევიზიით, პოპულარიზაციას უწევენ, ამზადებენ… რიგითი ადამიანებისთვის იქ ადგილი, უბრალოდ, არ არის, რადგან მსუყე ტორტის ნაჭერს სხვას არ შეახვედრებენ, ისევ თვითონ უნდა მიირთვან…

ამ ამბავსა და ჯაჭვში ყველაზე საინტერესო დასავლეთის დამოკიდებულებაა. დასავლურმა განათლებამ შექნა ერთგვარი აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკაში ადგილი დაიმკვიდრო, რომ მისაღები იყო ევროპისთვის და ამერიკისთვის. არადა, სწორედ მაშინ, როცა ჩვენი ახალგაზრდა თაობა იღებს განათლებას ევროპასა და ამერიკაში, ხდება მათი გადაბირება, დასავლურ თარგზე მოჭრა და ქართული ღირებულებების გაქრობა. დასავლეთში განათლებამიღებულმა გოგობიჭებმა ზუსტად იციან, არასამთავრობო ორგანიზაციებისფასი”; იციან ისიც, რაზე უნდა დახუჭონ თვალი, რაზე უნდა იყვნენ შემწყნარებლები და მერე რა, თუ ეს ყველაფერი არც ქართულ მენტალიტეტში ჯდება და არც ქართულ ტრადიციებში, მაგრამ მთავარი ხომ სკამია, ის სკამი, რომელიც მის მამას, დედას ან ბიძას ეკავა და ახლა მისი დრო მოვიდა.

კონკრეტული მაგალითი ვთქვათ: როცა “ნაციონალური მოძრაობა” წავიდა ხელისუფლებიდან და მიხვდნენ, ოდიოზური ფიგურები უნდა გადაემალათ, ხომ ყველას გეგონათ, რომ აკაკი მინაშვილი, გოკა გაბაშვილი, გივი თარგამაძე და სხვები პოლიტიკიდან წავიდნენ, უბრალოდ გაქრნენ… მაგრამ არა, როგორც კი “პოლიტიკური სისხლის” სუნი იკრეს, მაშინვე დაბრუნდნენ და პრეტენზიები კვლავ გამოაცხადეს, კვლავ ხელისუფლებაში ყოფნა სურთ და მერე რა, რომ სწორედ ხელისუფლებაში მათი ყოფნა ხალხმა ერის გენოციდად შერაცხა. სამაგიეროდ, ოჯახის ბიუჯეტი გაზარდეს, სახლები, ავტომობილები და ბიზნესი დალაგებულ-ჩალაგებულია ისე, მათ რამდენიმე თაობას ეყოფა, მაგრამ მონაპოვარს თუ არ შემატე, ისე რა გამოვა? ამ ხალხმა სხვა რამის კეთება არ იცის, პოლიტიკას რომ ჩამოაშორო, შეიძლება შიმშილით სული გასძვრეს, რადგან პურის ფულსაც ვერ იშოვნის. ამ დროს კი არსებობს მაგიური სიტყვები: პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი, დეპარტამენტი… ეს სიტყვები მთელი ცხოვრება ესმოდათ მათ შვილებს და აღარ შეუძლიათ მათ გარეშე ცხოვრება. აგერ, როგორც იქნა, წყნეთის სამთავრობო აგარაკები გაიყიდა, ჯამში, 47 მილიონ ლარად და ზუსტად ვიცით, 20 მილიონის აგარაკი ერთ-ერთი მინისტრის მოადგილის ძმას “მოუჭრეს” და მიართვეს. ვერც გაამტყუნებ, მიჩვეულია იქ ცხოვრებას, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან, იქ დაზარდა ბავშვები და იყოს, რას უშლის. ჰო, 20 მილიონი არ არის ცოტა, მაგრამ არც ისე ბევრია, ბავშვებს რომ გული დასწყდეთ ამის გამო.

მოვლენებს თუ რეალურად შევხედავთ, ედუარდ შევარდნაძის შემდეგ სერიოზული პოლიტიკოსი საქართველოს არ ჰყოლია. ახლა ვიღაც იტყვის, მიხეილ სააკაშვილიო? ჩვენ პოლიტიკოსებზე ვსაუბრობთ და არა ავანტიურისტებზე. პოლიტიკა სხვა რამეა, პოლიტიკას უდიდესი გამოცდილება და ცოდნა უნდა, ინტელექტი და კულტურაც უნდა და ეს რომ ჰქონდეთ დღევანდელ პოლიტიკოსებს, შოუებში ხელ-ფეხის ქნევასა და გინებას არ დაიწყებდნენ. გაიხსენეთ შევარდნაძის მოქნეული ხელი ან უწმაწური სიტყვა? ვერ გაიხსენებთ, რადგან სწორედ ასე კეთდება პოლიტიკა, ღიმილით და კეთილი თვალებით.

პოლიტიკური მაგიდა არ არის საინტერესო ქართველი ხალხისთვის”, _ ესეც სანიკიძემ თქვა და მართალიცაა. მაგიდამ რომ დაგაინტერესოს, კერძების გარდა, მაგიდის წევრებიც მისაღები უნდა იყოს შენთვის და ახლა ჩამოთვალეთ ერთი ხელის თითებზე, რამდენი პოლიტიკოსია თქვენთვის მისაღები და მიხვდებით, რომ პოლიტიკური მაგიდა წიხლით უნდა ააყირავოთ. ჰო, წიხლით, რადგან სხვას არ იმსახურებენ.

ლევან გაბაშვილი

1 COMMENT

  1. შევარდენაძე პოლიტიკოსი? ვერც შე ერკვევი ჩემო ძმაო რამეში, სააკაშვილი პოლიტიკოსი კი არა დედას ბუშტია ციხეში ვერ ძლებს ბულკებს არის მიჩვეული; პოლიტიკოსი ბუნებით პურიტანი უნდა იყოს, ასეთი ადამიანი ხალხზე იზრუნებს, დღეს და საერთოდ სტალინის შემდეგ საქართველოს პოლიტიკოსი არ ყოლია და არც ეყოლება რამოდენიმე საუკუნე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here