Home რუბრიკები საზოგადოება მშობლიური, განუყრელი…

მშობლიური, განუყრელი…

157

ეს არც რეცენზიაა და არც ლიტერატურული კრიტიკა, ეს პირველი შთაბეჭდილების მყისიერი გადატანაა ქაღალდზე. ეს წუთია, დავასრულე კითხვა ახალგამოცემული პოეტური კრებულისამშობლიური, განუყრელი”. მისი ავტორია ჩვენს ულამაზეს კუთხეში, სამეგრელოში, დაბადებული და გაზრდილი, მაგრამ მოსკოვში განათლებამიღებული და შემდეგ საცხოვრებლად იქ დარჩენილი, ცხოვრების დიდი გზაგამოვლილი კაცი შახო გერგედავა.

ბატონი შახო გერგედავა სპეციალობით გეოლოგი ყოფილა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი, მსოფლიოს მრავალი აკადემიის წევრი, ყველგან მიღებული და დაფასებული ადამიანი, რომელიც თითქმის 90 წელს მიტანებულია. რა საოცარია სამშობლოს განცდა. მთელი ცხოვრების განმავლობაში რა სათუთად, რა სიყვარულით, რა უჭკნობ ხატად, ავგაროზივით გულზე ჩამოკიდებული უტარებია მისი კუთხის, მისი სოფლის, მისი მიწა-წყლის, მისი მთებისა და მისი ცის ხატი ამ საოცარ კაცს. ბატონ შახოს თითქმის მთელი მსოფლიო შემოუვლია, ყველა კონტინენტი უნახავს, მაგრამ, როგორც ირკვევა, არც ერთი ქვეყნიდან ისე არ წამოსულა, რომ საქართველოზე ლექსი არ დაეწერა. მის შემოქმედებაში ვერც ტერენტი გრანელის უკიდურეს პესიმიზმს აღმოაჩენთ და ვერც ლადო ასათიანის უკიდეგანო ოპტიმიზმს, აქ ვერც გოგლას მგრგვინავ ხმებს გაიგებთ და ვერც გალაკტიონის კოსმოსურ გაქანებას იგრძნობთ, მაგრამ მის პოეზიაში სამშობლოს მოწყვეტილი კაცის ისეთი ჩუმი ოხვრა და კვნესა ისმის, ცრემლის ისეთ უხილავ ჟონვას მიაკვლევ, რომ სუნთქვას შეგიკრავს. ვერ ვიტყვი, რომ ეს რაფინირებული, მაღალი პოეზიაა, აქ არც მერნის ფლოქვთა თქარუნი ისმის და არც არწივის ფრთების ტყლაშუნი, ეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, უპრეტენზიო პოეზიაა, არა სხვათა წასაკითხად, არამედ თითქოს საკუთარი თავის წინაშე გულის მოსაოხებლად ამოთქმული. შახოს პოეზიაში არ არის შედარებების, მეტაფორების თუ სხვა პოეტურ ხერხთა მოზღვავება, რაც პროფესიონალი პოეტების ხელში ერთგვარი ლიტერატურული კეკლუცობის საგნად იქცევა ხოლმე. აქ სხვა რამ არის თვალში საცემი _ განცდის სიღრმე, გრძნობის სიწრფელე და ემოციის სიმართლე. როგორც უძვირფასესი ადამიანის დამკარგავს ვერ მოვთხოვთ მის ტრაგედიაზე თეატრალური ხერხების გამოყენებით მოთქმას, როგორც ომში დაკარგული ჯარისკაცის დედას ვერ მოვთხოვთ შვილის მოულოდნელი დაბრუნებით გამოწვეული სიხარულის გამოხატვას ესთეტიკის კანონების გათვალისწინებით, შახო გერგედავასაც ვერ მოვთხოვთ ლიტერატურის წესების ზედმიწევნით დაცვას, რადგან მის პოეზიაში, უმთავრესად, მიუსაფარი სულის ნოსტალგიური კვნესა ისმის და მას თითქოს სხვა დანიშნულება არც გააჩნია. თუმცა, იქნებ ესაა სწორედ ის ლიტერატურული ხერხი, რომელსაც პოეტი გვთავზობს და ამკვიდრებს; ხერხი, რომელშიც პოეტი მკითხველთან კონტაქტში არ შემოდის, თითქოს არც ითვალისწინებს მკითხველის ფაქტორს, მას სათქმელი ნაწყვეტ-ნაწყვეტ, დანაწევრებულად და იმპულსურად მოაქვს, ზუსტად ისე, როგორც არა სხვასთან, არამედ საკუთარ თავთან მოსაუბრე ადამიანები აკეთებენ… ეს ძალიან საინტერესო პოეტური ხერხია. არის ერთი ფაქტორიც, რომელიც დამახასიათებელია შახოს პოეზიისთვის.

ვკითხულობთ ქართულ ენაზე დაწერილ ლექსებს, მაგრამ მუდმივად ჩაგვესმის მეგრული კილო და ინტონაციები. მეგრული სინტაქსი და სიტყვათწყობა თითქოს ეხმარება მას, რომ სათქმელი არამხოლოდ გვითხრას, არამედ ისე გვაგრძნობინოს და განგვაცდევინოს, რომ ამ სათქმელის თანამონაწილედ გვაქციოს. ქართულ ლიტერატურაში ამის ანალოგი მოგვეძებნება. დიდმა ჭაბუა ამირეჯიბმა უკვდავ “დათა თუთაშხიაში” ქართული სალიტერატურო ენა ისეთი ზომიერებითა და მაღალი მწერლური გემოვნებით გააზავა მეგრული სინტაქსით, როგორც ჩვენი წინაპრები თავიანთ უზადო კერძებს აზავებდნენ ათასგვარი სურნელოვანი სანელებლებით.

შახოს პოეზიაში სამშობლოს გაუნელებელ სიყვარულთან ერთად წამყვან მოტივად შრომა და მშრომელი ადამიანი გვევლინება. საბჭოთა ეპოქაში დაბადებული და ჩამოყალიბებული ადამიანისთვის ეს თემა უცხო რატომ უნდა იყოს, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ახალ ეპოქას საკუთარი დამღა დაესვა შემოქმედისთვის, ძველის მიმართ სკეპტიციზმითა და ნიჰილიზმით განემსჭვალა იგი და ინდივიდუალიზმის ნაჭუჭში ჩაეკეტა, ან მის ლექსებშიც ისევე შემოჭრილიყო ფუტუროლოგიური ნაკადი, როგორც ბევრ სხვას დაემართა. არა, შახო კონსერვატიულ ღირებულებათა სადარაჯოზე დარჩა, რის გამოც მისი პოეზია სოციალისტური რეალიზმის ახლებურ გამოძახილად გვეჩვენება:

მე გულს მიხარებს

შრომით და გარჯით,

სიცოცხლის ბურჯი

ოფლიან მაჯით”.

კი, გასული საუკუნის ოციანი წლების პოეტი გვესაუბრება თითქოს, მაგრამ, თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ ახალ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომლისთვისაც შრომითი ენთუზიაზმი და აღტყინება უცხო გამხდარა, პოეტის ეს ნეოსოცრეალიზმი სრულიად ახლებურ დატვირთვას იძენს:

ყოველდღიური გარჯა, ქმედება,

აი, ნამდვილი სიხარული და

აი, ნამდვილი ბედნიერება!

ვაშა, დიდება,

შრომას და გარჯას,

ვაშა და ვაშა

ოფლიან მაჯას!”

ამგვარი განწყობების შემდეგ აღარ გვიკვირს, რომ შახოს ლექსებში ხშირად შეხვდებით სტალინის სახელს, არა პირდაპირ ხოტბა-დიდებას ბელადისა, არამედ სხვადასხვა კონტექსტში და სხვადასხვა რაკურსით. მაგალითად:

“…და თითო გოჯი მიწისა

ვოლგის ნაპირის ალაგი,

იმედი დედამიწისა _

უძლეველი სტალინგრადი”.

მართლაც, სტალინგრადში ყოველი გოჯი მიწისთვის დაღვრილი ზღვა სისხლი იყო დიდ სამამულო ომში იმ გარდატეხის შემტანი, რომელმაც დასავლური ფაშიზმისგან მთელი მსოფლიოს ხსნის იმედი ჩასახა. “იმედი დედამიწისა” ზუსტად არის ნათქვამი, მაგრამ იმავე ლექსის ფინალში ავტორს სულ სხვა განწყობილება შემოაქვს. იგი თითქოს რიტორიკულ შეკითხვებს სვამს, რომლებიც ლექსში ვერბალურად ფორმულირებული არ აქვს, მაგრამ შინაგანად, ქვეტექსტებში, ერთმნიშვნელოვნად იგრძნობა და იკითხება: ეს რა ჰქენით? ეს როგორ იკადრეთ? კაცობრიობის მხსნელ სტალინგრადს სახელი როგორ ან რატომ შეუცვალეთ? _ მიმართავს იგი პოეტის ამ რისხვის ლოგიკურ ობიექტს, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ აკონკრეტებს. და მის მთელ ამ აღშფოთებას, დიდ სამამულო ომში გამარჯვების სულისჩამდგმელისა და უმაღლესი მხედართმთავრის მიმართ გამოვლენილი ისტორიული უსამართლობის გამო გამოთქმულ პროტესტს პოეტი ამ ორ სიტყვაში გასაოცარი ემოციურობით ატევს:

სირცხვილია, სირცხვილია,

სირცხვილია ვოლგოგრადი!”

ბატონ შახო გერგედავას პირადად არ ვიცნობ, არსად არ შევხვედრივარ და ცხოვრებაში ჩვენი გზები არ გადაკვეთილა. მე მხოლოდ მისი ლექსების კრებულს გავეცანი, რომელიც, როგორც ამ წიგნიდან შევიტყვე, რიგით მეორე ყოფილა. ისიც გავიგე, რომ მესამე კრებულიც უკვე მზად არის გამოსაცემად. მადლობა მინდა ვუთხრა ამ ამაგდარ პიროვნებას არამხოლოდ მისი შესანიშნავი ლექსებით მოგვრილი სიამოვნებისთვის, არამედ მისი კაცური ღვაწლისთვის, მისი დიდი მეცნიერებისთვის და იმ ქართული ღირსებისთვის, რომლითაც მასთან ერთად ჩვენც შეგვიძლია ვიამაყოთ. იმედი მაქვს, რომ მასთან პირადად შეხვედრისა და ჩვენს მამა-პაპათა ენაზე გასაუბრების შესაძლებლობაც მომეცემა.

გრიგოლ ონიანი,

საერთაშორისო საზოგადოებასტალინისთავმჯდომარე;

სტალინის ფენომენის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here