კარს მომდგარი არჩევნების წინ ორი დიდი მოაზროვნის (ევროპელების) ნათქვამს შეგახსენებთ: პირველს – ამთავითვე, მეორეს – სტატიის დასასრულს. გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი ამბობდა: ”გონივრული არჩევანი რომ გააკეთო, უნდა იცოდე, რას უნდა აუარო გვერდი”. კანტის ამ ნათქვამის ამგვარი ინტერპრეტაციის უფლებას მივცემ თავს: უბედურებისგან დისტანცირება და მისთვის გვერდის ავლაა ყველაზე სწორი არჩევანიც და ყველაზე დიდი ბედნიერებაც!
ამერიკელი და ევროპელი ”პარტნიორები” მორიგ გამოცდას გვიწყობენ. მათ უბედურება კი არ დაგვატეხეს თავს, უბედურების წინაშე დაგვაყენეს; უფსკრულში კი არ გადაგვჩეხეს, უფსკრულთან მიგვიყვანეს და გვეუბნებიან: გირჩევთ, რომ გადაიჩეხოთ, მაგრამ თქვენ უფლება გაქვთ, არ გადაიჩეხოთ, არჩევანი თქვენზეა! მათ ის კი არ უნდათ, რომ უფსკრულში თვითონ გადაგვჩეხონ, მათი დაუოკებელი სურვილია, უფსკრულში ჩვენ თვითონ (ჩვენივე ნებით) გადავიჩეხოთ. მათ მიგვიყვანეს უფსკრულამდე, უკანასკნელი ნაბიჯი კი ჩვენ უნდა გადაგვადგმევინონ. ეს უკანასკნელი ნაბიჯი მათი ”მეხუთე კოლონისთვის” ხმის მიცემაა. ამ ნაბიჯის გადადგმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ”ნაციონალური მოძრაობისა” და მის ირგვლივ თავმოყრილი აგენტურის გამარჯვებასა და სააკაშვილის მანიაკურ-ფაშისტური რეჟიმის რეანიმაციას ნიშნავს. ეს არის დასავლეთის გეგმა ”ა”, მაგრამ მოგეხსენებათ, სადაც არსებობს გეგმა ”ა”, იქ ყოველთვის არსებობს გეგმა ”ბ”. ამ შემთხვევაში გეგმა ”ბ”, არჩევნებში მარცხის შემთხვევაში, ე.წ. ოპოზიციის მიერ შედეგების არ აღიარებას, ვითარების დესტაბილიზაციასა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გულისხმობს. დასავლეთის მიზანია ან არჩევნების, ან სახელმწიფო გადატრიალების გზით აგენტოკრატიის აღდგენა, რომელსაც სამი უმძიმესი შედეგი მოჰყვება:
* დასავლეთის მიერ დაწესებული რუსული სანქციებისთვის საქართველოს შეერთება, რაც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ქართულ ეკონომიკას დაანგრევს;
* საქართველოდან რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა, რაც საქართველოს სისხლში ჩაახრჩობს;
* საქართველოს უკრაინიზაცია, რაც ქვეყანას მთლიანად გაანადგურებს.
კანტის მიერ შემოთავაზებულ შეგონებას თუ მივყვებით, აი, რას უნდა ავუაროთ გვერდი ქართველებმა 26 ოქტომბერს.
ვის შეუძლია საქართველოს ხსნა დასავლეთის ამ საშინელი გეგმის რეალიზაციისგან, ვის შესწევს ძალა ამ ურჩხულის შეჩერებისა? მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს, მის ურყევ ნებას, რომ მტკიცე უარი უთხრას ძალას, რომელსაც მოაქვს ომი, სისხლი, ქაოსი და ნგრევა.
ვის, რომელ ქართველს შეუძლია იმ საშინელების ჩადენა, რომ ჩვენი ქვეყნის მტრებს ხმა მისცეს და მათ გზა გაუხსნას ვერაგული ჩანაფიქრის განხორციელებისკენ?!
ვის, რომელ ქართველს შეუძლია იმ საშინელების ჩადენა, რომ საქართველო ნგრევისა და აოხრებისთვის გაიმეტოს?!
ვის, რომელ ქართველს შეუძლია იმ საშინელების ჩადენა, რომ ჩვენი შვილები უაზრო და უთანასწორო ომში დასახოცად გაწიროს?!
ძნელი წარმოსადგენია, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამ საშინელების ჩადენა შეუძლიათ და ჩაიდენენ კიდეც, მაგრამ მათი ეს ნაბიჯი, პოლიტიკური და მსოფლმხედველობრივი არჩევანი კი არა, ადამიანობასა და არაადამიანობას შორის გაკეთებული არჩევანი იქნება პირველის საწინააღმდეგოდ და მეორის სასარგებლოდ. ასეთი არჩევანი კი არ არსებობს, ვინაიდან ადამიანი, რომელმაც არაადამიანური არჩევანი გააკეთა, უკვე აღარ არის ადამიანი. ასე მძიმე არჩევანის წინაშე როდესაც აღმოჩნდებიან, არაადამიანები საკუთარ თავს ბოლომდე ამჟღავნებენ, მაგრამ ადამიანები ადამიანებად რჩებიან. ალბათ, ამგვარ სიტუაციას გულისხმობდა პოლონელი პოეტი და მოაზროვნე სტანისლავ ეჟი ლეცი, რომელიც ასკვნიდა: ”ადამიანს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა ადამიანად დარჩენისა!”
დარჩი ადამიანად!
ვალერი კვარაცხელია