Home რუბრიკები საზოგადოება „უნივერსიტეტი ჩემი ბედისწერა იყო“

„უნივერსიტეტი ჩემი ბედისწერა იყო“

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებების კომპლექსი 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს საზეიმო სხდომით დაგვირგვინდა.

წლების განმავლობაში უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს როინ მეტრეველს ერთი შეკითხვით მივმართეთ:

– ბატონო როინ, პირადად თქვენთვის რა იყო უნივერსიტეტი?

– უნივერსიტეტი ჩემი ბედისწერა იყო და საერთოდ ყველაფერი. ბედნიერი კაცი ვარ იმით, რომ უნივერსიტეტი და დავით აღმაშენებლი, რომელსაც მთელი ჩემი შემოქმედება შევწირე, ერთ დღეს, აღმაშენებლის მოსახსენიებელ დღეს არის დაფუძნებული…

ამას ერთი ოჯახური ამბავიც ემატება, მეუღლე მყავს 8 თებერვალს დაბადებული…

– რომელიც უნივერსიტეტში იპოვეთ.

– დიახ, ასეა. მოკლედ, უნივერსიტეტი, დავით აღმაშენებელი და 8 თებერვალი ჩემთვის არის, რა გითხრათ, ვერ მომიძებნია სიტყვა, რომელიც შეძლებს ჩემი დამოკიდებულების გადმოცემას… ჩემთვის ყველაფერია, ყველაფერი.

– საქართველოსთვის?

– უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ორიენტაციის ცენტრია. არა მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების, არამედ-ეროვნული ორიენტაციის ცენტრი.

– არის რამ ისეთი, რის მოწესრიგება-დალაგებას, მოგვარებას უსურვებდით უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას?

– უნივერსიტეტში დღეს ძალიან ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი. ჩამოთვლაც კი ძნელია. დღეს განათლების სისტემაა თავად გაფართოებულ-განვითარებული და ბევრი საკითხი აქედან მოდის.

პერიოდი, როცა უნივერსიტეტის რექტორი ვიყავი, ურთულესი იყო, მოგეხსენებათ, სიმძიმე 90-იანი წლების. ეს გამოიარა უნივერსიტეტმა, მაღალი ღირსებით გამოიარა უნივერსიტეტის პროფესურამ. მაშინ დიდი სამეცნიერო საბჭო გვქონდა, რომელშიც 207 კაცი შედიოდა. იგი წარმართავდა, დემოკრატიულად წარმართავდა საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო პროცესს. 22 ფაკულტეტი გვქონდა, რომლებიც სრულად მოიცავდა არსებულ სამეცნიერო სივრცეს. დღეს 7 დატოვეს. ჯერ ექვსი იყო, შემდეგ ერთი დაამატეს. რატომღაც ასე მოხდა, მაგრამ მე ეს მართებულად არ მიმაჩნია, რა თქმა უნდა. ამის და სხვა დანარჩენის გამოსწორებას დრო და დიდი ძალისხმევა დასჭირდება. მე ოპტიმისტი ვარ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი თანდათან გაკეთდება და ჩევნი ალმამატერი გახდება ის დიდი უნივერსიტეტი, რომელზეც, დაარსების ჟამს ფიქრობდა დიდი ივანე ჯავახიშვილი.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here