Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების მოხეტიალე ცირკი მოგზაურობას განაგრძობს

საქართველოს ხელისუფლების მოხეტიალე ცირკი მოგზაურობას განაგრძობს

2003
ჯამბაზი

ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 2012 წლის არჩევნებიდან არასრულ ხუთ წელიწადში, ახალი ხელისუფლება არათუ საოცნებო და საოცარ წელზე ისაუბრებდა, არამედ მოსახლეობის მოტყუებას დაუფარავად შეეცდებოდა. სხვა არაფერია ის, რაც რეალურად დღეს ხდება და ამ ყველაფერს ის შაპიტოც ემატება, რომელსაც ხელისუფლება იყენებს. მოგეხსენებათ, შაპიტო მოხეტიალე ცირკია და სწორედ მას ჰგავს კონსტიტუციის სახალხო განხილვა. ჩვენი ხელისუფლება რომაული პრინციპით მოქმედებს _ ხალხს პურსა და სანახაობას სთავაზობს, მაგრამ პური რაციონიდან ნელნელა ქრება და, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ არჩევნებზე დამშეული და ჯიბეგამოფხეკილი ხალხი იმაზე ნაკლებს დასჯერდეს და იმაზე ნაკლებად გაიყიდოს, ვიდრე სხვა დროს.

პარლამენტის ავტორიტეტი ნელ-ნელა ნულს რომ უახლოდება, “წყაროზეც” ამბობენ და “ენ-დი-აის” გამოკითხვებიდანაც ჩანს, იმ გამოკითხვებიდან, რომლებსაც არავინ ენდობა და ჩვენც ხშირად გაგვიკრიტიკებია, მაგრამ, როცა პარლამენტის თავმჯდომარის მუშაობის რეიტინგი 14%-ს არ აღემატება, რბილად რომ ვთქვათ, კატასტროფაა. ხალხში ანეკდოტადაც დადის: როცა იკითხავენ, როგორი თავმჯდომარეა ირაკლი კობახიძე, პასუხობენ, გადააფარე სახეზე კონსტიტუცია და წავაო.

ახლა რაც შეეხება ტყუილს. სახელმწიფომ გამოაცხადა, აგროდაზღვევები დავიწყეთ და გლეხებს უპრეცედენტოდ კარგ პირობებს ვთავაზობთ, ის, ვინც მოსავლის დაზღვევას გადაწყვეტს, სადაზღვევო თანხის მხოლოდ 30%- გადაიხდის, დანარჩენ 70%- სახელმწიფო დაფარავსო. დავიწყოთ იმით, რომ ხელისუფლებამ ეს პროგრამა მაშინ ჩაუშვა, როცა ყველა ფერმერს მარცვლოვანი კულტურები დათესილი ჰქონდა. ანუ, ქერი, ხორბალი, შვრია არც ერთმა კომპანიამ ამ პირობებით არ დააზღვია და იმის გამო, რომ წყალმა თუ ქარმა მარცვლოვანი კულტურები აღმოსავლეთ საქართველოში პრაქტიკულად მთლიანად გაანადგურა, ფერმერები ნულზე დარჩნენ და თანაც _ მოტყუებული. სამაგიეროდ, კახეთში, ერთ-ერთმა ფერმერმა 40 ჰექტარზე გაშენებული საზამთრო დააზღვია სწორედ იმ პირობებით, რომლებიც სახელმწიფომ შესთავაზა, მაგრამ ძლიერი წვიმების შედეგად ნიაღვარმა დათესილი მიწის თითქმის ნახევარი წაიღო და ამოსული საზამთროს ჩითილებიც გაიყოლა. ჰოდა, მივიდნენ სადაზღვევოდან, აზომეს, აწონეს და…

ასე თქვეს, ნიაღვარმა მხოლოდ შვიდი სანტიმეტრი მიწა მოწყვიტა, ხელშეკრულებაში კი გვიწერია, რომ ათი სანტიმეტრის შემთხვევაში ვიხდით სადაზღვევო თანხებსო. არადა, მტკაველზე ამოსულ საზამთროს რამხელა ფესვი აქვს, ყველამ იცის და ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, რამდენ სანტიმეტრზე წაიღო მიწა ნიაღვარმა, ფაქტი ის არის, რომ, სადაც საზამთრო მეთესა, ახლა ცარიელი ადგილია, ფესვიანად წაიღო წყალმა ყველაფერი, მაგრამ სადაზღვევო არაფერს იხდის”, _ ამბობს ფერმერი და საჩივლელადაც ვერსად მიდის _ დასკვნა უკვე გამოტანილია.

ამის შემდეგ სხვა ხელშეკრულებებით დავინტერესდით და ყველა სადაზღვევოს ისეთი პირობები უწერია, აპოკალიფსი თუ დაიწყება, თორემ შანსი არ არის, სხვა შემთხვევაში ვინმემ ფული მიიღოს. და ეს ყველაფერი სახელმწიფო პროგრამით ხორციელდება. მათ კი, ვისაც დაზღვევა არ ჰქონდა და ვინც ულუკმაპუროდ დარჩა, სახელმწიფოს იმედი ჰქონდა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ სამეგრელოში 750 ფუტკრის სკა მოსტაცა მოვარდნილმა წყალმა ერთ-ერთ მეფუტკრეს და ეს რა დონის ზარალია, თვითონ განსაჯეთ. შესაბამისად, მოსავალდაკარგული გლეხები სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებას ელოდნენ და მოისმინეს კიდეც.

სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დაეხმარება. არ უნდა იყოს ცრუ მოლოდინები, არ იქნება არანაირი კომპენსაცია. მაშინ, როდესაც აგროდაზღვევის ინსტრუმენტი მოქმედებს, ასეთი ერთჯერადი ჩარევები არასამართლიანია. ზარალი მილიონობით არის, მისი ანაზღაურების ფუფუნება ბიუჯეტს არ აქვს. საჭიროა, სოფლის მეურნეობის ძირითად საშუალებებში ჩაიდოს ინვესტიციები სექტორის გასაძლიერებლად და არა ერთჯერადი დახმარებები”, _ განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეს არ იყო ერთადერთი განცხადება, რომელმაც გლეხები დაზაფრა. მინისტრმა რთველზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2013 წელს დაწყებული პროგრამა, რომელიც ყურძნის სუბსიდირებას ისახავდა მიზნად, აღარ გაგრძელდება.

“წელს ყურძნის სუბსიდირება არ გვექნება საფერავში. მოლოდინი ისეთია, რომ სუბსიდირება არ გვექნება არც თეთრ ყურძენზე. ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში დავიწყეთ გარკვეული ინსტრუმენტების შექმნა, რომ ბრენდის ინდუსტრიამ სპირტის გამოსაყოფი რქაწითელი დააფინანსოს. ეს არის დღის გეგმა. რთველის დროს გვექნება კომუნიკაცია. ანუ ეს არის მთავრობაში შეჯერებული სცენარი, მაგრამ მოლოდინები გვაქვს, რომ საფერავსა და რქაწითელზე არ გვექნება სუბსიდირება”, _ დასძინა დავითაშვილმა.

რა გამოდის? _ კახელმა მევენახეებმა ახლა შეიტყვეს, რომ დაპირება, რომელიც შარშან გაიცა და გასაგებად აუხსნეს, საფერავი ჩვენი სიმდიდრეა და სუბსიდირება აუცილებლად გაგრძელდებაო, წელს, უბრალოდ, აღარ იქნება. შესაბამისად, ყურძენი (განსაკუთრებით რქაწითელი) ბაზარზე ჩალის ფასიც არ ეღირება და ღვინის მწარმოებელი კომპანიები მას ძალიან, ძალიან იაფად შეისყიდიან და შეისყიდიან იმისთვის, რომ შემდეგ ღვინო გააკეთონ და ბოთლს, სულ ცოტა, ათი ლარი დაადონ, მაშინ, როცა ღვინის თვითღირებულება ერთი ლარიც არ იქნება.

და ერთი საინტერესო დეტალიც: რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კაკრიაშვილი ამბობს, რომ მსოფლიოსთვის ხორბლის ერთ-ერთი დიდი მიმწოდებელი რუსეთი, ძირითადად, რუსულ, ე.წ. უფხო ჯიშზეა ორიენტირებული, მაგრამ იქ ადგილობრივი წარმოებისა და საშინაო მოხმარებისთვის მაქსიმალურად ცდილობენ, ქართული ჯიშის ხორბალი გამოიყენონ და მიზეზი ჩვენი ქართული ხორბლის უნიკალური თვისებებია. ეს მაშინ, როცა საქართველოში გვაიძულებენ, ამერიკული ჯაგერის ჯიშის ხორბალი დავთესოთ, _ დიდი მოსავლიანობა აქვსო… არადა, ჯაგერის ჯიშის ხორბალი მხოლოდ ცხოველებისა და ფრინველებისთვის თუ ვარგა, ადამიანებისთვის კი საუკეთესო ქართული ხორბალია, სწორედ ის, რომელიც არ დააზღვიეს და რომელიც თურმე უნდა გადავაჯიშოთ.

ეს არის ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ.

შაპიტო კი საქართველოს მასშტაბით მოგზაურობას განაგრძობს…

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here