Home რუბრიკები საზოგადოება “ოქროს მატჩში” კუთხურიდან გატანილი გოლი და “დათუნაშვილი გალისა!”

“ოქროს მატჩში” კუთხურიდან გატანილი გოლი და “დათუნაშვილი გალისა!”

2451
ილია დათუნაშვილი

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ბევრი იყო გამოჩენილი ფეხბურთელი, რომლებმაც თავიანთი თამაშით, გატანილი გოლებითა თუ რაინდული საქციელით უდიდესი სიხარული მოჰგვარეს ფეხბურთის ქართველ ქომაგებს და სრულიად საქართველოს. მათ შორის არის 1964 წლის 18 ნოემბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულიოქროს მატჩისმონაწილე ილია დათუნაშვილი, რომელსაც მიმდინარე წლის 1 სექტემბერს 81 წელი შეუსრულდა. იმ ღირსშესანიშნავ დღეს კი, როცა მოსკოვისტორპედოსკარში 2 გოლი გაიტანა და, თბილისის დინამოელებთან ერთად, პირველად მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა, 27 წლის იყო

საბჭოთა კავშირის 1964 წლის საფეხბურთო ჩემპიონატში თბილისის “დინამომ” და მოსკოვის “ტორპედომ” 46-46 ქულა დააგროვეს. ჩემპიონის გამოსავლენად დაინიშნა დამატებითი შეხვედრა, რომელიც ნეიტრალურ მოედანზე ჩატარდა _ ტაშკენტში სტადიონ “ფახთაქორზე”.

ეს შეხვედრა ქართველმა გულშემატკივრებმა “ოქროს მატჩად” მონათლეს, თბილისის დინამოელები კი _ “ოქროს ბიჭებად”.

პირველი გოლი მოსკოველებმა გაიტანეს _ შჩერბაკოვმა 56 წუთზე. ქართველი ფეხბურთელები 73-ე წუთამდე აგებდნენ ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას. ამ მატჩის რადიორეპორტაჟმა, რომელიც ეროსი მანჯგალაძესა და კოტე მახარაძეს მიჰყავდათ, თითქმის მთელი საქართველო რადიომიმღებებს მიაჯაჭვა. მატჩის დასრულებამდე 17 წუთით ადრე ილია დათუნაშვილმა პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა ბურთი მოსკოვის ტორპედოელთა კარში და ანგარიში გაათანაბრა. დამატებით დროში, მესამე ტაიმის დაწყებისთანავე, 92-ე წუთზე, მიხეილ მესხის გადაცემის შემდეგ კვლავ ილია დათუნაშვილმა შეარხია მოსკოვის “ტორპედოს” კარის ბადე. შემდეგ იმავე მესხმა (102-ე წთ) და ბოლოს სლავა მეტრეველმა (107-ე წუთზე პენალტით) ანგარიში 4:1 გახადეს თბილისელთა სასარგებლოდ. ილია დათუნაშვილის დუბლმა “ოქროს მატჩში” თბილისელებს სსრკ-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა. მას და თანაგუნდელებს კი _ ქართველი (და არამხოლოდ) ქომაგების უსაზღვრო სიყვარული…

ილია დათუნაშვილი
ილია დათუნაშვილი

ილია დათუნაშვილი ბათუმში დაიბადა 1937 წლის 1 სექტემბერს. ბათუმში, იმხანად პიონერთა პარკში არსებულ სტადიონზე დაიწყო ვარჯიში ცნობილი ფეხბურთელის _ ბორის ფროლოვის ხელმძღვანელობით. ილია დათუნაშვილთან ერთად ვარჯიშობდა ანზორ კავაზაშვილიც _ მოსკოვის “ტორპედოსა” და სსრკ-ის ნაკრების მეკარე, 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. ილია დათუნაშვილი მე-9 კლასში იყო, ოჯახი საცხოვრებლად ლანჩხუთში რომ გადავიდა. სკოლა სოფელ ჩიბათში დაამთავრა. ჩაირიცხა ლანჩხუთის საფეხბურთო გუნდ “კოლმეურნეში”, რომელსაც ხელმძღვანელობდა ევგრაფი შევარდნაძე _ ედუარდ შევარდნაძის უფროსი ძმა, რომლის თაოსნობითაც მოგვიანებით შეიქმნა გუნდი ლანჩხუთის “გურია”, რომელიც სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა.

1950-იანი წლების ბოლოს ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ ილია დათუნაშვილი ქუთაისის “ტორპედოში” მიიწვია, ხოლო, როცა ჟორდანია “დინამოში” გადაიყვანეს, 1959 წელს, ილიაც წაიყვანა. ილია დათუნაშვილი 1959-1968 წლებში იცავდა თბილისის “დინამოს” ღირსებას, სსრკ-ის ჩემპიონატების 199 მატჩში კი 46 ბურთი გაიტანა. მათგან 5 ერთ მატჩში _ ერევნის “არარატის” წინააღმდეგ 1966 წლის 22 სექტემბერს. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა 29 წუთში 5 ბურთი გაიტანა: 48-ე, 59-ე, მე-60, 74-ე და 77-ე წუთებზე, და ამით სსრკ-ის რეკორდი დაამყარა (ზოგიერთი ცნობით, გაიმეორა).

აი, როგორ იხსენებს ამ მატჩის პერიპეტიებს ილია დათუნაშვილი ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში:

„ოქროს მატჩის“ რადიორეპორტაჟმა რომელიც ეროსი მანჯგალაძეს და კოტე მახარაძეს მიჰყავდათ, თითქმის მთელი საქართველო რადიომიმღებებს მიაჯაჭვა
„ოქროს მატჩის“ რადიორეპორტაჟმა რომელიც ეროსი მანჯგალაძეს და კოტე მახარაძეს მიჰყავდათ, თითქმის მთელი საქართველო რადიომიმღებებს მიაჯაჭვა

“…1966 წელს ერევნის “არარატთან” 5 ბურთი გავიტანე. მეექვსეს გატანაც შემეძლო, მაგრამ ალექსი ილიადიმ არ მაცალა და ბურთი ძელს მოარტყა… ამ ხუთი გოლის შემდეგ გულშემატკივრები ბევრს ხუმრობდნენ. მახსოვს, ჩემი ძმაკაცები თბილისელი სომხების ოჯახებში რეკავდნენ, _ ალო, უკაცრავად, დათუნაშვილის ბინააო?! ზოგიერთი კი მეუბნებოდა ერევანში ჭირვეულ ბავშვებს შენით აშინებენ: “დათუნაშვილი გალისაო”, ანუ გაჩერდი, თორემ დათუნაშვილი მოვაო.

…ერთმა მითხრა: შენი ფოტო ერევნის ტირში ვნახე გაკრულიო. არ დავიჯერე, მაგრამ მალე ჩემი მეზობელი ჩამოვიდა ჯარიდან, ლენინაკანში მსახურობდა და მითხრა: ეგრეა, მეც შევესწარი, როგორ “დაგხვრიტესო”.

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here