Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

700
“ოქროს კვეთა”

ოცდამეთორმეტე გადაცემა

უჟმური სიზმრის დასასრული

ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო მაყურებელო. ეთერშიაოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე _ ვალერი კვარაცხელია.

ზამთრის არცთუ ცივი, მაგრამ მაინც პირქუში და მელანქოლიისმომგვრელი ამინდები დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ უბანში (ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩაზე) საკუთარი აივნიდან ვადევნებ თვალს უჩვეულოდ მოწყენილ პეიზაჟსა და ავტომანქანებისგან დაცარიელებულ ქუჩას. უზარაზარი ჭადრები, რომლებიც ზამთარს ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ განუძარცვავს დამჭკნარ-გაყვითლებული ფოთლებისგან, წელს უფრო საცოდავად გამოიყურებიან, ვიდრე ზამთრის პირზე ხდება ხოლმე. ქუჩის გაღმა, ძველებური, თბილისური თაღით დამშვენებული ეზოდან სახეზე ნიღაბაფარებული მოხუცი მამაკაცი გამოვიდა ჯოხის კაკუნით, გეზი მარჯვნივ აიღო და მალე თვალსაც მიეფარა. კარგა ხანს ადამიანი აღარ გაჭაჭანებულა მთაწმინდის ამ ბებერ ქუჩაზე. ცოტა ხანში ჭრელმა, გამხდარმა კატამ ფრთხილი და მოზომილი ნაბიჯებით გადაკვეთა “გრიბოედოვი” და საკენკის ძებნით გართული მტრედი დააფრთხო. ნახევარი საათის განმავლობაში სხვა არაფერი აღარ მომხდარა, პანდემიური სიჩუმით გარინდებულიყო სხვა დროს მუდამ მშფოთვარე და ხმაურიანი ქუჩა.

შეიცვალა თბილისი, დარდიანი გახდა, გულჩათხრობილი, ერთფეროვანი. აღარც სტუმარი, აღარც მასპინძელი, აღარც ქორწილი, აღარც ქელეხი. ხალხმა თავის ჭირსა და ლხინთან (თუმცა, სადღაა ლხინი?!) მარტო დარჩენა ამჯობინა და ბინებში ჩაიკეტა. ათასში ერთხელ გარეთ გამოლასლასებულ, საგულდაგულოდ თავყბაახვეულ ვინმეს თუ მოჰკრავ თვალს, რომელიც პურის ან წამლის საყიდლად იქნება გამოსული

არ გადაგღლით ჩემი აივნიდან დანახული სურათების აღწერით, რადგან თქვენი აივნებიდანაც ანალოგიურად სევდიანი სურათები იშლება. ის კი არა, საერთოდაც არ შემოვიტანდი ამ სენტიმენტურ განწყობას, რომ არა ერთი გარემოება, რომელიც ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარი თემაა.

პანდემიამ ყველაფერი შეცვალა: ცხოვრების წესი, ნირი, თვით ადამიანი და მისი ბუნება… მართალი გითხრათ, ვერ წარმოვიდგენდი, ამ შეცვლილ, გადასხვაფერებულ გარემოში რამე თუ იქნებოდა ისე ხელუხლებელად და უცვლელად დარჩენილი, რომ რაღაცით შემძრავდა კიდეც. ეს შემზარავი უცვლელობა აივნიდან არ მინახავს, იგი ბინაში შესულსა და ტელევიზორთან ჩამომჯდარს მელოდა. გადაცემის წამყვანი ახალგაზრდა ქალვაჟი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გვიყვებოდა, რომელიც წინა დღეს გაიმართა.

გადაცემის წამყვანები: _ ნატოს მინისტერიალზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და კიდევ იმას, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო…

ვალერი კვარაცხელია: _ ბედნიერებისგან აჭყლოპინებული ეს გოგობიჭი მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს. ნეტა, მართლა ასე ძალიან ახარებთ საქართველოსთვის ნატოს წევრობის პერსპექტივა თუ უფროსებისგან აქვთ დავალებული, რომ ხბოს აღტაცებით წაიკითხონ მათთვისვე დაწერილი და სუფლიორზე აკრეფილი ტექსტი, რომლის შინაარსის გაცნობიერებით თავს მაინცდამაინც არც იწუხებენ. კი მაგრამ, ამ შინაარსის ტექსტი იმდენჯერ აქვთ წაკითხული, რომ ის პათოსი, რომლითაც ამ აზრისგან დაცლილსა და სულელურ ტექსტებს გადმოსცემენ, მათშივე უნდა იწვევდეს უხერხულობის განცდას, მაგრამ, არა, ისინი თოჯინები არიან, გარეგნობითაც თოჯინები არიან და შინაგანადაც. თოჯინების სული და გონება აქვთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, თოჯინების ცნობიერება აქვთ. ერთს ქალის სამოსელი აცვია, მეორეს _ კაცის, ანუ, როგორც ახლა ამბობენ, გენდერული ბალანსი დაცულია. ეს გარეგნულად, თორემ შიგნით რას წარმოადგენენ, ღმერთმა უწყის…

_ ღმერთო ჩემო, _ ვფიქრობ, _ ეს რა ხდება? ისე შეიცვალა ირგვლივ ყველაფერი, რომ დღისით, მზისით, თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე მთელი ნახევარი საათის განმავლობაში ერთი მოხუცებული ადამიანი, ერთი კატა და ერთი მტრედი დავლანდე, ამ წყეული ნატოს მიმართ კი როგორ არ იცვლება არაფერი?!

ტელეწყვილმა კიდევ კარგა ხანს იჭყლოპინა ნატოს თემაზე, შემდეგ კი ისეთი ხმაურით წარმოგვიდგინეს ნატოს გენერალური მდივანი, რომ სიხარულისგან კინაღამ გადმოცვივდნენ ეკრანიდან. თავიანთ მამას ვერ მიაგებდნენ იმდენ პატივს, რამდენიც ამ ცრუპენტელა იენს სტოლტენბერგს მიაგეს, რომელმაც საქართველოს შესახებ წლების განმავლობაში დახვეწილი თაღლითური ტექსტი წარბშეუხრელად ჩაარაკრაკა.

იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი: _ ნატოს 2030-ის სტრატეგიის ერთ-ერთი ამოცანა ალიანსის გაძლიერებაა, რომელიც პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან თანამშრომლობის განმტკიცებას გულისხმობს. საქართველოსა და ნატოს პარტნიორობა ყველას უფრო დაცულს გვხდის, ამიტომ მტკიცედ მჯერა, რომ ეს პარტნიორობა კარგია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატოსთვისაც. საქართველოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონში. საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუწევთ. ჩვენ ასევე გავაძლიერეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ახლა ერთად უფრო მეტს ვაკეთებთ საზღვაო სფეროში, მათ შორის, ვწვრთნით სანაპირო დაცვის სამსახურს, ერთმანეთს საჰაერო სივრცეში გადაადგილების მონაცემებს ვუზიარებთ და ერთად ვპასუხობთ ჰიბრიდულ გამოწვევებს. ასევე, ერთობლივ წვრთნებს ვატარებთ შავ ზღვაში. არ დავიწყებ სპეკულაციებს, როდესაც საქმე ნატოში გაწევრების თარიღს ეხება, თუმცა ვიტყვი, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია. მჯერა, რომ საქართველოსთვის ალიანსთან დასაახლოებლად საუკეთესო გზად რჩება რეფორმების იმპლემენტაცია, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაცია და ნატოს მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას. ნატო უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოში. ვგულისხმობ ნატოს ტრეინინგცენტრს თბილისთან ახლოს.

ვალერი კვარაცხელია: _ ეეეჰ, ხანდახან სურვილი და რეალობა ისე სცილდება ერთმანეთს, როგორც ცა და დედამიწა. არაფერი ისე არ მსურს ახლა, როგორც ერთი რამ: აგერ, ჩემს სახლთან, სიძე-სიმამრის _ ალექსანდრე გრიბოედოვისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე რომ შემახვედრა ეს გარეწარი სტოლტენბერგი, იმდენს ვურტყამდი ჩვენს გასაბრიყვებლად მოგონილი ამ ორი სიტყვის გამო _ “იმპლემენტაციადამოდერნიზაცია”, სანამ მათ ნაცვლად ბოდიში და პატიება არ გაახსენდებოდა. კი ვარ მოხუცებულობისკენ წასული, მაგრამ მკლავებში იმდენი სიმტკიცე ჯერ კიდევ შემრჩენია, რომ ჩემი ხალხის გაცუცურაკებისთვისა და ათწლეულების განმავლობაში თვალებში შეყრილი ნაცრისთვის ეს გარეწარი მთაწმინდის ტალახიან ქვაფენილზე ვაგორავო და ჯოხით ავუჭრელო გვერდები, მაგრამ სად არის, აბა?!

ამასობაში წამყვანებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოგვიდგინეს. აგერ, ახლავე მოგასმენინებთ, რაც ამ უბედურ დღეზე გაჩენილმა ილაპარაკა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რა სახით ლაპარაკობდა. ვერც ერთი მწერალი ვერ შეძლებს ლიქნისა და წახდომის იმ მასშტაბის აღწერას, რომელიც ამ ადამიანის სახეზე იყო აღბეჭდილი. კაცი აღარ არსებობდა, ნატოსა და დასავლეთის შესახებ ისეთი აღტყინებითა და აუხსნელი ნეტარებით ყვებოდა, რომ სახე, სახელი, გვარი, წარმომავლობა, გენი, ჯიში _ ყველაფერი წაშლილი ჰქონდა.

“ოქროს კვეთა”

დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: _ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც მინისტერიალზე მივიღეთ, გახლავთ სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც შემუშავებული და მიღებულია ნატოს შესაბამისი ექსპერტების მიერ. ეს გახლავთ ნატოს 2030-ის სტრატეგია. ეს არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ნატოს სამომავლო პერსპექტივებს, თუ რა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს ორგანიზაცია და რა მნიშვნელოვან მიმართულებებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტში საქართველო რამდენჯერმე არის მოხსენიებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ მოხსენიებული ზუსტად ღია კარის მიმართულებით. ხაზს ვუსვამ: ამ დოკუმენტის სარეკომენდაციო ნაწილში აღნიშნული და კიდევ ერთხელ დადასტურებულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და იქვე არის მინიშნება, რომ ასპირანტი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიმართ უფრო მაღალ დონეზე უნდა გადავიდეს მოლაპარაკებები გაწევრების შესახებ.

დოკუმენტში, ასევე, საუბარია რუსეთის მხრიდან უკრაინისა და საქართველოს მიმართ აგრესიულ ქმედებებზე. გუშინდელ შეხვედრაში გამოითქვა ერთსულოვანი მხარდაჭერა საქართველოსა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ამ სტრატეგიულ დოკუმენტშია, გახლავთ მოწოდება ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ, რომ გააფართოვონ ნატოს ასპირანტებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობა, აქაც მოხსენიებულია საქართველო უკრაინასთან და ბოსნია ჰერცოგოვინასთან ერთად. ასევე, საუბარია შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე და უკრაინასა და საქართველოს მიმართ რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქმედებებზე. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო მუდმივად არის ჩვენი ნატოელი პარტნიორების დღის წესრიგში, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები მათთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი და გუშინდელი შეხვედრა ჩემი მხრიდან მაქსიმალურად იყო გამოყენებული იმისთვის, რომ ნატოელი პარტნიორებისთვის დეტალურად მიმეწოდებინა ინფორმაცია რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე, იმ გამოწვევებზე, რომელთა გამკლავებაც გვიწევს ჩვენს რეგიონში და ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში გაძლიერებულ თანამშრომლობაზე. ვფიქრობ, ეს იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, წარმატებული მინისტერიალი საქართველოსთვის. საქართველო უკვე ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგულარულად არის მიწვეული ნატოს მინისტერიალზე. მანამდე, 2018 წელს, ჩვენ პირველად მივიღეთ უპრეცედენტო ფორმატში მონაწილეობა, სამიტის ფორმატში, როცა უკრაინა და საქართველო იყვნენ მიწვეულნი და უკვე ორი წელია, საქართველო აქტიურად მონაწილეობს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

ვალერი კვარაცხელია: _ მოდი და ნუ გაბრაზდები?! ბიჭო, შე მართლა ოხერო და მუდრეგო, მაგ მინისტრის პორტფელს (მდგომარეობას, ანაზღაურებას) ციებიანივით რომ დაჰკანკალებ, გასაგებია, მაგრამ, სანამ საკუთარ ხალხს ასე ვაგლახად მოატყუებ, ხომ უნდა იფიქრო, ამ ჩემს ტყუილში ერთი ახალი სიტყვა, ჟესტი ან მიმიკა მაინც უნდა ერიოსო?! ის საკენკი, რომლითაც შენ მინისტერიალიდან გამოგიშვეს, ხომ მილიონჯერ აქვთ ჩვენთვის დაყრილი მაგ გარეწრებს? ვერ უთხარი, ერთი ახალი სიტყვა მაინც მასწავლეთ, ჩემი ხალხი კიდევ ცოტა ხნით რომ მყავდეს იმ ახალი სიტყვის ბურანშიო?! ერთი ახალი, უბრალოდ ცრუ და არაფრისმთქმელი, მაგრამ მაინც ახალი სიტყვაც კი არ გამოიმეტეს ჩვენთვის და ყველაფერი იმის იმედად დატოვეს, რამდენად დამაჯერებლად ააფახულებდი მაგ თვალებს ტელეეკრანზე და მრავალმნიშვნელოვნად როგორ მინაბავდი მზერას?! ის მაინც გეთქვა მაგ შენი პატრონებისთვის, _ ამაოდ ირჯებით და მეც ამაოდ მაიძულებთ, გავისარჯო, ქართველ ხალხს აღარ სჯერა თქვენი ტყუილების-თქო.

არადა, სულო ცოდვილო, ისიც კი ვიფიქრე, ამ ცრუპენტელა მინისტრს ახლა მთავრობის თავმჯდომარე ტყავს გააძრობს-მეთქი. _ როგორ, შე კაი კაცო, მაგ მინისტერიალიდან ერთი ახალი სიტყვაც კი ვერ ჩამოგვიტანე და ხალხი თვალში მიყრილ ნაცარზე დაგყაბულდება? _ აი, ასე ეტყვის პრემიერმინისტრი-მეთქი, _ გავიფიქრე და გენდერულად შეხმატკბილებულმა წამყვანმა, წყვილმა თითქოს ჩემს ნაფიქრს ჩასწვდაო, სიტყვა ბატონ გიორგი გახარიას გადასცა. _ ნახე, როგორ შეჯოროს პრემიერმინისტრმა გახარიამ საგარეო საქმეთა მინისტრი ზალკალიანი! _ გავიფიქრე და სანახაობის საყურებლად მოვემზადე.

გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერმინისტრი: _ მინდა, მადლობა გადავუხადო და მივულოცო საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს წარმატებული მონაწილეობა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, სადაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილები იყო გახმაურებული. რა თქმა უნდა, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია ნატოს მყარი მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის გაგრძელების მიმართ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის თითოეული მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს, როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრების პროცესის შემდგომ გაღრმავებას. მათ პრაქტიკული ნაბიჯებითა და გეგმებით მხარი დაუჭირეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რომელიც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია სწორად არის აღქმული ჩვენი პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების მხრიდან.

ვალერი კვარაცხელია: _ ბიჭებო, თქვენ რაღაც ხომ არ გეშლებათ?! გეშლებათ კი არა, ისე მაგრა გეშლებათ, რომ, იმ თქვენი სტოლტენბერგისა არ იყოს, არც თქვენ გაწყენდათ ზურგის აჭრელება მოქნილი სახრით. ვინ არის თქვენიგასაშაყირებელი”, თქვე მართლა ათასგზისგაშაყირებულებო”?! ქართველ ხალხს ახლა, 2020 წლის მიწურულს, ის აკადრო, რომ ნატოს ღია კარი უხსენო, თავხედობის რა უკიდეგანო ჯავშანი უნდა გიფარავდეს სინდისნამუსთან ასე მწყრალად მყოფ მაგ თავყბას?! კარი ღია დაგვიტოვესო, ვაი, თქვენს პატრონს! თორმეტი წლის წინათ, ბუქარესტის სამიტზე რომ მოაღიავეს ეს კარი, შეგვიშვეს შიგ, თუ როგორაა საქმე?!

არ გახსოვთ ბუქარესტის სამიტი? ახლავე შეგახსენებთ, მე ასეთი ამბები არ მავიწყდება. არა მხოლოდ ბუქარესტის სამიტი მახსოვს, იმ სამიტითა და მისი გადაწყვეტილებით საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის გადარევაც მახსოვს. ახლავე შეგახსენებთ ყველაფერს და იმასაც გთხოვთ, რომ გახარიას ახლანდელ შეფასებასა და სააკაშვილის იმჟამინდელ შეფასებაში არა ათი ან ხუთი, ან თუნდაც სამი, ერთი განსხვავება მაინც იპოვოთ…

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი: _ ბუქარესტის სამიტზე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართა ერთ-ორ სკეპტიკოსსა და ოცზე მეტ ძალიან მოტივირებულ ქვეყანას შორის. მე ვნახე პოლონეთის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი ამ შეხვედრებზე და იყო მართლა გასავათებული, დაღლილი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ამ ყველაფრის შედეგად. პოლონეთმა იბრძოლა საოცრად, ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა იბრძოლეს ძალიან მაგრად. პრაქტიკულად, იყო ძალიან დიდი სიტყვიერი შეხლა-შემოხლა ამ ქვეყნებს შორის და სკეპტიკოსებს შორის. თქვენ წარმოიდგინეთ, დანიამ და ისლანდიამაც კი, რომლებთანაც მჭიდრო ურთიერთობები არ გვაქვს, ძალიან მკვეთრი პოზიცია დაიკავეს.

საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი _ ბუქარესტის სამიტის კომუნიკე, რომელიც არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე .. MAP. რა არის MAP? MAP არის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა. ეს არის დაპირება, რომ, თუ სამოქმედო გეგმას კარგად გაივლი, შეიძლება, მე ხაზი მინდა გავუსვა, გახდე ნატოს წევრი. დღეს აქ, რუმინეთში, ეს არ არის ბოლო ვერსია, მაგრამ ეს არის პარტიზანულად მოპოვებული ვერსია. ამ დოკუმენტში წერია: “ნატო მიესალმება უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ ლტოლვას და დღეს ბუქარესტში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ქვეყნები გახდებიან ნატოს წევრები”.

ეს არ მიუღიათ თავის დროზე არც ბალტიის ქვეყნებს, არც პოლონეთს, ჩეხეთს, უნგრეთს და არც სხვა კანდიდატებს ნატოსი. ეს არის პირდაპირი ვალდებულება, მიუხედავად იმისა, როგორ გავივლით ჩვენ კანდიდატობის გეგმას, როდის გავივლით, როდის მივიღებთ სხვადასხვა ეტაპზე ასეთ თუ ისეთ შეფასებას, ეს არის პირდაპირი ვალდებულება ალიანსის მხრიდან, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.

ეს რუბიკონია საქართველოსთვის და მეტსაც გეტყვით, ჩვენ გავხდებით ნატოს წევრები, დარწმუნებული ვარ, ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ბევრად უფრო მალე.

არ არის საიდუმლო, რომ ამ დისკუსიებს ერთი ქვეყანა, რუსეთი, არ ესწრებოდა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს დოკუმენტი არ ყოფილიყო – დაწყებული პირდაპირი შანტაჟით, მუქარით, კონკრეტული ქმედებებით, დაპირებებით, სხვადასხვა დიპლომატიური ფანდებით და ხერხებით. აი, ამაზეა ნათქვამი: თაგვმა თხარა, თხარაო და კატა გამოთხარაო.

ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ჩვენთვის არ მოეცათ ნატოს კანდიდატის სტატუსი, ე.ი. თეორიული და პრაქტიკული დაპირება, რომ გავმხდარიყავით ნატოს წევრები და სანაცვლოდ მივიღეთ პირდაპირი ვალდებულება, რომ ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი.

აი, ეს არის, რაც მიიღო დღეს აქ საქართველომ. ეს არის ისტორიული დღე ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ამ ორგანიზაციისთვის. ჩათვალეთ, რომ მოხდა გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური გადატრიალება ჩვენს რეგიონში.

პირველად როცა დავესწარი ნატოს სამიტს 4 წლის წინათ, გავოცდი. ამაზე ოცნებაც ნამდვილად არ შეგვეძლო _ ნატოში ინტეგრაციის საკითხში აშშ-ის მხარდაჭერაზე. ვინც უნდა იყოს ამერიკის შემდეგი პრეზიდენტი და, სამი კანდიდატიდან ორი არის ჩვენი მეგობარი _ ერთი ძალიან, ძალიან ახლო მეგობარი და მეორეც მეგობარი; და მესამე იყო ჩვენი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი სენატში ნატოში გაწევრების საკითხში. ასე რომ, ჩვენ ყველა შემთხვევაში ვართ ძალიან მომგებიან სიტუაციაში და ეს არ არის ამერიკის ამ პრეზიდენტის პოლიტიკა, თუმცა ამ პრეზიდენტთან მე მაქვს განსაკუთრებულად თბილი და მეგობრული ურთიერთობები.

ეს არის მსოფლიოს ყველაზე დიდი სახელმწიფოს ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოსთვის. მე არ მახსოვს ასეთ თემაზე სხვა საკითხი, როდესაც ამერიკამ და ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ასეთი ენთუზიაზმით იბრძოლეს პრაქტიკულად თითქმის შეუძლებელი საკითხის გადასაწყვეტად.

ადვილია ლაპარაკი ხორვატიასა და პოლონეთზე, ისინი არიან ევროპის ცენტრში, საქართველო ნატოში _ ეს არასამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდან იყო 3 წლის წინათ. დღემდე არავის არ სჯერა, მგრამ აქ წერია: “ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო იქნება ნატოში”. ეს არ არის დაპირება, ეს არ არის საპარლამენტო რეზოლუცია და რაღაც სახის ტექნიკური ვალდებულება.

ეს არის კონკრეტული სავალდებულო დოკუმენტი ნატოს სახელმწიფოთა მეთაურების. ამას ვერ შეცვლის ვერც მინისტრების შეხვედრა, ვერც პარლამენტის გადაწყვეტილება, ამას ვეღარ შეცვლის ვერც ერთი სახელმწიფოს დაწოლა, ზეწოლა, შანტაჟი, ბუზღუნი, ბურდღუნი და უკმაყოფილების სხვადასხვა გამოხატულება.

ვალერი კვარაცხელია: _ სააკაშვილო, გახარია, ზალკალიანოქოცებო და ნაცებო, ასე საოცრად როგორ დაგამსგავსეს ერთმანეთს დასავლეთში მოკალათებულმა გარეწრებმა, რომ დედათქვენებსაც უჭირთ ერთმანეთისგან თქვენი გარჩევა?! იმ ნატოსა და ევროკავშირის გარდა, იმ დასავლური სტრუქტურებისა და დასავლური თაღლითობების გარდა, არსებობს სამშობლო, არსებობს თავმოყვარეობა, არსებობს ზნეობა და არსებობს ადამიანური ღირებულებები. ყველაფერზე როგორ ამბობთ უარს? რას იღებთ ასეთს ან რას გპირდებიან და რა სიმდიდრეში უნდა გაბანავონ მაგ თახსირებმა, თვალებში სინათლე რომ გაქვთ დაკარგული?! ვთქვათ და, ხვალვე მიგვიღეს ნატოში, დაკარგულ ტერიტორიებზე რას გვირჩევთ ქართველ ხალხს, იმავეს, რაც მაგ გათახსირებულმა სტოლტენბერგმა გვირჩია, _ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ნატოს წესდების მეხუთე მუხლის გავრცელებაზე უარი თქვითო? პანღურითა და კინწისკვრით უნდა გაგვეგდო მაშინ აქედან ეგ არამზადა, მაგრამ ვინ გააკეთებდა ამას, საქართველოს ხომ არ ჰყავს ხელისუფლება?!

გამოფხიზლდი, ქართველო ხალხო, ამიერკავკასიაში (საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში) რუსი სამხედროები დგანან. რა დროს ნატოა და რა დროს სტოლტენბერგია?! დამთავრდა ნატოს ეგ უჟმური სიზმარი, ისე დამთავრდა, რომ არასოდეს არ დაგესიზმრებათ!

1 COMMENT

  1. დიდი მადლობა ბატონო ვალერი! როგორც ყოველთვის ზუსტი და ბრწყინვალე ანალიზია!!! არა მარტო ჩვენი ევროპელი ”პარტნიორები” გვატყუებენ უსინდისოდ, ჩვენ თვითონაც ვიტყუებთ თავს მონურად და უთავმოყვარებოდ!!! იგივე ხდება ჩვენს საელჩოებში ევროპის ქვეყნებში. თუთიყუშებივით იმეორებენ ათასგვარ სისულელეს. თუ სჯერათ რასაც ამბობენ, მაშინ ვერ გარკვეულან სიტუაციაში და არ უნდა იყვნენ დიპლომატიურ სამსახურში. თუ არ სჯერათ და მაინც იმეორებენ, მაშინ უარესი — სამშობლოს გამყიდველები არიან. აი რა ‘ბრძანა’ საქართველოს ელჩმა ავსტრიაში ქალბატონმა ქეთევან ციხელაშვილმა:[ნაწყვეტი ციტატიდან. გაზეთი ‘რეზონანსი’ 6/12/2020] ”კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი საქართველოსთვის. ეუთოს 27-ე მინისტერიალის ფარგლებში ეუთოს თავმჯდომარეობის ხუთეულმა, ყოფილმა, მიმდინარე და მომავალმა თავმჯდომარეებმა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მყარი მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს მიმართ. დიდი მადლობა”. [ციტატის დასასრული]. როგორც იტყვიან, აქ, ამ სისულელეზე, კომენტარი ზედმეტია! (1) რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ყოფილი თავმჯდომარის მხარდაჭერას (2) საიდან იცის ქალბატონმა ციხელაშვილმა ვინ იქნება მომავალი თავმჯდომარე/ან თავმჯდომარეები, რა პოზიციის მქონე ადამიანი/ადამიანები (3)დაუჭერს/დაუჭერენ თუ არა ის/ისინი მხარს საქართველოს. თავად თუ ესმის რას ამბობს? ასეთივე არაფრისმომცემი იყო მისი ‘საქმიანობა’ საქართველოში და როგორც ჩანს ასევე აპირებს გაგრძელებას, რადგან არ გააჩნია სათანადო ცოდნა, განათლება, ინტელექტი, კომპეტენცია და რაც ელჩისთვის ასე საჭიროა — პოზიცია!!! ეს ქვეყნის სირცხვილია!!! მართლაც რას უხდიან ასეთს, ამ ადამიანებს, რომ მზად არიან მიწასთან გაასწორონ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეროვნული ღირსება, კულტურა და ისტორია!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here