Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: მრავალპოლუსიანი მსოფლიო რეალობაა და მას ვერსად გავექცევით ვერც ჩვენ და...

გულბაათ რცხილაძე: მრავალპოლუსიანი მსოფლიო რეალობაა და მას ვერსად გავექცევით ვერც ჩვენ და ვერც ამერიკა

4852
გულბაათ რცხილაძე

21 იანვარს იერუსალიმში გაიხსნა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-5 მსოფლიო ფორუმი, რომელშიც მსოფლიოს 50 ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ. ეს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში დახოცილი 6 მილიონი ებრაელის ხსოვნის დღეა. ამ ღონისძიების ფარგლებში ისრაელის ინიციატივით აღინიშნა ლენინგრადის ბლოკადის გარღვევის 76- წლისთავიც. მსოფლიოს ქვეყნების სხვა ლიდერებთან ერთად იერუსალიმს რუსეთის პრეზიდენტიც ეწვია, ის ფორუმს 23 იანვარს დაესწრო და მთავარი სტუმარიც გახლდათ. ვლადიმერ პუტინს იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმზე განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდა, ამიტომ რუსეთის პრეზიდენტმა გახსნა ლენინგრადის ბლოკადის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი და უცხოელ სტუმართაგან ფორუმზე პირველი გამოვიდა სიტყვით, რომელიც განსაკუთრებით მისი ემოციით დაამახსოვრდება საერთაშორისო საზოგადოებასლენინგრადის ბლოკადის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მასპინძლების მიერ მიგებული პატივის აღნიშვნისას ზესახელმწიფოს ლიდერს თვალზე ცრემლი მოადგა…  რუსეთის პრეზიდენტის ტრიუმფი იერუსალიმში და საქართველოს პრეზიდენტის ხელიდან გაშვებული შანსი _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზეევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება.

_ იერუსალიმში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებული იყო, რადგან შეხვედრა არ იყო ორ ნაწილად გაყოფილი _ ჰოლოკოსტის ტრაგედია და ებრაელი ხალხის პრობლემა. საუბარი იყო, საზოგადოდ, ფაშიზმისგან დაზარალებული ხალხების ტრაგედიაზე; საუბარი იყო, პირველ რიგში, რუს ხალხზე, ნაციზმთან თავდაუზოგავად მებრძოლ ერებზე, მათ შორის, ქართველებზეც.

იერუსალიმში ნაციზმზე გამარჯვება იზეიმეს, გახსნეს მონუმენტი ლენინგრადის ბლოკადის მსხვერპლთა პატივსაცემადაც. აი, ასეთი მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა იერუსალიმში და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო მთავარი ფიგურა ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც იქ ჩატარდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ უცხოელთაგან მხოლოდ პუტინს ხვდა წილად პატივი, მთავარი სიტყვით გამოსულიყო, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ იერუსალიმში არ ჩასულიყვნენ პოლონეთისა და ლიტვის პრეზიდენტები, რადგან მათ პროტოკოლით არ ერგოთ სიტყვით გამოსვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, ზოგიერთმა, შესაძლოა, წვრილმანად ჩათვალოს, მაგრამ მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან პუტინმა მიაღწია იმას, რომ ისრაელში და არა მხოლოდ ისრაელში, არამედ მსოფლიოში ფაშიზმზე გამარჯვება აღიქმება საბჭოთა კავშირისა და რუსეთის დამსახურებად. ის, რომ ფაშიზმზე გამარჯვება საბჭოთა კავშირის დამსახურებაა, ყველაზე ახლოს არის ისტორიულ სინამდვილესთან, ვიდრე ის, რასაც პოლონელი, ლიტველი და .. მეგობარი ქვეყნები ამბობენ.

27 იანვარს შესრულდა 75 წლისთავი პოლონეთში ფაშისტების მიერ შექმნილი ოსვენციმის (აუშვიცის) სიკვდილის ბანაკის ფუნქციონირების დასრულებიდან, ეს წითელმა არმიამ გააკეთა. სამწუხაროდ, პოლონეთში ამ ფაქტის მიჩქმალვას ცდილობს პოლონეთის ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ადანაშაულებს და აკავშირებს ოსვენციმთან. აბსურდამდეა დაყვანილი მეორე მსოფლიო ომისა და დიდი სამამულო ომის ისტორია, რაც დაუშვებელია. ისტორიის დამახინჯება ვერაფერს დააკლებს რუსეთს, ტყუილად ფიქრობენ ასე.

პოსტსაბჭოთა ქვეყნის ყველა თაობამ უნდა იცოდეს, რომ ნაციზმი იყო ბოროტება და ამ ბოროტებას წინ აღუდგა ცივილიზებული კაცობრიობა, რომლის სათავეშიც იდგა საბჭოთა კავშირი სტალინის მეთაურობით, სწორედ საბჭოთა ხალხები იბრძოდნენ ამ ბოროტების წინააღმდეგ და იდგნენ ავანგარდში. ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ფაქტი იერუსალიმში აღიარეს.

_ რუსეთის პრეზიდენტი ახალი ინიციატივებითაც გამოირჩეოდა. მან გამოთქვა სურვილი და მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრ სახელმწიფოებს, შეკრებილიყვნენ. მისი ეს ინიციატივა ყველას 1945 წლის იალტის კონფერენციას ახსენებს, სადაც მსოფლიოს გადანაწილებაზე იყო საუბარი

_ კი, იქ ითქვა, რომ გაეროს მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, რათა განიხილონ არსებული პრობლემები. თუკი ამ შეხვედრას ვინმე იალტის კონფერენციას ადარებს, ამაში ცუდი არაფერია. ვიღაც თუ თვლის, რომ იალტაში მსოფლიოს გადანაწილებაზე იყო საუბარი, იქ უსამართლო გადანაწილება არ მომხდარა და კარგია, თუკი ახლაც მოხდება რეგიონების გადანაწილება, რადგან, გვინდა თუ არა ჩვენ, მცირე ერებს, ეს გადანაწილება მაინც ხდება. მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებს მაინც ექნებათ გავლენა მცირე სახელმწიფოებზე, თუმცა მცირე სახელმწიფოებსაც შეუძლიათ, ასე თუ ისე, იქონიონ დიდ სახელმწიფოებზე გავლენა.

პოლიტიკაში არსებობს გავლენის სფეროები, ამ სფეროების გათვალისწინებით შეგვიძლია გავშალოთ ჩვენი ინტერესები და სასურველი მაქსიმალურად მივიღოთ. თუკი აღმოჩნდა, რომ ჩვენს რეგიონში რუსეთს გავლენა ექნება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო სუვერენიტეტს დაკარგავს, პირიქით _ ჩვენ ამ გავლენის სფეროს ფარგლებში შეგვიძლია, უფრო მეტი ზემოქმედება მოვახდინოთ რუსეთის პოლიტიკაზე, მაგრამ ამას სჭირდება დიპლომატია, გამჭრიახი ხელისუფლება. აქვე ვიტყვი: კლოუნებმა, რომლებსაც საქართველოში პოლიტიკოსები ჰქვიათ, ნაკლებად სავარაუდოა, რამე მოახერხონ.

ღმერთმა ქნას, გამჭირახი, მოაზროვნე ხალხი მოვიდეს ჩვენი ქვეყნის სათავეში და რუსეთთან ბალანსის დაჭერა შესაძლებელი იქნება, შესაძლებელი იქნება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება.

_ რეალურია მრავალპოლუსიანი მსოფლიოს არსებობა? ამ შეკითხვას იმიტომ ვსვამ, რომ ამერიკა წინააღმდეგია რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივის, რაც ახლახან შევიტყვეთ

_ ამერიკა არ არის მზად ასეთი შეხვედრისთვის და შეთანხმებისთვის, რადგან ამერიკის პრეზიდენტს პრობლემები აქვს. მას, შესაძლოა, იმპიჩმენტიც კი მოუწყონ. ის დასუსტებულია, მაგრამ, რაც უნდა მოხდეს ამერიკის შიგნით, პუტინის ინიციატივა დღის წესრიგში დგას. თუკი დღეს არ არის ამერიკა მზად, ხვალ ან ზეგ აუცილებლად დათანხმდება. მრავალპოლუსიანი მსოფლიო რეალობაა და მას ვერსად გავექცევით ვერც ჩვენ და ვერც ამერიკა. ასე რომ, ჩვენი ქვეყანა ამისთვის მზად უნდა იყოს, მოძველებულია რიტორიკა ნატოსა და ვეროკავშირზე, როგორც კომუნისტები იტყოდნენ, დრომოჭმულია.

_ კულუარებში ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამ მნიშვნელოვან შეკრებას 9 მაისს, დიდი სამამულო ომის დასრულების 75 წლისთავზე გეგმავს

_ არ ვფიქრობ, რომ ეს 9 მაისს მოხდება, მაგრამ არც გამოვრიცხავ. შესაძლოა, სიმბოლურ თარიღსაც დაემთხვეს. ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, საქმე გაკეთდეს, გაიმართოს დიალოგი ზესახელმწიფოებს შორის და როდის მოხდება ეს ან სად, მნიშვნელობა არ აქვს.

_ იერუსალიმში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელსაც ქრისტეს საფლავის მცველის ჯილდო გადასცეს

_ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი დადებითი მოვლენაა, რადგან საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მას გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო, ეს ვიზიტი შეიძლება ყოფილიყო არა ორ მხრივ ჩარჩოში მოქცეული, არამედ, ვიზიტი, რომელსაც მოჰყვებოდა რუსეთთან ურთიერთობის დათბობა. სალომე ზურაბიშვილს ეს ჰქონდა კიდეც ჩაფიქრებული, მაგრამ ახლა დასუსტებულია, თავისი არასწორი, მცდარი საქციელითა და გადაწყვეტილებებით საშინაო პოლიტიკაში, ამიტომ მას არ ჰქონდა არაფრის თავი. პროტოკოლით რა იყო გათვალისწინებული, არ ვიცი, მაგრამ ზურაბიშვილს შეეძლო, დერეფანში მაინც შეხვედროდა ვლადიმერ პუტინს. ასეთივე შანსი გაუშვა ხელიდან თავის დროზე ირაკლი ღარიბაშვილმაც ბაქოში. სიმართლე რომ ვთქვათ, ღარიბაშვილისთვის უფრო ადვილი იყო პუტინთან შეხვედრა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილსაც შეეძლო ხელის ჩამოთმევა, გაღიმება, რაც გამოიწვევდა სერიოზულ დათბობას ორ ქვეყანას შორის მთელი რიგი მიმართულებებით, მაგალითად, ისეთის, როგორიც არის ახლგორი და ა.შ. მაგრამ ეს არ მოხდა, რაც სამწუხაროა.

_ ეს არ მოხდა იმიტომ, რომ ზურაბიშვილს წასვლამდე ჟურნალისტები გამუდმებით ეკითხებოდნენ, _ რას იზამდა ის, თუკი პუტინს შეხვდებოდა

_ თავიდანვე იყო ჩადებული, რომ პუტინს არ შეხვედროდა და, შესაძლოა, არც იყო ამის საშუალება, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს პრეზიდენტს განწყობაც არ ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტისთვის ხელის ჩამორთმევისა და გაღიმების, უფრო მეტიც: პუტინი რომც შეხვედროდა, არ შეეცდებოდა მისალმებას, რაც არასწორია და ქვეყნისთვის წამგებიანი.

_ რუსეთში მთავრობის გადადგომას მოჰყვა ვლადისლავ სურკოვის გადაყენებაც, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესებს კურატორობდა. სურკოვის წასვლით რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოსთან დაკავშირებით?

_ 2013 წელს მოსკოვში დიპლომატებს შევხვდი. იქ რუსმა პოლიტოლოგებმა მითხრეს, რომ სურკოვს შესთავაზეს საქართველოსთან დიპლომატიის გარეშე თანამშრომლობა. სურკოვს კი უთქვამს: “საქართველო? საქართველო ათი წლით მოიცდის!” სურკოვს მიაჩნდა, რომ საქართველოში არ არსებობს პერსპექტივა არადიპლომატიური ურთიერთობების თვალსაზრისით. სურკოვი საქართველოს საკითხებს პრიორიტეტულად არ თვლიდა. მისი საკურატორო ზონა იყო აფხაზეთი, ოსეთი და უკრაინის სეპარატისტული რეგიონები, მაგრამ სწორედ ამ მიმართულებებით განიცადა მან კრახი.

ვლადისლავ სურკოვი, შესაძლოა, დიმიტრი კოზაკმა ჩაანაცვლოს. მინდა, კოზაკის შესახებ ერთი ფაქტი გავახსენო მკითხველს. 2001 წელს იყო ასეთი გეგმა _ “კოზაკის გეგმა მოლდავეთისთვის”, რომელშიც ეწერა, რომ მოლდავეთს ენიჭებოდა ნეიტრალური სტატუსი, იქნებოდა ფედერაცია მოლდავეთისა, რომლიდანაც დნესტრისპირეთს გასვლის უფლება არ ექნებოდა, თუკი მოლდავეთი თვითონ არ იტყოდა უარს სახელმწიფოებრიობაზე, ანუ არ გამოაცხადებდა, რომ უნდა შეუერთდეს რუმინეთს. ეს იყო მისაღები მოდელი, ფაქტობრივად, მოლდავეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხდებოდა, მაგრამ ისინი ნატოში არ უნდა შესულიყვნენ და რუმინეთისკენ არ უნდა წასულიყვნენ. ევროკავშირმა და ამერიკამ ეს გეგმა ჩაშალეს. ასეთი უნიკალური გეგმის ავტორია დიმიტრი კოზაკი, რომელიც ახლა ძლიერდება პუტინის გარემოცვაში. ასეთი ადეკვატური ფიგურის კურატორობა აფხაზეთისა და ოსეთის მიმართულებით, მიმაჩნია, რომ საქართველოს ინტერესებშიც უნდა იყოს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here