Home რუბრიკები პოლიტიკა აღიარება იმისა, რომ რუსეთის გარდა სხვა ალტერნატივა არ გვაქვს და შეიძლება შიმშილით...

აღიარება იმისა, რომ რუსეთის გარდა სხვა ალტერნატივა არ გვაქვს და შეიძლება შიმშილით დავიხოცოთ, დასავლეთის ღალატია?!

1864
ლევან დავითაშვილი

რუსეთის ფედერაციამ ხორბლისა და სხვა მარცვლეული პროდუქტების ექსპორტი სრულად შეაჩერა. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვა ძალაში, სულ ცოტა, 2020 წლის 1 ივლისამდე იქნება. ამასთანავე, ითქვა ისიც, რომ ექსპორტის შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს. 2020 წლის 1 აპრილს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მარცვლეული კულტურების ექსპორტზე არასატარიფო კვოტა დააწესა, საუბარი იყო 7 მილიონ ტონა პროდუქციაზე. შედეგად, ეს კვოტა ქვეყანამ სრულად ამოწურა და სწორედ ამიტომ მიიღო სამინისტრომ გადაწყვეტილება ექსპორტის აკრძალვაზე. სამინისტროს ინფორმაციით, შემაკავებელი ღონისძიება ხელს შეუწყობს მარცვლეულის ფასების სტაბილიზაციას ქვეყნის შიგნით და ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

სხვათა შორის, რუსეთში მარცვლეულის რეკორდული მოსავალი 2017 წელს მოიწიეს, შემდეგ ჩავარდნა იყო, რის გამოც ქვეყნის ხელმძღვანელობა აღშფოთდა და 2019 წელს პრიორიტეტულად სწორედ ხორბალი დასახელდა. ამან მოიტანა ის, რომ შარშან რუსეთის ფედერაციამ ხორბლის მოსავლის ახალი რეკორდი დაამყარა და საერთაშორისო ბაზარზე მთავარ მოთამაშედ იქცა. ასეა წელსაც, რუსეთში იმაზე მეტი მიწა დაამუშავეს, ვიდრე შარშან და დაახლოებით როგორი მოსავალი იქნება, სწორედ 1 ივლისამდე უნდა იყოს ცნობილი. მსოფლიოში დღეს შექმნილმა ვითარებამ მოიტანა ის, რომ ნავთობპროდუქტების ფასები შემცირდა, მაგრამ გაიზარდა მოთხოვნა საკვებ პროდუქტებზე, განსაკუთრებით _ ხორბალზე, რომლითაც კაცობრიობის მთავარი საკვები პროდუქტი მზადდება. სწორედ ამიტომ რუსეთი, უწინარესად, საკუთარ თავს (მოსახლეობას) უფრთხილდება, რადგან, პანდემიის მიუხედავად, მის მიმართ დასავლეთმა სანქციები არ გააუქმა და, თუ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს საკუთარი ხორბალი არ ექნება, დახმარებას არავისგან უნდა ელოდოს.

ამ ყველაფერში ძალიან მჭიდროდ არის ჩართული საქართველო. ჩვენი ქვეყანა ერთადერთია, ვიმეორებთ _ ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც საჭირო ხორბლის 95%- ერთი ქვეყნისგან, რუსეთისგან, იღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ რუსეთმა ხორბალი არ მოგვაწოდა, დაახლოებით ანალოგიური რამ მოხდება, რაც 1990-იან წლებში. ჰოდა, აგერ, ჩრდილოელმა მეზობელმა ექსპორტი 1 ივლისამდე შეაჩერა და ახლა, რამდენიც უნდა გვიკიჟინოს დასავლეთმა, _ რუსეთი მტერია და აგინეთო, ფაქტია, უნდა გაგვიხარდეს, რუსეთი ხორბლის კარგ მოსავალს თუ მიიღებს.

სხვათა შორის, როცა ხორბლის ექსპორტზე კითხვა სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს დაუსვეს, მან აღიარა, რომ ხორბლის უდიდესი ნაწილი სწორედ რუსეთიდან შემოგვაქვს, მაგრამ არსებობს ალტერნატიული გზებიც, რომლებიც ხელისუფლებამ უკვე გამონახა და საქართველოში ხორბლის დეფიციტი არ შეიქმნებაო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, თუ სიმართლეა, მაგრამ კარგად გვახსოვს, ალტერნატიული გზების ძიებისას როგორ ბარიერებს წააწყდა ჯერ წინა, შემდეგ კი ეს ხელისუფლება. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ევროპა და ამერიკა საქართველოსთან ერთად ეძებდნენ გზებს, როგორ შემოეტანათ ქვეყანაში ხორბალი ისე, რომ მთლიანად რუსეთზე არ ვყოფილიყავით ჩამოკიდებულდამოკიდებული. იმხანად ეს გზები ვერ გამოინახა. არც ერთმა დიდმა ექსპორტიორმა არ მოისურვა პატარა საქართველოსთან საქმის დაჭერა და მსხვილი შემსყიდველი ქვეყნების განაწყენება, არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ არ გადახედა ხელშეკრულებებს საქართველოს გამო და სააკაშვილის მთავრობა იძულებული შეიქნა, ეღიარებინა, რომ ხორბლის შემოტანის ერთადერთი გზა სწორედ რუსეთზე გადიოდა. სხვათა შორის, იმავე ხელისუფლებამ კრახი განიცადა ენერგომატარებლების ალტერნატიული წყაროს მოძიების დროსაც.

ამჟამინდელი მთავრობისთვის რეალობა თითქოს მაშინ შეიცვალა, როცა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა. ჰო, ქალბატონი სალომე ფრანგ კოლეგასთან შეხვედრისას ხორბლის თემასაც შეეხო. საფრანგეთი, როგორც მსოფლიო ხუთეულში შემავალი ხორბლის მწარმოებელი ქვეყანა, ჩვენი პრეზიდენტის ხათრით უნდა დაინტერესებულიყო საქართველოსთვის ხორბლის მიწოდებით, მაგრამ არც ეს სვლა გამოვიდა _ საფრანგეთმა უარი თქვა რუსეთის ჩანაცვლებაზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პარტნიორებთან ურთიერთობა ორი ათეული წლით აქვს განსაზღვრული და ამ ურთიერთობების გადახედვას არ აპირებს. ისიც ვთქვათ, რომ, როცა ჩვენი სოფლის მეურნეობის მინისტრი ალტერნატიული გზების არსებობაზე საუბრობდა, მას არ დაუსახელებია არც ერთი ქვეყანა, რომელიც მზად არის ან მომავალში იქნება მზად, რუსეთი ჩაანაცვლოს. ეს იმიტომ, რომ დღევანდელი მდგომარეობით ასეთი ქვეყანა არ არსებობს, ვერ იპოვა ასეთი სახელმწიფო ვერც მიხეილ სააკაშვილმა და ვერც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ. აი, ამერიკის მცდელობა, ხორბალს მე მოგაწვდითო, პირველივე რეისზე კრახით დასრულდა, რადგან ამერიკული ხორბალი ხარისხით რუსულს ვერ სჯობს და, რაც მთავარია, ტრანსპორტირება სამჯერ ძვირი დაჯდა.

ველოდით, ძალიან ველოდით, რომ ბატონი დავითაშვილი იტყოდა: ხალხო, რა ვქნათ, რუსეთის გარდა ალტერნატივა არ არის და იმედი ვიქონიოთ, იქ კარგი მოსავალი იქნებაო. მით უმეტეს, რომ მისი იმედიანი განცხადება ქვეყანაში ხორბლის მარაგის არსებობაზე ძალას ზუსტად ორ თვეში დაკარგავს, რადგან სწორედ ორი თვის მარაგი გვაქვს და იმედი იმისა, რომ 1 ივლისს რუსეთი ხორბლის ექსპორტს განაახლებს. ეს ყველაზე კარგად სწორედ დავითაშვილმა იცის, მაგრამ ამის თქმა დასავლეთის თვალში ღალატი იქნება, ანუ იმის აღიარება, რომ რუსეთის გარდა სხვა ალტერნატივა არ გვაქვს და შეიძლება შიმშილით დავიხოცოთ, დასავლეთის ღალატია, საკუთარი ქვეყნის ღალატზე კი ჯერჯერობით არავინ ფიქრობს. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ჩვენი არსებობითაც კი ვღალატობთ დასავლეთს. ჯერ ვერ მოვასუფთავეთ ქართველებმა ჩვენი მიწა-წყალი ევროპა-ამერიკის პოლიგონად, ძალიან სიცოცხლისუნარიანები გამოვდექით და ნელ-ნელა იმ ბურანიდანაც ვიღვიძებთ, ნატოში გაწევრების პერსპექტივა რომ ჰქვია.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ხელისუფლება თუ ოპოზიცია ცალცალკე შემოგვიტევენ, _ აგერ, გვეხმარება ევროპა, მილიონობით დოლარს გვაძლევს ვირუსთან საბრძლველადო. ჰო, გვაძლევს, მაგრამ ვინმემ თქვა, რომ ეს ფული გვაჩუქეს? ვინმემ თქვა, რომ ეს კეთილი ნებაა, ამ თანხას მოვიხმართ და მორჩა? და ყველაზე მთავარი: ვინმემ თქვა, რა პირობებით გვაძლევენ (უფრო სწორად, დაგვპირდნენ მოცემას)? არა! და იცით, რატომ? ვალად გვადევს ეს ყველაფერი და ჩვენი გადასახდელია, ჩემი, თქვენი, ჩვენი შვილების. 3 მილიარდი დოლარის დახმარება რომ გვიხარია, ეროვნულ ვალუტაზე ეს თანხა ათ მილიარდს უტოლდება, ანუ საქართველოს ბიუჯეტის ლამის ორ მესამედს და ესეც ჩვენი გადასახდელია. ასე იღებდა ვალებს სააკაშვილი და ვტკეპნიდით ერთ ადგილს, ასე იღებს ვალს ეს ხელისუფლებაც და ისევ კარგა ხანს მოგვიწევს ერთი ადგილის ტკეპნა. არ ეშველება ქართულ ეკონომიკას, იმიტომ, რომ ნებისმიერი წინსვლა დასავლეთისთვის ნიშანი იქნება იმისა, რომ ჩვენ შეიძლება მართლა დამოუკიდებლები გავხდეთ და ამიტომ ვალების გადახდის გრაფიკს გადახედავს და ისეთ დღეში ჩაგვაგდებენ, წინსვლა კი არა, ახალი ვალის სათხოვნლად დაჩოქილნი მივალთ.

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს მავთულზე გაბმული ძაღლის ბედს. უცხოს რომ დაინახავს და ყეფით გამოენთება, შემდეგ კი იმავე გზით პატრონთან მიდის და კუდის ქიცინით ცდილობს, საჭმელი დასტყუოს. რამდენიც უნდა ირბინოს ძაღლმა, იმ მავთულს მაინც ვერ გასცდება და ამ წინ და უკან სირბილში საყელურშებმული იქნება მთელი ცხოვრება. პატრონს ერთგული მეგობარი უხარია, თანდაც თავისუფლებადაკარგული, თუნდაც ყელზე ჯაჭვშებმული, მაგრამ მის ჭკუაზე, მის გაბმულ მავთულზე მორბენალი. უცხო ცდილობს, მიიჩვიოს, მაგრამ, როგორც კი პატრონი შეამჩნევს, რომ ძაღლი ყეფას წყვეტს, საჭმლის დოზას შეუმცირებს, მოაშივებს, გააბრაზებს, ისევ გაავებს და… “პატრონი” და “უცხო” ძალიან ჰგავს დასავლეთისა და ჩრდილოეთის დამოკიდებულებას, აი, მავთულზე გაბმული ძაღლი კიდევ ვის ჰგავს თავისი ძაღლური ცხოვრებით, ნეტავ?!

ძალიან გვინდა, გვჯეროდეს ხელისუფლების. ჩვენი თაობა მართლა იმსახურებს ისეთ ხელისუფლებას, რომლსაც დაუჯერებს, რომელსაც პატივს სცემს, რომლის იმედიც ექნება, მაგრამ არა, ყველა ხელისუფლება ერთმანეთს ჰგავს, იცვლება მხოლოდ სახელები და გვარები, იცვლება ტყუილის ხელოვნება და ცხოვრება კი გადის. ხომ არის ლევან დავითაშვილი ხელისუფლების წარმომადგენელი? ხომ გვეუბნება, რომ ალტერნატიული გზები მონახულია და ორთვიანი მარაგის ამოწურვის შემდეგ პრობლემა არ შეგვექმნებაო? ჰოდა, გამოვიდეს და ქვეყნები ან ქვეყანა დაასახელოს, რომელიც ამ ალტერნატიულ გზაზე მოინახა; გვაჩვენოს დოკუმენტაცია, რომ ესა და ეს სახელმწიფო მზად არის, საქართველოს მიაწოდოს საჭირო ოდენობის ხორბალი. გვერწმუნეთ, ეს საბუთები რომ არსებობდეს, აქამდე ათასჯერ აგვაფარებდნენ თვალებზე.

და ის აქტივისტებიც ისევ შარვალჩახდილები მივიდოდნენ რუსეთის საზღვარზე, თქვენი პურის გარეშეც ვიარსებებთო. ჯერჯერობით გვაქვს სიტყვა, რომელსაც ხალხი ნაკლებად ენდობა და საამისო მიზეზი აქვს _ ვერც ერთი ხელისუფლება ტყუილებს ვერ გადაეჩვია

ბესო ბარბაქაძე

2 COMMENTS

  1. სამწუხაროდ, ყველაზე მეტად სწორედ ლევან დავითაშვილი ჰგავს გაჭიმულ მავთულზე გამობმულ ძაღლს, რომელსაც არ გააჩნია არც სათანადო ცოდნა, არც გამოცდილება, არც ნიჭი და ინტელექტი ქვეყანაში სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად. იგი ვერ ბედავს ორიოდე სიტყვა თქვას რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე.

  2. ყველა პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსი საქართველოში არის საქართველოს მოღალატე და მასონების მსახური !!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here