Home რუბრიკები საზოგადოება აზარტული თამაშებიდან შემოსული ფული, რომელსაც სისხლის ფერი და სიკვდილის სუნი აქვს

აზარტული თამაშებიდან შემოსული ფული, რომელსაც სისხლის ფერი და სიკვდილის სუნი აქვს

1732
აზარტული თამაშებიდან შემოსული ფული, რომელსაც სისხლის ფერი და სიკვდილის სუნი აქვს

ახალგაზრდებში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა დავაკანონეთ

გასული წლის ოქტომბრის მიწურულს 29 წლის სანდრო ბერაძემ, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ოპერატორად მუშაობდა, თავი მოიკლა. მან ეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისა და ვალების გამო გააკეთა. მას შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკუთარ ეთერში აზარტული თამაშების რეკლამაზე უარი განაცხადა, ანუ უარი თქვა იმაზე, რის გაუქმებასაც პარლამენტში, აგერ უკვე მეშვიდე წელია, უშედეგოდ ცდილობენ. ხელისუფლებაში მოსვლამდექართული ოცნებააანონსებდა, რომ ამ სენს შეებრძოლებოდა, დაამარცხებდა და არაერთი ადამიანის სიცოცხლეს იხსნიდა.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ხელისუფლებას აზარტული თამაშებიდან შესული თეთრი თუ შავი ფული გაუტკბა. ქალაქგარეთ კაზინოების გადატანის თემა გამოირიცხა და დღის წესრიგში აღარ დგას, გამოირიცხა კაზინოებში მხოლოდ უცხოელთა შესვლის დაწესებაც, გამოირიცხა ინტერნეტკაზინოების შეზღუდვაც, რეგისტრაციისთვის წლოვანების გაზრდაც, ანუ თამაში 25 წლამდე ადამიანებს რომ არ შეძლებოდათ და შედეგიც აშკარაა _ სხვისი პირადობით დარეგისტრირებული ათასობით არასრულწლოვანი თამაშობს აზარტულ თამაშებს და განმკითხავი არავინ არის.

აზარტული თამაშების თემამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა გაირკვა, რომ ამ სფეროს წლიური ბრუნვა საქართველოს ბიუჯეტზე მეტია. ჰო, ხელისუფლება წელზე ფეხს იდგამს, როგორმე ქვეყნის ბიუჯეტი რომ გაზარდოს და აგერ უზარმაზარი თანხა კონკრეტულ სფეროში ბრუნავს. მაშინ უკვე აღიარეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ამ სფეროდან ბიუჯეტში სოლიდური თანხები შედიოდა და ისე მშვიდად დაიწუნეს აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის კანონი, თითქოს არც არაფერი ხდებოდა. არადა, სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომ ამის გამო შარშან ასზე მეტმა ადამიანმა (ძირითადად, ახალგაზრდამ) სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ხალხის პროტესტის პარალელურად, კაზინოებისა და სლოტკლუბების მფლობელებმა საქართველოში ერთი მეორის მიყოლებით ჩამოიყვანეს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები, სარეკლამო რგოლებში მილიონები დახარჯეს და ახლა ამ მილიონების ამოღებას ისევ საქართველოს მოსახლეობისგან აპირებენ.

როგორ გგონიათ, ამ ყველაფრის ფონზე რა მოიფიქრა და მოიმოქმედა ხელისუფლებამ? როგორც წესი, წიხლი ისევ ხალხს დააჭირა და სუიციდის გზაზე შემდგართ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, კიდევ ერთი ბიძგი მისცა. მოკლედ, ახალ წლამდე მიღებული რეგულაციის თანახმად, თუ აქამდე მოგების გადასახადს მხოლოდ კაზინოებისა და სლოტ-კლუბების მფლობელები იხდიდნენ, ახლა მოგება მოთამაშეებსაც დაებეგრათ. ერთი შეხედვით, ეს გადასახადი ბევრი არ არის, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთათვის ხშირად ერთი ლარიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჟინი თუ ე.წ. ზამასკა რომ მოიკლან. მოკლედ, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყოველ მოგებულ თანხაზე მოთამაშეები ბიუჯეტის სასარგებლოდ ერთ ლარს გადაიხდიან, ანუ მოგებულ ას ლარზე _ ერთ ლარს, ათასზე _ ათსს და .. საბოლოო ჯამში კი, 15-მილიარდიანი ბრუნვიდან მოთამაშეების მოგება 20% მაინც რომ ვიანგარიშოთ, ბიუჯეტში ათეულობით მილიონი შევამოთამაშეების მიერ მოგებული თანხიდან. ადამიანები თავს რამდენიმე ათასის გამო იკლავენ და სახელმწიფო ახლა მათ მილიონებს ართმევს. არის თუ არა ეს კიდევ რამდენიმე უდროოდ შეწყვეტილი სიცოცხლის გარანტია, თვითონ განსაჯეთ, მანამდე კი

ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია, განვითარებულ ქვეყნებში რა და როგორ ხდება, ანუ იქ, სადაც ეს ინდუსტრია სახელმწიფო ინტერესის დონეზეა აყვანილი, როგორია კონტროლის მექანიზმი და რატომ არ არის იმ ქვეყნებში ამ მიზეზით ჩადენილი სუიციდის შემთხვევათა რაოდენობა ისეთივე კატასტროფული, როგორიც ჩვენთან? ავიღოთ აზარტული თამაშების მექა _ ლას ვეგასი, ქალაქი, რომელიც კაზინოებსა და სლოტ-კლუბებზე დგას. კაზინოებში ხალხი გასართობად დადის, ეს ტურიზმი უფროა და ძალიან იშვიათია, როცა იქ ვინმე გამდიდრების იდეით შეპყრობილი შევიდეს, თუმცა, ამის მიუხედავად, კაზინოებს მილიონობით შემოსავალი აქვთ. რატომ? იმიტომ, რომ იქ ჩასული ტურისტები კაზინოში 1 ან 2 ათას დოლარს ტოვებენ და ასეთების რაოდენობა ყოველდღიურად ისე დიდია, რომ, საბოლოო ჯამში, საქმე მილიარდებთან აქვთ. ჩვენთვის უფრო საინტერესოა სლოტ-კლუბები. ოფიციალურად, კანონით, სლოტ-კლუბების მფლობელებს აქვთ პირდაპირი მითითება, რომ აპარატი უნდა მუშაობდეს 80/20-ის, გამონაკლის შემთხვევებში კი 70/30-ის პრინციპით. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ დახარჯული ასი დოლარიდან მოთამაშეს მოგების 80%-იანი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ანუ დახარჯული თანხის, სულ ცოტა, 80% უნდა ამოიღოს. შესაბამისად, თითქმის არ არსებობს დღე, რომ ლას ვეგასის სლოტკლუბებში არ გათამაშდეს ჯეკპოტი და ვინმემ სოლიდური თანხა არ მოიგოს. ეს ყველაფერი უმკაცრესად კონტროლდება და, თუ რომელიმე კლუბს სლოტის აპარატი კანონით დადგენილ ნიშნულზე დაბლა აქვს დაყენებული, მაშინ მას რამდენიმე მილიონიანი ჯარიმა ეკისრება, ანუ არავის უღირს, “იმაიმუნოსდა ასე გრძელდება ათეული წლების განმავლობაში.

რა ხდება ამ მიმართულებით საქართველოში? კი გვიმტკიცებენ, ქართული აზარტული სისტემაც საერთაშორისო სტანდარტებზეა მორგებულიო, მაგრამ არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, არავინ არავის არაფერს უმოწმებს და სლოტკლუბის მფლობელს აპარატი 100/0-ზე რომ ჰქონდეს დაყენებული თავის სასარგებლოდ, არავინ არაფერს ეტყვის. უფრო მეტიც, ის ადამიანები, რომლებიც ქართულ სლოტკლუბებში მუშაობენ, ამბობენ, რომ, როცა აპარატი მიდის იმ ნიშნულამდე, რომ ჯეკპოტი უნდა გასცეს, ანუ ზომაზე მეტი ფული ჩაყლაპა, კლუბების მფლობელები აპარატს ხსნიან და ამ შესაძლებლობას ანულებენ, აპარატი თავიდან იწყებს დაგროვებას, თავიდან იწყებს ფულისჭამასდა, როცა ისევ მივა ნიშნულამდე, ისევ ნულდება.

ერთადერთი, რასაც ქართულ რეალობაში იგებ, ცარიელი ჯიბე, დაკარგული ქონება, დაგირავებული სახლი და დაღუპული მომავალია. სხვაგვარად როგორ წარმოგიდგენიათ: ქვეყნის ბიუჯეტი აზარტული თამაშების ბრუნვის ოდენობის იყოს? ასეთი რამ არსად, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება და ვერც მოხდება, იმიტომ, რომ უმკაცრესი კონტროლია.

ვერ გეტყვით, მიიღებს თუ არა შესაბამის კანონს ხელისუფლება, აკრძალავს თუ არა რეკლამას ან რაიმე ფორმით შეზღუდავს თუ არა აზარტულ თამაშებს, მაგრამ ფაქტია: ახალგაზრდობაში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გვაქვს დაკანონებული. საკმარისი არ იქნება მხოლოდ რეკლამის აკრძალვა, რადგან აუცილებლად გამოინახება ალტერნატიული გზები, რათა მოსახლეობამდე მივიდეს ეს ყველაფერი. არც კაზინოების ქალაქგარეთ გადატანაა გამოსავალი, რადგან არ არის საქართველო იმხელა, სურვილის შემთხვევაში ვინმე დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდეს. გვაქვს აზერბაიჯანისა და რუსეთის მაგალითი, სადაც ეს ყველაფერი აკრძალულია, გვაქვს უახლესი მაგალითი, როცა უკრაინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ხელის ერთი მოსმით აკრძალა აზარტული თამაშები და იქნებ ჩვენც აკრძალვაზე გვეფიქრა?!

რა თქმა უნდა, ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება, რადგან ციფრებიდან კარგად ჩანს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი დიდწილად არის დამოკიდებული ამ სფეროდან შესულ გადასახადებზე. მაშ, სად არის გამოსავალი?

გაგიკვირდებათ და, უმარტივეს გამოსავალს ჩვენ შემოგთავაზებთ, გამოსავალს, რომლის დაკანონებასაც არც ბევრი ფილოსოფია უნდა და არც წვალება, საკანონმდებლო ჩარჩოში მისი მოქცევაც მარტივად შეიძლება და საქართველოს ყველა მოქალაქე ამაში დაგვეთანხმება. მაშ, ასე: ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, როგორ შეიძლება, არასრულწლოვნებს სხვისი პირადობით დარეგისტრირება ავუკრძალოთ. ავუკრძალოთ კი არა, დარეგისტრირებულ არასრულწლოვანებსაც გავუუქმოთ რეგისტრაცია. ხშირად ისინი მშობლებს ჰპარავენ პირადობის მოწმობებს და დედის ან მამის პირადობით რეგისტრირდებიან. ინტერნეტკაზინო ე.წ. ვერიფიკაციას ითხოვს, ანუ უნდა გაგზავნო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და სწორედ აქ არის საშველიც _ ინტერნეტკაზინოებმა დაამატონ მოთხოვნა, რომ ეს პირადობის ასლი მფლობელს ხელში ეჭიროს, როგორც ბანკებში ხდება ხოლმე, ჩანდეს მფლობელის სახეც და პირადობაც. ასეთ შემთხვევაში გამოირიცხება მშობლებისთვის მოპარული პირადობის მოწმობებით დარეგისტრირება. ეს ყველაფერი ინტერნეტკაზინოების მფლობელებმა ძალიან კარგად იციან და შეგნებულად არ აკეთებენ, რადგან ასეთ შემთხვევაში, არასრულწლოვან მოთამაშეთა არმიას და, შესაბამისად, დიდ ფულს დაკარგავენ, იმ ფულს, რომელსაც სისხლის ფერი და სიკვდილის სუნი აქვს! ეს გამოსავალი თქვენთვისაც არის, ხელისუფლებავ, მიიღეთ კანონი და დარეგისტრირებული მოთამაშეების გადარეგისტრირება ამ წესით მოითხოვეთ, ნახავთ, რამდენი ათასი არასრულწლოვანი იძულებული იქნება, აზარტულ თამაშებს თავი დაანებოს. თუ ფულს ფერი და სუნი არც თქვენთვის აქვს?!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here