Home ახალი ამბები საქართველო ხმის ხმა

ხმის ხმა

დასავლური განტოლება და უკრაინიზაციის საშიშროება

577

სკოლის მერხიდან გვახსოვს, რომ განტოლება დიდი თავსატეხია. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ცხოვრებამ  სრულიად  საქართველოს ერთი განტოლება შემოგვთავაზა, რომლის ამოხსნასაც ოცდაათი წელიწადი ამაოდ შევალიეთ.

– კი მაგრამ, გიორგი ნიკოლაძის, ანდრია რაზმაძის, ნიკო მუსხელიშვილისა და ილია ვეკუას სამშობლოში რა გახდა ერთი განტოლების ამოხსნა? – თითქოს ყურში ჩაგვძახის რომელიღაც ხმა.

– საქმე ის არის , რომ განტოლება, რომლის ამოხსნაც ასე გაგვიჭირდა, მათემატიკური არ არის, პოლიტიკურია, – თავი იმართლა საქართველომ  იმ უცხო ხმის წინაშე, რომელიც, როგორც შემდგომ გაირკვა, მისივე შინაგანი ხმა ყოფილა.

– სტალინისა და ბერიას სამშობლოში თუნდაც პოლიტიკური განტოლების ამოხსნა არ უნდა გაგჭირვებოდათ ასე ძალიან! – არ ისვენებს ხმა, – მითხარით, აბა: რა განტოლებაა ასეთი?

– რა განტოლებაა და, აგერ ბატონო, ნახეთ, რა ხდება: ქართველ ხალხს უნდა, რომ  საქართველო იყოს ნატოს და ევროკავშირის წევრი. ეს ერთი მოცემულობაა. დასავლეთსაც უნდა, რომ საქართველო იყოს ნატოს და ევროკავშირის წევრი. ეს მეორე მოცემულობაა. მიუხედავად ამისა, საქართველო ვერც ევროკავშირში შევიდა და ვერც ნატოში. ეს განტოლების ის უცნობი წევრია, რომელიც ვერაფრით ამოვხსენით.

– უყურე ამას, – დაფიქრდა ხმა, – ჩვენც გვინდა, იმათაც უნდათ, შესვლით კი ვერ შევდივართ. – შუბლი შეჭმუხნა, თვალები ცისკენ აღაპყრო (ოღონდ ნუ მკითხავთ, ხმას სად ჰქონდა შუბლი და თვალებიო), ერთი სიტყვით, შეჭმუხნა ხმამ შუბლი, აღაპყრო ცისკენ თვალები და კარგა ხანს იყო ასე. მიშტერებოდა ცას და არ იღებდა ხმა ხმას. როდესაც იფიქრა მთელმა საქართველომ, დადუმდა ჩვენი შინაგანი ხმა სამუდამოდო, ე, მაშინ ამოიღო ხმამ ხმა.

– ვიღაც მესამე ხომ არ გიშლით ხელს? – იკითხა მოკრძალებით.

– რასაა, რომ გვეუბნები, ასეთი რამ არ უნდა გვკადრო ჩვენ! – გაუწყრა საკუთარ შინაგან ხმას ხალხი. ჩვენ გვინდა, დასავლეთსაც უნდა და ვიღაც მესამეს ვინ ჰკითხავს, რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაში შევალთ?! – მოჭრეს ქართველებმა მოკლედ და ქართულად.

– იქნებ, დიდი ინტერესი და, ამასთანავე, დიდი ძალა და გავლენა აქვს იმ მესამეს, მისი აზრიც ხომ უნდა გაითვალისწინოთ? – მორიდებით ჰკითხა ქართველებს ხმამ.

– თუთაშხიას ჯიშის ვართ ჩვენ, – აიფოფრნენ ქართველები, – არავის საქმეში არ ვერევით და არც არავის გავრევთ ჩვენს საქმეში. საითაც გული გაგვიწევს, იმ გზით ვივლით და იმ საკეთებელს გავაკეთებთ აწი. ასეა ეს!

რას იზამდა, გაკმინდა ხმა შინაგანმა ხმამ და ხმა არ ამოუღია დიდხანს, მაგრამ ცხოვრება თავისი გზით წავიდა, წინააღმდეგობები გამწვავდა, მთელი უკრაინა საომარ პოლიგონად გადაიქცა, მსხვერპლი კი ასიათასობით იზომება. წელიწადზე მეტია, რაც სისხლი იღვრება, დასასრული კი არ ჩანს, ვინაიდან რუსეთს არ შეუძლია მისი სასიცოცხლო ინტერესების დაცვაზე უარის თქმა, დასავლეთს კი ამ სიტუაციის გამოყენებით რუსეთის დასუსტება განუზრახავს და უკრაინელი ფაშისტების დაფინანსებასა და შეიარაღებას გაძლიერებული ენთუზიაზმით განაგრძობს. დასავლეთის ამ სრულიად არაჰუმანისტური ენთუზიაზმის შემადგენელი ნაწილია საქართველოდან მეორე ფრონტის გახსნის იდეა, რასაც წარმოუდგენელი ძალისხმევით ცდილობენ ჩვენი ქვეყნის გარეთ არსებული გავლენიანი წრეები, ქვეყნის შიგნით კი მათიმეხუთე კოლონა“. ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ მთელ ამ ისტორიაში განტოლების ის უცნობი შემადგენელი მაინც ამოუხსნელი რჩება. კერძოდ, საქართველოს თუ სურვილი აქვს, დასავლეთის სრულუფლებიანი წევრი იყოს და დასავლეთსაც თუ იგივე სურვილი ამოძრავებს, ხოლო რუსეთის სამართლიანი პროტესტი, ბოდიშს ვიხდი მკვეთრი გამოთქმისთვის, ორივეს ფეხებზე ჰკიდია, რატომ არ იღებენ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის წევრად? წევრობას თავი დავანებოთ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიც არ მოგვანიჭეს, ნატოს შემთხვევაში კი მაპიც (წევრობისთვის აუცილებელი სამოქმედო პროგრამა) არ გვაღირსეს. დასავლეთის ეს დამოკიდებულება რუსეთის შიშით რომ არ არის განპირობებული, იქიდანაც ჩანს, რომ უკრაინაში ომის ვითარებაშიც კი უკან არ იხევენ და სიტუაციას გლობალური მასშტაბით ძაბავენ, თუმცა ომისგან წელში გაწყვეტილ უკრაინასაც ნატოსა და ევროკავშირის კარებთან აყურყუტებენ. განტოლების ამოხსნა სწორედ ამ ფაქტში უნდა ვეძებოთ. საქართველოც და უკრაინაც დასავლეთისთვის რუსეთის დასასუსტებლად გამოსაყენებელი ინსტრუმენტებია და არა ის სახელმწიფოები, რომლებიც მათი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სტრუქტურების თანაბარუფლებიან წევრებად უნდა ჩამოყალიბდნენ. წევრობა და თანაბარუფლებიანობა დასავლეთის მხრიდან პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს, რომელსაც ისინი გაურბიან. დასავლეთი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებსამხედრო პლაცდარმად, ნედლეულის ბაზად, იაფი მუშახელისა და გასაღების ბაზრად განიხილავს, საჭიროების შემთხვევაში კისაზარბაზნე ხორცადაც.

მართალია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (მათ შორის ბალტიისპირეთის რესპუბლიკები) შევიდნენ ნატოსა და ევროკავშირში, მაგრამ დანარჩენი რესპუბლიკებისთვის ეს პროცესი, ერთი მხრივ, რუსეთმა დაამუხრუჭა, მეორე მხრივ კი იმან, რომ იგი არ არის და არც შეიძლება იყოს უსასრულო და უკიდეგანო. ლიმიტი აქვს ყველაფერს. დასავლეთმა იცის, რომ ამ ეტაპზე მეტის გადახარშვა და მონელება შეუძლებელია, ამიტომ დასავლურ სტრუქტურებში საქართველოს წევრობა რეალურად აღარ დგას დღის წესრიგში. დასავლეთის ამოცანა საქართველოსგან მაქსიმუმის მიღებაა ისე, რომ მისთვის მინიმუმიც არ გააკეთოს. საქართველო დასავლეთისთვის ინსტრუმენტია, ხურდა ფულია, ხელსახოცია, ერთჯერადი მოხმარების ნივთია, ერთი სიტყვით, რაც გნებავთ, ისაა, გარდა სახელმწიფოსი, გარდა პოლიტიკური და გეოგრაფიული ერთეულისა, გარდა პარტნიორისა, გარდა ანგარიშგასაწევი ძალისა. ეს არის იმ განტოლების ამოხსნა, რომელიც ოცდაათი წლის განმავლობაში ნამდვილ თავსახტეხად გვექცა ქართველებს.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არა მხოლოდ გრძნობს ამას, არამედ იცის ეს, ამიტომაც სულ უფრო უჭირს დასავლეთთან ურთიერთობა. დასავლეთისთვისაც ძნელია საუბარი ხელისუფლებასთან, რომელიც ვასალისა და ყურმოჭრილი მონის მდგომარეობას არ თანხმდება და ყველგან და ყოველთვის საკუთარი სუვერენიტეტისა და ღირსების შენარჩუნებით ლაპარაკობს. პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა  ამას წინათ ბერლინში ყოფნისას პირდაპირ, ღია ტექსტით განაცხადა, რომ ევროდეპუტატები საქართველოსგან მოითხოვენ პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის გათავისუფლებას მხოლოდ იმის გამო, რომ ის მათი აგენტია. მათ არ აინტერესებთ, რომ იგი მძიმე დანაშაულებშია მხილებული, პატიმრების წამებისა და გაუპატიურების სისტემის ჩამოყალიბებაშია მხილებული, ბიზნესის რეკეტსა და მედიის დევნაშია მხილებული. ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან “მეხუთე კოლონა” უწოდა იმ ძალებს, რომლებიც საქართველოში ქაოსის შექმნასა და დესტაბილიზაციას გეგმავენ. აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს ევროპის მიერ შემოთავაზებული თორმეტპუნქტიანი დავალების შესრულებისკენ მოუწოდა, მაგრამ ამ პუნქტებს შორის პირველი დეპოლარიზაციაა. დეპოლარიზაცია კი შეუძლებელი ხდება იმის გამო, რომ თვითონ დასავლეთი არ იძლევა ამის საშუალებას. თბილისში ჩამოსული გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერბოკი, პირველ რიგში, იმ ე.წ. ოპოზიციას შეხვდა, რომელიც პარლამენტის შენობაში შეჭრასა და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა. ეს ამ ძალებისთვის გამოცხადებული ღია და დემონსტრაციული მხარდაჭერაა. “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ სწორად შეაფასა  ბერბოკის რიტორიკა და ქმედება, როდესაც თქვა, რომ იგი “რეალობას აცდენილია”. კახა კალაძე მართალი იყო მაშინაც, როდესაც ჟურნალისტის რეპლიკას, რომ ევროპელები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, ასე უპასუხა: “არ მოგვანიჭებენ და თავისთვის დაიტოვონ”. ღირსება ჩანს ამ ნათქვამებში, ღირსება და საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა.

ოპოზიციური ძალების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც “ქართული ოცნების” ვითარებაში არ სურთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სატატუსის მოპოვება. ეს “პროევროპული” ძალები უარს ამბობენ ევროპის მიმართულებით ნაბიჯის გადადგმაზე მხოლოდ იმის გამო, რომ ამით “ქართული ოცნების” იმიჯი დააზიანონ. განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ფეხებზე ჰკიდიათ საქართველოც და ევროპაც? ისინი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ.პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი კი ასე მსჯელობს:  ევროპელებმა, საქართველოში დეპოლარიზაციის მიღწევა თუ სურთ, მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი და პოლარიზაციაც დასრულდება“.

აქედან ის დასკვნა კი არ გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს ევროპაზე, აქედან ის გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს სუვერენიტეტისა და ეროვნული თავმოყვარეობის დაკარგვაზე, ღირსებისგან დაცლაზე. სამწუხაროდ, ნათელია, რომ ევროკავშირს და, საერთოდ, კოლექტიურ დასავლეთს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტასაბჭოთა სივრცეში ერთადერთი მიზანი ამოძრავებ პოლარიზაცია, დესტაბილიზაცია და მართვადი ქაოსის შექმნა. მათ საქართველოში ოცდაათი წლის განმავლობაში  რიგით მესამე სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სურთ, რადგან რუსეთის საზღვრებთან შექმნილი ფეთქებადი ვითარება რუსეთის დასუსტების წინაპირობებს ქმნის. აი, ამოხსნა იმ განტოლებისა, რომლის შესახებ საუბრითაც ეს სტატია დავიწყე.

ეჭვგარეშეა, რომ დასავლეთი ვითარების დაძაბვას, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობასა და საქართველოდან რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნას შეეცდება. გაუძლებს ამ წნეხს საქართველოს ხელისუფლება? ეს რთული შეკითხვაა, მაგრამ მასზე პასუხის გაცემა შეუძლებელი არ არის. გაუძლებს, ოღონდ ერთი პირობით: ხალხმა უნდა გააცნობიეროს შექმნილი ვითარების მთელი სიმძიმე და გადარჩენა მოინდომოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ხელისუფლება საქართველოს ღირსებისა და სუვერენიტეტის დაცვის გზით სიარულს, თუკი ეს საერთო სახალხო სულისკვეთება იქნება. სხვა შემთხვევაში… სხვა შემთხვევაში ნათელი მაგალითი გვაქვს – უკრაინა და უკრაინიზაცია.

ვალერი კვარაცხელია                                                                                 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here