Home ახალი ამბები საქართველო ხმამაღლა ვთქვათ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, რომ  უმთავრესი  ქვეყნის ინტერესებია და არა...

ხმამაღლა ვთქვათ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, რომ  უმთავრესი  ქვეყნის ინტერესებია და არა ის, რას ფიქრობს დასავლეთი

მაშინ რატომ არ ვართ ენაწყლიანები, როცა რუსეთიდან ტონობით ფქვილი და იაფი ნავთობპროდუქტები შემოდის და ამის ხარჯზე მოსახლეობა ხმას არ იღებს; როცა ლამის ერთი ლარით გაიაფდა საწვავი და მსოფლიოში სურსათის კრიზისის ფონზე პურის ფასი მცირედ, მაგრამ მაინც შემცირდა?

300

ბოლო პერიოდში  სოციალურ ქსელში არაერთხელ  ნახავდით, რომ რუსეთის მაღაზიებში ქართული წარმოების „კოკა-კოლა“ იყიდება. რა ძნელი მისახვედრია, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ეს  სამშობლოს ღალატად მონათლეს და განაცხადეს, რომ მაშინ, როცა რუსეთიდან სანქციების გამო არაერთი კომპანია გავიდა, საქართველოს გავლით მაინც ხდება პროდუქციის მიწოდება. განსაკუთრებით ხელისუფლების მხარდამჭერი ჯგუფები აქტიურობდნენ, აქაოდა, თემურ ჭყონია ნაციონალების მხარეს არის და გამოდის, რომ ნაციონალების კარის ბიზნესმენი რუსეთს ეხმარებაო. არადა, ყველამ ვიცით, რომ „კოკა -კოლა“ არც იარაღია და არც ბომბის დასამზადებელი ნედლეული, ის გამაგრილებელი სასმელია და, წესით, მისი მიწოდება პრობლემა არ უნდა იყოს.

საინტერესო ის არის, რომ იგივე ხალხი, რომელიც ჭყონიას აკრიტიკებს, არ ამბობს,  უარი ვთქვათ რუსეთიდან მოწოდებულ პურის ფქვილზე, ხორბალსა და , იაფ ნავთობპროდუქტებზე, რომელთა გამოც ბენზინის ფასი საქართველოში 4-ლარიან ნიშნულს კი არა, 3-ლარიანსაც ჩამოსცდა და მძღოლებმა შვება იგრძნეს. არა, ეს ყველაფერი ცალმხრივად გვინდა, ანუ რუსეთი ვალდებულია, ყველაფერი მოგვაწოდოს და მოგვაწოდოს ის (პურის ფქვილი და ხორბალი), რასაც არც ერთი ქვეყანა არ გვაწვდის, ჩვენ კი არაფერი უნდა მივაწოდოთ და სანქციებს სრულად შევუერთდეთ. იქნებ  სჯობს, ქართული პროდუქტები რაც შეიძლება დიდი ოდენობით გამოჩნდეს რუსულ ბაზარზე და გამოჩნდეს იმიტომ, რომ დასავლეთი  თავის ბაზარზე არ გვიშვებს. გინახავთ ან გსმენიათ, რომ ქართული „კოკა-კოლა“ ევროპულ  ქვეყნებში ან ამერიკაში იყიდებოდეს? არა, რადგან დასავლეთის ბაზარზე არ გვიშვებენ და ეს იმის მიუხედავად, რომ ქართული წყლის ხარისხის გამო ჩვენებური ნაწარმი სხვა ქვეყნებისას გაცილებით სჯობს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, გასულ წელს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 52%-ით გაიზარდა. 2022 წელს  საქართველომ  რუსეთში 651.6 მლნ დოლარის პროდუქცია გაყიდა და გაყიდა ის, რასაც ევროპა არ ყიდულობს: ყურძენი, ღვინო,  წყლები, ხილი… რუსეთისგან კი 1.8 მლრდ დოლარის პროდუქცია ვიყიდეთ და, პირველ ადგილზე თუ ნავთობპროდუქტებია, მეორეზე ფქვილი და ხორბალი მოდის, ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი და, რაც მთავარია, ის, რასაც სხვა არც ერთი ქვეყანა არ გვაძლევს და, თუ გვაძლევს, სამმაგ ფასში. ზრდის მიუხედავად, საქართველოსთვის ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი  მაინც თურქეთია და რუსეთს მხოლოდ მეორე ადგილი უკავია; ის თურქეთი, უკვე ხელისუფლებაც და ოპოზიციაც „ისტორიულ მეგობრად“ რომ ნათლავენ. როგორი ისტორიული მეგობარია თურქეთი, ძალიან კარგად ვიცით და, სანამ  ამას გვეტყოდეთ და წარსულს დაივიწყებდეთ, აწმყო გაიხსენეთ. ერდოღანმა საჯაროდ  თქვა: მესხეთი ჩვენი ისტორიული მიწაა და მესიზმრება, თურქეთის შემადგენლობაში როდის დაბრუნდება და ჩვენი უძლეველი ჯარისკაცები როდის დადგამენ იქ ფეხსო. ცალკე თემაა ის, რომ სწორედ თურქეთში გადის საქართველოში ნაწარმოები ხახვისა და კარტოფილის უდიდესი ნაწილი და როგორი  პარადოქსულიც  უნდა იყოს, სწორედ თურქეთიდან შემოდის იგივე პროდუქცია ყველაზე დიდი რაოდენობით, ანუ თურქებს მიაქვთ კარგი და შემოაქვთ ცუდი. დიახ, ცუდი.  გავიდეთ ნებისმიერი ქალაქის ნებისმიერ აგრარულ ბაზარში და ვნახოთ, როგორი ხარისხისაა თურქული კარტოფილი. თანაც, როცა თურქულ და რუსულ პროდუქციას ვადარებთ, რატომღაც, როცა დახლზე ორივე ქვეყნის ნაწარმი დევს, ქართველები რუსულს ეტანებიან, იქნება ეს საკვები პროდუქტი თუ  სხვა ნაწარმი – რკინის ნაკეთობები, ტექნიკა. გამოდის, დახლზე რუსეთის უპირატესობას ვაღიარებთ, დახლს მიღმა კი… თურქეთი მეგობარია (თანაც ისტორიული) და რუსეთი მტერი (ისიც ისტორიული). ისე, გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ მოხდა თურქებისგან მესხეთის შემოერთება და ისტორიულ ფუძეს, საქართველოს,  ეს მხარე სწორედ რუსეთის დახმარებით დაუბრუნდა.

რამდენიმე წლის წინათ  საუბარი იყო აფხაზეთსა და სამაჩაბლოში „მაკდონალდსის“ გახსნაზე და საქმეში მაშინაც თემურ ჭყონია  ჩერთო, მაგრამ  ამ ინიციატივას ისეთი მწვავე  კრიტიკა მოჰყვა, რომ თემა პირდაპირ ნაგვის ურნაში გადაუძახეს. არადა, რა არის იმაში ცუდი, თუ ქართულ მხარეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ბიზნესინტერესი გაუჩნდება და იგივე ინტერესი ექნებათ აფხაზ და ოს ძმებს? ხომ არ იქნება ეს საფუძველი იმისა, რომ ბიზნესინტერესები პოლიტიკურშიც გადაიზარდოს და  აღმართული მავთულხლართები მოიხსნას? საქართველოდან რუსეთში პროდუქციის გატანა ისეთი მტკივნეული გახდა დასავლეთისთვის, რომ  ამ თემაზე „სი-ენ-ენ“-ის  ეთერშიც კი დაუსვეს კითხვა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ ლაიენს.

„სი-ენ-ენ“-ის ჟურნალისტი: „მსურს, სანქციებზეც გკითხოთ. თქვენ თქვით, სანქციები დავაწესეთ რუსეთის წინააღმდეგო, მაგრამ გვესმის და დარწმუნებული ვარ, თქვენც გსმენიათ იმის შესახებ, რომ, სანქციების მიუხედავად, სანქცირებული საქონელი რუსეთში მაინც აღწევს, ბოლო ცნობების მიხედვით, განსაკუთრებით საქართველოს გავლით. როგორ უნდა შეჩერდეს ეს პროცესი?“

ურსულა ფონ ლაიენი: „დიახ, სანქციები რუსეთს 9 რაუნდად დავუწესეთ და ისინი მტკივნეულია რუსეთის ეკონომიკისთვის და ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების დეფიციტს განიცდიან. სანქციები მუშაობს, თუმცა სანქციების გვერდის ავლის მცდელობას ვხედავთ და ეს მიუღებელია. უკვე განვაცხადეთ, რომ შეიქმნება სია  იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ ტექნოლოგიებსა და პროდუქტს ევროკავშირისგან იღებენ და რუსეთში შეაქვთ. სანქციების მეათე პაკეტი ძირითადად ფოკუსირებული იქნება ამ ხვრელების ამოვსებაზე, ანუ დიდი გავლენა ექნება მათზე, ვინც ევროკავშირის სანქციებს გვერდს უვლის. მეათე პაკეტი სწორედ ამაზე იქნება…“

არის თუ არა ეს პირდაპირი მინიშნება იმისა, რომ სანქციები, შესაძლოა, არა მხოლოდ საქართველოს კონკრეტულ მოქალაქეებს, არამედ მთელ ქვეყანას შეეხოს? რა თქმა უნდა, არის და,  როცა ევროკავშირსა და ამერიკას დასჭირდებათ, ამას აუცილებლად აამოქმედებენ. ამას აქამდეც აუცილებლად იზამდნენ, მაგრამ ზუსტად იციან, რომ საქართველო შეძლებს თავის გადარჩენას რუსეთიდან მიღებული პროდუქციით და  სანქციებს ამიტომ არ გვიწესებენ. სწორედ ამიტომ  არ განვრცობილა თემა კონკრეტული ადამიანების სანქცირების მოთხოვნაზე, რომელიც ევროპარლამენტში რამდენიმე დეპუტატმა წარადგინა.

მთავარი უბედურება ის კი არ არის, რუსეთში ქართულწარწერიანი „კოკა-კოლა“ რომ იყიდება, არამედ ის, რომ ამ ყველაფერს დასავლეთი ისე აღიქვამს, როგორც საერთაშორისო სკანდალს, და ამაში  ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერებიც ხელს უწყობენ.  კიდევ გავიმეორებთ: მაშინ რატომ არ ვართ  ენაწყლიანები, როცა რუსეთიდან ტონობით ფქვილი და ნავთობპროდუქტები შემოდის და ამის ხარჯზე მოსახლეობა ხმას არ იღებს; როცა ლამის ერთი ლარით გაიაფდა საწვავი და მსოფლიოში სურსათის კრიზისის ფონზე პურის ფასი მცირედ, მაგრამ მაინც შემცირდა;  რის და ვის ხარჯზე მოხდა ეს ყველაფერი? _ აი, ამას არავინ ამბობს, მაგრამ საკმარისია, დასავლეთმა სახრავად უკვე გამოხრული ძვალი გადმოგვიგდოს,  მაშინვე მადლობად ვიღვრებით და ეს ყველაფერი სტრატეგიული პარტნიორობის საფარველით ინიღბება. რომელ სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, როცა იგივე ევროკავშირი  ქართულ პროდუქტებს ყოველწლიურად ახალ მოთხოვნებს უყენებს, რადგან ძველ რეკომენდაციებს  ვასრულებთ, და ახალ დაბრკოლებას ქმნიან იმისთვის, რომ ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქცია  კანონით არ შეუშვან, მერე ხელი ისევ ჩვენ შეგვაწმინდონ, მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთო.

ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ საქართველოს 2023  წელს არამხოლოდ  რეგიონში ექნება ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ისიც იციან, რომ რუსული ბაზრის გარეშე ამის გაკეთება წარმოუდგენელია. ამის მიუხედავად, ხმამაღლა  არ აღიარებენ, რომ თუნდაც გასულ წელს სწორედ რუსულმა ბაზარმა და რუსეთიდან შემოსულმა მოქალაქეებმა იხსნეს  ეროვნული ვალუტა ინფლაციისგან და  ქართულ ეკონომიკაშიც მილიარდობით ლარი „ჩაასხეს“. ამის ფონზე სხვა ქვეყნების წილი სასაცილოც კი ჩანდა, მაგრამ დასავლეთს არ გასცინებია, პირიქით, ისე შეიფერა ქართული ლარის სიმყარე, თითქოს მისი დამსახურება იყოს.

სწორედ 2022-მა   წელმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაგვანახვა, რომ რუსული ბაზრის განვითარება, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით (იმპორტი და ექსპორტი) ძალიან კარგი და სასარგებლოა, მაგრამ ჯერჯერობით ამ მიმართულებით, ოფიციალურად მაინც, მთავრობა არაფერს აკეთებს. არაოფიციალურად კი… დაგვიანონსა ურსულა ფონ ლაიენმა, – ყველაფრის შესწავლას ვიწყებთ და, სანქციების გვერდის ავლას ვინც აპირებთ, დაისჯებითო. ჰოდა, არ გვინდა  სანქციებისთვის გვერდის ავლა კულუარულად, ხმამაღლა ვთქვათ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, რომ  უმთავრესი  ქვეყნის ინტერესებია და არა ის, რას ფიქრობს დასავლეთი.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here