პუტინმა ახლო აღმოსავლეთში “ძალებისა და ინტერესების” ბალანსის დამყარება შეძლო და ამ რეგიონში აშშ–ის ჰეგემონობა შეკვეცა. ექსპერტების აზრით, რუსეთის ჯარის სირიიდან გაყვანა სიმბოლურია, რადგან მომავალში მოსკოვი თავის “გეოპოლიტიკურ თამაშში” ჩაითრევს არა მხოლოდ დამასკოს, არამედ ეგვიპტესაც და სუდანსაც.
“სირიაში ომის მეშვეობით რუსეთმა ახალი გავლენა მოიპოვა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში აშშ-ის გავლენას განიცდიდა”, _ წერს აღნიშნული გამოცემის ჟურნალისტი ინეს შოლცი. პუტინმა ბაშარ ასადის პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა შეძლო.
“დასავლეთი სიამოვნებით გადაასახლებდა ასადს უდაბნოში, მაგრამ მოსკოვის მხარდაჭერამ ამ სურვილის შესრულებაზე მას ხელი ააღებინა. დონალდ ტრამპის დროს ვაშინგტონი შეიძლება აიძულონ, დატოვოს ახლო აღმოსავლეთი”, _ აღნიშნავს პუბლიკაციის ავტორი. რუსეთის “სამხედრო ინტერვენცია” 2015 წელს ნაკარნახევი იყო, უწინარეს ყოვლისა, გეოპოლიტიკური ინტერესებით.
“ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რომ რუსეთი თავის ჯარს სირიიდან სრულად გაიყვანს”, _ აღნიშნავს შოლცი. “რუსეთის ყოფნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში აუცილებელია, რათა შეიქმნას ძალთა ბალანსი და მივაღწიოთ ინტერესთა ბალანსს, რის მიღწევაც ვერ შევძელით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ”, _ აღნიშნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
ახლო აღმოსავლეთში ახალ პოლიტიკურ თამაშებში ასევე უნდა ჩაერთოს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ეგვიპტე და სუდანი. გასული ორი წლის განმავლობაში რუსეთმა არა მარტო ხელი მოაწერა მილიარდობით დოლარის მოცულობის იარაღით ვაჭრობის შეთანხმებებს, არამედ განიხილა კიდეც ხმელთაშუა ზღვის ეგვიპტის სანაპიროზე რუსეთის სამხედრო ბაზის მშენებლობის დაწყების საკითხი.
შოლცი ხაზს უსვამს, რომ პუტინი ახლო აღმოსავლეთში პოსტამერიკული პოლიტიკური წესრიგის დასამყარებლად თავს “მშვიდობისმყოფელად” წარმოგვიდგენს, მაგრამ ამ მისიის განხორციელება გართულდება არა მარტო სირიაში. “კრემლის მცდელობა, გააერთიანოს საუდის არაბეთის, ირანის, ისრაელის, სუდანისა და სხვა ქვეყნების ინტერესები, შეიძლება საპნის ბუშტივით გასკდეს”, _ ასკვნის სტატიის ავტორი.