Home ახალი ამბები ”საგანმანათლებლო პროცესზე ვიდეოთვალთვალის გამოყენება არ შეიძლება”

”საგანმანათლებლო პროცესზე ვიდეოთვალთვალის გამოყენება არ შეიძლება”

1184

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი კერძო და საჯარო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. ქალდანის თქმით, აუდიტორიებში ვიდეოთვალთვალთან დაკავშირებით ევროპის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მისმა უწყებამ კერძო და საჯარო უნივერსიტეტებისთვის რეკომენდაციები განაახლა.

„ვიდეოთვალთვალი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების მიზნებისთვის განხორციელდეს და მისი გამოყენება საგანმანათლებლო პროცესზე ან სტუდენტის ქცევაზე დაკვირვების მიზნით არ შეიძლება. გამაფრთხილებელი ნიშნები თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს განთავსებული და მოლოდინი ადეკვატური უნდა იყოს. კამერა ძალიან ბევრ აუდიტორიაშია დამონტაჟებული, თუმცა რა მიზნით ხდება მისი გამოყენება, არავინ არ იცის. უნდა ვიმსჯელოთ იმისთვის, რომ შევჯერდეთ უკეთესი მდგომარეობის მისაღებად რისი გაკეთება შეიძლება.

პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე უფრო მეტი სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი მოგვმართავს. რეკომენდაციების პირველი რაუნდი ჩვენ გამოქვეყნებული გვქონდა. რეკომენდაციები განვაახლეთ, რადგან აუდიტორიებში ვიდეოთვალთვალთან დაკავშირებით ევროპის სასამართლომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ ბევრი საკითხი, რომელიც პრაქტიკაში დაგროვდა, საჭიროა რეკომენდაციების დონეზე შეთავაზებული იყოს. სხვადასხვა სექტორში, მათ შორის საგანმანათლებლო სექტორში ჩვენი ინიციატივით უფრო მეტი შემოწმების ჩატარებას ვგეგმავთ, რათა იქ არსებული შესაძლო დარღვევები აღმოვფხვრათ და მეორე მხრივ, პრევენციული მოქმედებებით საგანმანათლებლო სექტორში პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების ამაღლებას ხელი შევუწყოთ.

ნიშნები და სხვა ინფორმაცია, ერთი კონკრეტული სტუდენტის გარდა, სხვა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს. მონაცემთა ბაზები, რომლებიც არსებობს, უნდა აღირიცხებოდეს იმისთვის, რომ თუ ინფორმაცია გამჟღავნდა, ზუსტად შეგვეძლოს იმის იდენტიფიცირება, ინფორმაციის გამჟღავნების წყაროს ვინ წარმოადგენდა. დღეს ჩვენ უშუალოდ მონაცემთა დამმუშავებელ ორგანიზაციებს ვხვდებით. ანუ მათ, ვინც სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაცემების დაცვაზე უშუალოდ პასუხისმგებელია“, – განმარტა ქალდანმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here