Home რუბრიკები სამართალი „ვერავინ ვიფიქრებდით, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ძველ წყენას გაიხსენებდა და მოკლავდა”

„ვერავინ ვიფიქრებდით, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ძველ წყენას გაიხსენებდა და მოკლავდა”

4260

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაზე ახალ დეტალებს “ნიუპოსტი” ავრცელებს.

მასალას უცვლელად გთავაზობთ.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, 2 დღის წინ, დიღმის მასივში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პოლიციასთან ერთად, მოკლულ ნოდარ გუგეშაშვილის მეგობრებიც ეძებენ. როგორც გუგეშაშვილის მეგობრებისგან შევიტყვეთ, მომხდარიდან მალევე, ნოდარის მეგობრები იმ პირის სახლში ავიდნენ, რომლთანაც, მათი ინფორმაციით, მოკლულს წლების წინ კონფლიქტი ჰქონდა.

რა სახის დაპირისპირება იყო ნოდარ გუგეშაშვილსა და მკვლელობაში ბრალდებულ პირს შორის, ამაზე ჩვენი რესპოდენტი არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ „მკვლელობის მოტივი ფინანსებთან არაა დაკავშირებული“.

„ვერავინ ვიფიქრებდით, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ძველ წყენას გაიხსენებდა და მოკლავდა. უბანში ყველას ახსოვს 8-10 წლის წინ, გოგოს გამო მომხდარი დაპირისპირება. თითქოს მაშინ ყველაფერი დალაგდა, მკვლელმა სხვა დანაშაულისთვის სასჯელიც მოიხადა, ციხის დატოვების შემდეგ კი, როგორც ჩანს, შური იძია. დამნაშავე სამართალდამცავებს ისევე, როგორც ჩვენ, იდენტიფიცირებული გვყავს და ახლა მისი ადგილსამყოფელის დადგენას ვცდილობთ. მის საცხოვრებელ სახლში 7 თებერვალსვე ავედით, თუმცა დედამ გვითხრა, რომ შინ არ იყო,“ – ამბობს გუგეშაშვილის მეგობარი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

მისი ინფორმაციით, დაპირისპირებულებს შორის კამათი და მკვლელობა სავარაუდოდ ნოდარ გუგეშაშვილის საძინებელ ოთახში მოხდა, რადგან ცხედარი სწორედ საძინებელ ოთახში იყო.

„ნიუპოსტის“ წყარო ამბობს, რომ დოდო გუგეშაშვილი იცნობდა მკვლელს და კარიც თვითონ გაუღო. ამ ვარაუდს ამყარებს მეზობლების მონაყოლი, რომლის მიხედვითაც, დაჭრილი დედა, რომელსაც შვილი თვალწინ ჩაუცხრილეს, მკვლელის მისამართით ყვიროდა: „ეს არის მკვლელი! არ გაუშვათ!“

დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში მცხოვრები პირები პირად საუბარში იხსენებენ, რომ გუგეშაშვილების სახლიდან შუახნის მამაკაცი გამოვარდა, რომელმაც ხმაურზე სადარბაზოში გამოსული მოსახლეობის კითხვებს არ უპასუხა.

როგორც „ნიუპოსტს“ მოკლულის მეგობარმა დღეს დაუდასტურა, ნოდარს ორი ტყვია – კეფასა და თავის არეში აქვს მოხვედრილი.

რესპოდენტი გამორიცხავს, რომ საზარელი მკვლელობა „მხედრიონის“ ყოფილი ლიდერის წარსულ საქმიანობას უკავშირდებოდეს, 33 წლის მოკლული ბიჭის მეგობრები დარწმუნებულები არიან, რომ დამნაშავე სახლში ნოდარ გუგეშაშვილთან შურისძიებისთვის მივიდა.

გუგეშაშვილების ახლობლები შიშობენ, რომ ბოლო დროის ერთ-ერთ სასტიკ მკვლელობას ხმაურიანი და სისხლიანი გაგრძელება მოჰყვება, რადგან დოდო გუგეშაშვილი უკვე კონტაქტურია და მის სახლში დატრიალებული ტრაგედიის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები იცის”,-წერს “ნიუპოსტი”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here