Home ახალი ამბები უშიშროების ყოფილი თანამშრომელი: სპეცრაზმმა მიიღო მისი ლიკვიდაციის ბრძანება და ეს შეასრულა –...

უშიშროების ყოფილი თანამშრომელი: სპეცრაზმმა მიიღო მისი ლიკვიდაციის ბრძანება და ეს შეასრულა – ანუ მიზანმიმართულად დაკარგეს მოწმე

3275
უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელის, გოგიტა დალაქიშვილის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა მიზანმიმართულად ჩატარებული წარუმატებელი სპეცოპერაცია იყო.

აღნიშნული განცხადება გაზეთ  „ალიასთან“  უშიშროების ყოფილმა თანამშრომელმა, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა.
„სპეცოპერაცია ფასდება შედეგით და ფაქტით. შედეგი – მოკლეს ადამიანი, რომელიც იურიდიულად ეჭვმიტანილიც კი არ იყო, წესით, უნდა დაეკითხათ და მისგან მნიშვნელოვან ინფორმაციებს ელოდნენ. მკვდარი ინფორმაციას ვეღარ მოგცემს, ანუ მიზანმიმართულად დაკარგეს მოწმე. მომხდარით აღშფოთებულნი არიან ქისტები, რომელთა შემდგომი მოქმედებების განსაზღვრა დღეს შეუძლებელია. კარგს რომ არაფერს უქადიან ამ ხელისუფლებას, ეს ვიცით. ჩვენ ხომ ვიცით, რომ პანკისის ხეობაში ჩვენს სპეცსამსახურებს არაერთი სპეცოპერაცია ჩაუტარებიათ, ადგილობრივი მკვიდრიც მოუკლავთ, დანაშაულში ეჭვმიტანილი და ამგვარი რამ არაერთხელ მომხდარა, მაგრამ პანკისელებს არც ერთი ამგვარი ფაქტი არ გაუპროტესტებიათ. დღეს ამ ხალხს ვერ აჩერებენ, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ თემურ მაჩალიკაშვილი იყო უბრალო მსხვერპლი და შეხებაც არ ჰქონდა.
სუს-ი რას გვეუბნება, ნახეთ. ღამით, ჩუმად და უხმაუროდ, შევიდა რამდენიმე სპეცრაზმელი თემურ მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახში, მან გაიღვიძა, “ლიმონკა” აიღო, უნდა გაეხსნა, აეფეთქებინა და ამ დროს, სპეცრაზმელმა დაასწრო და ესროლა თავში. თემურ მაჩალიკაშვილის საძინებლის გვერდით მის დას ეძინა და რომც გაეხსნა “ლიმონკა”, მის დას არაფერი დაემართებოდა? ამაზე რატომ არავინ არაფერს ამბობს? ზოგადად, ტერორისტები არც საკუთარ, არც სხვის ოჯახში რომ არ იძინებენ, ამაზეც დუმან. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ ის ოჯახშია, იძინებს მუდამ განცალკევებით, რომ საფრთხეს არ წარმოადგენდეს საკუთარი თუ სხვისი ოჯახის წევრებისთვის. აი, ასეთ ვითარებაში, თუნდაც, სუს-მა რომ დაგვიხატა.
ერთი რაღაც მნიშვნელოვანი მინდა გითხრათ. სპეცრაზმელის დადანაშაულება, რომელმაც მაჩალიკაშვილს ესროლა და მოკლა, არ შეიძლება. ის მოქმედებდა წესდების მიხედვით. ჩემი აზრით, მას უთხრეს, რომ იმ ოთახში იყო ტერორისტი და ის უნდა მოეკლა.  არა, ეს ჩემი ვარაუდია და თუ ასე იყო, სპეცრაზმელის დადანაშაულება არ შეიძლება, ამას ვამბობ, თუმცა, უფრო შორს მიმავალი ვარაუდებიც მაქვს. ამგვარი სპეცოპერაციები იგეგმება ძალიან დეტალურად, თუ თემურ მაჩალიკაშვილი იძინებდა “ლიმონკით”, ეს უეჭველი ეცოდინებოდათ. შესაბამისად, სპეცოპერაციის სხვაგვარად დაგეგმვაც შეიძლებოდა. მგონია, სპეცრაზმმა მიიღო მისი ლიკვიდაციის ბრძანება და ეს შეასრულა. ცხადია, ბრძანება სუს-დან. იყო, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ეს ბრძანება სუს-მა რომელიმე, სხვა დიდი ქვეყნის სპეცსამსახურებიდან მიიღო.
მაჩალიკაშვილს ბრალიც კი არ აქვს წაყენებული, როგორც ტერორიზმში ეჭვმიტანილს ან რაღაც კავშირში მყოფს. გარდა ამისა, გამოდის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თემურ მაჩალიკაშვილის ოჯახს მის გარდაცვალებას უსამძიმრებს, წუხილს გამოთქვამს, ხოლო უცხოეთში მკურნალობისა და ტრანსპორტირების ხარჯის დაფარვა სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. ამით სახელმწიფომ აღიარა, რომ მაჩალიკაშვილი ტერორიზმთან კავშირში არ იყო. სუს-ი? სუს-ი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი, მისი ერთ-ერთი სტრუქტურაა, მთავარი კი ამ შემთხვევაში ქვეყნის პირველი პირის, პრემიერ-მინისტრის პოზიციაა.
ლოგიკურად რამდენიმე გასროლა უნდა მომხდარიყო. ყველაფერს თავი დავანებოთ, იქნებ უკვე გახსნილი “ლიმონკა” ჰქონდა ხელში მაჩალიკაშვილს? წესით, ეს კაცი მართლა რამდენიმე ტყვიით უნდა იყოს მოკლული. მინიმუმ, იმ ოთახში, რამდენიმე გასროლილი მასრა უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც წესი, კარგად მომზადებული სპეცრაზმელები იშვიათად აცილებენ სამიზნეს, თუნდაც სიბნელეში. თან მაჩალიკაშვილი უძრავი სამიზნე იყო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ ვიღაცამ თუ ვიღაცებმა მიიღეს ბრძანება – შედით, მოკალით, “დაბრიდეთ” მაჩალიკაშვილი. ასეც მოხდა. მე ვფიქრობ, ვინც ესროლა, მაგარი “სპეცი” იყო, პირდაპირ თავში დაახალა ტყვია და იფიქრა, რომ მოკლა. თუმცა, ერთი კვირა იცოცხლა მაჩალიკაშვილმა და ეს, სავარაუდოდ, არ აწყობდათ. ერჩივნათ, მომკვდარიყო“-აცხადებს დალაქიშვილი.
უშიშროების ყოფილი თანამშრომელი ასევე, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციებს შორის არსებული კავშირის შესახებაც საუბრობს.
მისი განმარტებით, საქართველოს ტერორისტული აქტების საფრთხე არ ემუქრებოდა, ვინაიდან ამის უფლებას, ტერორისტული ორგანიზაცია  „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ყოფილი სამხედრო ლიდერი თარხან ბათირაშვილი, არავის აძლევდა.
„ტერორისტებს  რამდენიმე საათი ჰქონდათ, რომ მძევლები აეყვანათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩეჩნებს ქართველები მძევლად არ აუყვანიათ, პანკისის ხეობაში სხვადასხვა მიზეზების გამო, არაერთი კონფლიქტი ყოფილა ქართველებსა და პანკისელ ჩეჩნებს შორის, მაგრამ მათგან ქართველის მძევლად აყვანის ფაქტი არ ყოფილა. ერთადერთი შემთხვევა იყო, «ნაციონალი» დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი აიყვანეს მძევლად და ეს უკავშირდებოდა ნარკობიზნესს და ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო.
 საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეები არ ჩააგდო ახმედ ჩატაევმა საფრთხეში და მიუხედავად იმისა, რომ ის ტერორისტი იყო, მისგან ეს საქციელი არ მიკვირს. მოდით, რა, ტერორისტებსაც დავუტოვოთ რაღაც ადამიანური თვისებები. ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში ტერორისტული აქტები იმიტომ არ ხდებოდა, რომ ამის ნებას აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, «ისლამური სახელმწიფოს» ერთ-ერთი ყოფილი სამხედრო ლიდერიარავის აძლევდა.  ბათირაშვილიც პანკისელი ჩეჩენი იყო და სწორედ ამის და მის გამო, საქართველოში ტერაქტები არ მომხდარა, ამას უცხოური მედიაც წერდა, ბათირაშვილი და მამამისიც აღნიშნავდნენ ამას ინტერვიუებში, ბათირაშვილისთვის საქართველო სამშობლო იყო. ასევე, ახმედ ჩატაევისთვის სამშობლო იყო საქართველო და ასევე, უცხოური და ქართული მედიის ცნობით, ჩატაევი, სულ მცირე, ბევრს აკეთებდა, რომ საქართველო ტერორიზმის სამიზნე არ გამხდარიყო. მილიონი პროცენტი დარწმუნებული ვარ, ახმედ ჩატაევმა შეგნებულად არ აიყვანა მძევლად არც ერთი მშვიდობიანი ქართველი მოქალაქე და ამით დაიცვა, პატივი სცა, ჩეჩნურ ტრადიციას და ჩვენს ოდინდელ ურთიერთობებს.
ფაქტია, რამზან კადიროვის განაცხადებიდან, საქართველოში ტერორისტები გამოჩნდნენო, მეორე დღეს ჩატარდა ეს ანტიტერორისტული სპეცოპერაცია პანკისში და  მაჩალიკაშვილი მოკლეს”, –აცხადებს დალაქიშვილი.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გოგიტა დალაქიშვილი 25 იანვარს იმ დროს დააკავეს, როდესაც დამკვეთისგან უკანონოდ ჩაწერილი პირადი საუბრების სანაცვლოდ საფასურს 3 000 ლარის ოდენობით იღებდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here