აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) გეგმავს ხელი შეუწყოს ფონდის შექმნას, რომელიც დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში დააფინანსებს “ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებს” მედიის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში. პროექტის აღწერას RT გაეცნო.
დოკუმენტის თანახმად, ფონდის საქმიანობა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ახალი ამბების და საინფორმაციო კონტენტის „დამოუკიდებელი“ პროვაიდერების დაფინანსებას, ინვესტიციებს კიბერუსაფრთხოების, ანალიტიკისა და კონტენტის მართვის სისტემებში, აუდიტორიის გაზომვას და ანალიზს.
„ამ პროდუქტებმა და სერვისებმა ხელი უნდა შეუწყონ მოქალაქეების წვდომას ზუსტ და აქტუალურ ინფორმაციაზე, კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას, ან ხელი შეუწყონ ციფრული, მედია და საინფორმაციო წიგნიერების ზრდას“, — აღნიშნავენ USAID-ის წარმომადგენლები.
ვარაუდობენ, რომ ამერიკული სააგენტოს პროექტის გეოგრაფიული არეალი მოიცავს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ხუთ ქვეყანას: ბოსნია და ჰერცეგოვინას, სერბეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს და ალბანეთს, ასევე კოსოვოს თვითაღიარებულ რესპუბლიკას.
“USAID იმედოვნებს, რომ ფონდის არსებობის განმავლობაში, მისი მმართველობის ქვეშ მინიმუმ 16 მილიონი აშშ დოლარი იქნება ხელმისაწვდომი მედია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო კომპანიებში ინვესტირებისთვის, რომლებიც მათი პროდუქციის ან მომსახურების საშუალებით, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მხარს დაუჭერენ გამოხატვის თავისუფლებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას”, – ნათქვამია დოკუმენტში.
2022 წლის ივნისში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ USAID გეგმავდა მედიის მხარდაჭერის ფონდის შექმნას დასავლეთ ბალკანეთში.
მაშინ სააგენტო მზად იყო 5 მილიონი დოლარი დაეხარჯა იმ სუბიექტების მხარდასაჭერად, რომლებიც ეწევიან საგანმანათლებლო საქმიანობას ან უზრუნველყოფენ იმ პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებას, რომლებიც “აადვილებენ საზოგადოების წვდომას ხარისხიან ინფორმაციასა და ციფრული წიგნიერების უნარებზე“.