Home სხვადასხვა დაიჯესტი USA Today: გერმანიის არჩევნებში “რუსი ჰაკერები” კი არ ჩარეულან, არამედ ...

USA Today: გერმანიის არჩევნებში “რუსი ჰაკერები” კი არ ჩარეულან, არამედ ექსტრემისტები აშშ-დან

984
ჰაკერები

ასე ასკვნიან ექსპერტები. მეტიც, ზოგი მათგანი მიიჩნევდა, რომ რუსების ჩარევას აზრი არ ჰქონდა, რადგან არჩევნებში არც ერთი “პროპუტინული კანდიდატი” არ მონაწილეობდა.

ტროლებისა და ექსტრემისტ-აგიტატორების გაერთიანება ცდილობდა, გავლენა მოეხდინა არჩევნებზე, მაგრამ, ანალიტიკოსების თქმით, რუსეთი არსად და არაფერში  გარეულა, _ წერს  USA Today. ინტერნეტში პროპაგანდისტულ მასალებს ავრცელებდნენ აშშ-ის მემარჯვენე-რადიკალური დაჯგუფებები.

ამგვარი ქმედების შესახებ ინფორმაცია არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გავრცელდა.

“ჯერჯერობით არ შეგვიძლია გამოვავლინოთ რუსების განსაკუთრებული გააქტიურება”, _ აღიარებდა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჰეგელიხი. პირიქით, “ტვიტერში” 300 მილიონი “პოსტის” გაანალიზების შედეგად, პროფესორმა დაადგინა, რომ ძალიან ბევრი ცნობა სპეციალური ჰეშთეგით #AltRight -ით (უკიდურესად მემარჯვენე)  გერმანიიდან გაიგზავნა. “ამ ცნობების უმეტესობა, შეიძლება ითქვას… აშშ-ის უკიდურესი მემარჯვენეების მოძრაობის მიერ იყო შთაგონებული”, _ ასკვნიდა ჰეგელიხი.

ბევრი მემარჯვენე ცდილობდა, გაეშავებინა წამყვანი კანდიდატები _ ანგელა მერკელი და მისი მეტოქე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მარტინ შულცი. ამ ცნობების უმეტესობა გამოგზავნილი იყო აშშ-დან, რის გამოც იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მემარჯვენეები გერმანიიდან და აშშ-დან ცდილობდნენ, გავლენა მოეხდინათ გერმანელ ამომრჩევლებზე. ჰეგელიხის თქმით, ამ ცნობებიდან ზოგი შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო “რუსულ ჩარევასთან”, მაგრამ ამის დამტკიცება  ძნელია.

ზოგი ექსპერტის აზრით, “ალტერნატივას გერმანიისთვის” გამარჯვების შანსი არ ჰქონდა, თუმცა შეეძლო გავლენა მოეხდენა ელიტებზე, რადგან გარკვეულ მომენტში სიტუაცია შეიძლება შეცვლილიყო.

ციფრული საზოგადოების ინსტიტუტის ხელმძღვანელი სანდრო გაიკენი მიიჩნევდა, რომ მემარჯვენეები ცდილობდნენ, სოციალური ქსელების მეშვეობით ჩარეულიყვნენ გერმანიის არჩევნებში.

“ეს მართლაც უცნაურია, _ უკვირდა გაიკენს, _ “ფეისბუქის” მომხმარებლებმა რეკომენდაციები მეგობრებისგან უნდა მიიღონ. ეს კი დამოკიდებულია იმ ჯგუფებზე, რომლებშიც არიან გაერთიანებულნი, და იმაზე, რაც მათ მოსწონთ. ეს რეკომენდაციები ყველასთვის ხელმისაწვდომია”. ექსპერტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსების კვალი ვერსად შეამჩნია.

ევროპის უშიშროების ცენტრის ხელმძღვანელ მარკ გალეოტის თქმით, საკმაოდ ძნელია იმის დადგენა, თუ რამდენად მტკივნეულია გერმანიისთვის რუსი ჰაკერებისა და ტროლების შემოტევა. ამას გარდა, ხაზს უსვამს ექსპერტი, რუსეთის მხრიდან ჩარევას არავითარი აზრი არ ჰქონდა, რადგან არჩევნებზე წარმოდგენილი არ იყო “პრორუსული ორიენტაციის” არც ერთი კანდიდატი.

“ ჩარევის ალბათობა უმნიშვნელოა, რადგან ნებისმიერი სერიოზული გავლენა არჩევნებზე მხოლოდ გაამკაცრებდა ბერლინის პოზიციას მოსკოვის მიმართ”, _ აღნიშნავდა გალეოტი.  განსხვავებულ პოზიციაზე იდგა პოლიტოლოგი იორგ ფორბრიგი.

“ვფიქრობ, რუსეთის ზოგიერთ ქმედებას ვერ ვამჩნევდით. უწინ მოწმენი ვიყავით, თუ როგორი სისტემატურობით ვითარდებოდა საინფორმაციო კამპანია, რომელიც გერმანიის რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ ხორციელდებოდა. პირველად იგი რეალიზებული იყო შარშან, ბერლინში არჩევნების დროს”, _ აცხადებდა ფორბრიგი და დასძენდა, რომ რუსეთს  “ალტერნატივა გერმანიისთვის” მხარდაჭერა იმგვარი საშუალებებით შეეძლო, რომლებიც ჯერ არავისთვისაა ცნობილი.

მიუხედავად ამისა, ამტკიცებდა პოლიტოლოგი, გერმანიის არჩევნებზე არანაირი გავლენა არ იქნებოდა მტკივნეული სამი მიზეზის გამო: პირველი _ “რუსეთის ჩარევის” გამო, აშშ-ისა და საფრანგეთის არჩევნებში, რადგან ამომრჩევლები ფხიზლად იყვნენ; მეორე _ იმიტომ, რომ, გერმანიაში მოქმედი მრავალპარტიული სისტემის წყალობით, ძნელია საინფორმაციო კამპანიების შედეგების წინასწარ განსაზღვრა; მესამე _ გერმანიის მედია “უფრო გაწონასწორებული და მშვიდია”.

“ამასთანავე, რუსებს რომ ჰქონოდათ რაიმე მაკომპრომეტებელი მასალა მერკელის წინააღმდეგ ან სხვა რამ, სააშკარაოზე გამოიტანდნენ”, _ დაასკვნა პოსტსაბჭოთა სივრცეში იურიდიული და სოციალური საკითხების ექსპერტმა მელისა ჰუპერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here