Home ახალი ამბები მსოფლიო The Telegraph: დამდეგი წელი კიდევ უფრო ცუდი იქნება ბაიდენისა და მთლიანად დასავლეთისთვის

The Telegraph: დამდეგი წელი კიდევ უფრო ცუდი იქნება ბაიდენისა და მთლიანად დასავლეთისთვის

133

წელიწადმა, რომლისგანაც დასავლური ალიანსისა და მისი გავლენის აღორძინებას ელოდნენ, მოიტანა არა მხოლოდ მწარე იმედგაცრუება, არამედ არნახული მასშტაბის კატასტროფა.

ოვალურ კაბინეტში ჯო ბაიდენის შესვლის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ მისი პრეზიდენტობისას დამარცხდებოდა უთანხმოება, რომელმაც გააუარესა ტრანსატლანტიკური ურთიერთობები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას. ამის შესახებ თვითონ ბაიდენმა განაცხადა, როცა თავის საინაუგურაციო სიტყვაში ყველას დაჰპირდა, რომ “დაიცავდა დემოკრატიას”, შემდეგ გამოსვლაში კი თქვა, რომ აღადგენდა ვაშინგტონის წამყვან პოზიციებს მსოფლიო არენაზე.

“ამერიკა დაბრუნდა და, აგრეთვე, დიპლომატიაც”, _ განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ მისი ადმინისტრაცია “აღადგენს პრესტიჟსა და მორალურ ავტორიტეტს”. რა უაზროდ ისმის ეს სიტყვები დღეს! რადგან ბაიდენმა არა მხოლოდ ვერ აღადგინა დასავლეთის ჰეგემონია მსოფლიო არენაზე, არამედ დაუშვა დასავლეთის გავლენის კატასტროფული ეროზია და ეს დემოკრატიას კარგს არაფერს უქადის მომავალ წელს. დიდწილად აშშ-ის ლიდერის ბრალია დასავლეთის პრესტიჟის მკვეთრი დაცემა, რადგან მისი სისუსტე და გაუბედაობა აშკარაა ყველასთვის, განსაკუთრებით ისეთი მოწინააღმდეგეებისთვის, როგორებიც არიან რუსეთი და ჩინეთი…

ივნისში ბაიდენისა და პუტინის ჟენევაში ორსაათიან შეხვედრას კრემლი უნდა დაერწმუნებინა, რომ აშშ სერიოზულად ეკიდება გლობალური ლიდერის როლს, მაგრამ პუტინმა აშკარად უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა.

ახლაც კი, როცა მოსკოვმა, როგორც ამტკიცებენ, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან 100 ათას ჯარისკაცზე მეტს მოუყარა თავი, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ბაიდენმა კრემლის დასამშვიდებლად კიევს სრულიად გადაუწუროს იმედი ნატოს სრულუფლებიან წევრობაზე. ეს სრულიად მოსალოდნელია იმ ადამიანისგან, რომელმაც 4 თვის წინათ მთელი ერი მიატოვა “თალიბანის” საჯიჯგნად, როცა ცალმხრივად დაარღვია აშშ-ის 20-წლიანი ვალდებულება ავღანეთის ხალხის წინაშე…

მართალია, ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ბოლო ბასტიონი ზაფხულში ქაბულიდან გაქცევის შემდეგ დაინგრა, მაგრამ არც ევროპული სახელმწიფოების ბოლოდროინდელი მოქმედებებია დამამშვიდებელი. ხელოვნურად შექმნილმა ენერგეტიკულმა კრიზისმა გერმანელები დააფიქრა მოსკოვის მიმართ ენერგეტიკულ დამოკიდებულებაზე “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის გამო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი მთელი წლის განმავლობაში ებრძოდა ბრიტანელებს ბრექსიტის გამო.

დასავლურ ალიანსში ძლიერი და ეფექტიანი ხელმძღვანელობის არარსებობა სერიოზული შეშფოთების საგანი იქნება მომავალ წელსაც. როგორც ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი სერ ნიკ კარტერი გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე გვაფრთხილებდა, დასავლეთსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის მთავარი რისკი არის ის, რომ ნებისმიერი მხარის ტრაგიკულმა შეცდომამ შეიძლება სამხედრო დაპირისპირება გამოიწვიოს.

პეკინიდან მოსკოვამდე და თეირანიდან ქაბულამდე მსოფლიო 2022 წელს უფრო სახიფათო იქნება, ვიდრე დღეს არის. დასავლეთის მთავარი უბედურება კი არის ის, რომ მას არ ჰყავს ძლიერი და ერთიანი ხელმძღვანელობა, რომლის გარეშეც მის წინაშე არსებულ ამოცანებს ვერ გაუმკლავდება.

inosmi.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here