2010 წლიდან აშშ–ის აღმოსავლეთ სანაპიროს ერთ–ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ შტატში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ჰეროინის ბოროტად გამოყენების ეპიდემია მძვინვარებს.
ამ ნარკოტიკის დიდი დოზით მიღების გამო 2010 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში სიკვდილიანობა 884 პროცენტით გაიზარდა. შტატის ხელისუფლება იტყობინება, რომ ჰეროინის მოხმარება იმაზე უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე ადამიანებს წარმოუდგენიათ და რომ იგი ამოზრდილია ისეთი ოპიოდური ანალგეტიკებიდან, როგორიც ოქსინონი და ვიკადინია. ოპიოდები, დიდი ხანია, ჩრდილოეთ კაროლინის პრობლემად წარმოგვიდგება _ 2010 წელს შტატის მცხოვრებნი ოპიოდების მიღების მიზეზით 16-ჯერ უფრო ხშირად იღუპებოდნენ, ვიდრე ჰეროინის მიღების გამო.
ჰეროინის მოხმარების არნახულ ზრდას ნარკოლოგები აბრალებენ ადგილობრივ ექიმებს, რომლებიც პაციენტებს ტკივილის გასაყუჩებლად ზედმეტად დიდი ოდენობით უნიშნავდნენ ოპიუმის შემცველ პრეპარატებს. აშშ–ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს თანამდებობის პირები მიიჩნევენ, რომ ყოველი 5 ნარკომანიდან 4-მა გამაყუჩებელი პრეპარატების მიღებით შედგა ფეხი მოლიპულ გზაზე.
ჰეროინის დიდი დოზით მიღების გამო გამოწვეული სიკვდილიანობა ბოლო ხუთ წელიწადში ოთხჯერ გაიზარდა. ამას ადასტურებს წლეულს, 24 თებერვალს, ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მონაცემები. გამოკვლევის ავტორებმა აღნიშნეს, რომ 2010 წელს ყველა სასიკვდილო შემთხვევიდან მხოლოდ 8 პროცენტი იყო გამოწვეული ჰეროინის დიდი დოზით, 2015 წელს კი ეს ციფრი 25 პროცენტამდე გაიზარდა.