კანადის ზოგიერთი სენატორი თავგამოდებით ეწინააღმდეგება გენდერული ნეიტრალობის მომხრეთა მიერ ქვეყნის ჰიმნის “ო, კანადა” “მოსაწყენ, უცნაურ და უსახო” პოლიტკორექტულობის დოკუმენტად გადაკეთების მცდელობას.
ასეც მოხდება, თუ პარლამენტი ხმას მისცემს კანონპროექტს, რომელსაც კანადის თემთა პალატამ უკვე მხარი დაუჭირა და რომლის ავტორი იყო აწ გარდაცვლილი დეპუტატი მორილიუ ბელანჟე. “ო, კანადას” ტექსტი მისი კოლეგების გადაწყვეტილებით, ერთ ადგილას შეიცვლება: არსებულს _ “პატრიოტის ჭეშმარიტი სიყვარული ყველა შენი ვაჟკაცის გულშია”, ჩაენაცვლება “…ყველა ჩვენგანის გულშია”.
რათა არა მხოლოდ ვაჟკაცები, არამედ ქალებიც პატრიოტები არიანო!
ისეთი ლიბერალი სენატორიც კი, როგორიც “ცეცხლოვან ფემინისტად” წოდებული ქალბატონი ჯოან ფრეიზერია, ჰიმნის ახალი ვერსიის წინააღმდეგ გამოდის. მისი აზრით, ასეთი ცვლილება “ცუდი გრამატიკისა” და სიბეცის ნიმუშია, რომელიც მოწოდებულია, “დღევანდელი ფასეულობების” მიხედვით შეცვალოს სხვა ეპოქაში დაწერილი სიმღერა.
ქვეყნის ლიბერალურმა მთავრობამ და “ახალი დემოკრატების” საპარლამენტო პარტიამ მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, ოფიციალურმა ოპოზიციამ _ კონსერვატორებმა კი მის წინააღმდეგ გაილაშქრეს. თუ მესამე მოსმენით კანონპროექტს სენატი დაამტკიცებს, იგი მეფის მხარდაჭერას მიიღებს.