Home ახალი ამბები საქართველო ტელეეთერიდან გადმოღვრილი უხეირო გამოთქმები

ტელეეთერიდან გადმოღვრილი უხეირო გამოთქმები

279

ჩვენი საუბრები მშობლიური ენის სიწმინდეზე სულაც არ არის ვინმეს  დამცირებისა და შეურაცხყოფისთვის გამიზნული. უბრალოდ, ეს ის დიდი გულისტკივილია, თავის დროზე ჩვენი ერის სასიქადულო შვილებსაც რომ აწუხებდათ და დედა ენას ლამის ხმალამოწვდილი იცავდნენ ვაიმოქართულეებისაგან.

 აი რას ფიქრობდნენ ისინი:

 ილია ჭავჭავაძე: ,,მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნის“.

კონსტანტინე გამსახურდია: ,,მშობლიური ენის  სიწმინდისათვის ბრძოლა ისეთივე საპატიო საქმეა, როგორც ხმლით დაცვა სამშობლოისა“.

 გრიგოლ ორბელიანი: ,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!” და ..

 ასე იმიტომ ფიქრობდნენ ეს დიდი მამულიშვილები, რომ დამახინჯებული მეტყველება დამახინჯებული  აზროვნების, დეფორმირებული ცნობიერების გამოხატულებაა და ბრძოლა ენის სიწმინდისთვის ერის სულიერი გაჯანსაღებისთვისაა აუცილებელი.

დღეს ტელევიზია, როგორც მასობრივი ინფორმაციის ყველაზე მძლავრი საშუალება, ძლიერ ზეგავლენას ახდენს  საზოგადოების მეტყველებაზე _ აყალიბებს, ქმნის ხალხის მეტყველებას, რომელსაც სულ უფრო მეტად  ემჩნევა გაღარიბებისა და გაუსახურების ტენდენცია.

ამჯერად მკითხველის ყურადღებას შევაჩერებთ იმ სიტყვებსა და გამოთქმებზე, რომლებიც წარამარა გვესმის ტელეეკრანიდან და შესაბამისად, მათ ხშირად უადგილოდ ხმარობენ  ადამიანები საუბარში.

მაშ ასე, აი ეს მარგალიტები:

კონცერტის  გაკეთება?!

ტელეწამყვანებისა და მათი სტუმრების უმრავლესობა უგულებელყოფს  ქართული  ზმნის  ფორმათა  ნაირგვარობას და თანდათან  ვეჩვევით  ისეთ  უხეირო  გამოთქმებს, როგორიცაა:  კონცერტს  ვაკეთებსპექტაკლს  ვაკეთებმუსიკას  ვაკეთებ.  ამნაირი  ვაიქართულით  მეტყველებენ ისინი,  ვისაც  პრეტენზია  აქვს, ხელოვანად  იწოდებოდეს. 

დაიმახსოვრეთ, პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო!

ქართულად  უნდა თქვათ ასე:  კონცერტს  ვმართავსპექტაკლს  ვდგამმუსიკას  ვწერვქმნი.

მიმართებაში?!

დღეს განსაკუთრებით პოპულარულია სიტყვა ,,მიმართებაში”.

და რას ვერჩით ,,მიმართებას”? არაფერს, ეს სიტყვა არსებობს ქართულში და ენის განმარტებით ლექსიკონშიცაა შეტანილი, მაგრამ საქმე ის არის, რომ მას ვაიმოქართულეები ხშირად უადგილოდ ხმარობენ. ამის უამრავი მაგალითის დასახელება შეიძლება. აი რამდენიმე მათგანი: 

,,ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის ლიდერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ძალიან აფასებსჩინელი მეგობრების დაბალანსებულ პოზიციასუკრაინის ომთან მიმართებაში (უნდა იყოს ომის მიმართ).

,,რუსეთთან მიმართებაში  (უნდა იყოს რუსეთის მიმართ) აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები ერთიანი არიან”.

ჩვენ არ შეგვიქმნია ცრუ მოლოდინები, რომ საქართველოსთან მიმართებაში (უნდა იყოს საქართველოს გაწევრებაზე) გაწევრიანებაზე საუბარი სამოქმედო გეგმის გარეშე იქნებოდა”.

,,ევროკავშირის შეშფოთების მიზეზები საქართველოსთან მიმართებაში (უნდა იყოს საქართველოს მიმართ)”.

,,ოცნებასთანმიმართებაში (უნდა იყოს ,,ოცნების” მიმართ) ულტიმატუმის ენა უნდა იყოს გამოყენებული. მათ მხოლოდ ეს ენა ესმით”.

ქართულ ოცნებასთანმიმართებაში ( ეს სიტყვა აქ ზედმეტია) კომპრომისების ენა არ ჭრის. თავს რაც უფრო მეტად დაუხრი, მით უფრო სწრაფად გადაგივლიან თავზე. ეს უნდა იცოდეს აბსოლუტურად ყველამ, არა მხოლოდ პრეზიდენტმა, არამედ მათ შორის ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ”.

 ახლა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი გადავშალოთ.

ქართული  ენის  განმარტებით  ლექსიკონში კი წერია:  მიმართება (წიგნ.)  –  შეფარდება,  ფარდობა. ძალთა მიმართება;  ურთიერთობა,  დამოკიდებულება. ამ მიმართებით _ ამ მხრივ, ამ მიმართულებით, ამ თვალსაზრისით.

  შეგვიძლია,  მაგალითად,  ვთქვათ:  ლარის  კურსი  დოლართან  მიმართებით (და არა ლართან მიმართებაში, რომელიც ძალიან გავრცელებული ფრაზაა დღეს),  მაგრამ  უმჯობესია:  დოლართან  შეფარდებით.  ეს  სიტყვათშეთანხმება  მოითხოვს  მოქმედებით  ბრუნვას,  ,,ში“  თანდებულის  გამოყენება  ამ  შემთხვევაში  შეცდომაა, რადგან ის მიცემითი ბრუნვის ფორმას დაერთვის, წესისამებრ.

რეკლამაზე  და დამნაშავის კვალზე გასვლა?!

 არ მახსენდება ტელევიზია, რომლის ეთერშიც ფრაზას რეკლამაზე  გავიდეთ სწორად ამბობენ.  ძვირფასო ჟურნალისტებო, გადით ქუჩაში, მიტინგზე… ერთი სიტყვით, სადაც გინდათ, მაგრამ რეკლამაზე ვერ გახვალთ, მერწმუნეთ. აჯობებს თქვათ:  რეკლამა  ჩავრთოთ, რეკლამის  დროა… 

და კიდევ:

 ნურც დამნაშავის  კვალზე  გასვლას დასწამებთ ვინმეს. აჯობებს, თქვათ:  დამნაშავის  კვალს  მიაგნეს

პოლიტიკაში  წასვლა და დებატებში შესვლა?!

პოლიტიკიდან  წასვლა  კიდევ  ჰო,  მაგრამ პოლიტიკაში  წასვლა  რაღაა?!  სწორია  პოლიტიკაშიპოლიტიკურ  საქმიანობაში  ჩართვაჩაბმაპოლიტიკურ  სარბიელზე  გამოსვლაგამოჩენა,  როგორც  კონტექსტი  მოიხდენს.

ან კიდევ:

 დებატებში  არ  შემოდის.

უნდა ვთქვათ და ვწეროთ დებატებს  თავს  არიდებსდებატებს  გაურბისდებატები  არ  სურს

ზოგის ფანტაზია უფრო შორს მიდის და ამბობს: ვიდებატოთო, მაშინ, როცა ქართულად  მშვენივრად ჟღერს:  ვიკამათოთვიპაექროთ.  სამწუხაროდ, ამ სიტყვებს თითქმის აღარ  ხმარობენ.

ამჯერად ამ რამდენიმე უხეირო ფრაზის გასწორებას დავჯერდეთ და წერტილი დავსვათ. მივყვეთ ნუცას სკოლის პროგრამას, რადგან ბევრის ერთად დამახსოვრება რთული იქნება. წინ კიდევ ბევრი საინტერესო გაკვეთილები გველოდება ახალ-ახალი  უცხო  სიტყვებით,  უმთავრესად    ინგლისურ-ამერიკული  ჟარგონით,  ჩვენს მშობლიურ ,,ხმათა ხავერდების და ღმერთების” ენაში მღვრიე  ნაკადად  რომ შემოიჭრა  ყოველი  მხრიდან.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here