Home ახალი ამბები საქართველო თამარ კიკნაძე: ამერიკამ ლავროვი თავის ტერიტორიაზე, თანაც გაეროში რომ არ შეუშვას, საომარი...

თამარ კიკნაძე: ამერიკამ ლავროვი თავის ტერიტორიაზე, თანაც გაეროში რომ არ შეუშვას, საომარი მდგომარეობა უნდა გამოაცხადოს

“იმ საშინელების ფონზე, რომელიც მსოფლიოში ხდება, ჩემ გაოცებას იწვევს საქართველოს სატელევიზიო სივრცე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ტელევიზიებში ადამიანები ისე საუბრობენ, თითქოს ეს ქვეყნის დაქცევის ტოლფასი იყოს. აგინებენ ხელისუფლებასა და ქვეყანას საზღვრებს გარეთაც, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ”

453

24 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუიორკში ჩავიდა და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გახსნა. 1 აპრილიდან გაეროს უშიშროების საბჭოს, როტაციის პრინციპიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაცია ხელმძღვანელობს.

ამერიკაში ლავროვის ჩასვლამ ქართველი საზოგადოების სერიოზული აღშფოთებაშეშფოთება და გაკვირვება გამოიწვია. სოცლურ ქსელებში მხოლოდ ამაზე წერდნენ, კომენტარები ათასგვარი იყო

სერგეი ლავროვის ამერიკაში ვიზიტის მნიშვნელობასა და სხვა საინტერესო საკითხებზე პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება:  

_ გაეროს უშიშროების საბჭოს ახლა, როტაციის პრინციპით, რუსეთის ფედერაცია უდგას სათავეში. დასავლელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის პოზიცია საკუთარი ინტერესებისთვის ვერ გამოიყენოს.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ძალიან შეზღუდულად ჩავიდა ნიუ-იორკში, უფრო ზუსტად, გაეროს ოფისში, მას არ ახლდნენ ჟურნალისტები. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამერიკული უწყება არ არის, ამიტომ, ჩემი აზრით, ლავროვი იქ ჟურნალისტების თანხლებით უნდა ჩასულიყო.

_ რუსეთის ფედერაციის სახელისუფლო გუნდის წევრების დიდ ნაწილს სანქციები შეეხო, მათ თითქოს არ უნდა უშვებდნენ არც ერთ ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ, მაგრამ ლავროვი შეუშვეს ნიუიორკში, რამაც საზოგადოების დიდი ნაწილის გაკვირვება გამოიწვია

_ ეგრე არ არის, ეგრე არ ხდება… კომუნიკაცია უნდა არსებობდეს, ურთიერთობების ძაფები ყოველთვის არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში “კაზუს ბელი”, ანუ ომის მიზეზი იქნება… ფაქტია, ამერიკა ურთიერთობებს არ ართულებს… ამერიკამ ლავროვი თავის ტერიტორიაზე, თანაც გაეროს ოფისში რომ არ შეუშვას, საომარი მდგომარეობა უნდა გამოაცხადოს.

ურთიერთობის ფორმად გამოყენებულია სანქციები. ამ შემთხვევაში წაგებული რჩება ევროპა, მაგრამ ლატენტურად მიმდინარეობს ეკონომიკური ურთიერთობები. პოლიტიკოსებმა ბევრჯერ აღნიშნეს, რომ ტვირთბრუნვა არათუ შემცირებული, პირიქით, გაზრდილია ყველგან, მათ შორის საქართველოშიც. ამაზე ჩვენი ქვეყნის პრემიერიც საუბრობს და ე.წ. ოპოზიცია ტვირთბრუნვის გაზრდაში მთავრობას სდებს ბრალს. ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს…

_ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი ნელანელა სხვა ფაზაში გადადის. თუკი თავდაპირველად უკრაინას ყველ დაჩაგრულად მიიჩნევდა, ყველა მის გამო წუხდა და ეხმარებოდა, რითაც შეეძლო, ახლა ვითარება შეიცვალა _ რამდენიმე დღის წინათ პოლონეთში ჩატარდა გამოკითხვა და მოსახლეობის  დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ დახმარების სანაცვლოდ უკრაინისგან ტერიტორიის ნაწილის _ ლვოვის ოლქისდაბრუნება სურსქართველებს კი გვგონია, რომ, თუ ევროკავშირში გავწევრდებით, მიწებს დაგვიბრუნებენ

_ ბრალი იმისა, ვინც ომშია ჩართული. ცოდონი არიან უკრაინელები, რიგითი ადამიანები. რუსეთი გაჩერებას არ აპირებს და ეს ყველაფერი სადამდე მივა, კაცმა არ იცის. პოლონელები კი დასავლეთ უკრაინას განიხილავენ, როგორც თავიანთ მიწას, ამიტომ შეეცდებიან, როგორმე დაიბრუნონ. საქართველო ომში არ უნდა ჩაერთოს. ჩვენ ვხედავთ, რა მდგომარეობაშია უკრაინა. ეს კარგი მაგალითია ჩვენთვის.

საქართველო წნეხშია მოქცეული, უფრო ზუსტად, ქვეყნის ხელისუფლება, რადგან რუსეთის წინააღმდეგ  დაწესებულ სანქციებს არ შევუერთდით. არ შევუერთდით და კარგიც ვქენით, რადგან ეს თვითმკვლელობის, ჰარაკირის ტოლფასი იქნებოდა. ოპოზიციად წოდებული უცხო ქვეყნის აგენტების სურვილი კი ის იყო, რომ დავღუპულიყავით.

დასავლეთს სურს, ცეცხლის რკალი შექმნას რუსეთის გარშემო, შექმნას მართვადი ქაოსი და მერე ყველაფერი თვითონ მოაწესრიგოს. ეს ამერიკელების მიერ აპრობირებული მოქმედებებია. ამერიკელებს ჰეგემონიის დაღმავალი ციკლი აქვთ  და ყველაფრის გაკონტროლებას ვეღარ ახერხებენ, ამიტომ საუკეთესო გამოსავალი მართვადი ქაოსია, თუნდაც სრულიად მსოფლიოში. საქართველო პატარა ჭანჭიკია, ამიტომ თვითონ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ.

ჩვენი ქვეყანა ომში არ უნდა ჩაერთოს, ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო აღარ იარსებებს, როგორც სახელმწიფო. ქვეყნის შიგნით ამ საკითხზე კონსესუსი უნდა იყოს, მაგრამ ვხედავთ, რომ ე.წ. ოპოზიცია ცდილობს, ცრუ მიზეზებითა და მიზნებით ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს. მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა სურთ, ამიტომ საჭიროა, ახალგაზრდებთან მუშაობა და საფუძვლიანი, არგუმენტირებული ახსნა-განმარტება, რას მოგვიტანს ომი და დასავლეთის დირექტივების უპირობო შესრულება. ერი უნდა შეთანხმდეს, რომ ვითარება საშიშია და ჩვენ კონფლიქტში არ უნდა ჩავებათ.

შესაძლოა, ხელისუფლება არ მოგვწონდეს და ეს ნორმალურია, მაგრამ ახლა ჭკვიანურად მოქმედებს, რაც კარგია. თუ რაიმე პრეტენზია გვაქვს არსებულ ხელისუფლებასთან, არჩევნებით გადავწყვიტოთ მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი.

_ საინტერესო ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, საინტერესო პროცესების მომსწრენი ვართ

_ საინტერესო ეპოქაა მეცნიერული თვალსაზრისითაც, საინტერესოა, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, მაგრამ მთავარია, ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესები საქართველოს არ შეეხოს.

ფაქტია: ახალი მსოფლიოს ფორმირება ვიღაცის ხარჯზე ხდება და ეს უკრაინაა. ეს ქვეყანა გაწირეს. უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს დაპირისპირება რუსეთს, დასავლეთსა და ამერიკას შორის. ასე რომ, ამერიკის ტერიტორიაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შესვლა არავის უნდა გაუკვირდეს, რადგან დიპლომატიას გვერდს ვერავინ აუვლის.

მიმდინარე პროცესები გვიჩვენებს, რომ საერთაშორისო ნორმებს აღარ იცავენ. ახლა ბუნებრივი გადარჩევის პროცესი მიმდინარეობს და უხეში, სასტიკი მეთოდებით ხდება საქმეების გარჩევა ერთმანეთთან. როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გეტყვით, რომ ყველა თეორია უგულებელყოფილია.

_ ლავროვმა, სანამ ნიუიორკში ჩავიდოდა, თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა, მისთვის მასპინძლობაზე უარი არავის უთქვამს

_ დაპირისპირება არის რუსეთსა და დასავლეთს შორის, მაგრამ არსებობს დანარჩენი  მსოფლიო, რომელსაც ლავროვი სტუმრობდა… რუსეთს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს, შეიძლება ითქვას, ამ ქვეყნებს სიმპათიაც კი აქვთ რუსეთის მიმართ, რადგან ამერიკა ჰეგემონი სახელმწიფო იყო და ჟანდარმად ევლინებოდა სხვა ქვეყნებს, ამიტომ მასზე ბევრი განაწყენებულია.           

მსოფლიოში ძალთა ახალი გადანაწილება იწყება და მტკივნეული პროცესები მიმდინარეობს, ძალიან მტკივნეული. უკრაინაში უამრავი ადამიანი იღუპება ყოველდღიურად და ამ ომის შეჩერებას არავინ აპირებს, რადგან მისია შესასრულებელია. ეს პროცესები ვიღაცისთვის მომგებიანია…

იმ საშინელების ფონზე, რომელიც მსოფლიოში ხდება, ჩემ გაოცებას იწვევს საქართველოს სატელევიზიო სივრცე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ტელევიზიებში ადამიანები ისე საუბრობენ, თითქოს ეს ქვეყნის დაქცევის ტოლფასი იყოს. აგინებენ ხელისუფლებასა და ქვეყანას საზღვრებს გარეთაც, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ. გასაგებია, რომ ტექნოლოგიებია ამუშავებული, მაგრამ მოსახლეობამ ეს არ იცის, ბევრ ადამიანს სჯერა იმის, რაც ტელევიზიიდან ესმის.

საქართველოს ხელისუფლება პრობლემებს, ასე თუ ისე, თავს ართმევს.  ეს ფაქტი ქვეყნის მტრებს აგიჟებს. მათ ომი სურთ, რაც დამღუპველია. მიკვირს, რომ ვერ გრძნობენ, რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here