პალესტინის აჯანყების მიზეზი, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, გახდა აშშ–ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შესახებ, განაცხადა ჰამასის პარტიის პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიამ.
“პალესტინელებსა და ისრაელელებს შორის მშვიდობიანი პროცესი ამ გადაწყვეტილებას შეეწირა, საუკუნის გარიგება არ შედგება”, _ თქვა მან და დასძინა, რომ პალესტინამ უნდა გადახედოს თავის პრიორიტეტებს. “დარწმუნებული ვართ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და აუცილებლად გავათავისუფლებთ ჩვენს წმინდა მიწას. ერთიანი იერუსალიმი დარჩება სრულიად პალესტინის დედაქალაქად”, _ ხაზი გაუსვა ისმაილ ჰანიამ. მან აღნიშნა, რომ მისი განცხადება გაჟღერდა “ინტიფადის” ისრაელის წინააღმდეგ აჯანყების წლისთავზე.
ისრაელის არმიამ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე გააგზავნა რამდენიმე დამატებითი ბატალიონი და სამხედრო დაზვერვისა და ტერიტორიის დაცვის ქვედანაყოფი.
იერუსალიმის, განსაკუთრებით კი, მისი წმინდა ადგილების სტატუსი პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. 1949 წელს ისრაელმა იერუსალიმი თავის დედაქალაქად გამოაცხადა, მაგრამ 1967 წლამდე ეს სტატუსი ვრცელდებოდა მხოლოდ დასავლეთ ნაწილზე. ე.წ. ექვსდღიანი ომის შემდეგ ისრაელმა ეს სტატუსი მთელ იერუსალიმზე განავრცო. 1980 წელს კნესეთმა მიიღო კანონი, რომლითაც იერუსალიმი ისრაელის ერთიან და განუყოფელ დედაქალაქად გამოაცხადა.
“ტრამპის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო რეზოლუციებს და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების გადაწყვეტილებებს, ძირს უთხრის რეგიონში მშვიდობის დამყარების ძალისხმევას და აშშ-ის სამშვიდობო პროცესიდან გამოსვლის მაუწყებელია. ეს ქმედება შეესატყვისება ტერორისტული ორგანიზაციების ინტერესებს, რომლებსაც სურთ, დაპირისპირება რელიგიურ კონფლიქტად აქციონ”, _ ხაზგასმით განაცხადა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მეთაურმა.