Home ახალი ამბები საქართველო სჭირდება თუ არა ქართულ ენას ის ინგლისურენოვანი ბარბარიზმები,  უკვე ზვავადქცეული, წალეკვით რომ...

სჭირდება თუ არა ქართულ ენას ის ინგლისურენოვანი ბარბარიზმები,  უკვე ზვავადქცეული, წალეკვით რომ ემუქრება ასობით ქართულ სიტყვას

533

ენის ისტორია იგივე ერის ისტორიაა, რადგან ენის ლექსიკა ჟამთააღმწერლის სიზუსტით ასახავს ერის ისტორიულ პერიპეტიებს. ამის უტყუარი მტკიცებულებაა ის, რომ დროთა განმავლობაში ქართულ ენაში  შემოიჭრა და დამკვიდრდა სპარსული, არაბული, თურქული და რუსული სიტყვები. ამჯერად მსგავსი პროცესი ინგლისური ენის გავლენით მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ჩანაცვლება ხდენა იმ ქართული სიტყვების, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში  ვერ ამოგვიძირკვა ქართული ლექსიკიდან უამრავმა ავის მდომმა. ეს ის სიტყვებია, რომელთა შესატყვისი მშობლიურ ენაში ხშირად რამდენიმეც გვაქვს.

სჭირდება თუ არა ქართულ ენას ის ინგლისურენოვანი ბარბარიზმები, რომელთაც შედარებით მოკრძალებულად შემოაბიჯეს ენაში რამდენიმე წლის წინათ, მაგრამ დღეს უკვე ზვავადქცეული წალეკვით ემუქრება ასობით ქართულ სიტყვას?

ამ კითხვაზე დაფიქრება გვმართებს და შემდეგ სწორი Gგადაწყვეტილების მიღებაც _ რა სჯობია და როგორ ვთქვათ:

დააფდეითება თუ განახლება?

დაბუსტვა თუ რეკლამის გაკეთება, პოპულარობის გაზრდა?

დაკლიკვა თუ დაწკაპუნება?

დალაიქება თუ მოწონება?

დათაგვა თუ მონიშვნა?

დაფორვარდება თუ გადაგზავნა?

დაქენსელება თუ გაუქმება?

დისემინაცია თუ გავრცელება?

დედლაინი თუ უკანასკნელი, ბოლო ვადა?

დეიოფი თუ ერთდღიანი შვებულება?

დესტინაცია თუ დანიშნულების ადგილი?

დუთიფრი თუ უბაჟო?

ევალუაცია თუ შეფასება?

ევიდენსი თუ მონაცემები, ფაქტები?

ემერჯენსი თუ სასწრაფო დახმარება, სასწრაფო დახმარების მანქანა?

ექშენ ფლენი თუ სამოქმედო გეგმა?

ვალიდურობა თუ კანონიერი ძალა?

იმპლემენტაცია თუ განხორციელება, შესრულება, რეალიზაცია?

ინსპირაცია თუ შთაგონება?

კოლაბორაცია თუ თანამშრომლობა, ერთობლივი მუშაობა?..          

როგორც ვხედავთ,  ინგლისურიდან გადმობარგებულ ყველა სიტყვას აქვს  ქართული შესატყვისი, რიგ შემთხვევაში, რამდენიმეც. ამდენად, არ არსებობს ამ უცხო სიტყვების ქართულ ენაში შემოტანის საჭიროება. მეორე მხრივ, ამ ტიპის ბარბარიზმების ენაში მომრავლება ქმნის მთელ რიგ პრობლემებს.

და რა პრობლემებია ეს?

ენას, უპირველესად, საკომუნიკაციო ფუნქცია აკისრია, ბარბარიზმების დიდი რაოდენობით ენაში შემოსვლა კი აფერხებს ურთიერთგაგებას.

მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ბორდი ჰქვია და ასე მოიხსენიებენ კიდეც, არავინ ამბობს “სამეთვალყურეო საბჭოს”. როგორ გგონიათ, რიგითი მოქალაქეების უმრავლესობამ  იცის, რას ნიშნავს ბორდი?

მსგავსი მაგალითები უამრავი შეიძლება მოვიყვანოთ და ყველა მათგანი არის თავი და თავი პრობლემისა, რომელსაც გართულებული ურთიერთგაგება შეიძლება ვუწოდოთ. თუ ეს პროცესი არ შეჩერდება, საქართველოში სერიოზული საფრთხე შეექმნება ქართული ენის საკომუნიკაციო ფუნქციას.

სიტყვა ასპირანტი რუსული ენიდან შემოვიდა ქართულში და აღნიშნავდა ასპირანტურის სტუდენტს. ამჯერად ინგლისური ენის გავლენით გამოიყენება ტერმინი “ასპირანტი ქვეყნები”, ბევრად უკეთესი იქნებოდა პრეტენდენტი, კანდიდატი ქვეყანა და არა ასპირანტი ქვეყანა. მსგავსი მაგალითები უკვე საკმაოდ დაგროვდა ქართულ ენაში.

სარეკლამო განცხადებებში მომრავლდა შემდეგი შესიტყვებები: დელიკატური კრემი, დელიკატური რეცხვა, დელიკატური ფხვნილი.  ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით დელიკატური ნიშნავს თავაზიანს, ზრდილობიანს. ეს სიტყვა ქართულ ენაში რუსული ენიდან შემოვიდა და დამკვიდრდა მითითებული მნიშვნელობით. ახლა ინგლისურის გავლენით სულ სხვა მნიშვნელობას იძენს.

ასევეა რეზერვაცია, ინტერვენცია და მრავალი სხვა.

ერთი სიტვით, ერთი და იმავე ძირის სიტყვები რუსული ენიდან ქართულში ერთი მნიშვნელობითაა დამკვიდრებული, ახლა კი ინგლისური ენიდან სხვა მნიშვნელობით იკაფავს გზას, რაც  ენაში მიუღებელ ქაოსს ქმნის.

და კიდევ:

რუსული ენიდან შემოსული ბევრი სიტყვა ჩაანაცვლა ინგლისურმა. მაგალითად: მაღაზია _ მარკეტი, მოდა _ ფეშენი, ტენდენცია _ ტრენდი და სხვ.

დიდ თავსატეხად იქცა სიტყვა ფასილიტატორი. ფასილიტატორის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით დიდი სიჭრელე გვაქვს ენაში. ირკვევა, რომ ფასილიტატორი არის

* მასწავლებელი ან რეპეტიტორი, რომელიც ეხმარება სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეს დავალებების შესრულებაში;

* სკოლის მასწავლებელი, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება და ეხმარება სხვა მასწავლებლებს;

* მასწავლებელი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს აღმოჩენით ან გამოკვლევით სწავლაში (!);

* მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია, დახმარება გაუწიოს მასწავლებლებს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური კონსულტაციების სახით;

* ექსპერტი ან სპეციალისტი, ან ტრენინგის ჩამტარებელი, ან მოდერატორი.

ეს  ინგლისური სიტყვა ქართულად ნიშნავს შემსუბუქებას, გაადვილებას, გაიოლებას, შესაბამისად, ფასილიტატორი არის ის, ვინც აადვილებს, ამსუბუქებს, ხელს უწყობს რაიმეს, კერძოდ: სასწავლო პროცესს, დისკუსიას, სემინარს, სამუშაო შეხვედრას (ე.წ. ვორქშოპს) და სხვ. როგორც ინგლისური განმარტებებიდან ჩანს, იგი არ ერევა უშუალოდ პროცესში, არამედ მიმართულებას აძლევს მას პროცესის ზედამხედველობით, რჩევით, კონსულტაციით და ა.შ.

ხშირად გვესმის ეს სიტყვებიც: ინსპირაცია, ინსპირირებული, კრეატიული ამ ბარბარიზმებმა საკმაოდ მოიკიდა ფეხი ქართულ ენაში და მაინც რატომ ვეუბნებით არას ამ სიტყვებს?

ინსპირაციის შესატყვისი ქართული სიტყვაა შთაგონება, ინსპირირებულისა _ შთაგონებული, ხოლო კრეატიულისა _ შემოქმედებითი.

ქართულმა ენამ ლიტერატურული ან ხელოვნების ნაწარმოების შემქმნელს, შემთხზველს შემოქმედი უწოდა, ანუ შემოქმედებითი პროცესითა და საქმიანობით დაკავებული ადამიანი თავად ღმერთს, ყველაზე დიდ შემოქმედს, გაუტოლა. ამ სიტყვას უკავშირდება და მისგანაა ნაწარმოები სიტყვები: შემოქმედებითი, შემოქმედებითი ნიჭი, შემოქმედებითი ძალა, ანუ ღვთისგან მომადლებული…

ჩვენ კი შემოქმედებითი ჩავანაცვლეთ ინსპირაციითა და კრეატიულით. ეს სიტყვები “ვერ ჩაატანს ღრმად კაცის ბუნებაში”. როცა იაკობ გოგებაშვილი ამას ამბობდა, მას ბარბარიზმები ჰქონდა მხედველობაში.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here