Home ახალი ამბები მსოფლიო სვლა სამხრეთიდან. ახალი სამშვიდობო ინიციატივა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად

სვლა სამხრეთიდან. ახალი სამშვიდობო ინიციატივა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად

168

მსოფლიო მასმედია სამხრეთ ამერიკაში ოლაფ შოლცის ვიზიტის დეტალებს აქვეყნებს. გერმანიის კანცლერი ბრაზილიიდან და არგენტინიდან კიევისთვის საბრძოლო მასალის მოპოვებას შეეცადა, მაგრამ შინ ხელცარიელი და შელახული საერთაშორისო ავტორიტეტით დაბრუნდა, _ წერს ალექსანდრე სავკო ukraina.ru-ს გვერდზე.

“ბრაზილია არ არის დაინტერესებული საბრძოლო მასალის გადაცემით, რათა ის გამოიყენონ [უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებაში]. ბრაზილია მშვიდობის ქვეყანაა, ამიტომ ბრაზილიას არ სურს ამაში მონაწილეობა”, _ განაცხადა პრეზიდენტმა ლულა ინასიო და სილვამ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ. ახლა ირკვევა, რომ ამ მოლაპარაკებების გარშემო კულისებში შექმნილი ვითარება საკმაოდ დრამატული იყო. ფრანგულ გაზეთ  Le Figaro-ს ცნობით, ბრაზილიის არმიის მეთაურმა ხულიო სეზარ დე არუდამ მხარი დაუჭირა უკრაინის არმიისთვის სატანკო ჭურვების მიწოდების წინადადებას.  ლულამ მაშინვე გაათავისუფლა ეს გენერალი _ ზუსტად ერთი დღის შემდეგ, როცა უარი უთხრა გერმანელ სტუმარს. ამ კონფლიქტის სარჩული ბრაზილიელებისთვის ძალიან სერიოზულია. ბრაზილიის არმიის გენერალიტეტი ხომ ტრადიციულად მემარჯვენე განწყობების მხარდამჭერია. მას ორიენტაცია აღებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოზე. უფრო მეტიც, ოფიცერთა კორპუსის ნაწილი სტაჟირებას, ტრადიციულად, პენტაგონის სტრუქტურებში გადის. მემარცხენე პრეზიდენტის, ლულას, დაბრუნება სამხედროებს არ გახარებიათ. ქვეყანაში მაშინვე ალაპარკდნენ სამხედრო გადატრიალების საფრთხეზე. ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს, ულტრამემარჯვენე მხარდამჭერებს, რომლებიც ცოტა ხნის წინათ შეეცადნენ პუტჩის მოწყობას ბრაზილიის დედაქალაქში, ნამდვილად ჰქონდათ სამხედროების მხარდაჭერის იმედი. პრეზიდენტი ლულა კი დარწმუნდა, რომ მას არ უნდა ჰქონდეს გენერლების ლოიალობის იმედი. არმიის ყოფილი მეთაურის, ხულიო სეზარ დე არუდას მცდელობამ, ეთამაშა კიევის მხარეზე, ეს ეჭვი გაამძაფრა. ბევრი ბოლსონარისტი ინარჩუნებს მჭიდრო კავშირს უკრაინელ ნაციონალისტებთან და გავლილი აქვს სამხედრო მომზადება უკრაინაში. ბრაზილიის პოლიტიკურ ენაში გაჩნდა სპეციალური ცნება ucranizar _ „უკრაინიზაცია“, რომელიც ულტრამემარჯვენე “ბოევიკების” ქუჩის აქტივობას გულისხმობს. მემარჯვენე სამხედრო წრეებთან გაერთიანებითა და ვაშინგტონის მხარდაჭერით ისინი კვლავ შეეცდებიან ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, ბრაზილიის პრეზიდენტი კი იძულებული იქნება, გაატაროს ზომები ასეთი საფრთხეების აღსაკვეთად. გარდა ამისა, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ლულამ იარაღის მიწოდებაზე უარი  მხოლოდ შოლცისთვის არ უთქვამს. როგორც ჟურნალისტი ჯამილ შადის წერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც მიმართა ბრაზილიას უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების თხოვნით, მაგრამ ბრაზილიის ლიდერმა საპასუხოდ განუცხადა, რომ “აუცილებელია რუსეთთან მოლაპარაკება ზავის დადების მიზნით”. ამ საუბრიდან მალევე ლულა საჯაროდ გამოვიდა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ინიციატივით. „გვჭირდება ქვეყნების ჯგუფი, რომელიც დაჯდება მაგიდასთან უკრაინასა და რუსეთთან ერთად და შეეცდება მშვიდობის მიღწევას“, _ განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა. ის მოლაპარაკების პროცესში G20-ის ლიდერების, უწინარესად, ჩინეთის, ინდოეთისა და ინდონეზიის ჩართვის მომხრეა. ლულა თავისი ინიციატივის განხილვას აპირებს მარტში პეკინში ვიზიტისას ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრაზე. ამან უარყოფითი რეაქცია გამოიწვია აშშ-სა და ევროპაში, რადგან დასავლელი ქორები ეწინააღმდეგებიან ჩინეთის, ბრაზილიისა და “გლობალური სამხრეთის” სხვა ქვეყნების შუამავლობას. ევროპელმა და ამერიკელმა ჟურნალისტებმა კი რისხვა დაატეხეს ლათინოამერიკელ პოლიტიკოსებს და ისინი კრემლთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. “ბრაზილია ძალიან არის დამოკიდებული რუსული სასუქების იმპორტზე თავისი სოფლის მეურნეობისთვის და რუსეთის სპეცოპერაციის პირველივე დღიდან უარს აცხადებდა ამ ქვეყნის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე. ლულა ბევრმა გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის გაჩაღებისთვის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ისეთივე პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორიც ვლადიმერ პუტინს.  ბრაზილია ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომლის პოზიციაც რუსეთის მიმართ განსხვავდება დასავლური მეინსტრიმის პოზიციისგან. არგენტინამაც თქვა უარი მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებთან შეერთებაზე. ამერიკელი გენერლის, ლორა რიჩარდსონის, განცხადებების თანახმად, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებიც ამბობენ უარს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, მაშინაც კი, თუ აშშ დაჟინებით მოითხოვს კონტინენტზე არსებული ძველი საბჭოთა აღჭურვილობის შეცვლას თანამედროვეთი”, _ წერს Le Figaro დასავლეთს ესმის, რომ ლაპარაკი არ არის მხოლოდ ლათინურ ამერიკაზე. ქვეყნების უმრავლესობას, რომლებიც ცდილობენ, გაატარონ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა და არ არიან აშშ-ის სატელიტები, არ სურთ, შეუერთდნენ ჯვაროსნულ ლაშქრობას რუსეთის წინააღმდეგ და ცდილობენ, შეინარჩუნონ მასთან კონტაქტები სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში. ასეთი განწყობები დამახასიათებელია არა მხოლოდ ლათინური ამერიკის  საზოგადოებისთვის. ეს განწყობები შეინიშნება აფრიკასა და აზიაშიც, მიუხედავად ბრიუსელისა და ვაშინგტონის პოლიტიკური წნეხისა.  „სამხრეთ აფრიკის გადაწყვეტილება, უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ჩაატაროს საზღვაო წვრთნები რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო გემების მონაწილეობით, აჩვენებს, რომ ბევრი ქვეყანა არ მიიჩნევს რუსეთს გარიყულ სახელმწიფოდ და სურს მოსკოვთან კავშირების განვითარება”, _ წერს კონ ლაფლინი ბრიტანულ გაზეთ The Telegraph-ში.  „არ არსებობს მტკიცებულება, რომ გლობალური სამხრეთის ხალხები და მთავრობები, რომლებიც ყველაზე მეტად იტანჯებიან ამ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგებით, კატეგორიულად განეწყვნენ პუტინის წინააღმდეგ ან რომ მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს რაიმე თვისობრივ განსხვავებას უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციასა და ერაყში აშშ-ის შეჭრას შორის.                   

ინდოეთში, რომელიც თითქოს დასავლეთთან ალიანსშია, ცოტა ხნის წინათ ჩატარდა გამოკითხვა, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებაში ვაშინგტონსა და ნატოს ქვეყნებს უფრო მეტი ადამიანი ადანაშაულებს, ვიდრე მოსკოვს”, _ წერს ამერიკული გამოცემა Bloomberg-ი. არ არის გამორიცხული, რომ არადასავლური ქვეყნების ლიდერებმა მართლაც ითამაშონ გარკვეული როლი უკრაინაში ვითარების რეგულირებაში, რადგან შიშობენ, რომ ეს კონფლიქტი კიდევ ერთ მსოფლიო ომში გადაიზარდება და პლანეტის ყველა მცხოვრებს შეეხება.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://ukraina.ru/20230131/1043131697.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here