მთავარი ისტორია სტალინის პორტრეტისთვის

სტალინის პორტრეტისთვის

ნიკოლოზ ბაიბაკოვი _ სტალინის ბოლო სახალხო კომისარი

255
გააზიარეთ
სტალინი

ნიკოლოზ ბაიბაკოვი 1911 წელს დაიბადა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, მამამისი, ალექსანდრე ბაიბაკოვი, მჭედლად მუშაობდა კომპანიაშიძმები ნობელებიდა ჰყავდა 12 შვილი, რომელთა გამოზრდა ოჯახს ძალიან უჭირდა. პატარა ნიკოლოზი საუკეთესო მოსწავლე იყო, სკოლიდან გამოსული მამასთან გარბოდა და ეხმარებოდა მძიმე სამუშაოს შესრულებაში, შრომაში იყო ჩაბმული მთელი ოჯახი. ნიკოლოზმა სკოლა წარმატებით დაამთავრა და სწავლა განაგრძო ყველა ბაქოელი ახალგაზრდის საოცნებო სასწავლებელში _ ბაქოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომლის მთავარი ლოზუნგიც იყონავთობი ინდუსტრიის სისხლია და ამის გამო სისხლია სიცოცხლის”.

ინსტიტუტის ბრწყინვალედ დამთავრების შემდეგ ნიკოლოზ ბაიბაკოვი ქარხანაში ინჟინრის თანამდებობაზე დანიშნეს, შემდეგ კი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო სამსახურის დასრულებისთანავე ბაქოში, თავის ქარხანაში დაბრუნდა და იქედან იწყება მისი სწრაფი სვლა იერარქიულ კიბეზე. ის ქვეყნის სხვადასხვა მხარეში, სადაც კი ნავთობი მოიპოვებოდა, ადგილიდან ადგილზე გადაჰყავდათ დაწინაურებით.

1937 წელს, მარტში, მენავთობეთა საკავშირო თათბირზე, რომელსაც თხევადი სათბობის სახალხო კომისარი კაგანოვიჩი ესწრებოდა, სიტყვით გამოსულმა ახალგაზრდა ბაიბაკოვმა, არა მხოლოდ მსმენელთა ყურადღება და სიმპათია დაიმსახურა, არამედ მას იმედის თვალით შეხედა კაგანოვიჩმაც, რომელმაც სამი თვის შემდეგ ბაიბაკოვი მოსკოვში გადაიყვანა სახალხო კომისარიატის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად.

1940 წელს ბაიბაკოვი კაგანოვიჩის მოადგილედ დანიშნეს. იმავე წელს სტალინთან გაიმართა ნავთობმრეწველობის ხელმძღვანელ მუშაკთა თათბირი დარგის უსწრაფესად განვითარების თაობაზე. ალბათ, სტალინთან შეთანხმებით, კაგანოვიჩი თათბირს არ დასწრებია, ბაიბაკოვი კი ისე დაესწრო, როგორც პირველი პირი, რომელსაც 30-წუთიანი ანგარიში უნდა წარედგინა კომისარიატის მუშაობაზე (ალბათ, ესეც სტალინთან შეთანხმებით). ბაიბაკოვი სტალინის მისაღებში ძალიან ნერვიულობდა, რადგან პირველად უნდა შეხვედროდა ხალხთა ბელადს.

სტალინის ვრცელ კაბინეტში შესვლისთანავე ახალგაზრდა ბაიბაკოვმა ისეთი საქმიანი და უშუალო ურთიერთობა იხილა, რომ დაძაბულობა უცბად გაუქრა. როდესაც სტალინმა კომისარიატის ანგარიშის მოსმენა მოითხოვა, ბაიბაკოვი ფეხზე წამოდგა და თავისი გამოსვლა ძალიან მშვიდად და გამართულად დაიწყო. 30 წუთის განმავლობაში ის სტალინს არ შეუჩერებია. ანგარიშის წარდგენის შემდეგ სტალინმა რამდენიმე შეკითხვა მისცა მომხსენებელს, პასუხები სრულიად მისაღები იყო.

იმავე წელს სტალინი ბაიბაკოვს ნავთობის მრეწველობის კომისარიატის თავმჯდომარედ, ხოლო 1944 წელს ნავთობის მრეწველობის მინისტრად ნიშნავს (გთავაზობთ ამონარიდებს ნიკოლაი ბაიბაკოვის ინტერვიუდან

“მე ვმუშაობდი გენიალურ ადამიანებთან. ეს იყო ვოზნესენსკი, კოსიგინი და, რა თქმა უნდა, სტალინი”, 23 იანვარი, 2004 წ.):

“ეს დანიშვნა ჩემთან წინასწარ არ განუხილავთ. კრემლში, სტალინის მისაღებში, ზუსტად დანიშნულ დროს გამოვცხადდი. პოსკრებიშევმა მთხოვა, ცოტა ხნით მომეცადა, რადგან სტალინი კაბინეტში მისთვის რომელიღაც საჭირო წიგნს ეძებდა. იგი საქაღალდეში იქექებოდა და მეტი არაფერი უთქვამს. ყველამ იცოდა, რომ პოსკრებიშევი ზუსტად იმდენს ლაპარაკობდა, რამდენიც პასუხის გასაცემად იყო საჭირო. იგი ადგილიდან ორჯერ ჩუმად ადგა და კაბინეტში შეიხედა, შემდეგ ისევ დაბრუნდა და ჩაილაპარაკა: უნდა დაელოდოთ”. როგორც იქნა, მესამედ მითხრა:

_ ამხანაგმა სტალინმა, როგორც ჩანს, საჭირო წიგნი იპოვა და კიბეზე კითხულობს. თქვენ შედით და ჩაახველეთ, რომ გაიგოს.

შევედი და გავჩერდი. ვხედავ, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი სტალინი ჩემგან ზურგით დგას და კითხულობს. მის ჩაცმულობას დავაკვირდი: ნაცრისფერი ქურთუკი და მსუბუქი ჩექმა ეცვა, სახელმწიფოს პირველი პირის კვალობაზე საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებოდა

როგორც იქნა, გავბედე და ჩავახველე. სტალინი აუჩქარებლად შემობრუნდა და წიგნი ადგილზე დადო.

_ -ა-ა, ბაიბაკოვ, ყმაწვილო! _ ნელა წარმოთქვა მან (თითქოს მეგობრულად მომმართა), შემდეგ კი ოდნავ ოფიციალური ტონით განაგრძო:

_ თუ შეიძლება დაბრძანდით, ამხანაგო ბაიბაკოვ.

კიბიდან ჩამოვიდა, ხელი ჩამომართვა და ჩიბუხით ხელში კაბინეტში სიარული დაიწყო.

_ ამხანაგო ბაიბაკოვ, ჩვენ ნავთობის მრეწველობის მინისტრად დაგნიშნეთ.

ამ ამბავმა არ გამაკვირვა, რადგან, ფაქტობრივად, ნავთობის წარმოების მმართველი ვიყავი, მაგრამ ეს სიტყვები ახალ თანამდებობაზე საბოლოოდ დამტკიცებაზე მიუთითებდა.

გამბედაობა მოვიკრიბე და ვკითხე:

_ კი მაგრამ, ამხანაგო სტალინ, წინასწარ არავინ რომ არ დაინტერესებულა, შევძლებ თუ არა?

სტალინმა ჩვეული ღიმილით გამომხედა, ჩიბუხი გააბოლა, ჩაახველა და ხმადაბლა მითხრა:

_ ამხანაგო ბაიბაკოვ, ჩვენს კადრებს კარგად ვიცნობთ, ისიც ვიცით, ვინ სად უნდა დავნიშნოთ. კომუნისტი ხართ და ეს უნდა გახსოვდეთ.

ამის შემდეგ საუბარი ნავთობის ინდუსტრიის შესახებ განვაგრძეთ.

_ იცით, რომ ნავთობი სამხედრო ტექნიკის სულია?

_ ამხანაგო სტალინ, _ დამაჯერებლად ვუპასუხე მე, _ მხოლოდ ტექნიკის კი არა, მთელი ეკონომიკის სულია.

_ მით უმეტეს. გვითხარით, წარმოების განვითარებისათვის რა არის საჭირო, _ ნდობით სავსე ტონით გამამხნევა სტალინმა.

_ “მეორე ბაქო” უნდა ავითვისოთ, ჩვენ იქ ახალი საბადოები გავხსენით. ძალიან პერსპექტიული საბადოებია. სტალინმა მომისმინა, ორჯერ გაიარ-გამოიარა და გაიმეორა:

_ რა არის აჭირო?

_ კაპიტალდაბანდება და დანადგარებია საჭირო, ამხანაგო სტალინ. კიდევ _ მცოდნე მშენებლები გვჭირდება.

გავბედე და ნავთობს წარმოების განვითარებისათვის საჭირო ჩემი ყველა პრინციპული მოსაზრება გამოვთქვი. სტალინი დაფიქრებით და ყურადღებით მისმენდა.

_ კარგი, _ მითხრა ბოლოს, _ ყველა კონკრეტული მოთხოვნა წერილობით გადმომეცით, მე ბერიას ვეტყვი.

სტალინმა მაშინვე დაურეკა ბერიას, რომელიც კომისარიატში საწვავის წარმოებას კურატორობდა.

_ ლავრენტი, აქ ახლა ამხანაგი ბაიბაკოვია, რასაც მოგთხოვს, მიეცი.

მოვლენებს გავუსწრებ და ვიტყვი, რომ, ასე ოპერატიულად გადაწყდა ყველაზე რთული საკითხი. სულ მალე ჩვენმა მრეწველობამ ყველაფერი მიიღო _ საჭირო დანადგარები და მცოდნე მშენებლები.

სტალინმა ისევ გაიმეორა:

_ ნავთობი სამხედრო ტექნიკის სულია. ჩვენ შევქმენით ტანკები, თვითმფრინავები და საუკეთესო მანქანები. უამრავი ტექნიკა გვყავს, მაგრამ ეს ყველაფერი ვერ ამოქმედდება, თუ ბენზინი და დიზელის საწვავი არ გვექნება…

სტალინს კონკრეტული ქარხნები დავუსახელე და შევთავაზე, ისინი ჭაბურღილებისა და ნავთობის მოსაპოვებელი სხვა დანადგარების წარმოებისთვის გამოგვეყენებინა. სტალინმა საჭირო განკარგულება გასცა. ქვეყანაში საწრმოების კონვერსია დაიწყო.

ბაიბაკოვი და  ჰეიდარ ალიევი
ბაიბაკოვი და ჰეიდარ ალიევი

ეს რთული, მაგრამ მოსაზრებებითა და გადაწყვეტილებებით გაჯერებული საუბარი საათ-ნახევარს გაგრძელდა და ჩვენი სახელმწიფოს ბედი გარკვეულწილად განსაზღვრა, განსაკუთრებით ომის დასრულებისას. საუბრის ბოლოს სტალინმა ისევ მკითხა:

_ ასეთი ახალგაზრდა მინისტრი ხართ… მითხარით, რა თვისებებს უნდა ფლობდეს საბჭოთა მინისტრი?

_ კარგად უნდა იცოდეს ის სფერო, რომელშიც მოღვაწეობს, მისთვის აუცილებელია შრომისმოყვარეობა, კეთილშობილება, პატიოსნება. კოლექტივის აზრს უნდა ეყრდნობოდეს, _ აუჩქარებლად და დაწვრილებით ჩამოვთვალე.

_ ეს ყველაფერი მართალია, ამხანაგო ბაიბაკოვ, ყველა მნიშვნელოვანი თვისებაა, მაგრამ მთავარი დაგავიწყდათ.

სტალინმა მაგიდას შემოუარა და მომიახლოვდა. გადავწყვიტე, ფეხზე წამოვმდგარიყავი, მაგრამ ხელის მხარზე დადებით მიმანიშნა, ადგილზე დავრჩენილიყავი.

_ საბჭოთა მინისტრს, პირველ რიგში, ხარის ნერვები და ოპტიმიზმი უნდა ჰქონდეს. მას შემდეგ მრავალი წლი გავიდა, რა არ ვნახე ცხოვრებაში, კარგიც და ცუდიც, მაგრამ ეს სიტყვები არასოდეს დამვიწყებია. ჩემი ცხოვრების რთულ და კრიტიკულ მომენტებში “ხარის ნერვები და ოპტიმიზმი” გამუდმებით მახსენდებოდა.

1955 წელს ხრუშჩოვმა გამომიძახა და, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, სსრკ-ის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარედ დამამტკიცა. ამ თანამდებობაზე მხოლოდ ორ წელწადს ვიმუშავე, რადგან 1957 წელს, სამინისტროების ლიკვიდაციაზე ხრუშჩოვთან კამათი მომივიდა. რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ მასთან უსიამოვნება კიდევ ერთხელ მომივიდა და ამის შემდეგ კრასნოდარში საბჭოთა მეურნეობის ხელმძღვანელად გამიშვა. იქ 5 წელი ვიმუშავე. შემდეგ კიდევ ექვსი თვე ჩრდილოკავკასიის საბჭოთა მეურნეობას ვმეთაურობდი.

ამის შემდეგ ქიმიური მრეწველობის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელად დამნიშნა. მოვითხოვე, რომ ამ კომიტეტისთვის ნავთობმრეწველობაც მიეკუთვნებინათ და ხრუშჩოვიც დამთანხმდა. შემდეგ ხრუშჩოვი მოხსნეს და 1965 წელს ბრეჟნევმა და კოსიგინმა სსრკ-ის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარედ დამნიშნეს. ამ თანამდებობაზე 1985 წლამდე ვიმუშავე.

შემდეგ პენსიაში გავედი, მაგრამ ნავთობისა და გაზის პრობლემების ინსტიტუტში მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობას განვაგრძობდი.

ასეთია ჩემი განვლილი გზა. მალე 93 წელი შემისრულდება, მაგრამ ვმუშაობ და არ ვნებდები, თუმცა სისუსტე მომეძალა. საწვავისა და ენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციის ინიაციატივით ბაიბაკოვის სახელობის ნავთობისა და გაზის წარმოების განვითარების საერთაშორისო ფონდი შეიქმნა. ეს ჩემთვის კიდევ ერთ დატვირთვას წარმოადგენს, რადგან ამ ფონდის პრეზიდენტი ვარ.

კითხვა: _ ნიკოლაი კონსტანტინეს ძევ, როგორ აგვიხსნით, რატომ არ ეშინოდა სტალინს ახალგაზრდების მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნის? გავიხსენოთ შვერნიკი, კოსიგინი, ვოზნესენსკი

პასუხი: _ იმიტომ არ ეშინოდა, რომ ახალგაზრდობის იმედი ჰქონდა. მათ თავი კარგად უმუშავებთ, მაგრამ, როგორც ცნობილია, ახალგაზრდობაში გამოუცდელობის გამო ბევრ შეცდომასაც ვუშვებთ. ამიტომაც ნიშნავდა სტალინი ახალგაზრდებს მაღალ თანამდებობებზე, მათ ყველანაირად ეხმარებოდა და, ამასთანავე, ჩვენს მუშაობას ყურადღებით ადევნებდა თვალს. შეცდომის დაშვების შემთხვევაში პირდაპირ მიგვითითებდა. ჩვენც, რა თქმა უნდა, ფრთხილად ვიქცეოდით და ვცდილობდით, ეს არ დაგვეშვა, განსაკუთრებით კოსიგინი. მის მოადგილედ 15 წლის განმავლობაში ვიმუშავე. კოსიგინი, თვითონაც ახალგაზრდა, ჩვენ გვარიგებდა “თუ დირექტორი შეცდომას დაუშვებს, ეს შეცდომა ათასი რუბლი ეღირება; მინისტრის შეცდომა _ მილიონი რუბლი, მთავრობის ხელმძღვანელის შეცდომა კი მილიარდამდე გაიზრდება”. ამიტომაც, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებდით, ნებისმიერ პრობლემას ყოველმხრივ ვსწავლობდით. სტალინის პერიოდში ვიცოდით, რომ შეცდომების გამო დაგვსჯიდნენ, ამიტომაც შეცდომებს არ ვუშვებდით.

კითხვა: _ ნიკოლაი კონსტანტინოვიჩ, თქვენი კოლეგების შესახებ მოგვიყევით. ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდათ?

პასუხი: _ ბევრ ადამიანთან ვიმუშავე. ყველას შესახებ საუბარი შეუძლებელია, თუმცა სამ ადამიანს გამოვარჩევდი, ჩემი აზრით, ყველაზე გენიალურ ადამიანებს დავასახელებ. ესენი არიან: ვოზნესენსკი, კოსიგინი და, რა თქმა უნდა, თვითონ სტალინი.

კითხვა: _ დიდი სამამულო ომის დროს არ გეშინოდათ? სწორედ თქვენზე იყო ჩრდილოეთ კავკასიაში ნავთობის წარმოების ლიკვიდაციის პასუხისმგებლობა.

პასუხი: _ დიახ, არ მეშინოდა. 1942 წლის აგვისტოში გერმანელები ჩრდილოეთ კავკასიაში ჩვენს ნავთობსაბადოებს მოუახლოვდნენ. ჰიტლერს საკუთარი ჯარის მოსამარაგებლად საჭირო რაოდენობის საწვავი არ ჰქონდა. ამიტომაც ამბობდა, რომ კავკასიის ნავთობის გარეშე ომს ვერ მოიგებდა. რა თქმა უნდა, ამის შესახებ სტალინმაც იცოდა. მან გამომიძახა და მითხრა: “დაუყოვნებლივ კავკასიაში უნდა გაფრინდეთ. მოწინააღმდეგეს ერთ ტონა ნავთობს თუ დაუტოვებთ, დახვრეტას მოგისჯით, მაგრამ საწარმოებს თუ გაანადგურებთ და გერმანელი არ მოვა, მაინც დაგხვრეტთ.” არც ისე კარგი ალტერნატივა მქონდა.

როდესაც სამხრეთის ფრონტზე ჩავფრინდი, დავინახე, რომ ჩვენები უკან იხევდნენ. ბუდიონის საწარმოების განადგურების ბრძანების გაცემა შევთავაზე. მან უარი მითხრა, იმ პირობით, რომ მისი ჯარი მტრის ტანკებს შეაჩერებდა, რაც ძალიან მეეჭვებოდა, რადგან ვხედავდი, როგორ იხევდნენ ჩვენები უკან. მიუხედავად იმისა, რომ ბუდიონი მარწმუნებდა, არ მეჩქარა, ნავთობის პირველი არხის განადგურების ბრძანება გავეცი. მოგვიანებით, სამხრეთის ფრონტის სამხედრო საბჭოს წევრმა კაგანოვიჩმა მიპოვა და ჭაბურღილების განადგურება მიბრძანა. ჩემი პასუხის მოსმენისას, რომ მე ასეთი ბრძანება უკვე გავეცი, განაწყენდა და მითხრა: _ ვინ მოგცათ ამის უფლება?

_ საკუთარმა თავმა. იმიტომ რომ, თუ დროს დავკარგავთ, ნავთობი მოწინააღმდგეს ხელში ჩაუვარდება.

_ კარგი, განაგრძე, _ ნება დამრთო კაგანოვიჩმა.

ორი დღის შემდეგ ბუდიონის შტაბმა ტუაფსამდე დაიხია. ამ მომენტისთვის ბოლო ელექტროსადგურებს ვაფეთქებდით და არხებს ვანადგურებდით. პარტიზანებთან ერთად კავკასიონის უღელტეხილზე ვიმალებოდით. გზაზე სიარული საშიში იყო. პარტიზანები მთებში დარჩნენ. მე ტუაფსეში ჩავედი. ამასობაში დაღუპულად გამომაცხადეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაიბაკოვი მამაცურად დაიღუპაო, ორი დღის შემდეგ კი ბაიბაკოვი მკვდრეთით აღდგა… ამის შემდეგ გროზნოსკენ გავემართე, სადაც ციმბირის ორი სარეზერვო დივიზიის წყალობით გერმანელები შევაჩერეთ. მათ ნავთობის სარეწებთან მიახლოების საშუალება არ მივეცით.

ჩრდილოეთ კავკასიაში ექვსი თვის განმავლობაში შეჩერებულმა გერმანლებმა ვერც ერთი ტონა ნავთობი ვერ მოიპოვეს, იმიტომ, რომ არხები, რომლებიც ბეტონით ამოვავსე, აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა. კავკასიის გათავისუფლების შემდეგ ჩვენც ახალი არხების გაკეთება მოგვიწია.

ამის შემდეგ გავფრინდი უფაში, სადაც ნავთობის წარმოების სამინისტრო იყო.

ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ფრონტის საწვავით უზრუნველყოფა შევძელით. მთლიანად ქვეყნის ეკონომიკა კი საწვავით შეუფერხებლად მარაგდებოდა.

ომის დასაწყისში ქვეყანას 32 მლნ ტონა ნავთობი ჰქონდა მოპოვებული, ომის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები დაიწყო და 1988 წლისთვის სსრკ უკვე 624 მილიონ ტონა ნავთობს მოიპოვებდა.

ეკონომიკა საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. სტალინის მმართველობის პერიოდში ეკონომიკის ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 10-15 პროცენტს შეადგენდა. მომდევნო წლებშიც საქმე არც ისე ცუდად მიდიოდა, წლიური ზრდა 7-8 პროცენტი იყო.

კითხვა: _ რის ხარჯზე ნარჩუნდებოდა აღნიშნული ტემპი? დღეს თუ არის ასეთი რამ შესაძლებელი?

პასუხი: _ 1991-დან 1994 წლამდე ნავთობის მოპოვება 576 მლნ-დან 301 მლნ ტონამდე შემცირდა. თუმცა დღეს მისი ზრდა ისევ შეინიშნება. რთულია იმის თქმა, მომავალში რა იქნება, თუმცა ნავთობის მოპოვების საქმეში შექმნილი ვითარებით შეშფოთებული ვარ. საქმე ის არის, რომ დღეს ყველა გადასულია საბჭოთა კავშირის პერიოდში შექმნილი მარაგის ძარცვაზე, ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ. ჩვენ საკუთარ მარაგს ვყიდით. გეოლოგიური კვლევევები საბჭოთა დროსთან შედარებით სამჯერ შემცირდა, რაც დაუშვებელია. მთელი ჩვენი საქები ეკონომიკური ზრდა მარაგის გაფლანგვის ხარჯზე მიმდინარეობს. სამწუხაროდ, პუტინი ამ თემაზე გასულ წელს გაგზავნილ ჩემს საგანგაშო წერილს ჯერაც არ გამოხმაურებია,

ჩემი აზრით, დღეს ნავთობისა და გაზის კომპლექსის წინაშე ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას გეოლოგიური კვლევების ხშირი ჩატარება წარმოადგენს. მინისტრობის პერიოდში თვალყურს ვადევნებდი, რომ ნავთობისა და გაზის მარაგის რაოდენობა მოპოვებაზე სწრაფად გაზრდილიყო. სწორედ ამიტომ დღევანდელი შედეგებით კმაყოფილი ვერ ვიქნები. უახლოეს წლებში შეიძლება ნავთობს დავემშვიდობოთ. რა დაემართება ქვეყანას, რომელიც უმეტესწილად ნავთობისა და გაზის მოპოვებით არსებობს? ძალიან ვღელავ და ვერ ვურიგდები იმას, რაც ნავთობის სფეროში ხდება.

იმ უარყოფით მხარეზე არ მინდა საუბარი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაშია გამეფებული. ფაქტია, რომ ჩვენი ხალხის ცხოვრებაში ბევრი უარყოფითი რაღაც გაჩნდა. ძალიან მაღელვებს ის, რომ ჩვენი მოქალაქეები საბჭოთადროინდელ სოციალისტურ უამრავ უფლებას ემშვიდობებიან.

სასწრაფო ზომებს თუ არ მივიღებთ და ძველ რეჟმს არ დავუბრუნდებით შეიძლება ქვეყანა ხელიდან გამოგვეცალოს. რუსეთში ომამდე 150 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, ომის შემდეგ 5 მილიონი მოქალაქე დავკარგეთ. არადა, ადრე მოსახლეობის რაოდენობის ზრდა შეინიშნებოდა.

კითხვა: _ თვლით თუ არა სამართლიანად, რომ ერთ დროს ხალხის ხელში არსებული ნავთობისა და გაზის მოპოვების საქმიანობა დღეს რამდენიმე ოლიგარქის საკუთრება გახდა?

პასუხი: _ სამწუხაროდ, დღეს მოსახლეობის სოციალურ ფენებად დაყოფა საშიშ ზღვარს მიუახლოვდა. ვერაფრით ვხვდები, უმდიდრეს ოლიგარქებს უფრო და უფრო მეტი სიმდიდრე რისთვის სჭირდებათ, როცა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს. შექმნილ ვირთარებას ეკონომიკის გაძლიერებით უნდა ვებრძოლოთ. დღეს ჩვენს ქვეყანას ნავთობი და გაზი კვებავს, სერიოზული საწარმოები კი განვითარებას არ განიცდიან, თუმცა ნავთობისა და გაზის წარმოებაც საფრთხის ქვეშ დგას.

კითხვა: _ ასე რატომ ხდება?

პასუხი: _ რუსეთის პრობლემების გადასაჭრელად მცოდნე და განათლებული ხალხის მუშაობაა საჭირო, ასევე, ქვეყანას ძლიერი ხელიც არ აწყენდა.

კითხვა: _ შეიძლება თუ არა თქვენი დროის ხელმძღვანელები დღევანდელებს შეადაროთ? რომელი უფრო ეფექტიანად მუშაობს?

პასუხი: _ შეიძლება კონსერვატორი ვარ, მაგრამ მთელი გულით გეგმური მუშაობის, საბჭოთა ტიპის მართვის სისტემის მომხრე ვარ. საჭიროა საბაზრო მექანიზმებისა და დაგეგმვის შეთავსება. სწორედ ამიტომ ჩინეთის გამოცდილებას დიდად ვაფასებ, რომელიც ეკონომიკის მართვას საბჭოთა სისტემის მიხედვით დღემდე განაგრძობს, რაც ყოველწლიურად ჩინეთის ეკონომიკის 8-პროცენტიან ზრდას უზრუნველყოფს. ჩინეთის გამოცდილებაზე აუცილებლად უნდა გავამხვილოთ ჩვენი ყურადღება.

კითხვა: _ როგორ შეაფასებთ დღევანდელ მთავრობას?

პასუხი: _ როგორ გითხრათ… საჭიროა ხელფასებისა და შრომის პროდუქტიულობის საკითხების დარეგულირება. რა თქმა უნდა, არასწორად მიმაჩნია, როდესაც ოლიგარქები ფულს საკუთარი ნებით განკარგავენ. ეს არასწორია. საბჭოთა ეკონომიკურმა რეჟიმმა ჩვენი ქვეყანა კოსმოსში გაფრენამდე მიიყვანა.

კითხვა: _ ალბათ, თქვენს კაბინეტში ლენინის სურათი ამიტომაც გაქვთ.

პასუხი: _ მიტომ მაქვს, რომ კომუნისტი ვიყავი და ბოლომდე კომუნისტი დავრჩები.

კითხვა: _ გასულ არჩევნებზე ხმა ვის მიეცით?

პასუხი: _ კომუნისტურ პარტიას. როგორ არ უნდა დავუჭირო მხარი იმას, რაც დღემდე სწორად მიმაჩნია?!

გრიგოლ ონიანი

 (გაგრძელება იქნება)

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here