Home რუბრიკები საზოგადოება “ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე მოვიმოქმედოთ”

“ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე მოვიმოქმედოთ”

1007
ეთერ ჯიშკარიანი

არც რამ საიუბილეო თარიღი, არც რამ მოვლენასთან დაკავშირებული საინფორმაციო მიზეზი: ჩემი ბიბლიოთეკის “გეგმური რევიზიის” დროს ხელში მომხვდა ენციკლოპედიური გამოცემა “ოქროს ფრთის” ლაურეატები”, შესანიშნავი წიგნი, რომლის იდეის ავტორი და მთავარი რედაქტორია ეთერ ჯიშკარიანი, ჟურნალისტულ წრეებში კარგად ცნობილი კოლეგა, შესანიშნავი ორგანიზატორი და უშურველი საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტთა ჯილდოს (მგონი, ერთადერთის) _ “ოქროს ფრთის” დამაარსებელი. 

სიყვარული, სულგრძელობა, ერთგულება სულის ნაყოფია

“ოქროს ფრთა”, როგორც ქალბატონი ეთერი ამბობს, “მცირედი პატივდებაა ადამიანებისთვის, რომელიც მათ სულებს ათბობს. სულიერი სტიმული დღეს ისე სჭირდებათ ჟურნალისტებსა და ქველმოქმედ ადამიანებს, როგორც, შესაძლოა, არასოდეს. ცხოვრება ხანმოკლეა და მუდმივ მოლოდინში მიედინება”.

დროის მიმდინარეობისთვის ერთგვარად ფეხის აწყობა 16 წლის წინათ დაარსებული ამ საერთაშორისო ფონდისა და ჯილდოს ავტორისთვის ინტერვიუს ჩამორთმევით ვცადე.

რა თქმა უნდა, იუარა.

უპირველესი მიზეზი:

_ რაც უფრო მეტად გადავყევი ჟურნალისტებს, მით უფრო დიდი კრიტიკა დავიმსახურე. თქმაც კი მიჭირს, რამდენი სიძნელის გადალახვა მიხდებოდა, ღირსეული კოლეგები რომ დამეჯილდოვებინა, სამაგიეროდ მსურველები საათობით მესხდნენ, დაწერდნენ რამეს, მომიტანდნენ და ჩამჩიჩინებდნენ: დამაჯილდოვე და დამაჯილდოვეო. ზოგი ჟიურიში შეყვანას მთხოვდა და ა.შ., მაგრამ დღეს ამაზე ლაპარაკი არ ღირს.

არ იკადრა, რაც ზნეობის მაღალი დონის მაჩვენებელია.

მაგრამ “ფრთის” ისტორიას ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი დააკლდებოდა, თუნდაც _ უარყოფითი, ეს სიძნელეები რომ მიგვეჩუმათებინა.

გავიკითხ-გამოვიკითხე და, რაც სანდო წყაროებიდან გავიგე, იმ მასივიდან მხოლოდ ორ ფაქტს მივაწვდი ჩვენი გაზეთის განათლებულ მკითხველებს, რომლებსაც ისედაც თავი მობეზრებული აქვთ ყოველდღიური ტყუილ-მართლის მოსმენით…

ქალბატონი ეთერ ჯიშკარიანი ერთგან წერს: “საქართველოს ხსნა, ილია ჭავჭავაძის აზრით, არის ის, რომ მისი მოძრაობა დაემთხვეს მსოფლიოს განვითარების გზას, რომ ქართველებმა გააცნობიერონ, რა არის კაცობრიობის ყოფიერებაში სიცოცხლისუნარიანი _ პერსპექტივის მქონე და მას დაუკავშირონ თავიანთი ბედი, “ცნების ნათელი” ქრისტიანობა, ქრისტიანული ზნეობა, რომელიც ქართული მორალის ტრადიციული საფუძველია”.

მეც ამ მორალის კუთხით მივუდგები მოსმენილ-გაგონილს.

კიდევ კარგი, ძვირფას ლითონს _ ოქროს, რომლისგანაც “ოქროს ფრთა” არის დამზადებული, ჭუჭყი არ ეკარება და, ცხადია, ვერაფერს ვნებს ამპარტავანთა გამუდმებული შემოტევა; მათი, ვინც ჯილდოს უპირველეს პრეტენდენტად მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევს.

მათი, ვინც “არაფერი იცის, არამედ კამათისა და პაექრობის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშობა შური, დავა, გმობა და ბოროტი ეჭვი” (I ტიმ, 6,4).

შური _ ავსულისა და ეშმას დაღი ადამიანის სულის სიწმინდესა და ამქვეყნიურ მოღვაწეობაზე. სამწუხაროდ, დღემდე სრულად ვერ აღასრულა კაცობრიობამ ბიბლიური მოწოდება მოციქულ პეტრესი: “მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება, ყოველგვარი მზაკვრობა და პირფერობა, და შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა” (I პეტრ, 2,1).

შური _ უწმინდურების, თავაშვებულობის, მწვალებლობის, სიძულვილის და ა.შ. სინონიმია. მათი ნაკრებია ადამიანის ცხოვრების წესში ღრმად გადგმული ფესვებით (გალატ. 5, 19-20).

შურისა და უმადურობის ცხაურებში გამოატარა ქალბატონმა ეთერმა “ოქროს ფრთა” ისე, რომ გრამიც არ მოჰკლებია. გრამი _ წონის ამ ერთეულის პირდაპირი გაგებით, რადგან ამაზე ჰქონდათ აგებული მორიგი საჩურჩულო თემა საღერღელაშლილ მოშურნეთ.

მაგრამ ერთი ბუმბულის წონაც არ მოჰკლებია დაწესებული სტანდარტის 10 გრამს.

ჩამოაქლიბავდა ვინმე?!

ფანტასმაგორია!

ადამიანის აშლილი წარმოსახვის ნაყოფი.

და კიდევ ერთი ავადმყოფური ბოდვა, რომელიც ფსიქიატრების კვლევის საგანია.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როცა ქვეყანას ისე გაუჭირდა, რომ ხალხი საყოველთაო შიმშილის ზღვარზე დადგა, ქალბატონმა ეთერმა, რომელიც მაშინ პროფკავშირულ საქმიანობაში იყო ჩაბმული, მოახერხა და თავისი ავტორიტეტის წყალობით ჟურნალისტებს საშობაო ზეიმი მოუწყო. მართალია, საახალწლო ნაძვისხე და სათამაშოები სულ ერთი საათით ითხოვეს სავაჭრო დაწესებულებიდან, ხოლო გაშლილ სუფრას სამეფო ნადიმს ვერ უწოდებდი, თუმცა, კაცმა რომ თქვას, არაფერი აკლდა, მაგრამ მთავარი სხვა რამ იყო: იმ უდროობის ჟამს ჟურნალისტებმა იგრძნეს, რომ ვიღაც აფასებს მათ, ღვაწლს უფასებს საზოგადოება, ემადლიერება; რომ ჯერ არაფერია დაკარგული, რომ ჩვენს ამქარს ძალი შესწევს ქადილისა.

მოილხინეს. განსაკუთრებით ერთი “ამხანაგთაგანი” აქტიურობდა, უპირველესად, ალაფურშეტის მაგიდებთან.

ორი დღის შემდეგ კი “მადლიერების ნიშნად” ერთ-ერთ გაზეთში გამოაქვეყნა იმ ღონისძიების განმაქილიკებელი წერილი.

იყვნენ ასეთებიც… როგორც გამონაკლისი.

ამგვარ შემთხვევებს ქალბატონი ეთერი დღეს არ იხსენებს. დიდი ხანია, წერტილი დაუსვა და მეხსიერებიდან ამოირეცხა.

მაგრამ იყო…

და ამ ფონზე, ამგვარი განწყობილების წინააღმდეგ და არა შემოქმედებითი აღმაფრენის წყალობით (როგორც აქამდე მეგონა) დაებადა ქალბატონ ეთერს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის დაფუძნებისა და “ოქროს ფრთის” ჯილდოს დაწესების კეთილშობილური იდეა.

პირველი, რაც გააკეთა, ცნობილი მხატვრები მოიწვია, “ოქროს ფრთის” სიმბოლოს დასახატად. ბოლოს ისე მოხდა, რომ ჩუბჩიკამ _ თენგიზ მირზაშვილმა ეთერ ჯიშკარიანის ესკიზი მოიწონა. სხვებმაც მხარი დაუჭირეს და “ოქროს ფრთის” ნიშნის ავტორადაც ქალბატონი ეთერი მოგვევლინა.

ფონდის ღირსეული მონაგარი

ბევრ საინტერესო საქმეს ჩაუყარა საფუძველი ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა: არაერთი ჟურნალი და კრებული გამოსცა, 2007 წელს გამოვიდა ყოველთვიური გაზეთი “ლამპარი”, 2008 წელს კი დააარსა მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი მხატვრის _ ზურაბ წერეთლის პრემია, რომელსაც ორ წელიწადში ერთხელ გადასცემენ.

დააწესა უდროოდ გარდაცვლილი ქართველი ჟურნალისტის _ ზაზა დარასელის სტიპენდია, რომელიც პირველს თსუ სტუდენტს, აფხაზეთიდან ლტოლვილ ეკა წივწივაძეს გადაეცა. ამჟამად მას საღამოს 7 საათზე “პალიტრაზე” მიჰყავს ტელეპროგრამა.

_ გამოვეცით წიგნები ქართველ ჟურნალისტებზე, _ ამბობს ქალბატონი ეთერი.

_ მაგალითად, ნუგზარ რუხაძეზე, რომელიც დათბობის პერიოდში გაცვლის წესით ამერიკის შეერთებულ შტატებში მივავლინეთ, სადაც “ემის” პრემიის ლაურეატი გახდა.

_ ისიც უნდა გითხრათ, რომ პირველებმა ჩვენ დავბეჭდეთ წიგნი ახალგაზრდა, უაღრესად პერსპექტიულ ჟურნალისტზე, ანსამბლ “მზიურის” პირველი თაობის გამორჩეულ წევრზე, “მოამბის” ტელეწამყვან ხათუნა დონდუაზე, რომელსაც გარდაცვალების შემდეგ 2006 წელს “ოქროს ფრთა” მივანიჭეთ.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი მისდამი მიძღვნილი წიგნის (“უკვდავება”) შესავალში წერს: “უკვდავია ერი, რომელსაც ასეთი ახალგაზრდები ჰყავს, ადრეულ ასაკში რომ იპყრობენ გარშემომყოფთა ყურადღებას თავიანთი საქმიანობით, დახვეწილი პროფესიონალიზმითა და თავაზიანობით, ისინი მზად არიან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ხათუნამ თავის ხანმოკლე სიცოცხლეში ყველაფერი მოასწრო: კარგ პროფესიონალადაც ჩამოყალიბდა და ლამაზი ოჯახიც შექმნა. ძალიან დასანანია, რომ ასეთი ღირსეული პიროვნებები უდროოდ აღასრულებენ სიცოცხლეს”.

_ ქალბატონო ეთერ, “ოქროს ფრთის” კანდიდატებს რა მოთხოვნებს უყენებთ?

_ უპირველეს ყოვლისა, ისინი ექსტრაპროფესიონალები უნდა იყვნენ, სერიოზული, წონადი ღვაწლი უნდა ჰქონდეთ შეტანილი ჟურნალისტიკის განვითარებაში, გამოირჩეოდნენ ორიგინალური ხელწერით. ავტორიტეტით უნდა სარგებლობდნენ საზოგადოებაში და, ამასთან ერთად, პიროვნებები უნდა იყვნენ, მაღალი ზნეობის, უმწიკვლო რეპუტაციის ადამიანები. სამწუხაროდ, ასეთი ჟურნალისტები აღარ არიან, განსაკუთრებით _ ტელეჟურნალისტები.

_ წლეულს თუ გექნებათ “ოქროს ფრთით” დაჯილდოება?

_ ძალიან ვცდილობ, რომ იყოს, მაგრამ ყველაფერი მაინც გარემოებაზე არის დამოკიდებული. ვნახოთ. თუ დრო გვექნება…

არმაზ სანებლიძე

P.S. “მაშ, ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველამ და უფრო მეტად მათ, ვინც ჩვენიანია რწმენით” (გალ. 6:10).
ა.ს.

ეს წიგნი ღირსეული საჩუქარია ოქროსფრთოსნებისთვის
ეს წიგნი ღირსეული საჩუქარია ოქროსფრთოსნებისთვის

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here