Home ახალი ამბები მსოფლიო შრედერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვს მოლაპარაკებები სურს

შრედერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვს მოლაპარაკებები სურს

217

გერმანიის ექსკანცლერმა გერჰარდ შრედერმა მასმედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ტვსთან ინტერვიუში შრედერმა განაცხადა, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებით რუსეთის მთავრობამ შეცდომა დაუშვა, მაგრამ, კონფლიქტი რომ მოგვარდეს, ორივე მხარემ უნდა დათმოს, _ წერს topnews.ru.

შრედერის თქმით, კრემლს სურს, ვითარებიდან გამოსავალი მოლაპარაკებების გზით ეძებოს. გერმანიის ექსკანცლერმა ყველას გაახსენა, რომ მარტში კიევი და მოსკოვი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და შეიძლება ეს “მარცვალი” გაღვივდეს და თანდათან გაფართოვდეს “ცეცხლის შეწყვეტამდე”.

გერმანიის ყოფილ კანცლერს მიაჩნია, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა, რომელზეც ცხოვრობს ერთადერთი ეროვნული უმცირესობა _ თათრები. “უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნების თეზისი აბსურდია”, _ განაცხადა შრედერმა.

ჰონკონგთან ყირიმის შედარების შემდეგ მან განმარტა, რომ ამ შემთხვევაში 99 წელი საჭირო არ იქნება, თუმცა უკვე შემდეგი თაობისთვის ყველაფერი ნათელი გახდება. “ნებისმიერ შემთხვევაში საჭირო იქნება მოლაპარაკებები. დონბასში კი საქმე რთულადაა”, _ შრედერმა მიუთითა მინსკის შეთანხმებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ რეგიონი დარჩება უკრაინის შემადგენლობაში, მაგრამ რუსები მიიღებენ მეტ უფლებებს. ამასთანავე, კიევი თანახმა იყო რეგიონის ორენოვნობაზე. “გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს შვეიცარიული კანტონის პრინციპით”, – მიაჩნია შრედერს, რომელმაც ნატოში უკრაინის ინტეგრაციაზე უარს მართებული გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა პრეზიდენტ ზელენსკის თვალსაზრისი: “შეიარაღებული უკრაინის ნეიტრალიტეტი წევრობის გარეშე, როგორც ავსტრია”.

გერმანიის ექსკანცლერი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტისგან დასავლეთის დისტანცირებას სარგებელი არ მოაქვს და მას არ სურს, მოიბოდიშოს იმის გამო, რომ განზრახული აქვს, სარგებელი მოიტანოს ამ საკითხში. მან, აგრეთვე, მოუწოდა “ჩრდილოეთის  ნაკადი 2”-ის ამუშავებისკენ, რათა არ დაუშვან ენერგეტიკული კრიზისი ზამთარში.

შრედერის ვიზიტი ოფიციალურმა მხარეებმა არაერთმნიშვნელოვნად შეაფასეს. კრემლში საერთოდ უარყვეს პუტინისა და გერმანელი პოლიტიკოსის შეხვედრა, ბერლინში კი ეს შეხვედრა შეაფასეს, როგორც ექსკანცლერის “პირადი საქმე”.

ივლისის შუა რიცხვებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებს სურდათ, პარტიიდან გაერიცხათ გერჰარდ შრედერი მისი პოზიციის გამო.

ლუკა მაისურაძე

www.topnews.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here